Tuesday, July 21, 2009

”ფერარი F450” ფრანკფურტისთვის ემზადება

Ferrari F450

21 ივლისი

”ფერარი” ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის გამალებით ამზადებს თავის უახლეს მოდელ F450-ს, რომელმაც მარანელოელთა სამოდელო გამაში ჯერაც პოპულარული, თუმცა უკვე მოძველებული F430 სკუდერია უნდა შეცვალოს.

ცნობილია, რომ იტალიური კომპანია თავისი სიახლის საგზაო ტესტებს ჩრდილოეთ იტალიაში ატარებს, სადაც პაპარაცებმა ავტომობილს რამდენიმე მსტოვრული ფოტოც კი გადაუღეს, მაგრამ ის იმდენად საგულდაგულოდაა შენიღბული, რომ ამ ფოტოების მიხედვით, მის გარეგნობაზე თითქმის არაფრის თქმა არ შეიძლება.

ერთადერთი ელემენტი, რასაც მარანელოელები ტესტირების დროს არ მალავენ, წინა მაშუქებია, რომლებიც შესანიღბი შავი ქსოვილით საერთოდ არაა დაფარული. და მაინც, სხვადასხვა საინტერნეტო გამოცემები, რომლებიც შებიღბული ავტომობილების ”გაშიფვრაზე” არიან დახელოვნებულნი, ცდილობენ, რომ მსტოვრული ფოტოების მიხედვით, ახალი სუპერავტომობილის ფოტო რობოტი შეადგინონ. ერთ-ერთი ასეთი საიტი ”ტოპსპიდია” (TopSpeed), რომელმაც F450-ის საკმაოდ რეალური სურათი დახატა და რა თქმა უნდა, ინტერნეტითაც გაავრცელა.

ამ ფოტოების მიხედვით, ავტომობილის გარეგნობაში კუთხოვანი ფორმების სიჭარბე შეინიშნება, რაც ბოლო დროს მოდად იქცა. ისე კი, F450 თავისი წინამორბედის პროპორციებს იმეორებს და უფრო მეტიც, ძრავის ჰაერის ამღები ფოსოები მასაც უკანა ბორბლების თაღების თავზე აქვს მოთავსებული. წინა საბარგული წინა ამობურცულ ფრთებს შორისაა ჩაძირული და რბილად გადადის საქარე მინაში, რაც ავტომობილს დინამიურ გამომეტყველებას ანიჭებს. ყურადღებას ასევე ძრავის გამაგრილებელი სისტემის რადიატორების დიდრონი ჰაერის ამღებები იქცევს.

წინასწარი მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელიც ”ფერარის” შიგნით F142-ად მოიხსენიება, F430 სკუდერიას V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც ოდნავ, 4.5 ლიტრამდეა გაზრდილი. ძრავთან კი გადაბმულობის ორმაგი ქუროთი, 7-საფეხურიანი, სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც ასევე მოდელ ”კალიფორნიაზე” გამოიყენება.

რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, არც F450-ის ფასები გამოქვეყნებულა. ცნობისათვის, ევროპაში F430 სკუდერია 175 000 ევრო, ამერიკაში კი 168 000–227 000 დოლარი ღირს. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ამაზე ძალიან ძვირი არ ეღირება.

ისტორიული ”იაგუარ C-ტაიპი” აუქციონზე გაიყიდება

21 ივლისი

მონტერეის (კალიფორნია) სპორტული და კლასიკური ავტომობილების აუქციონზე, რომელიც პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის დღეებში ტარდება, გასაყიდად გამოტანილია 1952 წელს გამოშვებული სარბოლი ავტომობილი ”იაგუარ C-ტაიპი”, რომლითაც ფორმულა 1-ის ამერიკელმა ჩემპიონმა ფილ ჰილმა 1952 წელს (მაშინ ის ჩემპიონი ჯერ არ იყო) ინგლისურ კომპანიას ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა.

ეს ავტომობილი ერთ-ერთი პირველია ”იაგუარის” ისტორიაში, რომელიც კომპანიამ გასაყიდად ჩრდლოეთ ამერიკის ბაზარზე შეიტანა. აუქციონზე გამოტანილი ავტომობილიც ამერიკაში 1952 წელს ჩაიტანეს. როგორც კი ნიუ იორკის პორტში გადაიტვირთა, ავტომობილი მაშინვე შტატ ვისკონსინის გზას გაუყენეს, სადაც ელკჰარტ ლეიკის ავტოდრომზე, ამერიკის მიწაზე მისი სარბოლი ნათლობა შედგა. რბოლაზე კი ის მისი საგზაო ვერსიის გაყიდვების სასტიმულიროდ გავიდა.

იმ დროს 25 წლის ჰილმა ”იაგუარ C-ტაიპით” პირველი გამარჯვება შელდონის თასზე მოიპოვა. ”იაგუარის” დასავლეთ ამერიკელი დისტრიბუტორის, ჩარლზ ჰორნბურგის სპონსორობით, ჰილმა კიდევ რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მათგან ერთი მოიგო.

რაც რბოლებში აღარ მონაწილეობდა, აღნიშნულმა ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და ”გზად” სრულად აღდგა. მას ახლაც ის ძრავი აქვს (მუშა მდგომარეობაში), რომლითაც ფილ ჰილი რბოლებში გამოდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სარბოლი კარიერის განმავლობაში, ავტომობილი ერთხელაც არ დამტვრეულა.

”იაგუარ C-ტაიპის” სააუქციონო საწყისი ფასი ჯერჯერობით არ ქვეყნდება.

მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის ნომინანტები

World Car of the Year

21 ივლისი

პორშეს კაიმან/ბოქსსტერი ორ ნომინაციაშია დასახელებული

.................................................................................

მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის გამოცხადება ტრადიციულად, ნიუ იორკის საავტომობილი შოუზე, აპრილში ხდება ხოლმე. ნომინაციებში ის ავტომობილები შეჰყავთ, რომლებსაც კომპანიები უკვე აწარმოებენ და ნომინაციების გამოცხადების მომენტში, მას მინიმუმ ხუთ ქვეყანაში და ორ კონტინენტზე მაინც ჰყიდიან.

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომლებსაც 2010 წლის საუკეთესო ავტომობილისა და საუკეთესო სპორტული ავტომობილის წოდების მოპოვების შანსი ექნებათ. პირველ კატეგორიაში 31 ახალი ავტომობილია შესული, მეორეში კი - 15. კონკურსი საუკეთესოებს ასევე მწვანე (ეკოლოგიურ) ავტომობილების და საუკეთესო დიზაინის ნომინაციებშიც ავლენს. ამ ორ კატეგორიაში ნომინაციები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კონკურსი მერმის მეშვიდედ გათამაშდება. ტრადიციულად, ჟიურიში მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო გამოცემების ჟურნალისტები შევლენ. რამდენიმე ეტაპზე შერჩევის შემდეგ, კონკურსის 45-კაციანი ჟიური სამ-სამ ფინალისტს აარჩევს, რომელთაგან საუკეთესოებიც მერმის, ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოცხადდება.

2010 წლის საუკეთესო ავტომობილი

აუდი Q5, მე-5 სერიის ბეემვეს გრან ტურიზმო, ბეემვე X1, ბეემვე Z4, ბიუიკ ლაქროსი, კადლაკ SRX, შევროლე კამარო, შევროლე კრუზი, სიტროენ C3 პიკასო, ჰონდა ინსაითი, ჰიუნდაი ჯენეზის კუპე, ჰიუნდაი i20, ინფინიტი QX, იაგუარ XJ, კია ფორტე/სერატო კუპი, კია სორენტო, კია სოული, ლექსუს HS250h, ლექსუს RX, მაზდა3, მერსედეს-ბენც E-კლასი, მიცუბიში აუტლანდერი, ნისან 370Z/370Z როდსტერი, ნისან კუბი, ნისან პატროლი, პეჟო 3008, პორშე ბოქსსტერი/კაიმანი, პორშე პანამერა, რენო სცენიკი, სუბარუ ლეგასი, ტოიოტა პრიუსი.

2010 წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილი

ასტონ მარტინ V12 ვენტიჯი, აუდი R8 V10, აუდი S4 ლიმუზინ/ავანტი, აუდი TT RS კუპე/როუდსტერი, ბეემვე 335i პერფორმენს სედანი, ბეემვე X6M/X5M, ბეემვე Z4, იაგუარ XFR, მაზდასპიდ3, მერსედეს-ბენც E 63 AMG, მიცუბიში ლანსერ სპორტბეკ რალიარტი, ნისან 370 Z, პორშე 911 GT3, პორშე ბოქსსტერი/კაიმანი, რენო კლიო 3 რენო სპორტი

”ასტონ მარტინმა” უგზოობის ”ლაგონდას” პროექტი შეაჩერა

Aston Martin Lagonda

21 ივლისი

”ასტონ მარტინმა” გამოაცხადა, რომ აჩერებს პროექტს, რომელიც უგზოობის მოდელის ”ლაგონდას” სახელით გამოშვებას ითვალისწინებდა. ამის ოფიციალურ მიზეზად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ამის შედეგად გამოწვეული გაყიდვების კლება დასახელდა.

ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გამოჩნდა და ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსთა აზრით (რეალურად ასეცაა), ავტომობილი ძლიერ ჰგავს შვედური ”სააბის” უგზოობის ”9X აეროს”. როგორც ამბობენ, პროექტის შეჩერების მიზეზი სწორედ ”სააბთან” მსგავსება გახდა. ინტერნეტში ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ”ასტონ მარტინის” ხელმძღვანელობამ პროექტი ისევ დიზაინერებს დაუბრუნა, რომლებსაც ავტომობილისთვის ინდივიდუალური გარეგნობის შემუშავება დაევალათ.

სხვათა შორის, ჟენევაში, ”ასტონ მარტინის” სტენდზე უგზოობის ”ლაგონდა” მხოლოდ ერთი დღე იდგა, შემდეგ კი, კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელის, ინგლისელი დევიდ რიჩარდსის მოთხოვნით, ის სტენდიდან მოიხსნა. მაშინ კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ ავტომობილი ჯერ მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს და ის სხვა გამოფენაზე იყო წასაღები. არადა, მარტის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო ფორუმი სწორედ ჟენევაში ტარდება. რა იგულისხმებოდა ”სხვაგან-ში”, ეს გაურკვეველი დარჩა, რადგან კონცეპტუალური ”ლაგონდა” სხვა გამოფენებზე აღარც გამოჩენილა.

სხვათა შორის, კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინის დაწუნებაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ”ასტონ მარტინის” შეფ ულრიხ ბეცის თქმით, მის კომპანიას მოძებნილი ჰყავს ინვესტორი, რომელიც მზადაა, ავტომობილის წარმობისთვის მოსამზადებლად საჭირო 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღოს. ”მაგრამ ახლა მისი დებიუტისთვის შესაფერისი დრო არ არის. კონცეპცია ჯერაც დასახვეწია, რასაც დრო და დამატებითი ინვესტიცია დასჭირდება”, - ამბობს ბეცი. ფული არის, წარმობის დაწყების სურვილი კი - არა. ”ასტონ მარტინი” ისეთ ავტომობილებს აე აწარმოებს, რომ მათი რეალიზაცია გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული. ესე იგი, უგზოობის ”ლაგონდას” პროექტის შეჩერების მთავარი მიზეზი ავტომობილის დიზაინის დაწუნებაა.

ასეა თუ ისე, ”ასტონ მარტინში” უკვე მუშაობენ ახალ კონცეპციაზე, რომელიც ასევე ”ლაგონდას” მარკით წელსვე რომელიმე დიდ გამოფენაზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, ეს დიდი გამოფენა ფრანკფურტის მოტორ შოუ იქნება.

ცნობისათვის, ჟენევაში წარმოდგენილი უგზოობის ”ლაგონდა” ”მერსედეს-ბენცის” GL-ის პლატფორმაზეა აგებული. ის აღჭურვილია ინგლისური კომპანიის V12 ძრავით. ამ ავტომობილის წარმოების დაწყების სავარაუდო დროდ 2012 წელი სახელდებოდა.

”აკურა” ქროსოვერ ZDX-ის წარმოებას იწყებს

Acura ZDX

21 ივლისი



”ჰონდას” ჯგუფში შემავალმა ”აკურამ”, რომელიც პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, საზოგადოებას თავისი ახალი ავტომობილი - ქროსოვერ ”აკურა ZDX-ს” საწარმოო ვერსია წარუდგინა. უკანა ნაწილში დახრილი სახურავით, ეს ავტომობილი უგზოობის კუპეს მოგვაგონებს, ბაზარზე კი ის კონკურენციას ”პორშე კაიენსა” და ”ბეემვე X6-ს” გაუწევს.

”აკურა ZDX” აღჭურვილია 3.7-ლიტრიანი, V6 კონფიგურაციის ბენზინის აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომლის გავლითაც, მის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტი სრულამძრავიან სისტემას (SH-AWD) გადაეცემა.

ჯერჯერობით უცნობია, მწარმოებელი ამ ავტომობილზე სხვა ძრავების გამოყენებასაც თუ აპირებს, ასევე არ ქვეყნდება ZDX-ის დინამიკური მახასიათებლები.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ ავტომობილი აღჭურვილია ხმით მართვადი სანავიგაციო სისტემით, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლითა და პანორამული ხედვის სისტემით, რომელიც მძღოლს პარკირებისას საქმეს უადვილებს და ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონების გაკონტროლების საშუალებას აძლევს.

”აკურა ZDX-ის” გაყიდვები ამ ზამთარში დაიწყება. ჯერჯერობით, იაპონური კომპანია თავისი სიახლის ფასებს არ აქვეყნებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ავტომობილი ”აკურას” სამოდელო გამაში უგზოობის MDX-სა და სედან RL-ს შორის ნიშას დაიკავებს, შეიძლება ვარაუდი, რომ ZDX-ს ღირებულება 40-46 ათას დოლარს შორის მოექცევა.