Monday, August 10, 2009

”ჯენერალ მოტორსი” ”ტოიოტას” ეწევა

GM vs Toyota

10 აგვისტო

არაა გამორიცხული, რომ ”ჯენერალ მოტორსმა” გაყიდვების მოცულობით კვლავ გადაასწროს ”ტოიოტას” და მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსი დაიბრუნოს. წლის პირველი ექვსი თვის შემდეგ, მათ შორის სხვაობა 12 000-ზე ნაკლებია, ორივეს კი სწრაფად ეწევა ”ფოლკსვაგენი”, რომელმაც მესამე პოზიცია გაიმყარა. მეოთხეზე კორეულმა ”ჰიუნდაი-კიამ” გადაინაცვლა, რომელმაც ”ფორდს” გადაასწრო.

საინტერესოა, რომ ყოველივე გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი კლების ფონზე ხდება. იმ დროს, როდესაც მოწინვე ათეულში შემავალ 9 კომპანიას გაყიდვები შეუმცირდა, კორეული საავტომობილო ჯგუფი ”ჰიუნდაი-კია” ზრდას განაგრძობს, თუმცა ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, რომელიც ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსმა” გამოაქვეყნა, მისი ზრდის მონაცემები შეტანილი არაა.

შარშანდელი პირველი ექვსი თვის მონაცემებთან შედარებით, ”ტოიოტას” გაყიდვები 26 პროცენტითაა შემცირებული, ”ჯენერალ მოტორსისა” კი - 21.8 პროცენტით. თუ შარშან ამ პერიოდში იაპონურ კომპანიას თავის ამერიკელ კონკურენტზე დაახლოებით 274 000 ავტომობილით მეტი ჰქონდა გაყიდული, ახლა მათ შორის სხვაობა 12 000-ზე ნაკლებია.

”ტოიოტას” გაცილებით სწრაფად ”ფოლკსვაგენი” ეწევა, რომელმაც ჩამორჩენა მილიონზე მეტით შეამცირა. ამასთან, გერმანული კონცერნის გაყიდვები 5.1 პროცენტით არის შემცირებული.

მოწინავე ათეულში შემავალი კომპანიებიდან, გაყიდვების ყველაზე დიდი, 30.6-პროცენტიანი ვარდნა ”ფორდს” აქვს. სამაგიეროდ, ის დიდი ამერიკული სამეულის ერთადერთი წევრია, რომელმაც გაკოტრების სიმწარე არ იწვნია. სვათა შორის, ივლისში ”ცისფერმა ოვალმა” გაყიდვები 19 პროცენტით გაზარდა, თუმცა გასაგები მიზეზის გამო, ეს მაჩვენებელი ”ავტომოტივ ნიუსის” ანგარიშში არ შესულა.

გლობალური გაყიდვები (6 თვე 2009)

6 თვე 2009 6 თვე 2008 % სხვაობა

1. ტოიოტა 3 564 105 4 815 442 -26.0%

2. ჯენერალ მოტორსი 3 552 722 4 541 125 -21.8%

3. ფოლკსვაგენი 3 100 300 3 265 200 -5.1%

4. ჰიუნდაი-კია 2 153 000 -

5. ფორდი 2 145 000 3 093 000 -30.6%

6. PSA პეჟო-სიტროენი 1 586 900 1 844 700 -14.0%

7. ჰონდა 1 586 000 2 022 000 -21.6%

8. ნისანი 1 545 976 2 013 611 -23.2%

9. სუზუკი 1 152 000 1 283 000 -10.2%

10. რენო 1 106 989 1 326 164 -16.5%

”ჯენერალ მოტორსი” ავტომობილებს eBay-ზეც გაჰყიდის

GM eBay

10 აგვისტო

ესოშიეიტიდ პრესის ცნობით, ხვალ ”ჯენერალ მოტორსი” თავისი ავტომობილების გაყიდვას ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე დაიწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ინტერნეტით ავტომობილების გაყიდვების სქემა თავიდან მხოლოდ შტატ კალიფორნიის ტერიტორიაზე იმოქმედებს, სადაც გაყიდვებს კომპანიის 225 დილერი მოემსახურება.

ხვალ eBay ორ ქვედომენს გახსნის, რომლებზეც გასაყიდად ”შევროლეს”, ”კადილაკის”, ”ბიუიკისა” და GMC-ს ავტომობილები გამოიფინება. აუქციონის პრინციპი კი ისეთივე იქნება, როგორიც სხვა ინტერნეტ-აუქციონებზეა - მყიდველს შესაძლებლობა ექნება, თანდათან გაზარდოს ავტომობილის ფასი, ან დაუყოვნებლივ გადაიხადოს ექსპრეს ფასი.

გარდა ამისა, ახალ სისტემაში ინტეგრირებულია საანგარიშო, რომელიც ძველი ავტომობილის უტილიზაციის შემთხვევაში, მყიდველს ბონუსს ავტომატურად უანგარიშებს. ცნობისათვის, ამერიკაში ახლა ძალიან პოპულარულია სისტემა ”ქარ ფორ ქლანკერს” (ავტომობილი ჯართის სანაცვლოდ), რომლიც ჩვენში ”ტრეიდ ინ” სახელითაა ცნობილი. ამ სისტემის მიხედვით, მყიდველი ახალ ავტომობილს შეღავათიანი ფასით ყიდულბს, თუ ის იმავდროულად, ნახმარ მანქანას ჩააბარებს.

კომპანია ”eBay მოტორსის” ვიცე პრეზიდენტ რობ ჩესნის განცხადებით, ინტერნეტით ”ჯენერალ მოტორსის” ავტომობილების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტია და თუ ის გაამართლებს, ამავე მეთოდით ავტომობილების გაყიდვა მალე სხვა შტატებშიც დაიწყება.

”ვოლვო” C30-ის ბაზაზე ელექტრომობილს ამზადებს

Volvo C30 EV

10 აგვისტო


ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედური კომპანია ”ვოლვო”, რომელიც ჯერ კიდევ ”ფორდს” ხელშია, თუმცა მალე შეიძლება ჩინელებმა შეიძინონ, ჰეჩბეკ C30-ის ბაზაზე ეელქტრომობილს ამზადებს, რომელსაც საზოგადოებას პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუს შემდეგ, გამოფენა ”ინოვეიშნ ფორ ლაიფზე” წარადგენს.

შვედური კომპანიის სტენდზე დადგება ტესტებისთვის გამზადებული ავტომობილი, რომლის შესახებაც, ჯერჯერობით დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ”აუტოქარის” ცნობით, ჯერჯერობით ”ვოლვოს” გადაწყვეტილი არ აქვს ამ ელექტრომობილის წარმოება. შესაბამის გადაწყვეტილებას კომპანიის ხელმძღვანელობა სატესტო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებს. სავარაუდოდ, თუ ელექტრომობილის პროექტს მწვანე შუქს აუნთებენ, ის კონვეიერზე 2012 წელს დადგება.

”ვოლვოს” ახალი ელექტრომობილის შესაძლებლობების შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა, მისი წინამორბედის - ჰიბრიდული ”ვოლვო C30 რიჩეირჯის” (სურათზე) მიხედვით შეიძლება, რომელიც კომპანიამ ორი წლის წინ, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა. იმ ავტომობილის ჰიბრიდულ დანადგარში 1.6-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი შედის, რომელსაც ბიოეთანოლზე მუშაობა შეუძლია. ოთხივე ბორბალში კი თითო ელექტროძრავია ჩამონტაჟებული. შვედური კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, ”C30 რიჩეირჯს” 100 კილომეტრის გავლა შეუძლია...