Friday, September 18, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

ასტონ მარტინ რეპიდი

Aston Martin Rapide

18 სექტემბერი

ჯეიმს ბონდი შეიძლება მალე ოთხკარიანი ”ასტონ მარტინის” საჭეს მიუჯდეს. ყოველ შემთხვევაში, ინგლისურმა კომპანიამ ასეთი ავტომობილი, სახელად ”რეპიდი”, რომელსაც ავტოსამყარო უკვე სამი წელია მოუთმენლად ელოდა, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, წარმოებისთვის გამზადებული სახით წარადგინა.

”რეპიდი”, რომელსაც ბევრი ”ასტონ მარტინის” პირველ ხუთკარიან ჰეჩბეკსაც კი უწოდებს (და ამით მას გარკვეულწილად ამცირებს), მთელს მსოფლიოში, ”ასტონ მარტინის” 125 სადილერო პუნქტში, მერმისიდან გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ თავისი ახალი სუპერავტომობილის ფასებს ინგლისური კომპანია ფრანკფურტის” შოუზევე, მის დასრულებამდე გამოაცხადებს.

”ეს ავტომობილი ”ასტონ მარტინის” სპორტული მოდელების გამის გვირგვინია, მანქანა, რომელიც ჩვენი მარკის დიდებულებას სრულად წარმოადგენს. ამიერიდან, ყველანაირი გემოვნების და სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილებს ვაწარმოებთ და ამით ვამაყობთ. ”რეპიდით” მთელ ოჯახს ერთად მგზავრობა შეუძლია. სალონში კი მათ ძალიან კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათ”, - ამბობს ”ასტონ მარტინის” მთავარი აღმასრულებელი ულრიხ ბეცი.

ავტომობილი ”ასტონ მარტინისთვის” ჩვეული, ძალიან დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რომელსაც ხაზგასმული სპორტული სტილი აქვს. მის სპორტულობას კი განსაკუთრებით მშვილდის მოყვანილობის სახურავი უსვამს ხაზს. გრძელი კაპოტი, მასიური სამივე (განსაკუთრებით შუა და უკანა) საყრდენი და რა თქმა უნდა, ”ასტონებისთვის” დამახასიათებელი მოყვანილობის რადიატორის ბადე - ეს ყველაფერი ინგლისური მარკის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თვისებებია.

შიგნიდან ”რეპიდი” ისეთივე დიდებულია, როგორიც გარედან. სალონის გასაწყობად, ძირითადად თეთრი (უფრო თეთრი ქვიშისფერი) ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი, რასაც ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილის გასაფორმებლად გამოყენებული ირიდიუმის ფერის დეტალები და კონსოლისვე ზედა ნაწილში ძვირფასი ხის ფერის პანელები შესანიშნავად უხამდება. სალონში ყველაფერს (საჭის და სატერფულების გარდა) ელექტრონიკა მართავს. ცენტრალური გვირაბი (კარდანს ამხელა ნამდვილად არ სჭირდება) კი ერთმანეთის გვერდზე მდგარ სავარძლებს ისე აცალკევებს, მათში ჯდომისას, თავს სარბოლი ბოლიდის კოკპიტში წარმოიდგენ. ოღონდ, უკანა ორი სავარძლის მგზავრებს ამაში ის მონიტორები ”შეუშლის” ხელს, რომლებიც წინა სავარძლების უკანა ნაწილშია ჩამონტაჟებული და რომლებზეც სხვადასხვა გასართობი პროგრამის ხილვა შეიძლება.

ჩავიხედეთ კაპოტის ქვეშ. იქ 6.0-ლიტრიან V12 მონსტრს ვნახავთ, რომელიც 470 ცხენის ძალას (6 000 ბრ/წთ-ზე) და 600 ნიუტონმეტრს (5 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან კარდანის ლილვით დაკავშირებულია 6-საფეხურიანი კოლოფი (ტაჩტრონიკ 2), რომელშიც საფეხურებს ელექტრონული სისტემა ცვლის. ალბათ ადვილად მიხვდით, რომ რამდენადაც ძრავს კარდანით უკავშირდება, ესე იგი, კოლოფი უკანა ღერძთან უნდა იყოს განლაგებული. ეს მოსახერხებელია იმით, რომ ღერძებზე ავტომობილის წონა მაქსიმალურად თანაბრად განაწილდეს. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.1 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 303 კმ/სთ-ია.

ასეთი ტემპერამენტის ათვისებაში ავტომობილს იაპონური ”ბრიჯსტოუნის” მარკა ”პოტენცას” საბურავები ეხმარება, რომლებიც 20-დუიმიან ბორბლებზეა ჩაცმული. თავად საბურავებს კი შემდეგი ზომები აქვს: 245/40 R20 წინებს, 295/35 R20 - უკანებს. გარდა ამისა, ავტომობილი უამრავი დამხმარე სისტემითაცაა აღჭურვილი.