Sunday, February 13, 2011

მინი კუპერი ქოვერ EFX-სგან - ლუი ვიტონის ჩანთა ბორბლებზე

MINI Cooper Works Modified by CoverEFX

13 თებერვალი

საავტომობილო ბაზარზე ბევრ ისეთ ავტომობილს ვერ ნახავთ, რომლებიც სატუნინგო კომპანიების მხრიდან ინტერესს იწვევენ. მაგრამ ინგლისურ კომპანია მინის ავტომობილები ასეთთა რიგებს არ მიეკუთვნება. ყველაზე მეტად კი, მოდიფიცირების ოსტატებს მინი კუპერ უორკსი იზიდავს.

ერთ-ერთი ასეთი სატუნინგო კომპანია გერმანული ქოვერ EFX-ია, რომელმაც ბეემვეს ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანიის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს გარეგნობაც შეუცვალა და აღჭურვილობაც. და, თავისი ქმნილებით, პრესის ყურადღებაც დაიმსახურა.

პირველ რიგში, ტუნერებმა ხელი ძრავს მოჰკიდეს. 1.6-ლიტრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატისთვის, რომლის სტანდარტული ვერსიაც 211 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ორი კომპლექტი მომზადდა, რომლებიც მის მახასიათებლებს რადიკალურად ცვლიან. პირველ კომპლექტში 2.5 დუიმი დიამეტრის მქონე მილებით დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა, სპორტული კატალიზატორი და სპორტული ფილტრი შედის. რაც მთავარია, ამ კომპლექტისთვის შეცვლილია ძრავის სამართავი კომპიუტერული სისტემის პროგრამა. შედეგად, აგრეგატის სიმძლავრე 236 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრამდე იზრდება.

თითქმის იგივეა მეორე კომპლექტში შემავალი დეტალების ჩამონათვალი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერის პროგრამა იმგვარადაა შეცვლილი, რომ ძრავის სიმძლავრე 252 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 382 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ამ კომპლექტისთვის იცვლება გადაცემათა კოლოფის კონსტრუქცია, რის შედეგადაც, მისი საფეხურების შეცვლა სტანდარტულ კოლოფთან შედარებით, უფრო მოკლე დროში სრულდება.

შეცვლილია ავტომობილის საკიდარი, რომელიც კომპანია KW-ს სპორტული ამორტიზატორებით აღიჭურვება. ავტომობილი უფრო ეფექტურ მუხრუჭებსაც მიიღებს. რტაც შეეხება ბორბლებს,ესაა კომპანია OZ-ის LM უეივ, რომელზეც კომპანია ტოიოს 205/40 R888 საბურავებია გადაკრული.

ავტომობილის საბაზისო ფერი შავია, რომელიც ოქროსფერი რამდენიმე სახის ფიგურებითაა გაწყობილი. ფერთა იგივე კომბინაცია გვხვდება ბორბლებზეც. საერთო ჯამში, ავტომობილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის ბორბლებზე შემდგარი ლუი ვიტონისეული ჩანთა იყოს. ავტომობილის სახურავი და ცალკეული დეტალები ოქროს ფერადაა შეღებილი. ავტომობილს განსაკუთრებულ მდიდრულ იერს ოქროსფერი არშია ანიჭებს, რომელიც მას გარს უვლის. ის განსაკუთრებით სქელი და თვალშისაცემი ბორბლების თაღებზეა.

კომპანია ქოვერ EFX, მის მიერ მოდფიცირებული მინი კუპერ უორკსის ფასს მოგვიანებით გამოაცხადებს.

„ლამბორგინიმ“ „ავენტადორის“ კომპოზიტური მონოკოკი გვიჩვენა

Lamborghini Reveals Aventador’s Carbon Fiber Monocoque Ahead of Geneva

13 თებერვალი

„ლამბორგინის“ ავტომობილებზე ალბათ ყველა ოცნებობს. ალბათ ქვეყნად არაა მამაკაცი, რომელსაც სანტ’აგატა ბოლონეზეში შექმნილი ოთხბორბლიანი შედევრის საჭესთან თუნდაც ერთხელ დაჯდომა არ სურდეს. და ამის მთავარი მიზეზი, ამ ავტომობილების დახვეწილი და აგრესიული გარეგნობა, ასევე მათი ტემპერამენტია. ამიერიდან კი, „ლამბორგინის“ სუპერ ავტომობილების ღირსებებს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები დაემატება, რომლებსაც იტალიური კომპანიის ინჟინრებთან ერთად, „ფოლკსვაგენის“ (რომლის ჯგუფშიც ლამბო შედის) სპეციალისტებიც შეიმუშავებენ.

მალე „ლამბორგინი“ თავის ფლაგმან „მურსიელაგოს“ შემცვლელს, მოდელ „ავენტადორს“ გამოუშვებს. მის პრემიერამდე კი, ამ ავტომობილის ძრავის, ტრანსმისიის და საკიდარის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გაავრცელა. და ახლა, ჟენევაში პრემიერის წინ, ჯერი „ავენტადორის“ შასის ძირითადი ელემენტის - კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკის ჯერი დადგა.

„მურსიელაგოს“ შემცვლელის მთავარი თვისება სწორედ ისაა, რომ მისი შასის და ძარის დეტალების უმეტესობა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. სხვათა შორის, კარბონის ბოჭკოთი გამაგრებული პოლიმერის (CFRP) ტექნოლოგიის შემუშავებაში, „ლამბორგინის“ დახმარება „ბოინგის“ სპეციალისტებმა გაუწიეს.

კოკპიტი სხვადასხვა ელემენტებისგანაა შეკრული, თუმცა ისინი ერთმანეთთან იმგვარად შეაერთეს, რომ საბოლოოდ, ერთი მთლიანი მზიდი სისტემა მიიღეს. ამგვარად, მონოკოკს გრეხვისადმი გაზრდილი მედეგობა აქვს, რაც ავტომობილის მანევრულობასა და მართვადობაზე კარგად აისახება. სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიას უკვე დიდი ხანია, ფორმულა 1-ის გუნდები თავიანთი სარბოლი მანქანების წარმოებისას იყენებენ. ამგვარი მონოკოკური (ერთტანიანი) კოკპიტის უპირატესობა ისიცაა, რომ ის მსუბუქიც გამოდის და ენერგოშთანმთქმელ სტრუქტურას ქმნის, რაც ავარიის შემთხვევაში, კინეტიკური ენერგიის დიდ ნაწილს შთანთქავს.

სუპერ ავტომობილის მზიდი ტანი სულ რაღაც 229.5 კილოგრამს იწონის. ამასთან, ძალიან მტკიცეა და გრეხვაზე მისი სიმტკიცე, ყოველი გრადუსით მოტრიალებაზე 35 000 ნიუტონმეტრს აღწევს. მონოკოკზე წინიდან ხისტად მაგრდება წინა საკიდარი, უკნიდან კი (ასევე ხისტად) ძრავი ტრანსმისიასთან და უკანა საკიდართან ერთად.

ცნობისათვის, „ავენტადორი“ 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის ცილინდრებიც ერთმანეთის მიმართ 60 გრადუსითაა დახრილი. ამ ძრავის „სუფთა ფურცლიდან“ შექმნას კომპანიამ სამი წელი მოანდომა. ძრავი 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული, რომლის შემუშავებაშიც, მონაწილეობა კომპანია „გრაცანოს“ სპეციალისტებმაც მიიღეს. ამ ტანდემის დახმარებით, „ავენტადორი“ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.9 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ იქნება.

„ლამბორგინი“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე ჩაატარებს, გაყიდვებს კი შოუს დასრულებისთანავე შეუდგება.