Wednesday, September 1, 2010

მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი ძვირდება

Tata Nano Gets More Expensive

1 სექტემბერი

ტატა ნანო
..............................

შარშან, როდესაც თავისი ციცქნა ავტომობილის - ”ნანოს” პრეზენტაცია ჩაატარა, ინდურმა საავტომობილო კომპანია ”ტატამ” მას მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი უწოდა. რა თქმა უნდა, მას აქეთ, ამ ავტომობილის რეკლამირებისას, ”ტატა” ამ თიკუნს უშურველად იყენებს. მაგრამ შესაძლოა, მალე ამის მორალური უფლება აღარ ჰქონდეს.

საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, ინტერნეტით გავრცელდა ”ტატას” ინკოგნიტო წარმომადგენლის მიერ სააგენტო ფრანს პრესისთვის მიცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ”ტატა” მალე ”ნანოს” გააძირებს. მეორეც, ჩინურმა კომპანია ”ჯილიმ” გამოაცხადა, რომ მალე ბაზარზე მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს გამოუშვებს, რომლის ფასიც დაახლოებით 2 300 დოლარი იქნება (ნანოს ფასი 2 500 დოლარია.

ჯილი IG

..............................

”ნანოს” შესაძლო გაძვირებაზე ინდური კომპანია ჯერ კიდევ მარტში ალაპარაკდა, თუმცა აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ”ტატა” წუხს, რომ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წარმოება სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება, თუმცა ესეც რომ არა, ”ნანოს” გაძვირება მაინც მოსალოდნელი იყო - მის პრეზენტაციაზე კომპანიის შეფმა რატან ტატამ კი განაცხადა, ჩემი მიზანი, ინდოელი მოსახლეობის სკუტერებიდან ოთხ ბორბალზე გადასხმაა და მერე მოგებაო, მაგრამ ბიზნესმენი რისი ბიზნესმენია, თუ საკუთარ მოგებაზეც არ იზრუნა. მოგების საშუალებას კი გაძვირებული ”ნანოც” მისცემს, რადგან ამ ავტომობილზე ინდოეთში დიდი მოთხოვნაა, მალე კი ის ევროპაშიც (რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი, რადგან ის ევროპულ მკაცრ სტანდარტებზე იქნება მორგებული) გამოჩნდება.

რაც შეეხება ”ჯილის” უიაფეს ავტომობილს, ”ნანოს” ჩინელი მეტოქის სახელია IG, ანუ ”ინტელიჯენტ ჯილი” (საზრიანი ჯილი). მართალია, ჩინურმა კომპანიამ მას უკვე მსოფლიოს უიაფესი უწოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. ამდენად, გაძვირებულიც კი, ”ტატა ნანო” თავის საპატიო წოდებას ჯერჯერობით მაინც შეინარჩუნებს. თუმცა, ჩინელებს რომ საქმის სწრაფად (რამდენად ხარისხიანად, ეს სხვა, გამოსწორებადი საქმეა) კეთება ეხერხებათ, ეს უკვე ყველამ იცის და შორს არც ის დროა, როდესაც ”საზრიანი ჯილი” მართლაც მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი გახდება.

სხვათა შორის, მალე ჩინეთში კიდევ ერთი იაფფასიანი ავტომობილის გაყიდვა დაიწყება, რომელიც, ”ნანოს” მნიშვნელოვნად გაძვირების შემთხვევაში, ბაზარზე ”საზრიანი ჯილის” გამოჩენამდე, ყველაზე იაფი ავტოს სახელს დაეუფლება. ესაა ნაკლებად ცნობილ კომპანია ”ზოტი ჰოლდინგის” ციცქნა ”ალტო”, რომელსაც ადრე კომპანია ”ძიანნანი” უშვებდა. მაგრამ ეს უკანასკნელი სწორედ ”ზოტიმ” შეიძინა და ახლა ”ალტოს” ბაზაზე, კიდევ უფრო იაფი მოდელის წარმოებას გეგმავს, რომლის ფასიც 2 900 დოლარი იქნება.

სხვათა შორის, ახლახანს ”ზოტი” გახდა პირველი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც საკუთარი წარმოების ელექტრომობილი კერძო პირს მიჰყიდა...