Friday, June 12, 2009

გაიცანით ახალი გუნდები

Formula 1

13 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სწზონის მონაწილე გუნდების სია გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ახალი გუნდია ნახსენები. ფორმულა ერთის ქართველი მოყვარულებისთვის უთუოდ საინტერესო იქნება მათი უფრო ახლოს გაცნობა.

ესენია: ესპანური ”კამპოს გრან პრი”, ინგლისური ”მეინორ F1 ტიმ” და ამერიკული ”ტიმ US F1”. სამივე გუნდს განაცხადში უწერია, რომ ისინი თავიანთი ბოლიდებისთვის ინგლისურ კომპანია ”კოსუორტის” ძრავებს გამოიყენებენ. ეს კომპანია კი მართალია დღეს ფორმულა ერთის გარეთაა, თუმცა დიდი პრიზების ცირკში უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

სულ ფედერაციამ 15 ახალი გუნდის განაცხადი განიხილა, რომელთა შორისაც რამდენიმე - ”ლოლა”, ”მარჩი” და ”ლოტუსი” მსოფლიო ჩემპიონატში ადრეც მონაწილეობდა. გადარჩევისას, ფედერაციამ გუნდები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით შეაფასა, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, გამოცდილება და სპეციალური ცოდნა იყო.

საინტერესოა ისიც, რომ მართალია, განაცხადების მიღება დასრულებულია, მაგრამ ფედერაცია კვლავაც აგრძელებს დარჩენილი 12 გუნდის გადარჩევას იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალ სეზონამდე რომელიმე გუნდი განაცხადს (ახალი, ან ძველი) გამოიხმობს.

კამპოს გრან პრი

ეს გუნდი ფ1-ის ყოფილი პილოტის, ესპანელი ადრიან კამპოსის (გამოდიოდა მინარდიში) მიერაა დაარსებული (1998 წელს, მაშინ კამპო რეისინგი ერქვა). ”კამპოსს” სხვადასხვა სარბოლ სერიებში დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. გუნდი GP2 სერიის მოქმედი ჩემპიონია, ევროპულ ფორმულა სამში კი ოთხი ტიტული აქვს მოგებული.

”კამპოს გრან პრის” პარტნიორია მადრიდული კომპანია ”მეტა იმეიჯი”, რომლის საქმიანობის სფეროებია სპორტული ტურნირების ორგანიზება, პარტნიორებისთვის სპონსორების მოზიდვა, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება.

გუნდის შტაბ-ბინა მადრიდში მდებარეობს. მთავარ ოფისში განლაგებულია მისი სამარკეტინგო და ადმინისტრაციული განყოფილებები. ტექნიკური ცენტრი კი ვალენსიაში, ავტოდრომ ”რიკარდო ტორმოს” მახლობლად მდებარეობს. ამ ტრასას კი ფორმულა ერთის გუნდები ტესტებისთვის იყენებენ. ამ მომენტისთვის, ”კამპოსის” ტექნიკურ ცენტრში ამზადებენ სხვადასხვა სერიების (ფ3, GP2 და სერია A1GP-ს მექსიკის გუნდის) სარბოლ ტექნიკას.

განაცხადის მიხედვით, ”კამპოს გრან პრის” ტექნიკური პარტნიორები იქნებიან შასის მწარმოებელი იტალიური კომპანია ”დალარა”, ”კოსუორტი” და ტრანსმისიის მწარმოებელი ამერიკული ”Xტრეკი”.

”მეინორ F1 ტიმ”

1990 წელს ეს გუნდი ბრიტანული ფ3-ის ბრიტანელმა ჩემპიონმა ჯონ ბუტმა შექმნა. მას შემდეგ, ”ფორმულა რენოსა” და ფ3-ის ევროპულ სერიებში, გუნდის პილოტებმა 171 რბოლა მოიგეს და 19 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს.

”მეინორს: ორი ბაზა აქვს - შეფილდსა და ბისტერში. მის ტექნიკურ ცენტრში, სარბოლი ავტომობილების შასის შექმნა, ტესტირება და მოდერნიზაცია მთლიანად ციფრული ტექნოლოგიებით ხორციელდება. გუნდის პარტნიორია ინჟინირინგული კომპანია ”უირტ რისერჩ ლიმიტედი” (WRL), რომელიც 2003 წელს, ფ1-ში სახელმოხვეჭილმა ინჟინერმა ნიკ უირტმა ჩამოაყალიბა. კომპანიის აბგარიშზე არაერთი წარმატებული კონსტრუქციაა - 2004 და 2005 წლებში, მის მიერ მომზადებული შასით, მოგებულ იქნა ინდი რეისინგ ლიგის მსოფლიო სერია (ინდი კარი), ლე მანის ამერიკულ სერიაში კი ასპარეზობს WRL შასიზე ბაზირებული ”აკურას” პროტოტიპი.

ნიკ უირტი ”მეინორის” ტექნიკური დირექტორია. ფ1-ში პირველად ის ”მარჩში” გამოჩნდა, სადაც 1988-1989 წლებში აეროდინამიკის განყოფილებაში მუშაობდა და ბოლიდების მასშტაბური მოდელების კომპონენტების შექმნა ევალებოდა. 1993-1995 წლებში ის იყო ”სიმტეკ F1-ის” მფლობელი და ტექნიკური დირექტორი, 1996-1999 წლებში კი ის ”ბენეტონის” (ახლა ამ გუნდს რენო ჰქვია) ტექნიკური დირექტორი.

ფ1-ის შასის შექმნას ”მეინორი” თავად აპირებს, ძრავებს კი მას ”კოსუორტი” მიაწვდის.

”ტიმ US F1

ეს სრულიად ახალი პროექტია, თუმცა მას ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელობა ეყოლება. და რაც მთავარია, სპონსორებით ახლავე უზრუნველყოფილია.

გუნდის შეფია კენ ანდერსონი, რომელსაც ავტოსპორტის მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მის მიერ შექმნილ მანქანებს ინდი კარსა და ჩემპ კარში არაერთი რბოლა აქვთ მოგებული. გარდა ამისა, მას ტექნიკური დირექტორის თანამდებობები ეკავა ფ1-ის გუნდებში - ”ლიჟიესა” და ”ონიქსში”. ის ასევე ულტრათანამედროვე აეროდინამიკურ კომპლექს ”უინდშერის” შექმნაში მონაწილეობდა.

მისი პარტნიორია პიტერ უინძორი, ვისაც ფ1-ში ჟურნალისტის, გუნდის მენეჯერისა და კონსულტანტის რანგში 35 წელი აქვს გატარებული. ოდესღაც ის ”უილიამსში” მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ”ფერარიში” შასისა და საკიდარის განყოფილებებში მუშაობდა. გარდა ამისა, იყო კონსულტანტი ისეთი პოპულარული პილოტებისა, როგორებიც არიან უნგლისელი ნაიჯელ მენსელი და არგენტინლი კარლოს როიტემანი.

განაცხადში მითითებულია, რომ ”ტიმ US F1” ”კოსუორტის” ძრავებს მიიღებს. შასის კი, სავარაუდოდ, თავად მოამზადებს.

ფედერაციამ განაცხადები მიიღო

Formula 1

12 ივნისი

გუშინ ლონდონში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასა (FIA) და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციას (FOTA) შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა, რის შემდეგაც, ფედერაციამ იმ გუნდების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაში, რომელიც 11 საათი გაგრძელდა, მონაწილეობა მიიღეს FIA-ს პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ, ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ, ”ბრაუნ GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა, ”რედ ბულ რეისინგის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა და ”ტოიოტას” შეფმა ჯონ ჰაუეტმა.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მისმა მონაწილეებმა კომენტარებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ფედერაციის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მოლაპარაკებებზე არსებული განწყობა რომის პაპის არჩევნებს შეადარა: ”შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბოლი რუხი ფერის იყო. შეიძლება, ეს კარგ ნიშნად არ გეჩვენოთ, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია”.

ცნობისათვის, პაპის არჩევნების დროს, მისი მონაწილენი საზოგადოებას პაპის არჩევის მოახლოებას თეთრი ბოლით ამცნობენ. თუ არჩევნები ჭიანურდება, მაშინ ბოლი შავია ხოლმე.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ გუნდების სია, რომლბიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში დაიშვებიან. მათ შორის, ყველა მოქმედი გუნდია, ოღონდ მათგან ფედერაცია ”მაკლარენის”, ”ბეემვე ზაუბერის”, ”რენოს”, ”ტოიოტას” და ”ბრაუნ GP-ს” განაცხადების დადასტურებას კიდევ ერთი კვირა დაელოდება.

რაც შეეხება ახალ გუნდებს, ესენია: USF1, ”კამპოს გრან პრი” და ”მეინორ გრან პრი”. ამ უკანასკნელის სიაში მოხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდა ”პროდრაივი”, რომელიც კუვეიტური საინვესტიციო ჯგუფის მყარი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს და რომელიც ფორმულა ერთში ”ასტონ მარტინის” დაბრუნების წინაპირობაა.

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სია მას შემდეგ შეიცვალოს, რაც ზემოთ დასახელებული ხუთი მოქმედი გუნდის განაცხადი დადასტურდება.

გუნდები, რომლებიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას:

გუნდები (კონსტრუქტორები)

სკუდერია ფერარი მარლბორო (ფერარი)

სკუდერია ტორო როსო (სკუდერია ტორო როსო, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)

რედ ბულ რეისინგი (რედ ბულ რეისინგი, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)

At&T უილიამსი (უილიამს ტოიოტა)

ფორს ინდია F1 ტიმ (ფორს ინდია მერსედესი)

კამპოს გრან პრი (კამპოს კოსუორტი)

მეინორ გრან პრი (მეინორ კოსუორტი)

ტიმ US F1 (ტიმ US F1 კოსუორტი)

ვოდაფოუნ მაკლარენ მერსედესი (მაკლარენ მერსედესი)

BMW ზაუბერი (BMW ზაუბერი)

რენო F1 ტიმ (რენო)

პანასონიკ ტოიოტა რეისინგი (ტოიოტა)

ბრაუნ GP ფორმულა ვან ტიმ (ბრაუნი, ძრავი მოგვიანებით გამოცხადდება)
მოკლედ...

12 ივნისი

არა სოციალიზმს

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ”კრაისლერისა” და ”ჯენერალ მოტორსის” რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, ავტომწარმოებლების გამოსყიდვას აღარასოდეს განახორციელებს. კერძო კომპანიების საქმეებში ჩარევა ბევრმა ობამას სოიალიზმისადმი მიდრეკილებად მონათლა, თუმცა ამას თეთრი სახლისთვის ორი ავტოგიგანტის გადარჩენის საქმეში ხელი არ შეუშლია.

ამ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, აშშ-ის მთავრობამ ორი ავტოკომპანიისა და მათი პარტნიორი კომპანიების გადასარჩენად, მთლიანობაში 80 მილიარდი დოლარი გაიღო. ასეთი ნაბიჯი კი იმით ახსნა, რომ ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი შენარჩუნდა.

პარალელურად, თეთრი სახლი ირწმუნება, რომ გაღებულ თანხას მალე უკან დაიბრუნებს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ის კომპანიები, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს, კრიზისს დაძლევენ და მომგებიან საქმიანობაზე გადავლენ.

”ბენტლის ბიჭები” პებლ ბიჩში

პრეზენტაციაზე, რომელსაც ”ბენტლი” თავისი ახალი სედანისთვის პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე მოაწყობს, საზოგადოების წინაშე ასევე წარსდგება გასული საუკუნის 20-იანი წლების ლეგენდარული სარბოლი ავტომობილები, რომლებითაც, კომპანიის საქარხნო გუნდის პილოტებმა - ”ბენტლის ბიჭებმა” ლე მანის 24-საათიანი რბოლა ზედიზედ ოთხჯერ მოიგეს.

სულ კი პებლ ბიჩში ”ბენტლი” ოთხივე კომპრესორიან ”ბირკინ ბლოწერს” გამოფენს, რომლებიც კი ოდესმე შეუქმნია. კონკურსზე ასევე გამოიფინება სამი სარბოლი ”ბენტლი სპიდ სიქსი”.

პებლ ბიჩშივე შესაძლებელი იქნება ”ბენტლის” იმ სარბოლი ავტომობილის (შასი 141, სურათზე) ნახვა, რომელიც 1923 წელს კომპანიის ავტომობილებიდან პირველი გავიდა სარტეს ტრასაზე (სადაც ლე მანის რბოლები ტარდება) და მაშინვე წრის რეკორდული დრო აჩვენა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი ამჟამად ავსტრალიელ კოლექციონერს ეკუთვნის და შესანიშნავ მდგომარეობაშია.

”ბუგატი ვეირონი” 25 000 დოლარად

”ბუგატი ვეირონი” 25 000 დოლარად, ოღონდ, მხოლოდ ერთი დღით - ასეთ იშვიათ შესაძლებლობას ჰპირდება ბრიტანული კომპანია ”ჰოლდერს ვიჰაიქლ კონტრაქტსი” თავის კლიენტებს, რომლებსაც ამ სუოერავტომობილში, რომელიც სულ რაღაც 300 ცალია გამოშვებული, 1 700 000 დოლარის გადახდა არ შეუძლიათ, მაგრამ ამ ავტომობილით თუნდაც ერთხელ განავარდება ოცნებად აქვთ ქცეული.გაქირავებით კი, სულ 68 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ავტომობილის ღირებულება დაიფაროს.

ქირის თანხის გარდა, დამქირავებელს კომპანიის ანგარიშზე დეპოზიტის სახით, ”ყოველი შემთხვევისთვის”, 160 000 დოლარის შეტანაც მოუწევს.

ჩინეთი ”რენოს” გაუწყრა

ჩინეთი ”რენოს” გაუწყრა - ფრანგული კომპანიის ოთხი მოდელის (ლაგუნა, სცენიკი, მეგანი (სურათზე) და ”მეგან კუპე-კაბრიოლეტი) თავის ბაზარზე გაყიდვა აკრძალა და ამის მიზეზად, უსაფრთხოების ჩინური სტანდარტებისადმი შეუსაბამობა დაასახელა.

ესოდენ თამამი გადაწყვეტილება ”ხარისხის ზედამხედველობის ადმინისტრაციისა და კარანტინის გენერალურმა ადმინისტრაციამ” მიიღო. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებას ღებულობს ორგანიზაცია, რომლის მიერ მოწონებული ჩინური ავტომობილებიც, წლების განმავლობაში ვერ ღებულობდნენ ევროპულ ლიცენზიას და ამის მთავარი მიზეზი უსაფრთხოების ევროპული სტანდარტებისადმი მათი აშკარა შეუსაბამობა იყო.

ამის საპირისპიროდ, იმავე სტანდარტებით, ფრანგული კომპანიი ოთხივე ავტომობილს ხუთი ვარსკვლავი (უმაღლესი შეფასება) აქვს მიღებული.

შეცვლილი გეგმები

კრიზისი რომ არა, ”ჯენერალ მოტორსი” გასულ ნოემბერში პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი უგზოობის ”სატურნ ვიუს” გაყიდვების დაწყებას გეგმავდა. დღეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, ”სატურნს” კი ჰყიდის. შედეგად, მისი გეგმებიც შეიცვალა - ”სატურნის” ბრენდის ნაცვლად, იმავე ტექნოლოგიით, ”გენერლები” ბაზარზე სხვა ავტომობილს - ქროსოვერ ”შევროლე ეკვინოქსს” გამოუშვებენ.

მაგრამ ერთი პრობლემა მაინც წარმოიქმნა - ”სატურნ ვიუსთვის” გათვალისწინებული იყო 3.6-ლიტრიანი V6 ძრავი და ორსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემა. ”ეკვინოქსი” (სურათზე) კი ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავითა და ასევე ორსაფეხურიანი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. მისი მომზადებისთვის მეტი დროა საჭირო. შესაბამისად, მისი პრემიერაც ორი წლის დაგვიანებით შედგება.

რაც შეეხება ორსაფეხურიან ჰიბრიდულ სისტემას, ის ”ჯენერალ მოტორსმა” ”მერსედეს-ბენცთან” და ”ბეემვესთან” კოოპერაციით შეიმუშავა და იყენებს ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა ”შევროლე ტაჰო” და ”შევროლე სილვერადო”, ასევე ”GMC სიერა” და ”GMC დენალი” და ჰიბრიდული ”კადილაკ ესკალადი”.