Thursday, February 24, 2011

„ფორდმა“ უკვე მილიონზე მეტი „ფიესტა“ გამოუშვა

Over One Million Ford Fiestas Have Been Produced

24 თებერვალი

28 თვეა გასული მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას“ წარმოება დაიწყო და მთელს მსოფლიოში მიმოფანტულმა მისმა ქარხნებმა, B სეგმენტის ეს ავტომობილი უკვე მილიონზე მეტი გამოუშვეს.

უფრო მეტიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ფიესტა“ ევროპული ბაზრის B სეგმენტის უცვლელი ლიდერი და „ფორდის“ საწარმოო პროგრამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. მისი დებიუტის დღიდან, მთელს მსოფლიოში სულ 1 140 000 „ფიესტაა“ გაყიდული.

„ფორდმა“ ჰეჩბეკ „ფიესტას“ წარმოება 1976 წელს დაიწყო და მას შემდეგ, 14 მილიონზე მეტი გამოუშვა. ევროპაში ამ სუბკომპაქტურ ავტომობილს ორი - კიოლნისა (გერმანია) და ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანა აწარმოებს. გარდა ამისა, მას ასევე ნანძინში (ჩინეთი), რაიონგში (ტაილანდი) და კუაუტიტლანში (მექსიკა) აწარმოებენ. ამასთან, „ფიესტა“ 100-ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოშიც) იყიდება.

„მკაფიოდ გამოძერწილი“, „მოძრავი მუსკულატურა“ და „ხმოვანი ათლეტიზმი“ - ამ ეპითეტებით ამკობს „ფიესტას“ დიზაინის ფილოსოფიას „ფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ სმითი, ვინც კომპანიის დიზაინის განყოფილებას განაგებს. ამ ავტომობილის გარეგნობა სრულად შეესაბამება ცისფერი ოვალის ახალ კორპორატიულ სტილს, რომლის მთავარი ამოსაცნობი ნიშანი მისი რადიატორის ბადეა, რომელსაც ტრაპეციის ფორმა აქვს. ამასთან, გაზრდილია „ფორდის“ ოვალური ემბლემაც.

რაც შეეხება ახალ კორპორატიულ სტილს, ის „კინტიკური დიზაინის“ სახელითაა ცნობილი და პირველად კონცეპტუალურ „ვერვზე“ გამოიყენეს, რომელიც შემდგომში „ფიესტად“ მოგვევლინა. ეს სტილი მარტო ექსტერიერის კი არა, ინტერიერის ფორმებსაც განსაზღვრავს.

„ფიესტასთვის“ ძრავების ფართო გამაა გათვალისწინებული, რომელთაგან ოთხი ბენზინზე მუშაობს (სერია დურატეკი) და თითოეულს 16 სარქველი აქვს. კიდევ ორი ძრავი დიზელისაა (დურატორკ TDCi). ყველა ძრავი ეკონომიურობითაც გამოირჩევა და ისინი ატმოსფეროს მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგით აბინძურებენ.