Monday, February 15, 2010

”ნისანმა” თავისი ახალი სუბკომპაქტური ქროსოვერი გაგვაცნო

Nissan Juke Crossover Breaks Cover!

15 თებერვალი

”ნისანმა” თავისი ახალი ავტომობილის, სუბკომპაქტურ ქროსოვერ ”ჯუკის” ფოტოები და ზოგადი მონაცემები გამოაქვეყნა. ევროპის ბაზრისთვის, ამ ავტომობილს იაპონური კომპანიის ბრიტანული (სანდერლენდი) ქარხანა გამოუშვებს, მისი გაყიდვები კი სექტემბერში, პარიზის საავტომობილო შოუს შემდეგ დაიწყება.
”ნისან ჯუკი” ამავე კომპანიის შემდეგი თაობის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”მიკრას” დაგრძელებულ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ასევე ”რენო” თავისი პოპულარული მოდელის, ”კლიოსთვის” იყენებს. ”ჯუკის” სიგრძე 4.00 მეტრი, სიგანე 1.77 მეტრი, სიმაღლე 1.57 მეტრი, ბაზა 2.53 მეტრია. მისი საბარგულის მოცულობა კი 251 ლიტრს აღწევს, რაც В კლასის ჰეჩბეკების საბარგულის ტოლფასია.

”ჯუკისთვის” სულ სამი ძრავია გათვალისწინებული. მათგან ორი საწვავად ბენზინს იყენებს. ორივეს მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია. მათგან ატმოსფერული 115 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი, რომელსაც ტურბოკომპრესორი ემსახურება, 187 ცხენის ძალას. მესამე ძრავია 1.5-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 109 ცხენის ძალას აღწევს.

”ნისან ჯუკი” იქნება როგორც წინა წამყვანბორბლიანი, ასევე სრულამძრავიანი. ამაასთან, სრულამძრავიან ვარიანტს, უკანა ბორბლებს შორის მომენტის ავტომატურად გამანაწილებელი სისტემაც ემსახურება. ძრავიდან წამოსულ მაბრუნ მომენტს ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს, ან უსაფეხურო ავტომატი.

”ნისან ჯუკის” საბაზო ვერსიის საორიენტაციო ფასი 15-16 ათასი ევროა. დილერები მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ უკანა ხედვის კამერას, ძრავის ძირის დამცავ დაფას და სისტემას, რომლის მეშვეობითაც, ავტომობილის უგასაღებოდ გაღება შეიძლება.

ცნობისათვის, ”ნისანს” წელს 10 ახალი ავტომობილის წარმოების დაწყება აქვს დაგეგმილი.