Saturday, May 29, 2010

”მინი” კიდევ უფრო პატარა ავტომობილების გამოშვებას აპირებს

Mini starts city car project

29 მაისი

მას შემდეგ, რაც ”ბეემვეს” საკუთრება გახდა, ინგლისური კომპანია ”მინი” სულ უფრო აფართოებს სამოდელო გამას, რისი წყალობითაც, წარმოებას და გაყიდვებს ზრდის. თუმცა, როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელობას და ბავარიულ კომპანიას, ეს აღარ აკმაყოფილებს, რის გამოც, მინიავტომობილების მწარმოებელი ბრენდი თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს.

”მინის” ხელმძღვანელობა კიდევ უფრო პატარა ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილობას სწავლობს, ავტომობილისა, რომლითაც კონკურენცია ”დაიმლერის” ”სმარტს” უნდა გაუწიოს. ამასთან, ეს ”ბეემვეს პროექტ ”მეგასიტის” ფარგლებში მოხდება. და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯუჯა ავტომობილის წარმოებისას, მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ მაკომპლექტებლებს, რომლებსაც ბავარიელები თავიანთი სხვა ავტომობილებისთვის იყენებენ.

არადა, ”მინის” ხელმძღვანელობა კარგა ხანს გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ მის სამკარიან მოდელზე პატარა ზომის ავტომობილებს, მისი მწარმოებლისთვის მოგების მოტანა არ შეუძლია. და ახლაც, მთავარი დამაბრკოლებელი სწორედ ეს საკითხია. ”ერთადერთი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ, ისაა, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ჩვენთვის მინიზე პატარა ავტომობილის წარმოება”, - ინგლისურ გამოცემა ”ავტოქართან” საუბრისას განაცხადა ”მინის” ინკოგნიტო წარმომადგენელმა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” სამცილინდრიანი ძრავის წარმოება გადაწყვიტა და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ეკონომიური ავტომობილების წარმოების პერსპექტივას, ”მინისთვის” ჯუჯა ავტომობილის წარმოების იდეა სულ უფრო მიმზიდველად და პერსპექტიულად გამოიყურება.

იმავე წყაროს ცნობით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. ჯუჯა ავტომობილის პროექტი საწყის ეტაპზეა. სავარაუდოდ, დაახლოებით მომავალი წლის ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენისთვის, პირველი კონცეპტუალური მოდელის მომზადება მოესწრება.

ჯერ გადაწყვეტილი არაა, ავტომობილი ორადგილიანი იქნება, თუ ოთხიანი, ძრავი წინ განლაგდება, თუ უკან. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მისი სიგრძე 3.050 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. სწორედ ეს სიგრძე ჰქონდა პირველ ”მინის”, რომელიც ლეგენდარულმა ინჟინერმა ალექს ისიგონისმა დააპროექტა. ამგვარად, ჯუჯა ”მინი” ახლანდელ მოდელთან შედარებით, 0.700 მეტრით მოკლე და ”სმარტთან” შედარებით, 0.300 მეტრით გრძელი იქნება.

ინტერნეტით გავრცელებულ ერთ-ერთ ინფორმაციაში, ”მინის” ჯუჯა მოდელის სახელად ”მინორია” დასახელებული. თუმცა, ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. აქ მოყვანილ ფოტოზე გამოსახულია ”მინის” კონცეპტუალური მოდელი ”სპირიტუალი”, რომელიც ინგლისურმა კომპანიამ 1997 წელს, ”ბეემვეს” მიერ მისი შეძენიდან სამი წლის შემდეგ მოამზადა.

”მერსედესის” სახე როჯერ ფედერერი გახდა

Roger Federer Becomes Global Mercedes-Benz Ambassador

29 მაისი

”მერსედეს-ბენცმა” გამოაცხადა, რომ ჩოგბურთში დიდი სლემის ტურნირების 16-გზის ჩემპიონთან, შვეიცარელ როჯერ ფედერერთან, გლობალურ ბაზარზე პარტნიორობის კომპლექსური კონტრაქტი გააფორმა. მრავალწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, შტუტგარტული ავტო გიგანტი, თავის სარეკლამო რგოლებში ფედერერის იმიჯის გამოყენების უფლებას ღებულობს.

უნდა ითქვას, რომ ”მერსედეს-ბენცსა” და ფედერერს შორის საქმიანი ურთიერთობა დღეს არ იწყება. შვეიცარელი სუპერ ჩოგბურთელი ”სამქიმიანებს” რეკლამას ჩინურ ბაზარზე, რომელიც უკვე მსოფლიოს უდიდესი ბაზარი გახდა, 2008 წლიდან უწევს, ამიერიდან კი მათი პარტნიორობა მსოფლიოს მასშტაბისა იქნება.

გერმანული ავტო გიგანტისთვის, ეს ჩოგბურთში გადადგმული პირველი ნაბიჯები არაა. სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაში შტუტგარტელები 16 წელია, რაც მოღვაწეობენ. კომპანია რიგ პოპულარულ ტურნირს აფინანსებს, მათ შორის, არის მასტერსის სერიის დიდი ხნის პარტნიორი. ამ სეზონიდან კი ის აშშ-ის ღია პირველობის სპონსორიც ხდება. ჩოგბურთელების დონეზე, მრავალი წლის განმავლობაში, ”მერსედესის” პარტნიორი ლეგენდარული გერმანელი ბორის ბეკერი იყო.

”მოხარულნი ვართ, რომ სპორტში ”მერსედეს-ბენცის” გლობალური მასშტაბის სახეების დიდ ოჯახს ამიერიდან როჯერ ფედერერიც შეემატა. ეჭვი არაა, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია და მსოფლიოს დონეზე, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამიერიდან, როჯერთან ერთად, არაერთ წამოწყებაში მივიღებთ მონაწილეობას. მას საუკეთესო წარსული აქვს, მაგრამ გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია”, - განაცხადა ”მერსედეს-ბენცის” აშშ-ის შტოს მარკეტინგის საქმეების ვიცე პრეზიდენტმა სტივენ ქენონმა.