Saturday, June 12, 2010

”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ბერლინისთვის

Volkswagen Berlin Taxi

12 ივნისი

”ავტო პანორამას” მკითხველს ემახსოვრება ელექტრომობილი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად, მილანის ტაქსის როლში სამუშაოდ შექმნა. ახლა მსგავსი ავტომობილი ვოლფსბურგულმა გიგანტმა ბერლინისთვისაც მოამზადა და მას ”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” უწოდა.
ისევე როგორც მილანური ტაქსი, ბერლინურიც კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა თავის მგზავრებს კომფორტს მაინც სთავაზობს. მისი სიგრძე 3.730 მეტრი, სიგანე 1.660 მეტრი და სიმაღლე 1.600 მეტრია. მასში ჩაჯდომის გასაადვილებლად, იმ მხარეს, საიდანაც მგზავრებს უწევთ ჩაჯდომა, კარი გასაწევია. მძღოლის მხარეს კი ავტომობილს მხოლოდ ერთი, ჩვეულებრივი კარი აქვს.

სალონში ვერ ნახავთ სავარძელს მძღოლის გვერდზე. ეს ადგილი ბარგის დასაწყობადაა გამოყოფილი. ამასთან, ბარგის დაფიქსირება სპეციალური სამაგრითაა შესაძლებელი. მძღოლის სავარძლის გვერდზე დამაგრებულია სენსორული მონიტორი, რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის (მარშრუტის, მგზავრობის ღირებულების, გზაში ყოფნის დროის და სხვა) გამოტანაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ცნობის მიღება და სალონში სასურველი კლიმატის დაყენება.

”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” მოძრაობაში 85-კილოვატიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. ამ ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 300 კილომეტის გავლა შეძლოს. ამასთან, აკუმულატორების დაახლოებით 80 პროცენტით შესავსებად, ერთი საათიც საკმარისია.

”ფოლკსვაგენი” ელექტრო ტაქსების წარმოების დაწყებას 2013 წელს გეგმავს.

”მინი” კუპესა და როდსტერს გამოუშვებს

Mini VP Says New Coupe Will Arrive Next Summer

12 ივნისი

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ინგლისური კომპანია ”მინი”, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, ორ ახალ მოდელს - კუპესა და როდსტერს გამოუშვებს. ”მინის” ამერიკული განყოფილების პრეზიდენტმა ჯიმ მაკდაუელმა განაცხადა, რომ ”მინი კუპეს” წარმოება მერმისს, აგვისტოში დაიწყება, მისი ღიაძარიანი ვერსია, ”მინი როდსტერი” კი ბაზარზე ერთი წლით გვიან გამოჩნდება

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის შარშანდელ ავტო გამოფენაზე, ”მინიმ” ორი კონცეპტუალური მოდელი - ”კუპე” და ”როდსტერი” წარადგინა და პირველად გვამცნო იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, მის სამოდელო გამას ეს ორი ავტომობილი დამატებოდა.

ახალი სერიული ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გარეგნულად ეს ავტომობილები ფრანკფურტში ნაჩვენებ კონცეპციებს ძალიან დაემსგავსება, რადგან მათ დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ სპორტული ავტომობილები საბაზო ჰეჩბეკზე მსუბუქები გამოვა. ამასთან მათი დიზაინიც ოდნავ განსხვავებული იქნება, თუმცა საერთო ჯამში, ნაცნობსა და ავტომოყვარულთა შორის ერთობ პოპულარულ იერს შეინარჩუნებენ.

ორივე ავტომობილის აღჭურვილობა კონცეპტუალური მოდელების მსგავსი იქნება. ფრანკფურტში ნაჩვენები კუპე აღჭურვილი იყო 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 211 ცხენის ძალას იძლევა. სხვათა შორის, ამ ძრავს მის მიერ ”მინის” ჰეჩბეკის მოდერნიზებისას, სატუნინგო ატელიე ”ჯონ კუპერ უორკსი” იყენებს. რაც შეეხება ”როდსტერს”, მის კაპოტქვეშ, ასევე 1.6-ლიტრიანი ძრავი, ოღონდ ტურბოს გარეშე მოთავსდა და ის ”მხოლოდ” 175 ცხენის ძალას იძლევა.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ცნობილი არაა, ამ ორიდან რომელი ძრავებით აღიჭურვება უახლესი ”კუპე” და ”როდსტერი”. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ორივე ავტომობილს ”მინის” ოქსფორდის ქარხანა გამოუშვებს.

”ჰიუნდაი ველოსტერი” პარიზული დებიუტისთვის ემზადება

Hyundai Veloster

12 ივნისი

კორეული კომპანია ”ჰიუნდაი” წარმოებისთვის სრულიად ახალ მოდელს, სპორტულ ”ველოსტერს” ამზადებს. ავტომობილი ამჟამად საგზაო გამოცდებს გადის და ის პაპარაცებმა სწორედ ტესტირების დროს, კამუფლირებულ ფორმაში დააფიქსირეს. მართალია, ავტომობილი გარეგნულად შენიღბულია, მაგრამ ასეც ადვილად ჩანს, რომ გარეგნულად ის იმ კონცეპტუალურ ავტომობილს დაემსგავსება, რომელიც ”ჰიუნდაიმ” ოთხი წლის წინ, სეულის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

კონცეპტუალური მოდელი კი ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა. მას მხოლოდ ორი კარი აქვს, ძარა კი ეგრეთ წოდებული ფასტ ბეკის ტიპისაა. მისი სახურავი ოდნავაა დახრილი და ძრავის მაღალ კაპოტში გადადის. წინიდან და უკნიდან, ავტომობილი დიდრონი ფარებით გამოირჩევა. ამ მანქანით, ”ჰიუნდაი” თავის პოპულარულ სპორტულ მოდელ ”კუპეს” (ზოგიერთ ბაზარზე ის ტიბურონის სახელითაა ცნობილი) შეცვლის.

”ჰიუნდაი ველოსტერი” ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 121 ცხენის ძალას და 155 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მოგვიანებით, ამავე ავტომობილზე, იგივე ლიტრაჟის ტურბოძრავსაც დააყენებენ, რომლის სიმძლავრეც, მინიმუმ 175 ცხენის ძალა იქნება.

ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას კორეული კომპანია პარიზულ დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნებს.