Sunday, August 23, 2009

”ოპელი” შეიძლება აღარ გაიყიდოს

Opel

23 აგვისტო

არაა გამორიცხული, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” თავისი ევროპული ბრენდის, ”ოპელის” გაყიდვა გადაიფიქროს და ის თავის მფლობელობაში დაიტოვოს. ასეთი ვარაუდი სააგენტო ბლუმბერგმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამერიკულმა კომპანიამ ”ოპელის” გაყიდვის მორიგი გადადების შესახებ გამოაცხადა.

გასული კვირის განმავლობაში, გერმანიის მთავრობის წევრებიც (მათ შორის, კანცლერი ანგელა მერკელიც) კი დარწმუნებულნი აცხადებდნენ, რომ ”ჯენერალ მოტორსი” ”ოპელის” მყიდველს კვირის ბოლოს აუცილებლად გამოაცხადებდა. იმავდროულად, ისინი მიანიშნებდნენ, რომ მყიდველი ავტო მაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტი ”მაგნა ინტერნეიშნლი” იქნებოდა.

მაგრამ ამერიკული კომპანია ისევ მიიჩნვს, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზება ბელგიურმა საინვესტიციო ფონდმა ”RHJ ინტერნეიშნლმა” წარადგინა. მართალია, გერმანიის მთავრობის თავგამოდებული მცდელობით, ”მაგნამ” და მისმა რუსმა პარტნიორმა ”სბერბანკმა” რამდენჯერმე შეცვალეს თავიანთი განაცხად, მაგრამ ”გენერლებს” ეს არ აკმაყოფილებს. მათ კანადურ-რუსულ ვარიანტში ბევრი რამ არ მოსწონთ - ნოუ-ჰაუს და ტექნოლოგიების გადინებას უფრთხიან და სურთ, რომ როცა თავიანთ პრობლემებს მოაგვარებენ და თუ ”ოპელიც” კრიზისს დაძლევს (უფრო გერმანიის მთავრობის კრედიტებით), მისი აქციების გამოსყიდვის უფლებაც დარჩეთ.

გერმანელებს არ სურთ, რომ ”ოპელი” ისევ ოკეანის გაღმიდან იმართებოდეს. თუმცა ”მაგნაც” ხომ იმ კონტინენტიდანაა. მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანადურ კომპანიას ფინანსურად მხარს ”სბერბანკი” უჭერს. უფრო სწორედ, ის ”ოპელის” გამოსყიდვას რუსული სახელმწიფო ბანკის ფულით აპირებს. ეს კი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ”მაგნა” მხოლოდ შირმაა და რეალურად, ”ოპელს” რუსები (სეხელმწიფო) ყიდულობენ, რომლებსაც (პუტინს) ეროვნული ავტომრეწველობის აღორძინება (როდის ვარგოდა?) ოცნებად გადაქცევიათ და ამის გაკეთებას ”ოპელის” მეშვეობით (უფრო კონკრეტულად კი იმ ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც ამერიკულ კომპანიას არ სურს) აპირებენ.

საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ”ჯენერალ მოტორსი” გერმანიის მთავრობის ზეწოლას ვერ გაუძლებს და ”ოპელს” კანადელებს (ამ შემთხვევაში რუსებს) მიჰყიდის? ერთიც ვნახოთ, კანცლერის პოსტის დატოვებიდან (შეიძლება ეს სექტემბრის არჩევნების შემდეგვე მოხდეს) მოკლე ხანში, მერკელი ”ოპელის” რომელიმე სოლიდურ პოსტზე დანიშნონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მერკელის წინამორბედ გერჰარდ შრედერს ”გაზპრომის” პროექტ ”ჩრდილოეთის ნაკადის” ლობირება დაუფასდა - კანცლერის პოსტის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, ამ ერთობლივი საწარმოს დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს, როგორც ”ჩრდილოეთის ნაკადის” აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელი. სხვათა შორის, მერკელი გუშინ სასწრაფოდ დაკავშირებია თავის ამერიკელ კოლეგას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და მისთვის საქმეში ჩარევა უთხოვია.

მოლაპარაკებისას, რომელსაც შაბათს ”ჯენერალ მოტორსის” წარმომადგენლებისა და გერმანიის მთავრობის გარდა, ”მაგნას” და ”სბერბანკის” ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, ამერიკულ მხარეს დაუსვამს კითხვა, ”ოპელი” გერმანიის მთავრობისგან რა ოდენობით კრედიტს მიიღებს, თუ მას ბელგიური ”RHJ ინტერნეიშნლი” შეიძენს, მაგრამ ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - გერმანიის მთავრობა მზადაა, ”ოპელს” 4.5 მილიარდი ევრო ასესხოს, თუ მას ”მაგნა” და ”სბერბანკი” იყიდიან.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯს გადადგამს ამერიკული კომპანია. გავრცელებული ვარაუდით, მისი დრექტორთა საბჭო ამ თემაზე თათბირს სექტემბრის დასაწყისში გამართავს. ახლა უკვე სულ ინტენსიურად გაისმის ვარაუდი, რომ ”გენერლებს” ”ოპელის” გაკოტრება აქვთ გადაწყვეტილი. ოღონდ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ გერმანული კომპანიისგან იმის მყარი გარანტია სჭირდებათ, რომ არ მოხდება ტექნოლოგიების გადინება. გაკოტრების რეჟიმში კი ამერიკელები რუსელსჰაიმური კომპანიის რესტრუქტურირებას უფრო ადვილად შეძლებენ და ამის შემდეგ, მათს მფლობელობაში გამართული ბიზნესის მქონე კომპანია დარჩება.