Sunday, December 13, 2009

”ფოლკსვაგენი” და ”სუზუკი” იაფფასიან ავტომობილს გამოუშვებენ

VW, Suzuki To Build Small Car For India

12 დეკემბერი

”ფოლკსვაგენსა” და ”სუზუკის” შორის ალიანსი საბოლოოდ იანვარში ჩამოყალიბდება, თუმცა პარტნიორებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ახალი, იაფფასიან ავტომობილზე, რომელიც პირველ რიგში, ინდოეთის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და რომელმაც ”სუზიკი/მარუტი ალტო” უნდა შეცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ღირებულება 200-250 ათასი ინდური რუპიის (დაახლოებით 4 300-5 400 დოლარი) ფარგლებში იქნება, რაც ოდნავ ნაკლებია ახლანდელი ”ალტოს” ღირებულებაზე (224-288 ათასი რუპია, ანუ 4 800-6 200 დოლარი).

დღეისათვის ”სუზუკის” ინდურ ბაზარზე მყარი პოზიცია უკავია - იაპონური კომპანიის პროდუქციაზე ინდოეთში გაყიდული ავტომობილების თითქმის ნახევარი მოდის. მაგრამ მოსალოდნელია, რომ მის პოზიციებს მალე დაემუქრება ”ტატა”, რომლის იაფფასიანი ”ნანოც” იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას კი მისი დაბალი ფასი განაპირობებს - ეს ჯუჯა ავტომობილი 140 ათასი რუპია (დაახლოებით 2 880 დოლარი) ღირს.

”ფოლკსვაგენმა” და ”სუზუკიმ” ალიანსის შექმნის შესახებ 9 დეკემბერს გამოაცხადეს. მათ შორის მიღწეული გარიგების მიხედვით, გერმანული გიგანტი იაპონური კომპანიის აქციების 19.9 პროცენტს შეიძენს, რაც 2.52 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ”სუზუკი” კი ”ფოლკსვაგენის” აქციების 1.3 პროცენტს გამოისყიდის.

”ფოლკსვაგენი” არ მალავს, რომ იაპონურ კომპანიაში პირველ რიგში, პატარა და იაფფასიანი ავტომობილების წარმოების ტექნოლოგია აინტერესებს. თავის მხრივ, იაპონელები იმ ტექნოლოგიების ათვისებას ეცდებიან, რომლებსაც ვოლფსბურგელები ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ძრავების წარმოებაში იყენებენ.

”მიცუბიში ლანსერი” დაკარს უბრუნდება

The Lancers are back

12 დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ დაკარის წლევანდელი რბოლის შემდეგ, მისმა არაერთგზის ტრიუმფატორმა, კომპანია ”მიცუბიშიმ” გამოაცხადა, რომ მომავალ რბოლაში საქარხნო გუნდით ასპარეზობას არ აპირებს, სტარტზე მაინც მისი ხუთი მანქანა - სპეციალურად დაკარისთვის მომზადებული ”ლანსერი” დადგება.

დაკარის წლევანდელ რბოლაში ”მიცუბიშიმ” ოთხი ეკიპაჟით იასპარეზა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთმა შეძლო ფინიშამდე მიღწევა. საბოლოოდ, იაპონური კომპანიის გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. თუმცა, მომდევნო რბოლიდან საქარხნო გუნდის მოხსნის მიზეზი ეს წარუმატებლობა კი არა, ფინანსური კრიზისი გახდა.

ფრანგულმა სარბოლმა საჯინიბო ”JMB სტრადალემ”, რომლიც სხვადასხვა სარბოლ სერიებში მონაწილეობს, ”მიცუბიშისგან” დაკარისთვის მომზადებული ხუთი მანქანა და გუნდის სრული ეკიპირება გამოისყიდა და ლეგენდარულ რალი-რეიდში მონაწილეობისთვის ემზადება. ამ რთულ წამოწყებაში კი გუნდს იაპონური კომპანიის საქარხნო გუნდის ყოფილი მენეჯერი დომინიკ სერიე ეხმარება.

”JMB სტრადალეს” შეფ ნიკოლა მესლენს თავადაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა დაკარის რეიდში. 2002 წელს მან რბოლა მე-10 ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ დიდხანს სურდა საქარხნო გუნდისგან დაკარისთვის მომზადებული ”მიცუბიში პაჯეროს” ყიდვა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. მერე კი, როდესაც ამ წლის დასაწყისში გაიგო, რომ ”მიცუბიში” თავის სარბოლ მანქანებს ჰყიდდა, მაშინვე იაპონურ კომპანიას დაუკავშირდა და ჯერ მისგან სარბოლი მანქანები შეიძინა, შემდეგ კი მთელ გუნდსაც დაეპატრონა.

მესლენი თავისი გუნდის მანქანით ასპარეზობას თავადვე აპირებს. მანქანებს მოდერნიზაცია ჩაუტარდათ. კერძოდ, დიზელის აგრეგატები ბენზინისათი შეიცვალა. ეს კი იმისათვის გაკეთდა, რომ მესლენის თქმით, ბენზინის ძრავების სრულყოფა უფრო ადვილია და იაფიც ჯდება.

დაკარის რალი სტარტს ბუენოს აირესში, 1 იანვარს აიღებს, 16 იანვარს კი რბოლა იქვე დასრულდება, ოღონდ მანამდე სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილს მოივლის. არგენტინისა და ჩილეს მთებში, რალი რეიდის მონაწილეებს დაახლოებით 9 000 კილომეტრი ექნებათ გასავლელი.

ევროპაში უფრო მძლავრი და ძვირი ”ტატა ნანო” გაიყიდება

Tata Nano Europa

12 დეკემბერი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუზე ნაჩვენები, სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის შექმნილი ”ტატა ნანოს” გაყიდვები 2011 წლამდე არ დაიწყება, მაგრამ მის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია უკვე ცნობილია. მაგალითად ის, რომ ინდური ჯუჯა უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავით აღიჭურვება, ასევე მაღალ დონეზე ექნება უსაფრთხოება და კომფორტი. და, რა თქმა უნდა, მისი ფასიც გაიზრდება - თითქმის ორჯერ!

თუ ”ნანოს” ინდური ვერსია აღჭურვილია ორცილინდრიანი, 623 კუბ.სანტიმეტრიანი (0.623 ლიტრი) ძრავით, რომელიც 33 ცხენის ძალას ავითარებს, მისი ევროპული ვერსია სამცილინდრიან, 1.0-ლიტრიან აგრეგატს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 61 ცხენის ძალა იქნება. ამ ძრავს ახალი, 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი (ინდურ ნანოს 4-საფეხურიანი აქვს) შეუწყვილდება, რომელსაც დაშორებული საფეხურები ექნება, რითაც ძრავს საწვავის ეკონომიასა და გამონაბოლქვში СО2-ის შემცველობის შემცირებაში დაეხმარება.

”ნანოს” ევროპული ვერსია უსაფრთხოების ორი წინა ბალიშით და საჭის გამაძლიერებლით აღიჭურვება. გარდა ამისა, ავტომობილს ექნება ბლოკირების საწინააღმდეგო და ბორბლების ადგილზე მოსრიალების საწინააღმდეგო სისტემები. და, შესაძლოა, ის 14-დუიმიან ბორბლებზეც დადგეს, როგორც ეს ჟენევაში ნაჩვენები ”ნანოს” შემთხვევაში იყო.

ინდოეთში ”ტატა” მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს თითქმის 3 000 დოლარის ექვივალენტურ ფასში ჰყიდის, მაგრამ ევროპაში, შესაბამისად მოდიფიცირებული ავტომობილის მინიმალური ფასი 6 500 დოლარი იქნება. გაძვირების მიუხედავად, ის მაინც ძველ კონტინენტზე ყველაზე ხელმისაწვდომ ავრომობილზე - ”ჰიუნდაი i10-ზე” იაფი და ჯუჯა ”სმარტზე” ორჯერ იაფი იქნება.