Saturday, October 3, 2009

”მაკლარენმა” დაშლილი MP4-12C გვაჩვენა

McLaren MP4-12C

3 ოქტომბერი


როდესაც ავტომწარმოებლები ახალ მოდელს ამზადებენ, ეს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდება. მაგრამ ახალი ავტომობილის შესახებ თუნდაც მწირი ინფორმაცია კიდევ უფრო მიუწვდომელია, თუ საქმე სუპერ ავტომობილს ეხება, ისეთს, როგორიც ”მაკლარენის” უახლესი MP4-12C არის.
მზიდი ელემენტი
.....................................................
მაგრამ როგორც კი ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მისი დამალვა, კონკურენტების გარდა, აღარავის აწყობს. შესაბამისად, პოტენციური მყიდველის მისაზიდად, თავისი სიახლის რეკლამირებისთვის, მწარმოებელი ხშირად იმაზე მეტ ინფორმაციასაც კი ავრცელებს, ვიდრე საჭიროა.
უკანა საკიდარი
..................................................
სწორედ ასე მოიქცა ”მაკლარენი”, რომელმაც თავისი MP4-12C, რომ იტყვიან, ძვლებამდე გააშიშვლა და მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, სპეციალურად შექმნილ საიტზე გამოაქვეყნა. ასე განსაჯეთ, საიტზე ის ფოტოც მოხვდა, რომელზეც ავტომობილი დაშლილი სახითაა აღბეჭდილი. ძარის გარდა, მასზე ყველა მსხვილი და მეტნაკლებად საპასუხისმგებლო დეტალი და კვანძია გამოსახული. ამ ფოტოზე ცალკე ნახავთ ძრავს, გადაცემათა კოლოფს და ტრანსმისიის სხვა ნაწილებს, საკიდარს დაშლილი სახით, მუხრუჭებს, საჭის მექანიზმს, რადიატორებს და სხვას.

ძრავი

................................................

ეს საიტი საინტერესოა იმ ადამისნებისთვის, რომლებსაც ჯიბე ამ შესანიშნავი ავტომობილის საშუალებას აძლევს, არამედ მათთვისაც, ვისაც საავტომობილო საინჟინრო საქმე აინტერესებს.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ”მაკლარენ აუტმოტივის” მანქანების პოტენციურ მყიდველს ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ იმაზე, თუ მისთვის რის მიყიდვას ვაპირებთ. მათ საკუთარი თვალით უნდა ნახონ ის, რასაც ჩვენ სარეკლამო რგოლებით ვთავაზობთ. ასე უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ MP4-12C დინამიურობისა და ეფექტურობის ჱვალსაზრისით, სპორტული ავტომობილების ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებს. ეს ავტომობილი შოურუმებში 2011 წელს გამოჩნდება, მანამდე კი მას პოტენციური მყიდველი სწორედ ამ სატის მეშვეობით გაიცნობს”, - ამბობს ”მაკლარენ აუტომოტივის” მარკეტინგის განყოფილების შეფი ლაიან დეილი.

მათთვის, ვისაც ამ საიტით MP4-12C-ის უფრო ახლოს გაცნობა სურთ, გაიცანით:

http://www.mclarenautomotive.com/uk/default.aspx#/p11/explode

”ბუგატი” ”გალიბიერ 16C-ს” გამოუშვებს

Bugatti Galibier 16C

3 ოქტომბერი

”ბუგატის” კონცეპტუალურ სედან ”გალიბიერ 16C-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე შედგა, მაგრამ იქ კომპანიას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის წარმოებას. მაგრამ ავტო შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრანკფურტში მიღებული კარგი გამოხმაურების გამო, ამ ბრწყინვალე ავტომობილს მალე მწვანე შუქს აუნთებენ.

სპორტული ”ვეირონისგან” განსხვავებით, ”გალიბიერი” სიჩქარის დემონი არაა და მასში აქცენტი სიმდიდრესა და კომფორტზეა გაკეთებული. ერთი შეხედვით, ამის დასტურად, ტყავითა და ძვირფასი ხის მასალებით გაწყობილი სალონი გამოდგება, სადაც მხოლოდ ოთხი სავარძელი დაგხვდებათ.

ძრავი იგივეა, რაც ”ვეირონზე” – 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, ორი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის იჟინრებმა ამ აგრეგატის ტემპერამენტი ხელოვნურად შეზღუდეს და თუ ”ვეირონზე” ძრავს 1 000 ცხენის ძალა აქვს, ”გალიბიერზე” 800 ცხენის ძალითაც კმაყოფილდება. გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უკავშირდება.

”გალიბიერის” ცისფერსისხლისნობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ ავტომობილი ორ ფერში - სარკესავით გაპრიალებული ალუმინისა და კარბონის შავ ფერებშია გამოწყობილი. სავარაუდოდ, წარმოების დაწყების შემდეგაც, ორფეროვანი მოტივი დარჩება, თუმცა ფერთა შეხამებას ალბათ მყიდველი თავისი გემოვნებით შეარჩევს.

დაბოლოს. რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ”ბუგატი” გალიბიერის ფასი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი იქნება. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის წარმოება მერმის დაიწყება.

”ფოლკსვაგენი” უკვე მეშვიდე თაობის ”გოლფს” ამზადებს

Volkswagen Golf MkVII

3 ოქტომბერი

მეშვიდე თაობის ”გოლფი” საგზაო ტესტებს გადის

..............................................................................................

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ”ფოლკსვაგენმა” მეექვსე თაობის ”გოლფის” გაყიდვა დაიწყო, წარმოებისთვის კი უკვე ამზადებს ახალ, მეშვიდე ”გოლფს”, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

ახალი ავტომობილის პლატფორმა უკვე გადის საგზაო ტესტებს, მისი ძარის დიზაინი კი ჯერაც შემუშავების სტადიაშია. რა თქმა უნდა, მასზე მუშაობა გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთმა ნიუანსმა პრესაში მაინც გაჟონა და ამაში დამნაშავენი ვოლფსბურგული კომპანიის ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც კონცეპტუალური L1-ის პრომო კლიპი ჩაწერეს.

კადრი L1-ის პრომო კლიპიდან

................................................................

საქმე ისაა, რომ კლიპის ერთ კადრში, უკანა პლანზე მეშვიდე ”გოლფის” დიზაინის შემუშავების პროცესი მოხვდა. ავტომობილის თიხის სკულპტურა უკვე დასრულებულია და კადრში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ დიზაინერები ავტომობილის ძარის ცალკეულ ელემენტებზე.

რა თქმა უნდა, ყოველივე ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამაც შენიშნა და ის კადრები, რომლებზეც ახალ ”გოლფზე” მუშაობის პროცესია ასახული, კლიპიდან ამოიღეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” სპეციალისტებმა ეს მომენტი ცალკეულ კადრებად ამოიღეს და, რა თქმა უნდა, გაავრცელეს.

ტესტირების პროცესში გადაღებული ფოტოების და კლიპიდან ”მოპარული” კადრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ”გოლფი” იმ სტილში სრულდება, რომელიც ვოლფსბურგელებმა უკვე გამოიყენეს ახალ ”სიროკოსა” და ”პოლოზე”. ესე იგი, ავტომობილს წინ წამოწეული ცხვირი და წინა თაობის მოდელთან შედარებით დაწვრილებული წინა ფარები ექნება.

მაგრამ იბადება კითხვა - რისი ბრალია, რომ მწარმოებელმა თავისი პოპულარული ავტომობილის მე-6 თაობის მოდელს ასეთი ხანმოკლე არსებობა არგუნა? მიზეზი ძალიან მარტივია - მეექვსე ”გოლფი” მეხუთის ბაზაზეა შექმნილი და ფაქტობრივად, მისი მოდიფიცირებული ვარიანტია. შეიძლება ითქვას, რომ განახლებული მეხუთე ”გოლფია”.

კონცერნის ვოლფსბურგული შტაბბინიდან გავრცელებული კონფიდენციური ინფორმაციით, მეექვსე ”გოლფის” წარმოება 2011 წლის დეკემბერში შეწყდება. სულ ამ ავტომობილს 1.6 მილიონ ცალს დაამზადებენ. შედარებისთვის, მეხუთე ”გოლფი”, რომლის წარმოებაც 2003 წელს დაიწყო, 2.3 მილიონი ცალი გაიყიდა, რაც ამ მოდელისთვის ასევე საშუალო მაჩვენებელია.

რაც შეეხება მეშვიდე ”გოლფს”, ის სრულიად ახალ პლატფორმას და გაცილებით ეფექტურსა და ეკონომიურ ძრავების გამას მიიღებს და ვოლფსბურგელთა ვარაუდით, ბაზარზე თავის პოზიციებს დაიბრუნებს. სწორედ ამიტომაა, რომ მეექვსე ”გოლფს” ასეთი ხანმოკლე ციკლი ერგო.