Friday, May 13, 2011

„რენო“ მინი ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვებს იწყებს

Renault opens online reservations for Twizy all-electric two-seater

13 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებელთა მწირ სიაში ამიერიდან „რენოც“ უნდა მოვიხსენიოთ - ფრანგულმა კომპანიამ ბარსელონას მოტორ შოუზე გამოაცხადა, რომ იწყებს ორადგილიან მინი ელექტრომობილ „ტვიზი-ზე“ ონლაინ-შეკვეთების მიღებას. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მოგვიანებით, (სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუზე, სადაც ორი წლის წინ, მისი კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა) გაიმართება.

ლაპარაკია „ტვიზი-ს“ ორ ვერსიახე. ერთია საკუთრივ „ტვიზი“, რომელსაც მყიდველს ორი განსხვავებული კომპლექტაციით (ურბან და ტექნიკ) შესთავაზებენ, მეორე კი - „ტვიზი 45“. სამივე შემთხვევაში, ნახევრად ღია ავტომობილი ორადგილიანია. ამასთან, მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკანაა მოთავსებული (ეგრეთ წოდებული ტანდემ განლაგება).


„ტვიზი 45“ აღჭურვილია 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავით და მას ლითიუმ-იონური აკუმულატორების სრული დამუხტვით, 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი აკუმულატორები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან 3.5 საათში იმუხტება. ეს პატარა და სუსტი ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც სულ რაღაც 45 კმ/სთ-ია, 6 990 ევრო ღირს. ოღონდ, მის ფასში აკუმულატორების ფასი არ შედის. მათ ფასს მყიდველი განვადებით, თვეში 45 ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ „ტვიზი 45-ის“ დაბალი სიჩქარის გამო, მისი მართვისთვის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მართვის ლიცენზია საჭირო არ იქნება. ამდენად, ის ახალგაზრდა მყიდველისთვის სკუტერის შესანიშნავი, თუმცა ოდნავ უფრო ძვირი და ამასთან გაცილებით უსაფრთხოც, შემცვლელი იქნება.

თითქმის ორჯერ მეტი (80 კმ/სთ) სიჩქარე აქვს „ტვიზი ურბანს“ და „ტვიზი ტექნიკს“, რომლებიც 17-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. პირველის საბაზო ფასი (აკუმულატორების გარეშე) 7 690 ევროა, მეორისა კი - 8 490 ევრო. ამასთან, მათ მყიდველს, აკუმულატორების ლიზინგი თვეში 49 ევრო დაუჯდებათ.

ონლაინ შეკვეთის მსურველებს, „რენო ტვიზი-ზე“ შეკვეთის განსათავსებლად, მხოლოდ 20 ევროს გაღება მოუწევთ.

„ჰიუნდაი ჯენეზისი“ ჯერჯერობით სრულამძრავიანი არ გამოვა

Hyundai Genesis won't get all-wheel drive until next gen

13 მაისი

ამერიკული გამოცემა „ქარ ენდ დრაივერ“ იტყობინება, რომ „ჰიუნდაი“ ჯერ არ აპირებს თავისი ბიზნეს კლასის სედან „ჯენეზისის“ (ფოტოზე) სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვას, თუმცა ალბათ, ასეთ სისტემას, ამ ავტომობილის მეორე თაობა მიიღებს, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება.

ეს კი ნიშნავს, რომ სრულამძრავიან ტრანსმისიას ჯერ ვერც კუპე „ჯენეზისი“ და უფრო დიდი სედანი „ეკუსი“ მიიღებს. სამივე მოდელი, რომლებიც ამერიკის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მალე ახალ პლატფორმაზე გადავა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათზე სრულამძრავიანი ტრანსმისიის დაყენება. ამასთან, მათი ძრავების გამაც, მალე უფრო მძლავრი აგრეგატებით შეივსება.

„ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი დიდი ხანია, არ მალავს, რომ სედანი და კუპე „ჯენეზისი“, ასევე სედანი „ეკუსი“, ოპციის სახით, აუცილებლად მიიღებენ სრულამძრავიან ტრანსმისიებს. ამიტომ, ბევრი ელოდა, რომ ეს 2012 წელს მოხდებოდა. მაგრამ „ქარ ენ დრაივერის“ ახალი ინფორმაციით, ახლანდელ პლატფორმაზე ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„ჯენეზისი“ ამერიკაში მოთხოვნადი ავტომობილია, თუმცა მისი გაყიდვების წლიური მოცულობა მაინც ვერ აღწევს 30 000 ცალს. ბაზარზე სრულამძრავიანი ვერსიის გამოსვლის შემდეგ კი, ამ ერთგვარად მაგიური ბარიერის გადალახვა არ გაჭირდება. მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ბაზარზე მეორე თაობის „ჯენეზისი“ გამოვა, მყიდველს მხოლოდ გაძლიერებული ძრავებით, გაუმჯობესებული საკიდარით და უფრო დახვეწილი დიზაინით დაკმაყოფილება მოუწევს.

ამერიკული „ლამბო“ 2000 ცხენის ძალით

Lamborghi Indomable Going Into Production as Mostro Di-Potenza SF22

12 მაისი

კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ლამბორგინი ინდომეიბლ“, არის დიზაინის მექსიკელი სტუდენტების - დანიელ ჩინჩინელა ოჩოასა და ალბერტო ფერნანდეს ალბილარესის ნამუშევარი, რომელიც მათ „ლამბორგინის“ სპონსორობით 2009 წელს დაამზადეს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ იტალიური კომპანია, მექსიკელების ნამუშევარს ფრთებს შეასხამდა და მწვანე შუქს აუნთებდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

სანტ’აგატა ბოლონეზელებს თავისი გეგმები აქვთ და მათ შესანიშნავად ახორციელებენ. მათი სპონსორობით ჩატარებული სამუშაოთი კი ამერიკული კომპანია „215 რეისინგი“ ისარგებლებს, რომელმაც კონცეპტუალური ავტომობილის შექმნის ლიცენზია შეიძინა და ახლა სწორედ მის რეალიზებაზე ზრუნავს. ოღონდ, რეალურ ავტომობილს სხვა სახელი ექნება - SF22 და მისთვის სპეციალურად, ახალი ბრენდი შეიქმნება, სახელად „მოსტრო დი-პოტენცა“ (იტალიურად ეს ძალის მონსტრს ნიშნავს). მანქანის სახელი ამერიკულ უახლეს სამხედრო თვითმფრინავ F22-თან ასოცირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, აბრევიატურა სტრიტ ფაიტერს, ანუ ქუჩის მებრძოლს ნიშნავს.

პროექტის შესაბამისად, ავტომობილი კარბონის კომპოზიტით დამზადებულ მონოკოკზე უნდა აიწყოს. ძარაც კარბონის და კევლარის კომპოზიტისგან დამზადდება. სუპერ ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 460 მილიმეტრი, სიგანე 1 905 მილიმეტრი, სიმაღლე 1 230 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2 650 მილიმეტრი. რა თქმა უნდა, ძრავი ბაზაში მოთავსდება და ის მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს მიაწვდის.

რაც შეეხება ძრავს, ის არის „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების 9.4-ლიტრიანი (!) წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8, რომლის სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 2 700 ნიუტონმეტრს მიაღწევს. ამ მართლაც მონსტრ ძრავს, რომელსაც მშრალი კარტერი ექნება, 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება.

ასეთი ტანდემის დახმარებით, „მოსტრო დი-პოტენცას“ SF22 ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.5 წამში აკრეფს, დრეგსტერების დისტანციას კი (400 მეტრს) 9,5 წამში დაფარავს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 426 კმ/სთ-ს მიაღწევს.

„215 რეისინგი“ აცხადებს, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ 50 ცალს დაამზადებს. მასზე შეკვეთების მიღება მერმისს უნდა დაიწყოს. ამასთან, შემკვეთს წინასწარი შესატანის სახით, მხოლოდ 1 000 დოლარის გადახდა მოუწევს. სულ კი, სასურველი ავტომობილის შესაძენად, 950 000 დოლარი იქნება საჭირო.

ახალი „კორვეტი“ შეიძლება შუაძრავიანი გახდეს

Corvette C7 to Be Much Sharper

12 მაისი

მართალია, უკვე დიდი ხანია, რაც „ჯენერალ მოტორსი“ უარყოფს, რომ მისი ახალი „კორვეტი“, რომელსაც სახელად C7 დაერქმევა, ისევ კლასიკური შეთანწყობით მომზადდება, მაგრამ ინტერნეტში ამ დღეებში ისევ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ამერიკულმა გიგანტმა გადაიფიქრა და რომ ახალი „კორვეტი“ სუპერ ავტომობილებისათვის შესაფერის შეთანწყობას მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ C7-ს ძრავი ბაზაში ექნება.

მეექვსე თაობის „ვეტემ“ ევროპულ სუპერ ავტომობილებს სერიოზული კონკურენცია გაუწია. პირველ რიგში ეს მისმა გარეგნობამ და ტექნიკურმა მახასიათებლებმა განაპირობა. და ახლა გენერლებისგან კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმას ელიან, რაც სწორედ ის იქნება, რომ C7-ს ძრავი ბაზაში ჩაუდგან.

ჰოდა, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ უცნობ წყაროს იმოწმებს, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ახლა სწორედ ამ საკითხს განიხილავს. ახალ „კორვეტთან“ დაკავშირებით, გენერლებს დიდი გეგმები აქვთ, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 131 მილიონი დოლარი მოხმარდება ბოულინგ გრინის ქარხანას, რომელიც სწორედ „კორვეტის“ წარმოებაზეა სპეციალიზებული.

„შევროლე“ ახალი „კორვეტის“ წარმოებას 2013 წელს დაიწყებს. და „ჯენერალ მოტორსს“ სურს, რომ ამ ავტომობილმა ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სუპერ ავტომობილების ისეთ ლიდერებს, როგორებიც „ფერარი“ და „ლამბორგინია“. ამის შემდეგ, ეს ავტომობილი გლობალური ბაზრის სერიოზული მოთამაშე გახდება.

არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ შუაძრავიანი „კორვეტის“ წარმოება გადაწყდება. ეს პრობლემა ძრავს უკავშირდება - ამ ეტაპზე, მსოფლიო ავტოინდუსტრიის მთავარი მიზანი, ცილინდრების რაოდენობის და ლიტრაჟის შემცირებაა. მაგრამ თუ „კორვეტზე“ V6 აგრეგატს დააყენებენ, ამით მისი, როგორც სუპერ ავტომობილის რეპუტაცია შეილახება. ეს კი გენერლებს არაფრად სჭირდებათ. ამიტომ, მათ ახალი V8 ძრავის შემუშავება მოუწევთ, რომელსაც საკმარისი ცხენის ძალები და შედარებით მოკრძალებული აპეტიტი ექნება.

„ჰიუნდაი“ ინდოეთში აქტიურდება

Hyundai Planning 1,000 Outlets in Rural India, New Affordable Model

12 მაისი

წელიწადში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, „ჰიუნდაის“ ინდურ ბაზარზე მეორე ადგლი უკავია. თუმცა კორეული კომპანია ამას არ სჯერდება და ამ ქვეყნის პროვინციებში კიდევ 1 000 ახალი სადილერო პუნქტის გახსნას და სრულიად ახალი, იაფფასიანი ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ინდურ ბაზარზე, გაცილებით მაღალი ტემპით, „ფოლკსვაგენი“ და „ფორდი“ ვითარდებიან.

სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას, „ჰიუნდაის“ ინდური შტოს დირექტორმა ერვინდ საქსენამ განაცხადა, რომ აზიაში და კონკრეტულად ინდოეთში, მისი კომპანია აქცენტს სწორედ სადილერო ქსელის გაფართოებაზე აკეთებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდოეთის პროვინციებში მყიდველუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და საჭიროა, მათთვის ავტომობილების და სერვისის ადგილზევე შეთავაზება.

საქსენას თქმით, აქამდე „ჰიუნდაი“ რეგიონებში მუშაობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, თუმცა ახლა, როცა ინდური ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ავტომობილების შეძენის საშუალება რეგიონების მოსახლეობასაც გაუჩნდა. ამასთან, ქალაქებში გაყიდვების მოცულობის გაზრდა, იქაური ბაზრების გადაჯერების გამო, სულ უფრო რთულდება.

გასული წლის განმავლობაში, „ჰიუნდაიმ“ მსოფლიოს მეორე უდიდეს ქვეყანაში (მოსახლეობის რაოდენობით) გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ეს ზრდა, „ფორდის“, „ფოლკსვაგენის“ და „ტოიოტას“ გაყიდვების ზრდაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

საქსენა ასევე ამბობს, რომ „ჰიუნდაი“ ინდური ბაზრისთვის იაფფასიან მოდელს შეიმუშავებს, რომლითაც კონკურენციას „მარუტი სუძუკის“ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ალტოს“ გაუწევს. ამ ავტომობილის ფასი დაახლოებით 290 ათასი ინდური რუპიაა (დაახლოებით 6 500 დოლარი) და „ჰიუნდაის“ ახალი ავტომობილის ფასის ორიენტირიც სწორედ ესაა.

გარდა ამისა, კორეული კომპანია ინდოეთში ყოველწლიურად ორ ახალ ავტომობილს წარადგენს. თუმცა, მის გეგმებში, მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის - „ტატა ნანოს“ კონკურენტის გამოშვება არ შედის. ახლახანს, „ჰიუნდაიმ“ ინდურ ბაზარზე თავის პოპულარულ სედან „ვერნას“ (ფოტოზე) ახალი ვერსია წარადგინა.

2010 ფისკალური წლის განმავლობაში, „ჰიუნდაიმ“ ინდოეთში 358 904 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი გაყიდვების 14 პროცენტით გაზრდას და დაახლოებით, 400 000 ავტომობილის რეალიზებას გეგმავს.

„დელტა E-4“ - ბრიტანული სპორტული ელექტრომობილი

Electric 150mph Delta E-4 Coupe Launched

12 მაისი

სანამ დიდი ავტოკომპანიები ელექტრომობილების მასობრივად წარმოებისთვის ემზადებიან, საავტომობილო ბაზარზე არაერთი ისეთი, მანამდე უცნობი კომპანია გამოჩნდა, რომლებმაც მყიდველს საკუთარი ელექტრომობილი შესთავაზა. ახლახანს კიმათს რიგებს ბრიტანული საინჟინრო კომპანია „დელტა მოტორსპორტი“ შეუერთდა, რომელმაც სილვერსტოუნის ავტოდრომზე თავისი პირმშო - „E-4 კუპე“ წარადგინა.

სპორტული ელექტრომობილის შექმნაში მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმაც მიიღეს. თავიდანვე, მიზნად იქნა დასახული, რომ ავტომობილის შასი მაქსიმალურად მსუბუქი გამოსულიყო, რათა აკუმულატორების ჭარბი წონა დაბალანსებულიყო. შასი „დელტამ“ შეიმუშავა და მისი შეკვეთით, „KS კომპოზიტსმა“ დაამზადა. კარბონის კომპოზიტის წყალობით, მისი წონა მხოლოდ 85 კილოგრამია, რაც იმავე გაბარიტების მქონე ფოლადის შასიზე დაახლოებით 66 პროცენტით მსუბუქია. რაც მთავარია, შასი სრულად შეესაბამება უსაფრთხოებაზე ევროპულ მოთხოვნებს.

ოქსფორდელებმა მონაწილეობა ელექტროძრავების შემუშავებაში მიიღეს. მათი გარჯის შედეგად, ძრავი მხოლოდ 23 კილოგრამს იწონის. ის 120 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა. მათ ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც ავტომობილის ძირშია მოთავსებული.

„დელტა“ თავის ელექტრომობილს ორი ვერსიის სახით დაამზადებს. ერთია „ეკო“, მეორე კი - „სპორტი“. „ეკო“ ვერსია ორი ელექტროძრავით აღიჭურვება, აკუმულატორების ტევადობა კი 32 კილოვატსაათი იქნება. ამ შემთხვევაში, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.5 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ-ს მიაღწევს, სვლის სიშორე კი - 224 კილომეტრს.

მეორე შემთხვევაში, ყოველ ბორბალს თითო ეექტროძრავი მოემსახურება. მათ შორის კავშირი უსაფეხურო იქნება. აკუმულატორების ტევადბა ამ შემთხვევაში 48 კილოვატსაათამდე გაიზრდება. სპორტული „E-4 კუპე“ ადგილიდან ასს 4 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ-ს მიაღწევს, სვლის სიშორე კი 320 კილომეტრამდე გაიზრდება.

„დელტას“ ელექტრომობილი პირველად საზოგადოების წინაშე 5 ნოემბერს წარსდგება, მეორე დღეს კი მონაწილეობას მიიღებს მომავლის ავტომობილების გარბენში, რომელიც სტარტს ლონდონში აიღებს და 100 კილომეტრის შემდეგ, ბრაიტონში დასრულდება.

„დელტა“ ჯერჯერობით თავისი ელექტრომობილის ფასს არ აქვეყნებს. მის წარმოებას კი, სავარაუდოდ, მერმისს დაიწყებს.

პუტინს რუსული ჯართი აჩვენეს

12 მაისი

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პრემიერ მინისტრი პუტინი, თავისი ქვეყნის მანქანათმშენებლების კავშირის ყრილობას დაესწრო, რომელიც ქალაქ ტოლიატიში გაიმართა. ყრილობის შემდეგ, მან ახალი იაფფასიანი სედანის, „ლადა გრანტას“ ნახვა და მისი ტესტირება მოისურვა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამით კმაყოფილი დარჩენილიყო.

რატომღაც, მანქანის დათვალიერება მან საბარგულით დაიწყო. მისი გახსნა პირველ ცდაზე ვერც მოახერხა... თანმხლებთა დახმარების შემდეგ, ის გახსნეს. პრემიერმა იხტიბარი არ გაიტეხა და საბარგულის მოცულობა მოიწონა - ორ ტომარა „კარტოშკას“ იოლად დაიტევსო (ესე იგი, თვითონაც ჩაეტევა).

შემდეგ ის საჭეს მიუჯდა და რა თქმა უნდა, დაქოქვა მოინდომა, მაგრამ მანქანა გაჯიუტდა. რამდენჯერმე გადაატრიალა გასაღები, მაგრამ „გრანტას“ ხმა არ ამოუღია. მერე ქარხნის წარმომადგენლებმა მანქანას ჯადოსნური სიტყვები უთხრეს და ისიც დაიქოქა. გახარებულმა პუტინმა გონს მოსული ოთხბორბალა ქარხნის სატესტო ტრეკზე გააგელვა.

უკან მობრუნებულს ჰკითხეს, ასეთი მანქანით შორეულ მოგზაურობას თუ გარისკავდა, რაზეც უპასუხა, რომ ეს მანქანა აგარაკზე გასვლებისთვისაა კარგიო. „კალინა“ კი უფრო ძლიერიაო (აბა, ხომ არ იტყოდა, ისიც კარგი ნაგავიაო). ვინც არ იცით: ორი წლის წინ, პუტინმა „ლადა კალინათი“ ციმბირში საჩვენებელი განავარდება მოაწყო. მის კორტეჟს, დაცვასთან ერთად, სატვირთო ავტომობილი მიჰყვებოდა, რომელსაც კიდევ ორი „კალინა“ მიჰქონდა. სამივე „კალინა“ ყვითლად იყო შეღებილი და როგორც ამბობენ, „ძლევამოსილმა“ პრემიერმა „ბედაური“ რამდენჯერმე გამოიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ „კალინა“ ხშირად ფუჭდებოდა...

რა თქმა უნდა, „გრანტას“ სიჯიუტის გამო, ქარხნის მესვეურებს თავის მართლებამ მოუწია. მათ განმარტეს, რომ მანქანას გაზის ელექტრონული სატერფული აქვს. დაქოქვისას, პრემიერი გაზს აწვებოდა, რაც არ უნდა ექნაო...

ცნობისათვის, „კალინა“ და „გრანტა“ მართლა ერთი ნაგავია. მეორე პირველის ბაზაზეა შექმნილი და მისი იაფფასიანი ვერსიაა. მისი წარმოება ოქტომბერში უნდა დაიწყოს...

ელექტრომობილების სარბოლი სერია მალე სტარტს აიღებს

Quietest Race Ever: EV Cup Launches First All-Electric Racing Series

12 მაისი

სარბოლი ნისან ლიფი

..............................

როგორც ამბობენ, რბოლები ავტომობილების განვითარებას უწყობს ხელს. და თუ ასეა, რა შეუწყობს ხელს ახალი ტიპის ავტომობილებს, როგორებიცაა ელექტრომობილები? რა თქმა უნდა, რბოლები! თუმცა, ალბათ ეს მიზანი არ ამოძრავებთ ახალი, სარბოლი ელექტრომობილების თასის ორგანიზატორებს, რომლებიც ამ ტიპის მანქანების პირველ ჩემპიონატს სტარტს 6 აგვისტოს მისცემენ.

ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატის კალენდარში სულ 7 ეტაპია შეტანილი, რომელთაგან ოთხი ბრიტანეთში ჩატარდება, ერთი ბელგიაში და ორიც - ამერიკაში. ფორმულა ერთის მსგავსად, ელექტრომობილების პირველი ჩემპიონატიც სტარტს სილვერსტოუნზე აიღებს. ბრიტანული ტრასებიდან, ამ სერიის რბოლებს ასევე სნეტერტონი, ბრენდს ჰეჩი და როკინგემი უმასპინძლებს, ბელგიაში რბოლა ცოლდერზე ჩატარდება, ამერიკაში კი - ლაგუნა სეკასა და კალიფორნია სპიდუეიზე.

უესტფილდ iრეისერი

..............................

ჩემპიონატი სამი კლასის ავტომობილებს შორის ჩატარდება. მათგან პირველია ეგრეთ წოდებული საქალაქო კლასი, რომელიც ნორვეგიულ კომპანია „თინკ სიტის“ პატარა ელექტრომობილებს შორის ჩატარდება. ეს ავტომობილი 50-ცხენისძალიანი ელექროძრავითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც, მაქსიმუმ 136 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და მას ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მეორე კლასი „სპორტულია“ და მასში რბოლები კიტქარების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „უესტფილდის“ ავტომობილებით (iრეისერ) ჩატარდება. ეს ავტომობილი წყვილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც უკანა წამყვან ბორბლებს (თითო ძრავი თითო ბორბალზე) ამოძრავებს. მათი ჯამური სიმძლავრე 260 ცხენის ძალაა. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 184 კმ/სთ-ია. ოღონდ, ის შეზღუდულია, რათა აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის გადახარჯვა არ მოხდეს. „უესტფილდის“ მონაცემებით, მათს სარბოლ ელექტრომობილს, ერთი სრული დამუხტვით, სარბოლი რეჟიმით მოძრაობისას, დაახლოებით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.

თინკ სიტი

..............................

მესამე კლასში სპორტული პროტოტიპები შევა. ამ კლასში, მასის და სიმძლავრის არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება, გამარჯვებულები კი, რბოლის დროს ნაჩვენები საუკეთესო დროის შესაბამისად გამოვლინდება. რბოლა კი ეგრეთ წოდებული ტაიმ ტრაიალის პრინციპით (როგორც საგზაო ველოსპორტშია) ჩატარდება - ავტომობილები დისტანციაზე ერთმანეთის მიყოლებით, გარკვეული ინტერვალით გავა. სავარაუდოდ, ამ კლასში მონაწილეობას, „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფის“ მოდერნიზებული ვერსია მიიღებს.

დაბოლოს, მაყურებლის და სპონსორების მოსაზიდად, თასის ორგანიზატორები ცნობილ ავტომრბოლებს იწვევენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, ფორმულა 1-ის 1996 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დეიმონ ჰილია.