ევროპის 2008 წლის საუკეთესო ავტომობილი თბილისშიც გაიყიდება
26 დეკემბერი

მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ამას გვპირდება საქართველოში ”ფიატის” ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ”სტრადა მოტორსი”, რომელმაც 22 დეკემბერს ოფიციალურად გახსნა ”ფიატ ცენტრი თბილისი”, რომელიც შოურუმთან ერთად, თანამედროვე მოწყობილობებით გაწყობილ სერვის ცენტრსაც მოიცავს. ცენტრის პრეზენტაციას, პრესის წარმომადგენლების, სხვადასხვა კომპანიებიდან მიწვეული სტუმრების და შოუ ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, თბილისის მერი, გიგი უგულავაც დაესწრო.
”მიუხედავად იმისა, რომ ”ფიატი” ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, მას საქართველოში აქამდე ნაკლებად იცნობდნენ. ძალიან მიხარია, რომ დღეიდან, ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება, უკეთ გაიცნოს და შეაფასოს ამ მარკის ავტომობილები. დარწმუნებული ვარ, თავისი იტალიურობით, ”ფიატი” მალე საქართველოშიც პოპულარული გახდება”, - პრეზენტაციაზე განაცხადა ”სტრადა მოტორსის” აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა.
ქალაქის მერმა განსაკუთრებული სიამოვნებით იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ”სტრადა მოტორსში” 70-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რაც ამ არცთუ დიდი კომპანიისთვის კარგი მაჩვენებელია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მაქსიმუმი ჯერაც არაა, რადგან მალე ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების - იტალიური ”ალფა რომეოსა” და ამერიკული ”კრაისლერის” (პირველ რიგში, ბრენდ ჯიპის უგზოობის მოდელების) ავტომობილების შემოყვანაც იგეგმება. შესაბამისად, პერსონალის რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ოღონდ, ეს მოგვიანებით მოხდება.
ბატონი მაღალაშვილის განცხადებით, თავიდან ”ფიატ ცენტრი თბილისი” აქცენტს ორ მოდელზე - ”ჩინკვეჩენტოსა” და მინივენ ”დობლოზე” გააკეთებს. ცნობისათვის, ”დობლომ” ახლახანს წლის საუკეთესო ვენის საპატიო წოდება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ორივე ავტომობილი მყიდველს უპირველესად, საშუალოზე დაბალი ფასით მიიზიდავს - ”ჩინკვეჩენტოს” საბაზო ღირებულება 11 900 ევროა, ”დობლოს” სამგზავრო ვერსიის (დობლო პანორამას) ფასი 12 508 ევროა, მისი სატვირთო ვერსიის ფასი კი 12 398 (ბენზინისძრავიანი) და 13 523 (დიზელისძრავიანი) ევროა.