Thursday, August 20, 2009

”მიცუბიშის” ელექტრომობილები ფრანკფურტის აეროპორტში

Mitsubishi i-MiEVs for the Frankfurt Airport

20 აგვისტო

”მიცუბიშის” გერმანულმა დივიზიონმა და ფრანკფურტის აეროპორტის მფლობელმა, კომპანია ”ფრაპორტმა” გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ, აეროპორტის საჭიროებისთვის იაპონური კომპანიის წარმოების ელექტრომობილების შეძენას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტს, რომელიც ევროპაში სიდიდთ მესამეა, გერმანიაში კი პირველი, სულ 3 000 ავტომობილი ემსახურება. ”ფრაპორტს” კი თავისი საავტომობილო პარკის გამოცვლა და უფრო ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა აქვს განზრახული.

”ფრაპორტის” გეგმით, 2015 წლამდე ავტოპარკის 20% ელექტრომობილები იქნება, 2020 წლისთვის კი ელექტრომობილების რაოდენობა 60%-ს მიაღწევს. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ”მიცუბიში” ”ფრაპორტს” ლიზინგით ორ ცალ ელექტრომობილ i-MiEV-ს (სურათზე) მიაწვდის.

”ფრაპორტის” აღმასრულებლის მოადგილე, დოქტორი შტეფან შულტე ამბობს, რომ i-MiEV, რომელსაც აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას მოემსახუროს.

”მიცუბიში i-MiEV-ს” მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკის წლევანდელ ავტო შოუზე შედგა. იაპონურ კომპანიას მასზე აშშ-ში უკვე არაერთი შეკვეთა აქვს მიღებული, მერმის კი მის გაყიდვებს ევროპაშიც დაიწყებს. სიძვირის მიუხდავად (i-MiEV-ს ფასი 40 000 დოლარზე მეტია), ეს ელექტრომობილი იაპონიასა და აშშ-ში განსაკუთრებული პოპულარობით კორპორატიულ კლიენტებს შორის სარგებლობს.

”ვისმანის” ყველაზე მძლავრი როდსტერი ფრანკფურტისთვის ემზადება

Wiesmann Roadster MF5

20 აგვისტო

ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია ”ვისმანმა” გამოაცხადა, რომ ხელნაკეთ სპორტულ მოდელ ”როდსტერ MF5-ის” მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ეს კომპანიის საწარმოო პროგრამაში ყველაზე მძლავრი როდსტერი იქნება.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია ”ბეემვეს” წარმოების 5.0-ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 507 ცხენის ძალას და 520 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომელზეც მძღოლი გადაცემის საფეხურებს საჭის რგოლის უკან განთავსებული ბერკეტებით ცვლის.

ამ წყვილის მეშვეობით, ”ვისმან როდსტერ MF5” ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.9 წამში ავითარებს მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს. იმისათვის, რომ ასეთი ტემპერამენტის მქონე ავტომობილი დამორჩილებადი იყოს, იჟინრებმა ის სპეციალურად შემუშავებული საკიდარით აღჭურვეს. გარდა ამისა, ავტომობილს უკანა ნაწილში აქვს ავტომატურად რეგულირებადი ანტიფრთა, რომელიც დახრის კუთხეს სიჩქარის შესაბამისად, კომპიუტერის მითითებით იცვლის.

ავტომობილის მზიდი ელემენტი ალუმინის მონოკოკია, რომელსაც გვერდებზე დამცავი სეგმენტები აქვს დამაგრებული. ეს სეგმენტები სალონს და მასში მყოფთ გვერდითა დაჯახების შემთხვევაში იცავს. გარდა ამისა, სალონში ორივე ადგილს წყვილი აირბალიშიწ იცავს.

”ვისმანი” მხოლოდ 55 ცალი ”როდსტერ MF5-ის” წარმოებას გეგმავს, რომელთაგან თითოეულის ფასი 189 500 ევრო იქნება.

”ჯენერალ მოტორსი” ”იბეიზე” გაყიდვებით კმაყოფილია

eBay Boosts GM Sales

20 აგვისტო

როგორც ჩანს, ”ჯენერალ მოტორსსა” ”იბეის” შორის თანამშრომლობამ გაამართლა და ამერიკული ავტომწარმოებელი თავისი ავტომობილების ინტერნეტით გაყიდვის მექანიზმს კალიფორნიის გარდა, სხვა შტატებშიც დაამკვიდრებს.

ჯერ ერთი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ამ ორმა კომპანიამ შტატ კალიფორნიაში ექსპერიმენტული აქცია წამოიწყო და ამ პერიოდში, ”გენერლების” კალიფორნიელმა დილერებმა ”იბეის” ქსელის მეშვეობით, უკვე შეკვეთა თითქმის 2 400 ახალ ავტომობილზე მიიღეს.

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ”იბეის” მიერ ამ აქციასთან დაკავშირებით, სპეციალურად გახსნილ ვებ გვერდს დაახლოებით 632 000 მნახველი ჰყავდა. ”ჯენერალ მოტორსი” კი დარწმუნებულია, რომ ”იბეისთან” პარტნიორობის გაგრძელების შედეგად, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ”იბეის” ყოველთვიურად მილიონობით ვიზიტორი ჰყავს და ამ მხრივ, უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია.

”იბეი მოტორსის” საიტზე ”ჯენერალ მოტორსის” 225 დილერია რეგისტრირებული, რომლებიც მყიდველს ამერიკული ავტომწარმოებლის სამოდელო გამაში შემავალ ყველანაირ ავტომობილს სთავაზობენ. ”გენერლები” აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მყიდველს არჩევანის გაკეთება 20 000 ახალ ავტომობილს შორის შეუძლია. ამ მაჩვენებლებს კი ვერანაირი შოურუმი ვერ გადასწონის.

”ჩვენი და ”იბეის” წყალობით, კალიფორნიელ მყიდველებს ავტომობილის შეძენის ახალი შესაძლებლობები შეექმნთ. ამიერიდან, დილერის შოურუმმა სადგომიდან ლეპტოპში გადაინაცვლა, რაც პოტენციურ მყიდველს უფრო ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს და შესაბამისად, მისი მოზიდვაც უფრო ადვილდება. გააკეთე განაცხადი და მაშინვე შეიძინე, ან თუ კითხვები გაგიჩნდა, უახლოეს დილერს ელექტრონული წერილი გაუგზავნე. ყველაფერი ეს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებისთვისაა”, - ამბობს ”ჯენეალ მოტორსის” ვიცე პრეზიდენტი გაყიდვების საქმეში მარკ ლანევე.

”პორშე” გაყიდვებს გააორმაგებს

Porsche To Double Sales

20 აგვისტო

”ფოლკსვაგენის” მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი ამავე პოსტს ”პორშეში” 15 სექტემბრიდან შეითავსებს, თუმცა დღეს უკვე ლაპარაკობს სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის სამომავლო გეგმებზე, რომელთაგან უახლოესი და ალბათ ყველაზე ამბიციური ისაა, რომ ”პორშემ” მომდევნო ოთხ წელიწადში გაყიდვები უნდა გააორმაგოს.

კრიზისისა და კრიზისის შემდგომ პერიოდში ეს მიზანი თითქოს მიუღწევლად ჩანს, თუმცა ვინტერკორნი დიდ იმედებს კომპანიის უახლეს ავტომობილზე - სედან პანამერაზე ამყარებს, რომლის წარმოებაც წელს დაიწყო.

გაყიდვების გაორმაგება ნიშნავს, რომ შტუტგარტელებმა 2013 წელს დაახლოებით 150 000 ავტომობილის გაყიდვა უნდა შესძლონ. უფრო მეტიც, უფრო შორეულ მომავალში ვინტერკორნი გაყიდვების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდასაც აპირებს და რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიის სამოდელო გამის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

კერძოდ, ”პორშე” აუცილებლად გამოუშვებს სუბკომპაქტურ სპორტულ ავტომობილს, რომელსაც ”ბოქსსტერზე” მცირე გაბარიტები ექნება. ეს ავტომობილი ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალური ”ბლიუსპორტის” ბაზაზე შეიქმნება. გარდა ამისა, გეგმაშია ”კაიენზე” მომცრო ზომის უგზოობის ავტომობილის წარმოებაც. არც ისაა გამორიცხული, რომ ”პორშე” ოდესმე ”გოლფის” კლასის პრემიუმ ჰეჩბეკის წარმოებასაც გადაწყვეტს.