Friday, July 10, 2009

ჰამილტონის მოულოდნელი გაბრწყინება

Formula 1

10 ივლისი

პარასკევის თავისუფალმა პრაქტიკებმა მოულოდნელი შედეგები მოგვცა - ჯერ იყო და, პირველი სესია მარკ უებერმა მოიგო, მეორეზე კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა (სურათზე) იმარჯვა. თითქოს, ჩემპიონის საუკეთესო შედეგში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკვე ოთხი ეტაპია, ”მაკლარენის” პილოტები ქულის აღებას ვერ ახერხებენ, ჰამილტონს კი პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი ბოლოს აპრილში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე ჰქონდა.

არც ის დავივიწყოთ, რომ პარასკევის პრაქტიკებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ძლიერი გუნდები ასეთ ვარჯიშებს რბოლისა და კვალიფიკაციისთვის მოსამზადებლად იყენებენ ხოლმე. ისიც აშკარაა, რომ ჰამილტონის შემდეგი სამი ადგილი ლიდერი გუნდების პილოტებმა დაიკავეს. თანაც, როგორც ირკვევა, გერმანული ეტაპისთვის, ”მაკლარენმა” რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც გუნდმა ჯერ მხოლოდ ჩემპიონის ბოლიდზე გამოიყენა.

და მაინც, მოულოდნელმა გაელვებამ ჰამილტონს ილუზიები არ შეუქმნა. ”რა თქმა უნდა, მოწინავეთა რიგებში დაბრუნებამდე ჯერაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მანქანაზე რამდენიმე სიახლე გვაქვს. ამ შედეგით ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორ გზას ვადგავართ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი გუნდის ბიჭების თავდადებული შრომა. აქ მითხრეს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა შეუსვენებლად 36 საათი იმუშავა იმისათვის, რომ დღეს ჩემს მანქანას ახალი დეტალები ჰქონოდა. ეს ნამდვილი სასწაულია. პროგნოზები არ მჩვევია, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი - კმაყოფილი დავრჩები, თუ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გამოსვლას შევძლებ”, - ამბობს ჰამილტონი, ვის მანქანასაც ახალი ძირი და რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტი აქვს.

კვლავ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ექვსეულში მოხვდა ”ფორს ინდიას” პილოტი - ამჯერად გერმანელი ადრიან ზუტილი. პირველ სესიაზე მეხუთე ფიზიკელა იყო, მაგრამ მეორეზე მას პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სამი წრის გავლა შესძლო. სამაგიეროდ, ამჯერად ზუტილმა ივარგა, ვინც უკან ”ბრაუნის” რუბენს ბარიკელო ჩამოიტოვა.

კვალიფიკაციაზე კი სულ სხვა შედეგებს უნდა ველოდოთ...

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:32.149

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:32.331

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.369

4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:32.480

5. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:32.511

6. ადრიან ზუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.585

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:32.664

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:32.774

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:32.872

10. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:32.992

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:33.012

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:33.052

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:33.128

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:33.161

15. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:33.172

16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.182

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:33.724

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1:33.903

19. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:34.025

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:38.877

პირველი გერმანული რაუნდი უებერისაა

Formula 1

10 ივლისი

თავისუფალი პრაქტიკების პირველ სესიაზე, რომელიც გრილ, ღრუბლიან ამინდში ჩატარდა, ყველაზე სწრაფი ავსტრალიელი მარკ უებერი იყო, რომელმაც 0.381 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ ჯენსონ ბატონს.

პირველ სესიაზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა, ვისაც შუა სესიაზე (10 წრის შემდეგ) ძრავი ჩაუქვრა და ბოქსებში ბევრი დრო დაკარგა. საბოლოო ჯამში, მან მხოლოდ 13 წრის გავლა შესძლო და მე-8 შედეგს დასჯერდა.

მესამე დრო ფელიპე მასას ჰქონდა, რომელმაც სულ რაღაც 0.05 წამით აჯობა იარნო ტრულის. ყველასათვის მოულოდნელად, მეხუთე შედეგით თავი ვეტერანმა იტალიელმა ჯანკარლო ფიზიკელამ გამოიჩინა, ვისაც 0.001 წამით კიმი რაიკონენი ჩამორჩა. სესიის უმეტესი ნაწილი ყველაზე უარესი შედეგით რუბენს ბარიკელომ განვლო, თუმცა შემდეგ გამოცოცხლდა და ცხრილის შუაში დამკვიდრდა.

”საერთოდ, გამარჯვება უფრო ხშირად მაშინ მოდის, როცა მას ნაკლებად ელი. ბევრი ჩემს პირველ გამარჯვებას სილვერსტოუნზე ელოდა, მაგრამ იქ მხოლოდ მეორე ვიყავი. იმედები აქაც მაქვს და გამარჯვებაც ძალიან მინდა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვიღონებ და ვნახოთ, რა მოხდება”, - ნარბოლევს განაცხადა უებერმა (სურათზე, რბოლისას), ვინც ორი წლის წინ, ნურბურგრინგზე რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა და ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ”რედ ბული” ლიდერთა შორის არ იყო...

პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:33.082

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 1:33.463

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:33.745

4. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:33.795

5. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1:33.839

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.840

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:33.902

8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:33.909

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია,უილიამს-ტოიოტა) 1:33.952

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:34.148

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:34.221

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 1:34.227

13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:34.483

14. რობერტ კუბიცა (პოლონეთი,BMW ზაუბერი) 1:34.694

15. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 1:34.738

16. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) 1:34.827

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია,ტორო როსო-ფერარი) 1:34.878

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 1:34.893

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:34.911

20. ადრიან ზუტილი (გერმანია,ფორს ინდია-მერსედესი) 1:35.092

ჩინეთის ავტობაზარი მსოფლიოში უდიდესია

10 ივლისი

როგორც ჩანს, დასრულდა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, გაყიდვების მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის უტყუარი მანიშნებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნაახევარში ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში გაიყიდა.

ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი (36.5-პროცენტიანი) ზრდა ივნისში დაფიქსირდა. მთლიანობაში კი, წლის პირველ ნაახევარში ცისქვეშეთში 6.1 მილიონი ავტომობილია გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17.7 პროცენტით მეტია. შედარებისთვის, იმავე პერიოდში, ამერიკაში სულ 4.8 მილიონი ავტომობილია გაყიდული. ერთადერთი თვე, რომლის განმავლობაშიც, შეერთებულ შტატებში უფრო მეტი მანქანა გაიყიდა, ვიდრე ჩინეთში, მაისია. ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს აშშ-ში 10 მილიონამდე ავტომობილი გაიყიდება, ჩინეთში კი - 12 მილიონი.

სხვა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების დარად, გლობალური ფინანსური კრიზისი ჩინეთსაც შეეხო, თუმცა გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დასავლეთ ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიას. შესაბამისად, ჩინურ ავტობაზარსაც კრიზისისადმი მეტი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. ცისქვეშეთის გაყიდვებზე კრიზისი გასული წლის მეორე ნახევარში აისახა, მაგრამ მთავრობამ სასწრაფოდ შეკვეცა ავტომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების გადასახადი, რამაც ბაზარი სწრაფად გამოაცოცხლა.

ბევრი დიდი ავტოკომპანიისთვის ჩინური ბაზარი, მისი უზარმაზარი მოცულობის გამო, პრიორიტეტული გახდა. მაგალითად, იმ დროს, როდესაც მისი ამერიკული ოპერაციები გაკოტრებით დასრულდა, ”ჯენერალ მოტორსმა” ჩინეთში შარშან გაყიდვების 38-პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა.

”აუდი” უგზოობის Q3-ს 2012 წელს გამოუშვებს

Audi Q3

10 ივლისი


მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადაწყვეტილია - ”აუდის” ახალ უგზოობის მოდელ Q3-ს ესპანური ”სეატ-ის” მარტორელის ქარხანა გამოუშვებს, ამ ავტომობილზე ამჟამად ბევრი არაფერია ცნობილი. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, Q3 იმ კონცეპტუალური მოდელის (ქროს კუპე კვატრო) ბაზაზე შეიქმნება, რომლის დებიუტიც ორი წლის წინ, შანჰაის ავტო შოუზე შედგა.

ნებისმიერ შემთხვევაში, Q3 გერმანული კომპანიის სამოდელო გამაში უგზოობის მესამე ავრომობილი გახდება. შეგახსენებთ, რომ ”აუდის” ეგრეთ წოდებულ სოფტ როუდერებიდან, ბაზარზე პირველი სრულგაბარიტიანი Q7 გამოჩნდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფეისლიფტინგი. მეორეს - Q5-ის ოფიციალური დებიუტი შარშან, პეკინის ავტო შოუზე შედგა, მისი წარმოება კი წელს დაიწყო.

ინტერნეტშივე გავრცელებული ინფორმაციით, Q3-ისთვის ძრავების ფართო გამის გამოყენება იგეგმება. მისი ყველაზე იაფი ვერსია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომელიც ამ ეტაპზე, ”ფოლკსვაგენ გოლფზე” გვხვდება. ტოპ ვერსია კი 3.6-ლიტრიან V6-ს მიიღებს, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში ალბათ წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისია შევა. ამასთან, გაყიდვების დაწყებისთანავე, შესაძლებელი იქნება სრულამძრავიანი სისტმით აღჭურვილი მოდელის შეძენა.

”აუდის” სხვა უგზოობის მოდელებისგან, Q3-ს კუპეს მსგავსი ძარა გამოარჩევს და ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ”ბეემვეს” უახლესი X1 იქნება, რომლის გაყიდვებიც ფრანკფურტის მოტორ შოუს დასრულებისთანავე დაიწყება.

ესპანური ქარხნის მოდერნიზაციისთვის, ”აუდი” 300 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს, წლიურად კი ამ ქარხანაში 80 000 Q3-ს გამოუშვებს. არაა გამორიცხული, რომ Q3-ის სახელით, ”აუდიმ” კონცეპტუალური მოდელი ფრანკფურტში გამოფინოს.

”ჯენერალ მოტორსი” მწვანდება

General Motors

10 ივლისი

”ესოშიეიტიდ პრესის” ცნობით, ”ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელობა ლოგოს შეცვლას და კორპორატიული ლურჯი ფერის მწვანეთი შეცვლის მიზანშეწონილობას განიხილავს. ამგვარად, კომპანია ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ სწრაფად და გადამჭრელად მოქმედება შეუძლია და რომ ამიერიდან მისი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვა და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაა.

ჯერჯერობით, კორპორატიული ფერის და ლოგოს შეცვლის საკითხი განხილვის პროცესშია. ამ ეტაპზე, მას მარკეტოლოგების ჯგუფი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ამუშავებს. და თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, ეს კომპანიის ისტორიის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ლოგოს ყველაზე რადიკალური ცვლილება იქნება.

ამ დღეებში მოსალოდნელია კომპანიის ახალი სახელით დარეგისტრირება. ოღონდ, სანამ ეს მოხდებოდეს, იგეგმება ოფისების 4 000 თანამშრომლისა და 450 საშუალო დონის მენეჯერის შემცირება. უმეტეს წილად, ესენი დახურული ქარხნების თანამშრომლები იქნებიან. სამსახურიდან დათხოვნა ასევე ემუქრება ”ჰამერისა” და ”სატურნის” თანამშრომლებს. ეს ორი კომპანია მალე მფლობელს შეიცვლის და გამორიცხული არაა, რომ სამსახურიდან დათხოვნილმა მათმა თანამშრომლებმა კვლავ დაიწყონ მუშაობა.

ცნობისათვის, ბოლო რესტრუქტურიზაციამდე, ”ჯენერალ მოტორსში” 29 650 მუდმივი თანამშრომელი ირიცხებოდა, ახალ კომპანიაში კი მათი რიცხვი 6 150-ით ნაკლები იქნება. ”გენერლების” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი ირწმუნება, რომ ”ჯენერალ მოტორს კომპანის”, წინამორბედისგან სრულიად განსხახებული მმართველი სტრუქტურა ეყოლება, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას შეძლებს.

რედ ბული” აქცენტს ფეტელზე გააკეთებს

Formula 1

10 ივლისი

”რედ ბულის” ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი აცხადებს, რომ მომავალი სეზონის მანქანის (RB6) მზადებისას, გუნდის იჟინრები, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი სებასტიან ფეტელის პილოტირების სტილსა და მისსავე პარამეტრებს გაითვალისწინებენ.

”შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ორივე მრბოლს აბსოლუტურად თანაბარი დონის ტექნიკას ვუმზადებთ და რბოლის დროსაც, თანაბრად ვეხმარებით. მაგრამ შეცდომა იქნება, თუ მომავალი სეზონის მანქანის შექმნის პროცესში, სებასტიანის მინაცამებზე არ ვიქნებით ორიენტირებულნი. მან აშკარად დაგვანახა, რომ არამარტო გამარჯვებისთვის, არამედ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია და მფლანგველობა იქნება, თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ”, - გერმანულ გაზეთ ”აბენდცაიტუნგთან” საუბრისას განაცხადა ჰორნერმა.

”RB6-ის შექმნისას, ჩვენი ორიენტირი პილოტირების მისეული სტილი იქნება. მინდა ვთქვა, რომ მარკ უებერის სტილი მისგან დიდად არც განსხვავდება, ეს კი კონსტრუქტორებს საქმეს გაუადვილებს”, - დასძენს ჰორნერი.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე, ორივე პილოტს ერთნაირად მომზადებული მანქანით ასპარეზობა უწევს, თუმცა ისიც აღიარა, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, უპირატესი მხარდაჭერით ის პილოტი ისარგებლებს, ვისაც ჩემპიონობის მეტი შანსი ექნება, მეორე პილოტი კი დამხმარე როლს შეასრულებს.

ცნობისათვის, რვა ეტაპის შემდეგ, ”რედ ბულის” პილოტებს სულ რაღაც 3.5 ქულა აშორებს. მათგან ფეტელს ორი რბოლა აქვს მოგებული, უებერს კი - არცერთი. სამაგიეროდ, ქულებს ავსტრალიელი უფრო სტაბილურად აგროვებს. ასე რომ, თეორიულად, ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ გუნდმა სამერმისოდაც შეიძლება იგივე პილოტები დაიტოვოს. ფეტელზე ლაპარაკი არცაა, მას ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რაც შეეხება უებერს, მის კონტრაქტს ვადა ამ სეზონის შემდეგ გასდის. ჰორნერი ამბობს, რომ ავსტრალიელის გამოსვლით კმაყოფილია, თუმცა კონტრაქტის გაგრძელებაზე მასთან მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, საჭიროების შემთხვევაში, რამდენად დაიცავს უებერი გუნდის ინტერესებს.

სურათზე: ჰორნერი (მარცხნივ) უპირატესობას ფეტელს ანიჭებს