Friday, March 25, 2011

კომპაქტური ელექტრული ჰეჩბეკი 76 000 დოლარად

Volvo considering insanely high $2,100/month lease for C30 Electric

25 მარტი

მართალია, ეს ელექტრომობილია და თანაც, ძალიან უსაფრთხო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ „ნისანი“ თავის პირველ ელექტრომობილ „ლიფს“, რომელიც ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს, ამაზე თითქმის ორჯერ იაფად ჰყიდის. და თანაც, ყველა აღიარებს, რომ ეს ძალიან ძვირია.

შვედური კომპანია „ვოლვო“ მალე თავისი პირველი ელექტრომობილის, „ვოლვო C30 ელექტრიკსის“ გაყიდვას დაიწყებს. არა, გაყიდვას არა, მას ლიზინგით გასცემს. შვედური კომპანიის სპეციალური ავტომობილების განყოფილების პრეზიდენტი ლენარტ სტეგლანდი აცხადებს, რომ ამ ავტომობილის ლიზინგით შეძენის მსურველებს, სამი წლის განმავლობაში, თვეში 1 500 ევროს გადახდა მოუწევთ...

ახლანდელი კურსით, ეს დაახლოებით 2 100 დოლარია, ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველს სამ წელიწადში, ელექტრულ „ვოლვო C30-ში“ დაახლოებით 76 000 დოლარის გადახდა მოუწევს. რა თქმა უნდა, უსაშველოდ ძვირია, მაგრამ თურმე ამ შემთხვევაშიც, „ვოლვო“ წაგებაზე იმუავებს. თუმცა, სტეგლანდი ამბობს, რომ როდესაც ამ მანქანის მასობრივი წარმოება დაიწყება (2013 წელს), ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.

იაპონიის ავტოინდუსტრიის აღდგენას თვეები დასჭირდება

Analysis: Japan auto recovery may take months

25 მარტი

იაპონიის მიწისძვრიდან ორი კვირა გავიდა. რა თქმა უნდა, სტიქიის რეგიონში, ყველა წარმოება გაჩერებულია. არ მუშაობს საავტომობილო ქარხნებიც. „ტოიოტა“, „ნისანი“, „ჰონდა“ და სხვა კომპანიები, პერიოდულად, რამდენიმე დღით ახანგრძლივებენ ხოლმე იძულებით უქმეობას, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი ქარხნის ამოქმედება კიდევ რამდენიმე კვირის და იქნებ, თვის განმავლობაშიც არ მოხერხდება.

უფრო მეტიც, მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელთა გაჩერების გამო, სხვა ქვეყნების ავტომწარმოებლებიც ზარალდებიან. ზოგ შემთხვევაში, მათ წარმოების შეზღუდვა და უარეს შემთხვევაში, გაჩერებაც კი უწევთ. ამიტო,, იაპონიის სტიქიურმა უბედურებამ, არამარტო იაპონური, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიაც კი აზარალა.

თანამედროვე ავტომობილი დაახლოებით 30 000 ნაწილისგან შედგება, რომელთა 70 პროცენტზე მეტს, კომპონენტების მწარმოებელი ასობით კომპანია აწარმოებს. ამასთან, წარმოების პროცესში, ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკის მიწოდების შეფერხებამ შეიძლება ქარხნის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამას კი ეგრეთ წოდებული „ზუსტად დროში“ (ჯასტ ინ ტაიმ) საწარმოო პროცესი იწვევს.

ეს პროცესი ქარხნების ტერიტორიაზე მინიმალური სასაწყობე სათავსების არსებობას ითვალისწინებს და საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ცხოვრება ნორმალური რიტმით მიმდინარეობს. ქარხანა საჭირო მაკომპლექტებლებს ყოველდღიურად ღებულობს და თითქმის მაშინვე კონვეიერზე უშვებს. ამ პროცესის მეშვეობით (ის პირველად სწორედ იაპონელებმა დანერგეს) ასობით მილიონი დოლარის დაზოგვა ხერხდება. მაგრამ მიწოდებაში მცირე შეფერხებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამწყობმა ქარხანამ მუშაობა შეანელოს და შეწყვიტოს კიდეც.

იაპონიის სტიქიის რეგიონში, მაკომპლექტებლების მწარმოებელი დაახლოებით 500 ქარხანაა გაჩერებული. ამ ქარხნებში საავტომობილო ელექტრონიკას, პლასტმასის დეტალებს, სხვადასხვა ნაწილებს აწარმოებენ. ეს ქარხნები, გარდა იაპონური კომპანიებისა, უცხოურ კომპანიებსაც ამარაგებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საწარმოები ნორმალური რეჟიმით მუშაობის აღდგენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ. არადა, იაპონური ავტოინდუსტრია, რომლის წარმოების წლიური ფულადი მოცულობა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია, მიწისძვრამდე როგორღაც ახერხებდა იმ კრიზისიდან თავის დაღწევას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

სტიქიის რეგიონში (ქალაქი ნაკა, იბარაკის პრეფექტურა) მდებარეობს კომპანია „რენესას ელექტრონიკსის“ საწარმო, სადაც ავტომობილების მაკონტროლებელ სენსორებს და სხვადასხვა ელექტრონულ კვანძებს ამზადებენ. ეს საწარმო, მსოფლიო ავტოინდუსტრიის დაახლოებით მეხუთედს ამარაგებს.

კვლევითი კომპანია „IHS ავტომოტივი“ აცხადებს, რომ იაპონიის მიწისძვრის გამო, მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია 30 პროცენტით დაეცემა. ოღონდ, ეს დაცემა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ სტიქიის რეგიონში არსებული ქარხნები 6 კვირაში განაახლებენ მუშაობას. მათი უფრო დიდი ხნით გაჩერება, გლობალურ ავტოინდუსტრიას კიდევ უფრო დააზარალებს.

იაპონური საავტომობილო კომპანიების უცხოური საწარმოები მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ისინი მაკომპლექტებელი ნაწილების დიდ ნაწილს იაპონიიდან ღებულობენ. როგორც ირკვევა, ამ ქარხნებს გარკვეული მარაგები გააჩნია და ისინი ცოტა ხანს მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა მათი გამოლევის შემდეგ, გაჩერება მოუწევთ.

დრო მიდის, იაპონური ქარხნები გაჩერებულია და როდემდე გაგრძელდება ასე, არავინ იცის. „ტოიოტა“, „ნისანი“ და „ჰონდა“ ლამის ყოველდღიურად აქვეყნებენ თავიანთ მოკლევადიან გეგმებს. მათს განცხადებებში კი მხოლოდ იმას ამოიკითხავთ, რომ ქარხნების უმოქმედობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ზუსტად რა ხნით, ამაზე ჯერ პასუხი არავის აქვს...

იაპონია დანგრეულიც გვაოცებს

Japanese repair quake-ravaged road in just six days

25 მარტი

იაპონია რომ 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია და მერე 10-მეტრიანმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა, ბევრს დაებადა კითხვა - რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისათვის, რომ სტიქიით გაპარტახებულ პრეფექტურებში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი დააბრუნოს.

ამომავალი მზის ქვეყანას ელექტროენერგიის რამდენიმე სერიოზული წყარო მოაკლდა, იგრძნობა წყლის და საკვების დეფიციტი, დასაბინავებელია ხალხი, გაჩერებულია ქარხნები. მოკლედ, სტიქიის რეგიონში ცხოვრება თითქოს პარალიზებულია, თუმცა როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, არც ასეა საქმე.

ბევრი თვლიდა, რომ ქვეყანას ერთი წელი მაინც დასჭირდება იმისათვის, რომ დაზარალებული რეგიონი ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნოს. ნახეთ ეს გზა - ის ნაკას პრეფექტურის დიდი კანტოს მაგისტრალის 150-მეტრიანი მონაკვეთია. მიწისძვრამ ის დახეთქა და გააპარტახა. მეორე ფოტოზე კი იგივე გზაა, ოღონდ მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ და მას ნგრევის ნიშანწყალიც არ ეტყობა!

კომპანია NEXCO გზების მშნებლობასა და რემონტზეა სპეციალიზებული. მან გზის შეკეთება მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, 17 მარტს დაიწყო და სულ რაღაც 6 დღეში, საქმეს მორჩა!

მართლა საოცარია...