Friday, July 31, 2009

მანქანა ”სიტროენის” ტანით და ”ფერარის” გულით

Citroen-Ferrari

31 ივლისი


თუ გინახავთ ისეთი ქროსოვერი, ან მინივენი, რომელიც ”სიტროენის” ლეგენდარულ ფურგონ 2CV-ს ბაზაზეა დამზადებული, მის კაპოტქვეშ კი ”ფერარის” მძლავრი ძრავი მუშაობს? 35 წლის ნიკოლო ლამბერტის და 51 წლის მილკო დალა კოსტას, როცა ისინი ძველ ”ფერარი 335 ბერლინეტას” ყიდულობდნენ, ასეთი გიჟური იდეა ჯერ არ ამოძრავებდათ. მერე კი გადაწყვიტეს, ავტოსამყარო გაეკვირვებინათ და საქმესაც შეუდგნენ.

იტალიელ ენთუზიასტებს რალის საკუთარი გუნდი ”ნიმიკ-ი” ჰყავთ და რბოლებზე ხშირი მოგზაურობის გამო, თავიანთ მომავალ შედევრზე მუშაობის შეწყვეტა უწევდათ, რის გამოც, საქმეს ხუთი წელი მოანდომეს. დღეს კი რიგიანად არც იციან, რა უყონ ავტომობილს, რომელიც გარეგნულად ”სიტროენ 2CV-ს” ჰგავს და 290 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელსაც სახელიც არ აქვს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას ხუთ წამზე ნაკლებში ახერხებს, ამაში კი მას ”ფერარის” V8 ძრავი ეხმარება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 400 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი ავტომობილის ბაზაში, ორად-ორი სავარძლის უკანაა მოთავსებული და მის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (ფერარისვე ტრანსმისიის გავლით) უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა სიფრიფანა შასის, რომელიც სულ რაღაც 12-ცხენისძალიან ძრავზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, მან გაძლიერება მოითხოვა და იტალიელმა ენთუზიასტებმაც ეს მოთხოვნა შეასრულეს. პირველ რიგში, მათ მზიდი ჩარჩო გააძლიერეს, შემდეგ ის გააფართოვეს და ბაზაც დაუგრძელეს.

უცვლელი დარჩა 2CV-ს რადიატორის საფირმო ჰაერამღები, კაპოტი და წინა საქარე მინა. სამაგიეროდ, ორივე კარის უკან, ზორბა ლაყუჩები გამოჩნდა, რომლებიც ძრავის სეგმენტს ”სასუნთქი” გრილი ჰაერით ამარაგებენ.

”ამ მანქანის შექმნას ამდენი დრო მოვანდომეთ და ამჟამად არც ვიცით, რა ვუყოთ. ჯერჯერობით, სიამოვნებას იმით ვღებულობთ, რომ ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცევით. მაგრამ თუ გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც საინტერესო ფასს შემოგვთავაზებს, შეიძლება მივყიდოთ კიდეც”, - ამბობს ლამბერტი და დასძენს:

”როცა ”ფერარის” ყიდვა გადავწყვიტეთ, წარმოდგენაც არ გვქონდა, რაში უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ, ჩვენი გიჟური აზრების გამო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ადრე თუ გვიან, საინტერესო იდეა მოგვაკითხავდა. მერე კი სადღაც 2CV ვნახეთ და მილკომ, ვინც ”სიტროენის” კოლექციონერია, მითხრა, რომ ეს ორი ავტომობილი შეგვეწყვილებინა. ჩვენც მაშინვე შევუდექით საქმეს”...

”ბეემვე” ფრანკფურტის ოკუპაციას ამზადბს

BMW at Frankfurt Auto Show

31 ივლისი

ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე რამდენიმე კვირა რჩება, ”ბეემვეს” კი უკვე მზად აქვს იქ გამოსაფენი ექსპონატები. თანაც, წელს პირველად მოხდება, რომ ბავარიული კომპანია თავისი სამივე ბრენდის - ”ბეემვეს”, ”მინის” და ”როლს როისის”, ავტომობილებს ერთ დარბაზში მოუყრის თავს.

საკუთრივ ბავარიელთა პავილონში შესაძლებელი იქნება ორი ჰიბრიდული ავტომობილის - ტექნოლოგია ”ექტივჰიბრიდის” მიხედვით შექმნილი მე-7 სერიის სედანისა და სპორტულ ქროსოვერ X6-ის (სურათზე), ასევე მე-5 სერიის GT-სა და X1-ის საწარმოო ვერსიების ხილვა.

და, რაც მთავარია, ბავარიული კომპანია, ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებლებს პირველად უჩვენებს ეკოლოგიური (მწვანე) სპორტული ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების შესახებ, მთელს მსოფლიოში ყველამ უკვე ყველაფერი იცის - მათ შესახებ ბევრი დაიწერა, ”მწვანე სპორტული კონცეპციის” შესახებ ავტოსპორტულმა სამყარომ ორიოდ დღის წინ შეიტყო და ფრანკფურტში მის გამოჩენას ყველა მოუთმენლად დაელოდება.

”მინი” წელს დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბუნებრივია, ფრანკფურტში, მის სტენდზე, მთავარი თემა სწორედ ეს იქნება. ამასთან დაკავშირებით, ინგლისური კომპანიის სტენდზე დამთვალიერებელს ”მინის” სპეც ვერსიები - ”მინი 50 ქემდენი” და ”მინი 50 მეიფაიერი” დახვდებიან.

დაბოლოს, ”როლს როისი”. ამ კომპანიის სამოდელო გამაში მალე მეორე ავტომობილი - ”გოუსტი” გამოჩნდბა და მისი პირველად ხილვა სწორედ ფრანკფურტში იქნება შესაძლებელი. მას კი მხარს ”ფანტომი” და მის ბაზაზე დამზადებული მოდიფიკაციები (გრძელბაზიანი ფანტომი, კაბრიოლეტი დროპჰედ კუპე და ფანტომ კუპე) დაუმშვენებენ.

”ფიესტა კუპე”, თუ ახალი ”პუმა”?

Ford Puma

31 ივლისი

ახალი ”ფორდ ფიესტა” მეტად წარმატებული ავტომობილია, თითქმის ყველა ბაზარზე, სადაც კი იყიდება, ბესტსელერთა სიაშია და ბუნებრივია, ამერიკული კომპანია ამ წარმატების გამოყენებას ცდილობს - მის ბაზაზე განსხვავებული ძარებით სხვა ავტომობილების გამოშვებასაც აპირებს.

მათ შორის, პირველი ორკარიანი კუპე იქნება, რომელიც ავტომოყვარულებს ერთ დროს მეტად პოპულარულ მინი კუპე ”პუმას” გაახსენებს. ამ პატარა სპორტული ავტომობილის წარმოება 2001 წელს შეწყდა, რის შემდეგაც, მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ბაზარზე ახალი ”პუმას” გამოჩენას.

ჯერ არავინ იცის, ახალი ”ფიესტას” ბაზაზე დამზადებულ კუპეს ”პუმას” დაარქმევენ, თუ ”ფიესტა კუპეს”. ჯერჯერობით, ამ ავტომობილზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე თუ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ”ცისფერი ოვალი” მის შესახებ მცირე ინფორმაციასაც არ ავრცელებს. ვარაუდებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ”ფიესტა კუპე” იმავე ძრავებს მიიღებს, რომლებიც ჰეჩბეკზე გამოიყენება.

საბაზო ვერსია 1.4-ლიტრიანი ბენზინის ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 95 ცხენის ძალას აღწევს. ძრავების გამაში ასევე 1.6-ლიტრიანი ბენზინის (118 ცხენის ძალით) და 1.4 და 1.6-ლიტრიანი TDCi დიზელის აგრეგატები შევა. ტოპ ვერსია კი ბენზინის 1.6-ლიტრიან ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 178 ცხენის ძალას აღწევს. ეა აგრეგატი ახლა შემუშავების სტადიაშია და მას ალბათ C-MAX-სა და შემდეგი თაობის ”ფოკუსზეც” გამოიყენებენ.

ინტერიერშიც, ჰეჩბეკ და კუპე ”ფიესტას” ბევრი არაფერი განასხვავებს. უბრალოდ, სპორტულ ავტომობილს შესაფერისი წინა სავარძლები და საჭის რგოლი ექნება. კუპეს სალონშიც ოთხი სავარძელი მოთავსდება, მაგრამ უკანა სავარძლებზე მხოლოდ მომცრო ტანის მოზრდილები, ან ბავშვები თუ დაეტევიან.

”ფიატს” ”ბერტონე” სანიშო ავტომობილებისთვის სჭირდება

Fiat-Bertone

31 ივლისი

ბერტონეს ბოლო კონცეპტუალური ავტომობილი - მანტიდი

......................................................................

”ფიატი” გაფართოებას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, იტალიურმა ავტოგიგანტმა ევროკავშირისგან ოფიციალურად მიიღო ამერიკული ”კრაისლერის” შესყიდვის უფლება. მართალია, ტურინელებს ”ოპელის” შეძენა არ გამოუვიდათ, მაგრამ მათი შეფი სერჯო მარკიონე იხტიბარს არ იტეხს და ახლა იტალიური დიზაინ-ატელიე ”ბერტონეს” შეძენასაც ცდილობს.

ერთი შეხედვით, ”ბერტონეს” ტურინული ქარხანა დიდი წარმადობით არ გამოირჩევა - სამცვლიანი მუშაობის შემთხვევაში, იქ წლიურად მხოლოდ 48 000 ავტომობილის წარმოებაა შესაძლებელი. მაგრამ მეორე მხრივ, ”ბერტონე” კონცეპტუალური და ეგრეთ წოდებული სანიშე (ასეთ ავტომობილებს მასობრივი მოდელების ბაზაზე, მაგალითად, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მცირე სერიებით აწარმოებენ) ავტომობილების წარმოებაზეა დახელოვნებული. სწორედ ესაა ”ბერტონეთი” ”ფიატის” დაინტერესების მიზეზი.

მარკიონეს სურს, რომ სანიშე ავტომობილების წყალობით, ”ფიატის” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების (ალფა რომეო, ლანჩა და კრაისლერი, ასევე ფერარი) წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნდ გაზარდოს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ ”ბერტონეს” ”ფიატი” შეიძენს, მაშინ მისი ტურინული ქარხანა, მისი ახალი მფლობელისთვის ავტომობილების წარმოებას 2011 წელს შეუდგება.

ცნბისათვის, ”ბერტონეს” შეძენა ასევე იტალიელ ბიზნესმენ ჯანმარიო როსინიოლოს სურს, ვინც ტურინულ ქარხანაში წლიურად ლუქსის კლასის 10 000 ცალი სედანისა და უგზოობის ავტომობილის წარმოებას გეგმავს.