Friday, April 15, 2011

„ფოლკსვაგენმა“ პირველ კვარტალში თითქმის 2 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა

Volkswagen Group Delivers Almost 2 Million Vehicles in Q1 2011

15 აპრილი

„ფოლკსვაგენისთვის“ მიმდინარე წელი უკვე ძალიან წარმატებულია - გერმანულმა საავტომობილო ჯგუფმა გამოაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეკორდულად ბევრი, 1.97 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13.7 პროცენტით მეტია. გერმანული საავტომობილო ჯგუფისთვის რეკორდული გამოდგა მარტიც, რომლის განმავლობაშიც, 767 200 ავტომობილი გაიყიდა.

სხვათა შორის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის გაყიდვების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიო ავტოინდუსტრიაში დაფიქსირებული ზრდა (8.1 პროცენტი). ეს ტენდენცია სრულად შეესაბამება გერმანული ავტოგიგანტის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჯგუფმა 2018 წელს მსოფლიო ლიდერობა უნდა იგდოს ხელთ. ცნობისათვის, შარშან ლიდერობა ისევ „ტოიოტამ“ შეინარჩუნა, რომელმაც 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. მას მცირედით ჩამორჩა „ჯენერალ მოტორსი“, რომლის ანგარიშზეც 8.39 მილიონი გაყიდული ავტომობილია. რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, შარშან გერმანულმა გიგანტმა 7.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა.

„პირველ კვარტალში მიღწეული შედეგები შესანიშნავია. განვითარებად რეგიონებში, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი, გაყიდვების ბუმი კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენი ახალი მოდელების წყალობით, ისეთ ჩამოყალიბებულ ბაზრებზე, როგორებიც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკაა, მყარ პოზიციებს ვინარჩუნებთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების შეფი ქრისტიან კლინგლერი.

„ფოლკსვაგენის“ ავტომობილების გაყიდვების ყველაზე სწრაფი ზრდა ინდოეთში დაფიქსირდა. მართალია, პირველ კვარტალში იქ სულ 28 100 ავტომობილი გაიყიდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 256.7 პროცენტი შეადგინა. 30.7 პროცენტით, 109 200 ავტომობილამდე გაიზარდა გაყიდვები ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში კი (გერმანიის გარეშე), გაყიდვების ზრდა მხოლოდ 6.6 პროცენტია (532 000). გერმანიაში გაყიდვები მხოლოდ 5 პროცენტით, 267 300 ავტომობილამდეა გაზრდილი, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ზრდამ 17.9 პროცენტი შეადგინა და 143 900-ს მიაღწია. გერმანულმა ჯგუფმა ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში გაჰყიდა, სადაც 19.9-პრიცენტიანი ზრდაა დაფიქსირებული, სულ კი სამ თვეში 548 500 ავტომობილია გაყიდული.

ამავე პერიოდში, ჯგუფში ყველაზე მეტი, 1.24 მილიონი ავტომობილი საკუთრივ „ფოლკსვაგენს“ აქვს გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით მეტია. 18.4 პროცენტით, 312 600-მდე გაზარდა გაყიდვები „აუდიმ“. ინგოლშტადტურმა კომპანიამ განსაკუთრებით, ჩინურ და ამერიკულ ბაზარზე, მის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდით ისარგებლა: ჩინეთში მისმა გაყიდვებმა 64 100 ავტომობილი შეადგინა (ზრდა 24.6 პროცენტი), ამერიკაში კი 25 400 ავტომობილი გაიყიდა (ზრდა 19.1 პროცენტი).

რეკორდული მაჩვენებელი აქვს ჩეხურ „შკოდას“, რომელსაც სამ თვეში უკვე 217 000 ავტომობილი აქვს გაყიდული (ზრდა 21.4 პროცენტი). ამ ბრენდით ყველაზე მეტი, 51 300 ავტომობილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაიყიდა, რაც 29.4-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. „შკოდას“ შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც, სადაც ჩეხებმა 63 500 ავტომობილი გაჰყიდეს, შარშანდელთან შედარებით, 31.0 პროცენტით მეტი.

მასობრივ მწარმოებელთაგან, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში ყველაზე სუსტი მაჩვენებლები ესპანურ „სეატს“ აქვს, რომლის გაყიდვებიც მხოლოდ 2.8 პროცენტით, 90 800 ავტომობილამდე გაიზარდა. „სეატის“ ავტომობილები ყველაზე კარგად დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში იყიდება. იქ კომპანიას სულ 12 600 ავტომობილი აქვს გაყიდული, 24.5 პროცენტით მეტი, ვიდრე შარშან.