Friday, April 9, 2010

”სპაიკერი” უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Spyker D8 Peking-to-Paris

9 აპრილი

ჰოლანდიური კომპანია ”სპაიკერი”, რომელიც ახლახან შვედური ”სააბის” მფლობელი გახდა, წარმოებისთვის უგზოობის ავტომობილს ამზადებს, რომლის მსოფლიო პრემიერაც მერმისს, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმება.

”სპაიკერი” უგზოობის ”სპაიკერ D8 პეკინ-თუ-პარიზს” ჟენევის შარშანდელი შოუსთვის ამზადებდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისისა ”ჯენერალ მოტორსთან” ”სააბის” თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების გამო, პროექტი გაჭიანურდა. ახლა კი, როგორც ”სპაიკერის” ვიცე პრეზიდენტი ჰანს ფან რენესი ამბობს, პროექტზე მუშაობა განახლებულია.

ამ ავტომობილის შექმნის პროცესში, ”სპაიკერის” ინჟინრებთან ერთად, ინგლისური ”ლოტუსის” სპეციალისტებიც მუშაობენ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჰოლანდიურ გამოცემა ”აუტოტელეგრააფთან” საუბრისას, ფან რენესმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ უგზოობის ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში 24-დუიმიანი ბორბლები შევა. ამასთან, წინა და უკანა კარებები ერთმანეთის საპირისპირო მხარეს გაიხსნება, როგორც

2006 წელს ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელ ”სპაიკერ D12 პეკინ-თუ-პარიზს” ჰქონდა.

პროექტის პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, უგზოობის ავტომობილი უნდა აღჭურვილიყო ”ფოლკსვაგენის” წარმოების 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით, მაგრამ შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ არჩევანი მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილ V8 აგრეგატზე შეაჩერა.

ინტერნეტით გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ესაა ”ჯენერალ მოტორსის” 6.2-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 556 ცხენის ძალას იძლევა. ამ აგრეგატს ამერიკული კომპანია ”კადილაკის” უნივერსალ CTS-V-ზე იყენებს. ოღონდ, სანამ თავიანთ უგზოობის მოდელზე გამოიყენებენ, ჰოლანდიური კომპანიის სპეციალისტები მის სიმძლავრეს 100-ზე მეტი ცხენის ძალით გაზრდიან.

გარდა ამისა, ”სპაიკერ D8 პეკინ-თუ-პარიზი” რეგულირებადი საკიდარით, ექვსცილინდრიანი მუხრუჭებით და კარბონ-კერამიკული კომპოზიტისგან დამზადებული სამუხრუჭე დისკებით აღიჭურვება, რომელთა დიამეტრი 400 მილიმეტრია.

”სპაიკერში” თვლიან, რომ მათი უგზოობის ავტომობილისთვის გასაღების საუკეთესო ბაზარი ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთია. ავტომობილის სავარაუდო ფასი კი 235 000 ევრო იქნება.