Tuesday, September 1, 2009

”ტოიოტას” ჰიბრიდული ექსპონატები

Toyota Prius plug-in

1 სექტემბერი

ფრანკფურტის მოტორ შოუზე იაპონური ავტოგიგანტი ”ტოიოტა” ორი ჰიბრიდული ავტომობილის წარმოდგენას გეგმავს. მათგან პირველი ჰიბრიდ ”პრიუსის” პლაგ-ინ ვერსიაა, რომელიც ენერგიის მარაგს საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან ივსებს, მეორე კი ჰეჩბეკ ”აურისის” ბაზაზე დამზადებული ჰიბრიდული ვერსიაა, რომელმაც ფასით კონკურენცია ”ჰონდას” პოპულარულ ჰიბრიდ ”ინსაითს” უნდა გაუწიოს.

პლაგ-ინ ”პრიუსის” პროტოტიპი ნიკელ მეტალოჰიდრიდულის ნაცვლად, უფრო ეფექტური, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკითაა აღჭურვილი, რომლებიც უფრო სწრაფადაც იმუხტება და უფრო მეტ ენერგიასაც იტევს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ჩვეულებრივი შტეპსელიდან ამ აკუმულატორების სრულად დამუხტვა საათნახევარში შეიძლება. მხოლოდ ელექტრომოტორით, ასეთი ”პრიუსი” მხოლოდ 15-25 კილომეტრს გადის, შემდეგ კი საქმეში შიდაწვის ძრავი ერთვება, რომლის მუშა მოცულობა 1.8 ლიტრი, სიმძლავრე კი 98 ცხენის ძალაა.

პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი ”პრიუსის” გაყიდვას ”ტოიოტა” ალბათ 2011 წელს დაიწყებს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ”აურისს”, ეს ავტომობილი ”პრიუსის” ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რისი წყალობითაც, ავტომობილის ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 4 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში დაახლოებით 100 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

სავარაუდოდ, ჰიბრიდული ”აურისის” წარმოებას ”ტოიოტა” მერმის, ბრიტანეთში დაიწყებს, ევროპაში ამ ავტომობილის ღირებულება კი ”პრიუსისაზე” (თითქმის 25 000 ევრო ღირს) ნაკლები იქნება.

დაბოლოს, ”ტოიოტა” თავის მყიდველს პირდება, რომ 2020 წელს მისი ყველა მოდელი ჰიბრიდულ სისტემასაც მიიღებს.