Sunday, July 19, 2009

ამერიკის გზებზე ელექტრომობილების დომინირებას ელიან

Electric cars

20 ივლისი

შტატ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2030 წელს ამერიკის დილერების მიერ გაყიდული მანქანების 86 პროცენტი ელექტრომობილი იქნება, თუ მყიდველს ავტომობილთან ერთად, ძვირადღირებული აკუმულატორის შეძენაც არ მოუწევს.

ამ ეტაპზე, ბევრი კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ელექტრომობილების მფლობელებს ენერგიის შეძენის ისეთივე მოსახერხებელი ხერხი შესთავაზოს, როგორითაც სატელეკომუნიკაციო კომპანიები მობილური ტელეფონების მფლობელებს სალაპარაკო დროის ყიდვას სთავაზობენ. სისტემას პირობითად ”პეი-პერ-მაილ-ს” (გადაიხადე მილის მიხედვით) უწოდებენ. ასეთ კომპანიებს შორის, ყველაზე გამორჩეული ამერიკულ-ებრაული ”ბეტერ პლეისია”, რომელსაც უკვე შემუშავებული აქვს ელექტრომობილების ენერგომომსახურების მოსახერხებელი გრაფიკი.

მის მიხედვით, ოჯახი ყიდილობს ელექტრომობილს, მაგრამ მისი აკუმულატორის მფლობელად ”ბეტერ პლეისი” რჩება. როდესაც ელექტრომობილი ენერგიით გასამართ სადგურს მიადგება (რომელიც ”ბეტერ პლისისა” იქნება), იქ მას აკუმულატორს შეუცვლიან, რისი წყალობითაც, მანქანას სადგურზე დიდი ხნით ხნით შეყოვნება არ მოუწევს.

დაანგარიშებულია, რომ ენერგიით დასამუხტი სადგურების ქსელის მშენებლობა, მთელი აშშ-ის მასშტაბით, დაახლოებით 320 მილირდი დოლარი დაჯდება. სამაგიეროდ, ქვეყანა გამონაბოლქვით გამოწვეული პრობლმების თავიდან აცილებით, 210 მილიარდს დაზოგავს. რაც მთავარია, აკუმულატორების გარეშე, ელექტრომობილები თითქმის იმდენივე ან უფრო ნაკლებიც კი ეღირება, რამდენიც შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ღირს. მათი მომსახურება კი გაცილებით იაფი დაჯდება.

ცნობისათვის, ”ბეტერ პლეისისთვის” ელექტრომობილებს ფრანგული კომპანია ”რენო” დაამზადებს. ბერკლის ანალიტიკოსებმა ისიც გამოითვალეს, რომ ახლანდელი ფასების მიხედვით, ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვა (მილზე გადაანგარიშებით) თითქმის იმდენივე დაჯდება, რაც შიდაწვისძრავიანი ავტომობილის საწვავით გაწყობა ჯდება. მერე კი, როდესაც საწვავის ფასი გარდაუვალად გაიზრდება, ელექტროენერგიის შეძენა გაცილებით იაფი იქნება.

წყალში ნაპოვნი ”ბუგატი”

Brescia Bugatti

20 ივლისი

ასეთი იყო ტბაში ჩაძირვამდე 1925 წელს გამოშვებული ”ბრეშა”

წყალში მარტო ჩაძირულ გემებს როდი პოულობენ. ფსკერზე თურმე ოდესღაც ჩაძირული ავტომობილის ნახვაც შეიძლება, ავტომობილისა, როგორებსაც დღეს სანთლით ეძებენ და როგორებშიც ასეულობით ათას, ხშირად კი მილიონობით დოლარსაც იხდიან. და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხვდა შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე ასეთი ავტომობილი.

რამდენიმე დღის წინ, შვეიცარიის ქალაქ ასკონას მყვინთავთა კლუბის წევრებმა, ქალაქის მახლობლად მდებარე ტბა ვერბანოს ფსკერზე ჩაძირული ”ბუგატი” იპოვნეს, რომელიც იქ მინიმუმ 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

”ბუგატის” ისტორიის ფრანგი ექსპერტი ჰანს მატი ამბობს, რომ ტბის ფსკერზე ნაპოვნი ავტომობილი ”ბრეშა ბუგატია”, მასზე აღმოჩენილი ნომრის მიხედვით კი დადგინდა, რომ ის 1925 წლის 11 აპრილს დაამზადეს. ავტომობილი საფრანგეთში, ქალაქ ნანსიში გაყიდულა. ამ ეტაპზე, მის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი.

ჟურნალ ”ტოპსპიდის” ინფორმაციით, ამჟამად მთელს მსოფლიოში თითქმის 3 000 ”ბუგატი” არსებობს, მათგან 160 ცალი შვეიცარიაში იმყოფება. როგორც ანტიკვარული მანქანების სპეციალისტები ამბობენ, ტბაში აღმოჩენილი ავტომობილი აღდგენას არ ექვემდებარება. მაგრამ აუქციონზე მისი გაყიდვა თურმე ამ სახითაც შესაძლებელია.

მატი ამბობს, რომ ეტორე ბუგატის ”ბრეშას” სახელით არაერთი მოდელი დაუმზადებია. ყველა მათგანს განსაკუთრებული ნიშანი აქვს, რომელიც მათი ამოცნობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ”ტაიპ 13 ბრეშა” იმითაა გამორჩეული, რომ მას კარბურატორი ძრავის მარცხენა მხარეს აქვს მოთავსებული, რაც ”ბუგატის” სხვა მოდელებზე არ გვხვდება. მასვე გამოსაბოლქვი მილი მარჯვნივ აქვს. ”ტაიპ 23 ბრეშა” კი ავტოინდუსტრიის ისტორიაში პირველი სერიული ავტომობილია, რომელსაც ძრავის ცილინდრზე ორზე მეტი სარქველი აქვს.

”იაგუარ X-ტაიპის” წარმოება დროზე ადრე შეწყდება

Jaguar X-Type

20 ივლისი

ინგლისური კომპანია ”იაგუარის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დაგეგმილზე ნახევარი წლით ადრე შეწყდეს ”იაგუარ X-ტაიპის” წარმოება. ძველი გადაწყვეტილებით, ამ მოდელის წარმოება მერმის, ზაფხულში უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს ამ წლის ბოლოს მოხდება. ეს კი საწარმოო ხარჯების შესამცირებლად კეთდება. ამასთან დაკავშირებით, კომპანია ქარხნიდან დაახლოებით 300 თანამშრომელს დაითხოვს.

იმის გამო, რომ X-ტაიპზე” მოთხოვნა ძალიან შემცირებულია, ”იაგუარი” მის მწარმოებელ ქარხანას სექტემბერში სამი კვირით გააჩერებს. ”იაგუარ ლენდ როვერის” შეფი დევიდ სმიტი ამბობს, რომ ამ ორი მარკის ავტომობილების გაყიდვები ბოლო ათ თვეში დაახლოებით 28 პროცენტითაა შემცირებული, რის გამოც, კომპანიას წარმოების და თანამშრომელთა შემცირება უწევს. კერძოდ, უკვე დათხოვნილია 2200 თანამშრომელი და გადახედილია ახალი პროექტები და საინვესტიციო პროგრამები.

კრიზისის დასაძლევად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ”იაგუარ ლენდ როვერს” 330 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო, თუმცა კომპანიას ეს თანხა ჯერ არ მიუღია. არადა, სმიტი ამბობს, რომ ამ თანხის დაგვიანების შემთხვევაში, მის კომპანიას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება.

შეკვეთით შექმნილი ჯუჯა ელექტრომობილის პროექტი

Lotus supermini

19 ივლისი






სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” ინჟინრებმა ჯუჯა ელექტრომობილის პროექტი მოამზადეს, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება ბრიტანული ქალაქების გზებზე 2015 წელს გამოჩნდეს.

პროექტი ითვალისწინებს ჯუჯა ზომების ავტომობილის წარმოებას, რომელიც 37 კილოვატიანი ძრავით აღიჭურვება. მასში ენერგიის დასაგროვებლად, ავტომობილის ძირზე განლაგებულ ლითიუმ-იონურ აკუმულატორს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას საყოფაცხოვრებო ქსელიდან (პლუგ-ინ სისტემა) შეივსებს. პროექტის მიხედვით, აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით, რასაც სამსაათნახევარი დასჭირდება, ავტომობილის სვლის მარაგი 80 კილომეტრს მიაღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 105 კმ/სთ იქნება.

”ლოტუსის” მიერ დაპროექტებული ელექტრომობილი ძალიან პატარა გაბარიტებით გამოირჩევა. ფაქტობრივად, ის ”სმარტის” ზომისაა და გაცილებით პატარაა ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ზე. ამ უკანასკნელის სალონში ჩასაჯდომი ფორმულა 3+1-ია, ”ლოტუსი” კი გვარწმუნებს, რომ მის ჯუჯაში 4 ადამიანი მოთავსდება. თუმცა, პროექტის ციფრული ესკიზებიდან კარგად ჩანს, რომ უკანა სავარძლებზე კომფორტულად ჯდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგრამ თუ უკანა ორი სავარძელი დაიკეცება, წინა ორი ადგილი საკმაოდ კომფორტული იქნება და საბარგულის ზომაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

”ლოტუსის” მინი ელექტომობილის ზომებია: სიგრძე 2 600 მმ, სიგანე 1 600 მმ, სიმაღლე 1 700 მმ და ბაზა კი - 2 000 მმ. ავტომობილის პლატფორმა ალუმინის პროფილებისგან დამზადდება, რაც შეეხება ძარას, წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, მის საწარმოებლად ალუმინს, ან კომპოზიციურ მასალებს გამოიყენებენ.

”ლოტუსის” საინჟინრო დივიზიონის შეფი რასელ კერი ამბობს, რომ კომპანიის ინჟინრებმა ეს პროექტი სულ რაღაც ორ კვირაში, ჟურნალ ”აუტომოტივ ინჯაინერის” შეკვეთით მოამზადეს. შედარებისთვის, კონცეპტუალური პროექტირებისთვის 3-6 თვეა ხოლმე საჭირო. ეს იმის მანიშნებელია, რომ რეალურად, ”ლოტუსის” მინი ელექტრომობილი ჯერ მხოლოდ უხეშად დამუშავებული ესკიზის დონეზეა შექმნილი. ამასთან, კერი ამბობს, რომ ეს პროექტი საგულდაგულოდაც რომ დამუშავდეს, მის მიხედვით ავტომობილების წარმოებას თავად ”ლოტუსი” მაინც არ აპირებს. სამაგიეროდ, კომპანია მზადაა, ის რომელიმე ავტომწარმოებელს მიჰყიდოს.

”აუდი” A1-ს ბრიუსელში გამოუშვებს

Audi A1

19 ივლისი



ბელგიურ გაზეთ ”ლე სუართან” საუბრისას, ”აუდის” ბრიუსელური ქარხნის ხელმძღვანელმა ალფონს დინტნერმა განაცხადა, რომ მისი ქარხანა მინი ჰეჩბეკ A1-ის სერიულ წარმოებას ოქტომბერში შეუდგება. ამასთან, ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებამდე, ქარხანა ხუთი კვირით გაჩერდება, რათა მასში საჭირო გადაიარაღება ჩატარდეს.

დინტნერის თქმით, წარმოების დასაწყისში, A1 სამკარიანი ჰეჩბეკის ძარით დამზადდება, მოგვიანებით კი ქარხანა ხუთკარიანი სპორტბეკის წარმოებასაც დაიწყებს. სავარაუდოდ, ავტომობილის საწარმოო ვერსიის ხილვა პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება შესაძლებელი.

A1-ის პირველი კონცეპტუალური ვერსია, სახელად ”მეტროპროჯექტ კვატრო”, ”აუდიმ” პირველად ორი წლის წინ, ტოკიოს ავტო შოუზე წარადგინა, შარშან კი იგივე ავტომობილი უკვე კონცეპტუალური ”A1 სპორტბეკის” სახელით, პარიზის ავტო შოუზე გამოჩნდა.

საწარმოო ვერსია გარეგნობით ყველაზე ახლოს სწორედ ”A1 სპორტბეკთან” იქნება. რა თქმა უნდა, მასზე არ გადავა ის დეკორატიული ელემენტები, რომლებიც კონცეპტუალურ ავტომობილზე, მეტი ყურადღების მიპყრობის მიზნით იყო გამოყენებული. მაგალითად, ”A1 სპორტბეკის” კარებებს ჩარჩო არ ჰქონდა, A1-ზე კი აუცილებლად ექნება. ასევე შეიცვლება დიდრონი ბამპერები, რომლებიც ავტომობილს აგრესიულ იერს სძენდა. დაკიდევ, შედარებით გაუბრალოვდება ავტომობილის ინტერიერი.

”აუდი A1” თავის მთავარ მეტოქეზე - ”ბეემვეს” ”მინიზე” გრძელი და განიერია. ინგოლშტადტელები თავიანთ ახალ ავტომობილზე 4-ცილინდრიანი ძრავების ფართო გამას გამოიყენებენ. მათ შორისაა 1.2-ლიტრიანი (86 ცხენის ძალით), 1.4-ლიტრიანი (122 ცხენის ძალით) და 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავი (122 ცხენის ძალით), რომლებიც ბენზინზე მუშაობენ, ასევე 1.6-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალაა.

შემდგომში ”აუდი” აუცილებლად აპირებს A1-ის ღია და სპორტული ვერსიების წარმოებას. ამ უკანასკნელს S1-ს დაარქმევენ და ის 200-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.