Saturday, March 26, 2011

„გუმპერტ ტორნანტე“ - გერმანულ იტალიური პარტნიორობის ნაყოფი

Gumpert Tornante 700 HP Supercar

26 მარტი

მცირე გერმანულმა კომპანია „გუმპერტმა“, რომელიც თავის სუპერქარ „აპოლოთია“ ცნობილი, ძარების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ტურინგ სუპერლეგერასთან“ ერთად, კიდევ უფრო დახვეწილი ავტომობილი შექმნა, სახელად „ტორნანტე“ და ის პირველად ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა.

„გუმპერტ ტორნანტე“ ფოლადის მილებისგან შეკრულ ჩარჩოზეა აწყობილი და მას ძრავი ბორბლებს შორის, ბაზაში აქვს ჩადგმული. ჩარჩოზე კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარის პანელებია დამაგრებული. ავტომობილის სიგრძე 4475 მილიმეტრი, სიგანე 1971 მილიმეტრი, სიმაღლე 1215 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა კი 2700 მილიმეტრია და ის 1400 კილოგრამამდე იწონის.

ძრავი 4.2-ლიტრიანია და მას V8 კონფიგურაცია აქვს. მას წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 700 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 900 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც საფეხურებს 40 მილიწამში ცვლის. „გუმპერტის“ მონაცემებით, ამ ტანდემის დახმარებით, ტორნანტე ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას დაახლოებით 3 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.

გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია რეგულირებადი ამორტიზატორებით, ექვსცილინდრიანი სამუხრუჭე მექანიზმებით, რომლებშიც 378-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოებია გამოყენებული, კომპანია „ტორსენის“ დიფერენციალით, ასევე 19 (წინ) და 20-დუიმიანი (უკან) ჭედური ბორბლებით, რომლებზეც კომპანია „მიშლენის“ წარმოების, სერია „პაილოტ სუპერ სპორტის“ საბურავებია ჩაცმული. წინა საბურავების ზომებია 265/35, უკანებისა კი - 345/30.

სავარაუდოდ, „გუმპერტ ტორნანტე“ 800 000 დოლარი ეღირება.