Thursday, April 21, 2011

„ნისან ლიფი“ მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილიც გახდა

Nissan Leaf Receives World Car of the Year Title

21 აპრილი

2011 წელი ელექტრომობილების ეპოქის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს - ჯერ იყო და, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა, შემდეგ, გაზრდილი სვლის სიშორის მქონე ჰიბრიდი „შევროლე ვოლტი“ ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. ახლახანს კი, ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე, დასრულდა მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსი, რომლის შედგებითაც, საუკეთესოდ ისევ „ნისან ლიფი“ აღიარეს.

კონკურსში თავიდან 39 ავტომობილი შეიტანეს, რომელთაგან პირველი ეტაპის შემდეგ, ათი დარჩა, ფინალურ ეტაპზე კი მათგან მხოლოდ სამი გავიდა - „ნისან ლიფის“ გარდა, ფინალში ასევე გავიდნენ მე-5 სერიის „ბეემვე“ და „აუდი A8“. გარდა ამისა, წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილის წოდება „ფერარი 458 იტალიას“ ერგო, რმელსაც მეროქეობას „მერსედეს ბენცის“ SLS AMG და „პორშე 911 ტურბო“ უწევდნენ.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო“ დიზაინი, საუკეთესოდ „ასტონ მარტინ რეპიდი“ აღიარეს. ამ წოდებისთვის მისი კონკურენტები იგივე „ფერარი 458 იტალია“ და „ალფა რომეო ჯულიეტა“ იყვნენ. ასევე დასახელდა წლის საუკეთესო „მწვანე“ ავტომობილი. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ ნომინაციაში „შევროლე ვოლტმა“ „ნისან ლიფს“ აჯობა. მათ გარდა, ფინალურ ეტაპზე „ბეემვეს“ „320d ეფიშნტდაინემიქსიც“ გავიდა.

სხვათა შორის, შარშან და შარშანწინ, მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილად „ფოლკსვაგენის“ მოდელები - „პოლო“ (2010 წელს) და „გოლფი“ (2009 წელს0 დაასახელეს. 2008 წელს კი ეს წოდება „მაზდა2-მა“ მიიღო.

კონკურს „მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის“ განმარტებაში წერია: „ჩვენი შეფასებით, მოდელი „ლიფი“ ელექტრულ სამყაროში „ნისანის“ მიერ გაჭრილი კარიბჭეა. ეს ხუთადგილიანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი, მსოფლიოში პირველი მასობრივად წარმოებადი ელექტრომობილია. ის უნიკალურ, სპეციალურად შემუშავებულ პლატფორმაზეა აგებული და აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების პაკეტიტა და ელექტროძრავით, რომელიც 108 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავით, „ლიფი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 11.5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ია. „მას ერთი დამუხტვით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, სრული დამუხტვისთვის კი თითქმის 8 საათი სჭირდება. რაც მთავარია, მანქანას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრის წყალობით, ავტომობილი ჭარბი და არასაკმარისი მოხვევადობისადმი მიდრეკილი პრაქტიკულად არაა. მოკლედ, ჩვეულებრივი ავტომობილია, ოღონდ ჩუმი“.

„ჰიუნდაი“ „ტოიოტა პრიუსის“ კონკურენტს გამოუშვებს

Hyundai to Introduce Toyota Prius Rival

21 აპრილი

ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუს დროს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ჰიუნდაიმ“ დაადასტურა, რომ ბაზრისთვის ისეთ ახალ ავტომობილებს ამზადებს, რომლებიც ერთი გალონი საწვავით 40 მილს გადიან, ანუ, რომლებსაც 100 კილომეტრის გასავლელად, 5.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.

ასეთი ავტომობილები ბაზარზე უახლოეს წლებში გამოვა, მათგან ერთ-ერთი პირველი კი ჰიბრიდული ავტომობილი იქნება, რომლითაც კორეული კომპანია, კონკურენციას „ტოიოტა პრიუსს“ გაუწევს. ასეთი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „ჰიუნდაიმ“ ორი წლის წინ, სეულის ავტო შოუზე გვიჩვენა.

ესაა ხუთადგილიანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი „ბლიუ უილ“ (ფოტოზე), რომელიც აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი შიდაწვის (ბენზინის) ძრავით და ელექტროძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 134 ცხენის ძალას აღწევს. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, შიდაწვის ძრავთან კი მუდმივი მოდების ვარიატორთანაა დაკავშირებული.

ნიუ იორკში „ჰიუნდაის“ არ დაუზუსტებია, ბაზარზე ეს ავტომობილი რა სახელით გამოვა და იმავე აგრეგატებით იქნება აღჭურვილი, რითაც კონცეპტუალური ვერსია, თუ არა. არაა გამორიცხული, რომ სერიული ჰიბრიდი სრულიად სხვა ავტომობილი იყოს. ყოველ შემთხვევაში, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 5.8 ლიტრზე მეტი საწვავი არ დასჭირდება.

სამაგიეროდ, ნიუ იორკშივე, „ჰიუნდაის“ ერთმა აღმასრულებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საინტერნეტო გამოცემა „ინსაიდ ლაინთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ასევე მზადდება მეორე ავტომობილი, რომელიც შიდაწვის ძრავით აღიჭურვება და რომელსაც „აგრესიული“ ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები ექნება.

„ამ ეტაპზე, ავტომობილების მთავარი აგრეგატი შიდაწვის ძრავია და ამიტომ, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ტიპის აგრეგატების სრულყოფას, რათა ბაზრის მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ“, - ამბობს კორეული კომპანიის ინკოგნიტო აღმასრულებელი. მისივე თქმით, „ჰიუნდაი“ გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ 202500 წელს მისი ავტომობილების საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 4.7 ლიტრი უნდა იყოს.

დრეისათვის, „ჰიუნდაი“ ოთხ ისეთ ავტომობილს უშვებს, რომლებიც 100 კილომეტრს 5.8 ლიტრი, ან უფრო მცირე საწვავით გადიან. ესენია ჰიბრიდული „სონატა“, ახალი „ელანტრა“ და „აქცენტი“, ასევე სპორტული „ველოსტერი“, რომელიც ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მალე საქართველოშიც შემოვა.