Monday, February 7, 2011

„ლიტრიანი“ „ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის მზადაა

VW Presents XL1, the 0.9 l/100km Car

7 თებერვალი

გსმენიათ რამე ყატარის მოტორ შოუს შესახებ? აქამდე არც მე მსმენოდა, დრეს კი გავიგე და ეს „ფოლკსვაგენის“ დამსახურებაა, რომელმაც სწორედ ყატარულ საავტომობილო რანდევუზე, თავისი ყველაზე სენსაციური ავტომობილის, ეგრეთ წოდებული „ერთლიტრიანის“ ახალი ვერსიის, ჰიბრიდული XL1-ის პროტოტიპი გამოფინა.

ერთლიტრიანი, ანუ მანქანა, რომელსაც ერთი ლიტრი საწვავი (რეალურად, 0.9 ლიტრი) 100 კილომეტრზე ჰყოფნის და რომელიც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 24 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. რა თქმა უნდა, ასეთ ფენომენურ მონაცემებს, ვოლფსბურგელებმა ტექნოლოგიური სიახლეების დახმარებით მიაღწიეს. ტექნოლოგიების მთავარი დანიშნულება, ავტომობილის აეროდინამიკის გაუმჯობესება, წონის შემცირება, ძრავის ეკონომიურობა და მინიმალური გამონაბოლქვია.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ XL1 მსუბუქი კონსტრუქციაა, რომლის შესაქმნელადაც, მწარმოებელმა უხვად გამოიყენა ალუმინი და კარბონის კომპოზიტი. მთავარი მზიდი ელემენტი კომპოზიტური მონოკოკია, რომელზეც სხვა კვანძები და დეტალებია დამაგრებული. მათი უმეტესობაც კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.

განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის აეროდინამიკას მიექცა და „ფოლკსვაგენის“ სპეციალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბრწყინვალე შედეგს მიაღწიეს - აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.186-ია. გარდა იმისა, რომ ძარას გარსშემოდენილი ფორმა აქვს, ჰაერის ასეთი დაბალი წინააღმდეგობა იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ ავტომობილის უკანა ბორბლები ძარის კორპუსშია მოქცეული და მას გარს ჰაერის მოწესრიგებული ნაკადი უვლის.

ავტომობილის სიგრძე 3 888 მილიმეტრი, სიგანე 1 665, სიმაღლე 1 156 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 224 მილიმეტრია. ის სულ რაღაც 795 კილოგრამს იწონის. XL1-ის სალონი ორადგილიანია. ასეთივე იყო მისი წინამორბედის ტევადობას, თუმცა მასში სავარძლები ერთმანეთის მიყოლებით იყო განლაგებული, ამჯერად კი მგზავრის სავარძელმა მძღოლისას გვერდზე გადაინაცვლა, ოღონდ, ოდნავ უკან მაინცაა დაწეული.

სავარძლის წინ წამოწევა იმისათვის გახდა საჭირო, რომ მის უკანა სივრცეში, ჰიბრიდული აგრეგატი ჩატეულიყო. ეს კი ორცილინდრიანი დიზელისა და ელექტროძრავის ტანდემია, რომელთაგან პირველი 48 ცხენის ძალას და 120 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, მეორე კი - 27 ცხენის ძალას და 100 ნიუტონმეტრს. შიდაწვის ძრავის მუშა მოცულობა 0.800 ლიტრია და მასთან სისტემა DSG-ს 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ელექტროძრავს კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც ენერგიის მარაგის საყოფაცხოვრებო ქსელიდან შევსება შეუძლია.

აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარსია იმისათვის, რომ „ლიტრიანმა“ გაიაროს. მწარმოებელი ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ აკუმულატორების სრულად დასამუხტად რა დროა საჭირო. როდესაც შერეული ციკლით მუშაობს, XL1-ს 10 ლიტრი დიზელით (სწორედ ამდენი ჩადის მის ავზში) დაახლოებით 550 კილომეტრის გავლა შეუძლია.

დაკიდევ, ჰიბრიდულ „ლიტრიანს“ საკმაოდ კარგი ტემპერამენტით დაკვეხნაც შეუძლია. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურად, 160 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული. რა ტქმა უნდა, სუპერავტომობილებს ვერ შეედრება, თუმცა საქალაქო ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილისთვის, შესანიშნავი მახასიათებლებია.

„ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებმა ყატარის გამოფენაზე განაცხადეს, რომ XL1-ის საწარმოებლად, მათ ისეთი ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავეს, რომელთა დანერგვაც მნიშვნელოვნად შეამცირებინებს ასეთი ავტომობილების წარმოების ხარჯებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ასეთ ავტომობილებს მალე სერიულად წარმოების პერსპექტივა გაუჩნდათ. ასეთ ტექნოლოგიებს შორისაა ნახშირბადოვანი ბოჭკოთი არმირებული კომპოზიციური მასალებისგან ძარის დეტალების სერიულად წარმოება. სხვათა შორის, მსგავსი ტექნოლოგიას უკვე დიდი ხანია, ფორმულა 1-ის ავტომობილების წარმოებისას იყენებენ. მსგავსი ტექნოლოგია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ იტალიურ კომპანია „ლამბორგინისაც“შემუშავებული აქვს, რომელიც მას თავის უახლეს სუპერ ავტომობილებზე გამოიყენებს.

ცნობისათვის, პირველი „ლიტრიანი“ კონცეპტუალური ავტომობილი ვოლფსბურგელებმა 2002 წელს გვიჩვენეს. ოღონდ, ის მხოლოდ ერთი, 0.3-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც, 8.5 ცხენის ძალას იძლეოდა. სამაგიეროდ, მისი წყალობით, 100 კილომეტრის გასავლელად, ავტომობილი სულ რაღაც 0.89 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ამავე სერიის მეორე კონცეპტუალური მოდელი 2009 წელს ვიხილეთ. ამჯერად, ის 0.8-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღიჭურვა, რომელიც 100 კილომეტრზე 1.49 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

ყატარის გამოფენის წინ, „ფოლკსვაგენის“ მესვეურები ორაზროვნად აცხადებდნენ, რომ „ერთლიტრიანი“ წარმოებისთვის პრაქტიკულად მომზადებული ავტომობილია. თუმცა, არც იმას ადასტურებდნენ, რომ მის წარმოებას აპირებენ. ამიტომ, ყატარში ყველა ვოლფსბურგელთა საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში იყო.

ყატარში კი მოსახდენი მოხდა - „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია „ლიტრიანს“ გამოუშვებს. თუმცა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. უფრო კონკრეტულად კი, ასეთ ავტომობილს მხოლოდ 100 ცალს დაამზადებენ. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

„ფოლკსვაგენის“ მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნის განცხადებით, „ლიტრიანებს“ პირველ რიგში, გერმანული ბაზრისთვის დაამზადებენ, შემდეგ კი მას ამერიკასა და ჩინეთშიც კი შეიტანენ. ამასთან, წარმოების დაწყებამდ, ავტომობილი კიდევ არაერთ ცვლილებას გადაიტანს. თუმცაღა, მისი ტექნიკური უცვლელი დარჩება. ამჟამდ, ვოლფსბურგული გიგანტის ხელმძღვანელობა „ლიტრიანის“ წარმოების ადგილის შერჩევითაა დაკავებული. განიხილება მხოლოდ ორი ქალაქის - ვოლფსბურგისა და დრეზდენის ვარიანტები. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური შიდაწვისძრავიანი ავტომობილი - ვინტერკორნის თქმით, ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.