Friday, January 15, 2010

საინსი გამარჯვებას უახლოვდება

დაკარის რალი-რეიდი (მე-12 ეტაპი)

15 იანვარი

ესპანელმა კარლოს საინსმა კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა დაკარის წლევანდელი რალი რეიდის მოსაგებად. კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მარათონული რბოლის მე-12 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში თავის უახლოეს მდევართან, ყატარელ ნასერ ალ-ატიასთან უოირატესობა 5 წუთსა და 20 წამამდე გაზარდა.

ალ-ატიამ წინა ეტაპის შემდეგ, საინსთან ჩამორჩენა გაანახევრა, მაგრამ ეს უფრო იმის შედეგი იყო, რომ ესპანელს რბოლისას საბურავი ორჯერ დაუზიანდა. ამჯერად კი პრობლემა აღარ შექმნია და თანაგუნდელს გასწრების საშუალება აღარ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ეტაპი სან ხუანიდან სან რაფაელამდე, შარშანდელი დაკარის მარშრუტშიც შედიოდა და მაშინ, სწორედ ამ ეტაპზე, საინსს ავარია მოუვიდა. ამჯერად მან უშეცდომოდ იასპარეზა და სტარტიდან ფინიშამდე, წინ არავინ გაუშვია.

ალ-ატიამ ეტაპის ბოლო კილომეტრებზე თავი გამოიდო და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ფინიშთან საინსთან მაინც 52 წამი წააგო. აღსანიშნავია, რომ იმის გამო, რომ ეტაპის მარშრუტის ბოლო ექვს კილომეტრზე უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი, რბოლის ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მრბოლებს დაბალ ტემპში გადაადგილება მოსთხოვეს.

დაკარის რბოლის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე, საერთო ჩათვლაში, პირველი სამი ადგილი კვლავ ”ფოლკსვაგენის” სამ პილოტს უკავია. მესამე ადგილზე ამერიკელი მარკ მილერია, რომელიც საინსს 28 წუთზე მეტით ჩამორჩება. სამაგიეროდ, ის თითქმის ორ საათს უგებს მეოთხეზე მყოფ ფრანგ სტეფან პეტერანსელს (ბეემვე).