Tuesday, May 31, 2011

„ჰიუნდაი სანტა ფე“ ავსტრალიაში საუკეთესოა თავის კლასში

Hyundai Santa Fe Named Best Medium AWD SUV in Australia

31 მაისი

უგზოობის ავტომობილებზე სპეციალიზებულმა ავსტრალიურმა ჟურნალმა „ოზი როუმერ 4WD & SUV გაიდმა“, წლის საუკეთესო ავტომობილების კონკურსში, საშუალო ზომის უგზოობის სრულამძრავიან ავტომობილებს შორის, საუკეთესოდ R-სერიის „ჰიუნდაი სანტა ფე“ დაასახელა. კორეულმა ავტომობილმა, ტექნიკური მახასიათებლების, პრაქტიკულობის, ფასის შესაფერისი ღირებულების და დანიშნულების შეფასებით, მაქსიმალური ქულები მოაგროვა.

„ამ ავტომობილის შესაძლებლობებმა გამაოცა. ის ისეთ ძლიერ კონკურენტებთან ერთად გამოვცადეთ, როგორებიცაა „დისქავერი“ და „პრადო“ და საბოლოოდ, „სანტა ფე“ უკეთესად მივიჩნიეთ. მოკლედ, ეს ძალიან კარგი ავტომობილია. ის ტრეილერების ბუქსირისთვისაც გამოვიყენეთ, თინეიჯერებით გავავსეთ, პლიაჟზე, ტყესა დაღრეში ვიარეთ და ერთხელაც არ უმტყუნია“, - ამბობს ჟურნალის რედაქტორი რობ ფრეიზერი.

R-სერიის „ჰიუნდაი სანტა ფე“ აღჭურვილია მძლავრი და იმავდროულად, ეკონომიური 2.2-ლიტრიანი R-სერიის ტურბო დიზელის ძრავით, რომელთანაც 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელშიც საფეხურების გადართვას სისტემა „სელექტრონიკი“ უზრუნველყოფს. ძრავი მაქსიმუმ 195 ცხენის ძალას და 436 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალური მომენტი, დაბალ (1 800-2 500 ბრ/წთ-ზე) ბრუნთა რიცხვებზევე მიიღწევა. სწორედ ეს ანიჭებს მას დიდი გამავლობის უნარს.

„სანტა ფეს“ საბაზო კომპლექტაცია მოიცავს უსაფრთხოების სისტემების პაკეტს, რომელშიც უსაფრთხების პასიური და აქტიური საშუალებები შედის. მათი წყალობით კი, ავტომობილმა ამ კუთხით, ავსტრალიური ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის: სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC), რომელიც მოიცავს „ჰიუნდაის“ მიერ შემუშავებულ ტრექშნ კონტროლს (TCS), წინა სავარძლების აირბალიშები, ასევე წინა სავარძლების ორმაგი გვერდითი აირბალიშები, და წინა და უკანა სავარძლების გვერდითი ფარდები (რომლებიც სავარძლების მესამე რიგის არსებობის შემთხვევაში, დაგრძელდება), ასევე გადაყირავების სენსორები.

„ლოტუსი“ „ტოიოტას“ ეპრანჭება

Lotus Fancies Toyota

31 მაისი

ორიოდ კვირის წინ, „ლოტუსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დანი ბაჰარმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ მის კომპანიას, რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების დასაწყებად, ფული არ ჰყოფნის. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ ფინანსურ კრიზისს განიცდის მალაიზიური „პროტონი“, რომლის ჯგუფშიც „ლოტუსი“ შედის. და თუ ახალი ავტომობილის წარმოებას ვერ დაიწყებს, „ლოტუსს“ შეუძლია, აღორძინებაზე ოცნებას დაემშვიდობოს.

და იმისათვის, რომ თავისი კომპანია ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს, ბაჰარმა სასწრაფოდ უნდა შეძლოს დაფინანსების ახალი წყაროს მოძებნა. და როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად, მას „პროტონთან“ დაშორება მიაჩნია და ამაზე დაუფარავადაც კი ლაპარაკობს - სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ავტოინდუსტრიის რომელიმე დიდ მოთამაშესთან შეამხანაგებულს ნახავთო, უფრო დიდთან, ვიდრე „პროტონიაო“...

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ბაჰარის თანამდებობის კაცი ასეთ რამეს ისე არ იტყვის, შესაფერისი ზურგი რომ არ ჰქონდეს. პატარა, ან გაჭირვებაში ჩავარდნილი კომპანიების გადაყლაპვის გაზრდილი მადით დღეს „ფოლკსვაგენი“, „ფიატი“ და „რენო-ნისანი“ გამოირჩევიან. ამათგან „ფოლკსვაგენისთვის“ უფრო აქტუალური, „პორშეს“ შთანთქმის პროცესის ბოლომდე მიყვანაა, „ფიატი“ „კრაისლერის“ გამოსყიდვითაა დაკავებული და ასეც რომ არ იყოს, „ფერარის“ პატრონს, მარანელოელთა ძველი კონკურენტი „ლოტუსი“ რაში სჭირდება. ყველაზე რეალურ პოტენციურ მფარველად თითქოს, „რენო-ნისანი“ მოჩანს. მითუმეტეს, ფრანგულ და ინგლისურ კომპანიებს ერთმანეთთან ფორმულა ერთში თანამშრომლობაც აკავშირებს...

მაგრამ ინტერნეტით სულ სხვა ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, „ლოტუსს“ „ტოიოტა“ შეიფარებს. სწორედ იაპონური კომპანიის ძრავებითაა აღჭურვილი „ლოტუსის“ ავტომობილები და ბუნებრივია, ამ „ლოტუსისთვის“ ყველაზე ხელსაყრელი სწორედ „ტოიოტასთან“ დაახლოება უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ამაზე თვითონ ბაჰარიც ლაპარაკობს.

„ლოტუსის“ უახლოეს გეგმებში, წლიურად 8 000 ავტომობილის გაყიდვაა. ამისათვის, კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს და სწორედ ამისთვის სჭირდება ძლიერი პარტნიორი. „ტოიოტა“ ამბიციური კომპანიაა და ძნელი წარმოსადგენია, უარი თქვას „ფერარისთან“ და „პორშესთან“ კონკურენციის რეალურ შანსზე. თანაც, „ლოტუსს“ რამდენიმე პერსპექტიული ტექნოლოგიური სიახლე აქვს შემუშავებული (მათ შორის, ჰიბრიდულიც), რომლებიც „ტოიოტასთვის“ ასევე ხელში ჩავარდნილი განძი შეიძლება გახდეს, რომელსაც კონკურენტებთან ჭიდილში გამოიყენებს...

თუმცა, ეს ჯერ მაინც მხოლოდ ვარაუდებია - ბაჰარს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ამბობენ, ამას მალე იზამს და უფრო მეტიც, „ტოიოტას“ „ლოტუსზე“ სრულ კონტროლს შესთავაზებს...

კონცეპცია „ელექტროდაინემიქსი“ - ბრენდის გარეშე და მხოლოდ გარეგნობით

Electrodynamics Concept, No Brand, Just Looks

31 მაისი

ის ფაქტი, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის ავტორი, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „პაგანის“ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერი ანტონიო ბრუნოა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილს „პაგანი“ გამოუშვებს. უბრალოდ, მან თავისუფალ თემაზე წაიმუშავა, რომლის შედეგად შექმნილ კონცეპციასაც სახელად „ელექტროდაინემიქსი“ უწოდა.

სახელიდანაც ჩანს - ავტომობილის კონცეპციაში მთავარი მისი ელექტრული ამძრავი სისტემა და აეროდინამიკაა. პირველი თანამედროვე ავტობაზრის ყველაზე გამოკვეთილი ტენდენციაა, მეორე კი - გზა იმისა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენს ხელთ არსებული ენერგიის ეკონომიურად გამოყენებას.

დღეს ელექტრომობილები თვალსა და ხელს შუა შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. და ამ პროცესში, ლითიუმ-იონური აკუმულატორების მახასიათებლებთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ავტომოყვარულები ხშირად ინტერესდებიან, რა მომავალი ელის V10 და V12 ძრავებს, რომლებსაც სუპერ ავტომობილებში იყენებენ? ფაუძლებენ თუ არა ასეთი აგრეგატები, ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაციას? და რას მოუტანს ეს პროცესი სპორტული სუპერ ავტომობილების კლასს? საერთოდ, გადარჩება-კი ეს კლასი?

ამის თქმა დღეს ძნელია. ალბათ, დადგება დრო, როდესაც შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ისეთივე იშვიათობა გახდება, როგორიც დღეს ელექტრომობილია. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პასუხს დრო მოიტანს. სამაგიეროდ, აქტუალურია ელექტრომობილების სვლის სიშორის, სიძვირის და აკუმულატორების სამუშაო რესურსის საკითხები. იმავდროულად, ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის, იქმნება კონცეპტუალური ავტომობილები, რომლებიც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა.

ანტონიო ბრუნოს ნამუშევარი სწორედ იმის მცდელობაა, რომ წარმოგვიდგინოს თავისი ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის სუპერ ელექტრომობილი. იქნებ, ეს ხედვა ოდესმე „პაგანიმაც“ გამოიყენოს. თუმცა, სანამ ასე მოხდება, „ელექტროდაინემიქსი“ გავიცნოთ.

ჯერ მის გარეგნობაზე შევჩერდეთ: „პაგანის“ სტილისტისგან ცოტა უცნაურია, რომ კონცეპტუალური ავტომობილი თავისი აგრესიული იერით არ გვაოცებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მასში გარკვეული ხიბლი მაინცაა. და ამ ხიბლს, გლუვი, გაწონასწორებული, რაც მთავარია, აეროდინამიკურად „მართებული“ ფორმები წარმოქმნის. დიზაინში ყველაფერი ფუნქციურობას ექვემდებარება. ეს ფუნქცია კის ისაა, რომ ავტომობილმა, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია მოიხმაროს. ამაში კი მას ძარისა და შასის შექმნისას გამოყენებული მსუბუქი მასალები დაეხმარება.

რაც შეეხება ამძრავ სისტემას, მასში ოთხი, შედარებით პატარა ელექტროძრავი შედის (უნდა შევიდეს), რომლებიც თითო (საკუთარ) ბორბალს ემსახურებიან. რამდენადაც ეს მხოლოდ ვიზუალური კონცეპციაა, უფრო მეტს მისი ავტორი ტექნიკაზე არ ამბობს. რამდენადაც ის „პაგანის“ თანამშრომელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომობილს კარგი დინამიკური მახასიათებლები ექნება.

Monday, May 30, 2011

„მოტორ ტრენდის“ ჩემპიონი კომპაქტურ სედანებში - „ჰიუნდაი ელანტრა“

Motor Trend crowns new compact sedan king in eight-way comparo

30 მაისი

კრიზისის შემდეგ, ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს, ფინანსურად მოძლიერებულ მყიდველი ახალი პროდუქტით მოხიბლოს, რაც მისი კეთილდღეობის საწინდარი იქნება. ამერიკულმა პოპულარულმა გამოცემა „მოტორ ტრენდმა“ საინტერესო კონკურსი ჩაატარა, რომლის მიზანიც, ამერიკის ბაზრის რვა კომპაქტური სედანის ზოგადი შედარება იყო.

ჟურნალმა ჯერ ყველაზე გაყიდვადი სამი იაპონური კომპაქტური სედანი შეარჩია, რომელთა შორისაც მოხვდა „ტოიოტა კოროლა“, „ჰონდა სივიკი“ და „მაზდა3“. შარშან ამ სამი ავტომობილის გაყიდვების ჯამური მოცულობა 700 000 იყო. ამათ შეუერთდა ამავე სეგმენტის ორი ამერიკული ბესტსელერი - „ფორდ ფოკუსი“ და „შევროლე კრუზი“. კორეიდან ამქარს „კია ფორტე“ და „ჰიუნდაი ელანტრა“ შეუერთდა, ევროპის „ღირსება“ კი „ფოლკსვაგენ ჯეტამ“ დაიცვა.

რამდენადაც შესაძლებელი იყო, „მოტორ ტრენდმა“ ისეთი ავტომობილები შეარჩია, რომლებიც ბეცრი რამით ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, ყველას წამყვანი წინა ბორბლები აქვს, აღჭურვილია ოთხცილინდრიანი ძრავით და ავტომატური კოლოფით, ასევე ალუმინის ბორბლებით და სტაბილურობის კონტროლით. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველას ფასი 20 000-დოლარიან ზღვარს ქვემოთაა. მაგრამ ამდენი მსგავსების მიუხედავად, ყველა ავტომობილი აღჭურვის სხვადასხვა საბაზისო დონით გამოირჩევა, რაც მათ ამათუიმ კრიტერიუმში უპირატესობას ანიჭებს.

საბოლოოდ, გამარჯვებულად უახლესი „ჰიუნდაი ელანტრა“ დასახელდა, რომელიც ახალი, ელეგანტური გარეგნობით, ეკონომიურობით, ეკოლოგიურობით და საბაზო აღჭურვის მრავალფეროვნბით გამოირჩევა. ამასთან, მყიდველს ხელმისაწვდომი ფასითაც ხიბლავს.

მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: ჰონდა სივიკ EX, მაზდა3 ტურინგ, ფოლკსვაგენ ჯეტა TDI, ფორდ ფოკუს ტიტანიუმი, შევროლე კრუზ LTZ RS, კია ფორტე EX და ტოიოტა კოროლა.

Saturday, May 28, 2011

„ტესლა“ ელექტრული ქროსოვერის კონცეპციას ამზადებს

Tesla to Reveal Model X Crossover Concept

28 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებელ კალიფორნიულ კომპანია „ტესლას“ ჯერ სედანის წარმოება არ დაუწყია და უკვე გვპირდება, რომ მალე მყიდველს ელექტრულ ქროსოვერსაც შესთავაზებს. ამ ავტომობილს სახელად „მოდელ X-ს“ დაარქმევენ და მის პროტოტიპს მწარმოებელი ამ წლის ბოლოს გვიჩვენებს.

თუმცა, ამ ავტომობილის შესამუშავებლად, „ტესლას“ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც საფონდო ბაზარზე დამატებით 5.3 მილიონი აქციის გამოშვებას გეგმავს. პარალელურად, სედან „მოდელ S-ის“ წამოების დაწყებასთან ერთად, კომპანია თავის პოპულარული როდსტერის წარმოებას შეწყვეტს, რომელიც „ლოტუს ელისის“ ბაზაზეა დამზადებული.

„ჩვენ შევქმნით ქროსოვერს, რომელშიც უგზოობის ავტომობილის გამავლობა და მინივენის კომფორტი იქნება შეხამებული. სედანის და ქროსოვერისთვის კი იმავე ტექნოლოგიას გამოვიყენებთ, რომელიც როდსტერისთვის შევიმუშავეთ. ეს ტექნოლოგია იმდენად წარმატებულია, რომ მას „დაიმლერი“ და „ტოიოტა“ ყიდულობენ“, - ნათქვამია „ტესლას“ განცხადებაში.

სავარაუდოდ, სედანის წარმოება მერმისს დაიწყება, ქროსოვერი კი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება. მაგრამ ბევრი თვლის, რომ როდსტერის წარმოების შეჩერება შეცდომაა, რადგან ეს ავტომობილი საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ასეც რომ არ იყოს, სედანის წარმოების დაწყებამდე, კომპანიას წარმოება შეჩერებული უნდა ჰქონდეს.

„ჰიუნდაიმ“ ევროპაში გაყიდვების 5-მილიონიანი ზღვარი გადალახა

Hyundai Sales Hit Five Million Mark in Europe

28 მაისი

ჰიუნდაი i30
..............................

34 წელი გავიდა მას შემდგ, რაც „ჰიუნდაიმ“ ევროპაში პირველი ავტომობილი - „პონი“ შეიტანა და მას შემდეგ, ძველ კონტინენტზე უკვე 5 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. თავიდან კორეულ კომპანიას ევროპაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. სამაგიეროდ, ახლა მთელს მსოფლიოში ყველაზე მზარდი ავტომწარმოებელია. „ჰიუნდაის“ მეხუთმილიონე ევროპული ავტომობილი, ჰეჩბეკი i30 გახდა, ავტომობილი, რომლის დებიუტიც ოთხი წლის წინ შედგა და მას შემდეგ, დაახლოებით 320 000 ცალია გაყიდული.

თუ თავიდან ევროპელები კორეულ ავტომობილებს ალმაცერად უყურებდნენ (როგორც ახლა ჩინურებს უყურებენ), ბოლო წლებში, „ჰიუნდაის“ ავტორიტეტი და შესაბამისად აქტივობაც, საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. ევროპაში ბიზნესის დაწყებიდან აქამდ გაყიდული 5 მილიონიდან, ბოლო მილიონის რეალიზებას სამი წელი დასჭირდა.

ჰიუნდაი პონი

..............................

აღსანიშნავია, რომ ბოლო 27 თვის განმავლობაში, „ჰიუნდაი“ ყოველთვის სჯობს ევროპულის მთლიანი ბაზრის ტრენდის მონაცემებს. უფრო მეტიც, გლობალური კრიზისის პერიოდშიც, როცა ევროპაში გაყიდვები შემცირდა, კორეული კომპანია მაინც აუმჯობესებდა თავის ბიზნესს.

საინტერესოა, რომ მეხუთმილიონე ავტომობილი i30 გახდა, „ჰიუნდაის“ ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომელიც ევროპელი მყიდველის გემოვნებს და სურვილების შესაბამისად შეიქმნა. გარდა ამისა, ეს პირველი ავტომობილია, რომელსაც სახელწოდებაში პრეფიქსი i აქვს. მას მალე მოჰყვა i10 და i20, რომლებიც ევროპაში ასევე პოპულარულია. შემდგ მათ მოჰყვა კომპაქტური მინივენი ix20 და უგზოობის ix35. ამ პრეფიქსით გამოშვებული ყველა ავტომობილის საერთო დევიზია: „ახლებური აზროვნება, ახალი შესაძლებლობები“. სულ ახლახანს, ევროპაში ამავე ინდექსით კიდევ ერთი ავტომობილი - i40 გამოჩნდა, რომელზეც კორეული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს.

„ხუთი მილიონი ავტომობილის გაყიდვა ჩვენი კომპანიისთვის დიდი მიღწევაა, რომლითაც „ჰიუნდაი“ მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გაყიდვების ზრდას კვლავაც ვაპირებთ და ევროპის ბაზრის 3 პროცენტს დავეუფლებით. ამასთან, ავტომობილების ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესების წყალობით, მოპოვებულ პოზიციებს შემდგომშიც გავიმყარებთ. ეს კი დაგვეხმარება იმაში, რომ შემდეგი ხუთი მილიონი ავტომობილი გაცილებით სწრაფად გავყიდოთ“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და ოპერაციების მთავარო მოხელე ალან რაშფორტი.

Friday, May 27, 2011

„ჰიუნდაი ელანტრამ“ უსაფრთხოების უმაღლესი შეფასება მიიღო

2011 Hyundai Elantra Awarded Top Safety Pick by IIHS

27 მაისი


აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) 13 ახალი მანქანის ქრეშ ტესტები ჩაუტარა, რომელთაგან ექვსმა უმაღლესი შეფასება - ტოპ სეიფტი პიკ დაიმსახურა. მათ შორისაა „ჰიუნდაის“ უახლესი „ელანტრა“, რომელმაც ყველა კატეგორიაში - წინიდან, გვერდიდან, უკნიდან შეჯახებაში, ასევე გადაყირავებაში უმაღლესი შეფასება, „კარგი“ მიიღო. გარდა ამისა, ამ ავტომობილის საბაზო კომპლექტაციაში სტაბილურობის ელექტრონული კონტროლიც (ESC) შედის.

„ის ფაქტი, რომ „ელანტრამ“ ჩვენი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ამ ავტომობილის უსაფრთხოების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების დასტურია. ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ინტერიერს, წინა მხრიდან შეჯახებისას, ენერგოშთანმთქმელი ზონა იცავს. გარდა ამისა, სალონი სიმტკიცით გამოირჩევა და განსაკუთრებით ძლიერია მისი სახურავი, რომელიც გადაყირავების შემთხვევაში, მგზავრებს კარგად დაიცავს“, - ამბობს IIHS-ს უფროსი მკვლევარი დევიდ ზაბი.

ახალი „ელანტრას: საბაზო აღჭურვილობაში შედის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ისეთი სისტემები, როგორებიცაა: მანქანის სტაბილურობის მართვა (VSM - ვიიქლ სტაბილიტი მენიჯმენტ), რომელიც მართავს ESC-ს (ელექტრიკ სტაბილიტი კონტროლ) და საჭის მოტორიან ელექტროგამაძლიერებელს (MDPS - მოტორ დრაივენ პაუა სტიარინგ). გარდა ამისა, უსაფრთხოებას ემსახურება ექვსი აირბალიში, მათგან ორმაგი წინა, წინა სავარძლების გვერდითა, წინა და უკანა გვერდითა დამცავი ფარდები.

გარდა ამისა, „ელანტრას“ აღჭურვილობაში შედის უახლესი კონსტრუქციის სამუხრუჭე სისტემა, რომელშიც შედის ოთხივე ბორბლის დისკური მუხრუჭები, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS), ასევე მუხრუჭების დამხმარე სისტემა „ბრეიკ ესისტ“, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როდესაც ინტენსიური დამუხრუჭებაა საჭირო. სისტემა თვითონ ადგენს, როდისაა საჭირო მისი ჩართვა და ამის შემდეგ, ოთხივე ბორბალს მაქსიმალურ სამუხრუჭე ძალით უზრუნველყოფს. მუხრუჭების ეფექტურ მუშაობას ემსახურება ასევე სამუხრუჭე ძალის გამანაწილებელი ელექტრონული სისტემა (EBD - ელექტრონიკ ბრეიკ-ფორს დისტრიბიუშნ), რომელიც სამუხრუჭე ძალას წინა და უკანა ღერძებს შორის, მათი დატვირთვის ხარისხის შესაბამისად ანაწილებს.

„ჩვენი კომპანია ინტენსიურად ითვისებს სიცოცხლის დამცავ უახლეს ტექნოლოგიებს და მათ თავის ახალ ავტომობილებში ნერგავს. და ამ მხრივ, არც ახალი „ელანტრაა“ გამონაკლისი. ამ ავტომობილმა უკვე დაამტკიცა, რომ კომპაქტური ავტომობილები არამხოლოდ ეკონომიურები შეიძლება იყოს, არამედ შესაშური უსაფრთხოებითაც გამოირჩეოდნენ“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ პროდუქციისა და კორპორატიული დაგეგმარების დივიზიონის ვიცე პრეზიდენტი მაიკ ო’ბრაიენი.

„ჯოსს JP1“ - ავსტრალიური სუპერ ავტომობილი

JOSS JP1, the Supercar from Down Under

27 მაისი

შვიდი წლის წინ, მელბურნის საავტომობილო გამოფენაზე, პატარა ავსტრალიურმა კომპანია „ჯოსს დეველოპმენტმა“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი წარადგინა, რომელმაც შესანიშნავი გამოხმაურება მიიღო. კონცეპციის ავტორი მაშინ იქადნიდა, რომ ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას მალე შეუდგებოდა. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ამისთვის მზადაც იყო, მაგრამ საჭირო ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა.

მაგრამ შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში, „ჯოსს-ის“ ხელმძღვანელობას ხელები არ ჩამოუშვია და ბევრი გაწბილების მიუხედავად, თავისას მიაღწია. და ახლა გვპირდება, რომ იმ კონცეპტუალური მოდელის სატესტო პროტოტიპს, იმავე მელბურნის გამოფენაზე წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოფენაზევე შესაძლებელი იქნება სერიული ავტომობილის მაკეტის ხილვა, რომელსაც აეროდინამიკურ მილში ტესტირებისთვის გამოიყენებენ.

ავტომობილს სპორტული სუპერ ავტომობილებისთვის დამახასიათებელი შეთანწყობა აქვს - წამყვანი უკანა ბორბლებია, ძრავი კი ბაზაშია მოთავსებული. მზიდი მონკოკი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, ძარის დეტალებისთვის კი, კარბონის გარდა, კევლარის ბოჭკოცაა გამოყენებული.
რაც შეეხება ძრავს, ეს იქნება მთლიანად ალუმინის V8 (მწარმოებელი და ლიტრაჟი უცნობია), რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებში ავითარებს, დრეგსტერების კლასიკურ დისტანციას (402 მეტრი) დაახლოებით 11 წამში გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.

რაც შეეხება სატესტო ავტომობილს, რომელიც გამოცდებისთვის უკვე მზადაა, ის 6.8-ლიტრიანი V8 ალუმინის აგრეგატითაა აღჭურვილი. ეს ძრავი 440 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი „პორშეს“ წარმოების 500-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ აგრეგატებით, 940-კილოგრამიანი ავტომობილის მონაცემები ოდნავ უარესია.

„რამდენიმე წლის წინ, მელბურნის გამოფენაზე, საზოგადოებამ ჩვენი ავტომობილი ძალიან მოიწონა, მაგრამ საავტომობილო ბიზნესი ძალიან რთულია. მას შემდგ, ჩვენი კომპანია ინვესტორების ძიებაში იყო და როგორც იქნა, საწადელს მივაღწიეთ. ახლა მიმწოდებლებიც შერჩეული გვყავს, პერსონალიც დაკომპლექტებული და მალე წარმოებასაც შევუდგებით“, - ამბობს „ჯოსს დეველოპმენტის“ ტექნიკური დირექტორი მეტ ტომასი.

ავსტრალიის ბაზარზე „ჯოსს JP1-ის“ სავარაუდო ფასი 500 000 ავსტრალიური დოლარი იქნება, რაც დაახლოებით 530 000 ამერიკული დოლარისა და თითქმის 375 000 ევროს ტოლფასია.

Thursday, May 26, 2011

„ნისანი“ ლონდონში ელექტრომობილების მყიდველებს უფასო ენერგიას პირდება

Nissan Offers Free Power to LEAF Drivers in London

26 მაისი

ლონდონის მერი ბორის ჯონსონი, „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფის“ მყიდველს სიურპრიზს პირდება: ის, ვინც ამ ავტომობილს შეიძენს, ერთი წლის განმავლობაში, უფასო ელექტროენერგიით (რა თქმა უნდა, მხოლოდ ავტომობილის საჭიროებისთვის) ისარგებლებს.

„ნისან ლიფი“ ბრიტანულ ბაზარზე მარტში გამოჩნდა. ამ ავტომობილის სვლის სიშორე მხოლოდ 180 კილომეტრია (ახალი ევროპული სტანდარტით). ავტომობილი აღჭურვილია კლიმატ კონტროლით, სატელიტური სანავიგაციო სისტემით, უკანა ხედვის პარკინგის კამერით, სწრაფად დამმუხტავი ფოსოთი და სმარტ-ფონის ინოვაციური კავშირით.

გარდა ამისა, მძღოლის განკარგულებაშია საინფორმაციო და ტელემეტრიული სისტემები, რომლებიც მისთვის ავტომობილის მუშაობის ყველანაირ ინფორმაციას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. ასე მას შეუძლია იცოდეს, თუ რა რაოდენობის ენერგია დარჩა აკუმულატორში, რამდენს გაივლის ამ ენერგიით, სად შეიძლება შეივსოს ენერგიის მარაგი და სხვა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალაქის მერის გადაწყვეტილებას, პროპაგანდა გაუწიოს ნულოვანი ნახშირბადოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს. ჩვენი მხრივ, ლონდონსა და მის შემოგარენში, გასამართი წერტილების შესახებ ინფორმაციას, „ნისან ლიფის“ მყიდველებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომს გავხდით“, - ამბობს „ნისანის“ ბრიტანული შტოს მმართველი დირექტორი პოლ უილკოქსი.

„მე მინდა, რომ ლონდონში ელექტრომობილების სწრაფ გავრცელებას შევუწყო ხელი და ელექტრომობილების რაოდენობის მხრივ, ჩვენი ქალაქი ევროპის ლიდერად ვაქციო. ისედაც, სულ უფრო მეტი მყიდველი არჩევს სუფთა, ელექტრულ ტრანსპორტს, ჩვენი შეთავაზების გამო კი ასეთ არჩევანს უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს. ამით კი ჩვენი ქალაქი მოიგებს, რომლის გარემოც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - ამბობს ბორის ჯონსონი.

„ჰიუნდაი-კია“ მალე ამერიკაში მესამე უდიდესი გახდება

Hyundai-Kia will surge past Honda and Toyota in May

26 მაისი

ვერც საწვავის ფასების ზრდა, ვერც გლობალური ეკონომიკური კრიზის და ვერც სხვა კატაკლიზმები, „ჰიუნდაის“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ ვერ აფერხებს. გაგანია კრიზისის დროს, კორეული საავტომობილო გიგანტი, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა, ახლა კი, ამერიკის ბაზარზე, მაისში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. და უკან თვით „ტოიოტაც“ კი ჩამოიტოვა, კომპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, „ჯენერალ მოტორსის“ ლიდერობასაც (აშშ-ში) კი ემუქებოდა.

ავტოინდუსტრიის ანალიტიკაზე სპეციალიზებული ვებ-გვერდი „ტრუქარ“ გვამცნობს, რომ მაისის გაყიდვების მიხედვით, „ჰიუნდაი“ „ტოიოტას“ და „ჰონდას“ სჯობნის. ვებგვერდის მონაცემებით, კორეელები მაისში 115 000-ზე მეტ ავტომობილს გაჰყიდიან, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 43.4-პროცენტიანი ზრდა იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ „ჰიუნდა-კიას“ წყვილი აშშ-ის ბაზრის 10.9 პროცენტს დაიკავებენ. ამაზე მეტი წილი კი „ფორდს“ და „ჯენერალ მოტორსს“ ეკუთვნით.

ვებგვერდის ანალიტიკოსი ჯესი ტოპრაკი წერს, რომ „ჰიუნდაი-კიას“ დაწინაურებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ იაპონელებს მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, გაყიდვები შეუმცირდათ. გარდა ამისა, მათ წამახალისებელი სამარკეტინგო საქმიანობაც შეჩერებული აქვთ. ტოპრაკის თქმით, კორეულ გიგანტს გაუმართლა იმ მხრივ, რომ „ტოიოტა“ და „ჰონდა“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კორეელები „გამოთავისუფლებულ“ მყიდველს ზუსტად ისეთ პროდუქტს სთავაზობენ, როგორის შეძენაც მათ სურთ.

იმავე ვებგვერდის მიერ მოპოვებული მონაცემებით, „ჰონდას“ მაისის გაყიდვები დაახლოებით 20 პროცენტით, 92 000-მდე შემცირდება, „ტოიოტასი“ კი - 32 პროცენტით, ანუ 109 000-მდე. მაისის მონაცემებით, გასაშუალოებული წლიური გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე 11.9 მილიონს მიაღწევს, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.6) მეტია, თუმცა გაცილებით ნაკლებია აპრილის გასაშუალოებულ მაჩვენებელზე (13.2 მილიონი).

ტოპრაკი თვლის, რომ იაპონური კომპანიების გასაჭირი კვლავაც გაგრძელდება, თუმცა ივნისში ისინი შეძლებენ შეკვეტების უკეთ დაკმაყოფილებას და სავარაუდოდ, გაყიდვებიც გაეზრდებათ, თუმცა დაკარგული პოზიციების დაბრუნება მაინც ძალიან გაუჭირდებათ. და თუ იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ „ჰიუნდაი“ თავის მყიდველებში ლიოალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სავარაუდოა, რომ იაპონური კომპანიებიდან წამოსულ მყიდველთა უმეტესობა, შემდეგ ავტომობილსაც კორეული კომპანიისგან შეიძენს...

„ვოლვო“ რევოლუციურ მქნევარიან კერს-ს ქმნის

Volvo Working on Revolutionary Flywheel KERS

26 მაისი

შვედური საავტომობილო კომპანია „ვოლვო“ ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეს ამზადებს. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება იმ განცხადების მიხედვით, რომელიც კომპანიამ გაავრცელა. ლაპარაკია უახლეს, მქნევარიან კერს-ზე )კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა), რომლის წყალობითაც, ოთხცილინდრიან ძრავს ექვსცილინდრიანის ძალის გამომუშავება შეუძლია და იმავდროულად, საწვავის ხარჯს 20 პროცენტით ამცირებს.

თავისი ინოვაციის სრულყოფისა და ტესტირებისთვის, „ვოლვომ“ შვედეთის ენერგეტიკის სააგენტოსგან მილიონი დოლარი მიიღო. ჩატარებული სამუშაოს შედეგად შეიქმნა ახალი ტიპის კერს-ი, რომლის ტესტირებაც შემოდგომაზე დაიწყება, შემდეგ კი მას სერიულად გამოუშვებენ.

მაგრამ რა არის რევოლუციური სისტემაში, რომლის მსგავსიც, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ფორმულა ერთის ბრიტანულმა გუნდმა „უილიამსმა“ შეიმუშავა? სხვათა შორის, „უილიამსმა“ მის გამოყენებაზე მალე უარი თქვა და მიმდინარე სეზონში, ენერგიის დასაგროვებლად, ისიც აკუმულატორებს იყენებს.

„ვოლვო“ კი თავისი სისტემის მუშაობის პრინციპს მარტივად განმარტავს: სისტემა წამყვან ღერძზე ზის, მისი მქნევარას ბრუნთა რიცხვი კი წუთში 60 000-ს აღწევს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მანქანა ნელდება. როგორც კი მრბოლი მუხრუჭებიდან ფეხს აიღებს და აჩქარებას დაიწყებს, მქნევარა დაგროვილ ენერგიას წამყვან ღერძს უბრუნებს, რისთვისაც სპეციალურ სატრანსმისიო კვანძს იყენებს.

დამუხრუჭების პროცესში, შიდაწვის ძრავა გათიშულია, კერს-ში დაგროვილი ენერგია კი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ეს ძრავა მცირე ხნით გამორთული მაშინაც იყოს, როდესაც მანქანა აჩქარებას დაიწყებს. კერს-ის დახმარებით, ავტომობილი დაბალის სიჩქარით მოძრაობას, შიდაწვის აგრეგატის გარეშე შეძლებს. დროის მცირე მონაკვეთებში, კერს-ს ავტომობილისთვის დამატებით 80 ცხენის ძალის მინიჭება შეუძლია, საწვავის მოხმარებას კი, სისტემა სტარტ-სტოპთან ერთად, 20 პროცენტით ამცირებს.

„ჩვენი მიზანი ისეთი კომპლექსური სისტემის შემუშავებაა, რომელიც კინეტიკური ენერგიის მაქსიმალური რეგენერაციის საშუალებას მოგვცემს. მალე ამ სისტემას ჩვენს სატესტო ავტომობილზე დავამონტაჟებთ და მის ტესტირებას შევუდგებით. ამ ტექნოლოგიას, საწვავის მოხმარების თითქმის 20 პროცენტით შემცირების პოტენციალი აქვს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლის განკარგულებაში დამატებითი ცხენის ძალებია, რისი წყალობითაც, ოთხცილინდრიანი ძრავი ისეთივე სიმძლავრეს იძლევა, რამდენსაც ექვსცილინდრიანი მოგვცემდა“, - ამბობს „ვოლვოს“ ძრავების საინჟინრო განყოფილების ვიცე პრეზიდენტი, დერეკ ქრაბი.

SIM-LEI - ერთი დამუხტვით 320 კილომეტრი

SIM-LEI EV, 200 Miles on a Single Charge by 2013

25 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს სვლის სიშორეა. ანუ, შედარებით მცირე სიშორე. ეს ის ფაქტორია, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელს უშლის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აკუმულატორების სრულად დამუხტვის დროის შემცირებას და თვითონ აკუმულატორების ფასს. თუმცა მთავარი ხელის შემშლელი მაინც სვლის შედარებით მცირე სიშორეა.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბაზარზე ელექტრომობილების დამკვიდრების პარალელურად, აკუმულატორების და მათთან ერთად, ავტომობილბის საექსპლუატაციო მახასიათებლები თანდათან გაუმჯობესდება. ეს კი ასეთი ავტომობილების მასობრივად წარმოების კვალობაზე მოხდება.

მანამ კი, სანამ ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს, პატარა, ბევრისთვის უცნობი კომპანიები აქტიურობენ, რომლებიც დიდ მწარმოებლებს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზებს სთავაზობენ. ერთ-ერთი კომპანიაა „სიმ-დრაივ“, რომელმაც საინტერესო კონცეპტუალური ელექტრომობილი შექმნა, სახელად SIM-LEI.

ეს, საკმაოდ უცნაური გარეგნობის მქონე ავტომობილი, საგზაო გამოცდებს მარტიდან გადის და საკმაოდ კარგი მონაცემებიც გამოავლინა. რაც მთავარია, ერთი სრული დამუხტვით, 321 კილომეტრის გავლა შეძლო. ეს კი ის მაჩვენებელია, რომელიც ბევრ ავტომოყვარულს, ელექტრომობილის (თუნდაც ძვირის) შეძენის სურვილს აღუძრავს.

ამ შესაშურ მაჩვენებელს ავტომობილმა „ტოშიბას“ წარმოების ლითიუმ-იონური აკუმულატორების წყალობით მიაღწია. ეს ზუსტად ისეთი აკუმულატორებია, რომლებსაც „ნისანი“ თავის სერიულ ელექტრომობილ „ლიფში“ იყენებს და რომელთა ტევადობაც 24.5 კილოვატსაათია. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ SIM-LEI ყოველი კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 77 ვატსაათ ენერგიას მოიხმარს, როცა „ნისან ლიფის“ ენერგიის ხარჯი 173 ვატსაათია. ამას კი „სიმ-დრაივმა“ იმის ხარჯზე მიაღწია, რომ მანქანა ფოლადის მონოკოკურ მზის სისტემაზე ააგო და ასე წონის შემცირება შეძლო. თანაც, ისეთ საბურავებზე დააყენა, რომლებიც შემცირებული წინააღმდეგობით გამოირჩევა.

SIM-LEI ოთხადგილიანი ჰეჩბეკია და ბაზარზე ის 2013 წელს უნდა გამოჩნდეს. სწორედ ეს ფაქტია მისთვის არასახარბიელო, რადგან ორი წელიწადი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, ყოვლისშემძლე დიდი კომპანიები აუცილებლად შექმნიან უკეთესი მახასიათებლების ელექტრომობილებს და მაშინ, უცნობი კომპანიის ნაწარმით ვინღა დაინტერესდება...

Wednesday, May 25, 2011

„აუდის“ ფორმულა 1 არ აინტერესებს

Audi dismisses F1 as "irrelevant"

25 მაისი

პრესაში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს. რომელი, ეს ზუსტად არავინ იცის და როგორც ჩანს, ეს თავად ვოლფსბურგულ გიგანტშიც არ აქვთ გადაწყვეტილი.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს ან „აუდი“, ან „პორშე“. ცუფენჰაუზენელები ფ1-სადმი არანაირ ინტერესს არ ავლენენ. ამ ფონზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ დიდი პრიზების ცირკში შეღწევას „აუდი“ ეცდება, კომპანია, რომლის წინაპარი „აუტო უნიონიც“ მეორე მსოფლიო ომამდე, სწორედ ფორმულა 1-ის წინამორბედ სერიებში დომინირებდა.

მაგრამ როგორც ირკვევა, ფ1 არც „აუდის“ იზიდავს. უფრო მეტიც, მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ამ ეტაპზე, მათთვის ავტოსპორტის დედოფალი საინტერესო არაა. გერმანული კომპანია ბოლო წლებში ლე მანის 24-საათიან რბოლასა და შესაბამის სერიაში დომინირებს.

ბევრი თვლის, რომ პროტოტიპების კლასი, რომელშიც „აუდი“ ლე მანზე თავისი დიზელისძრავიანი R18 TDI-ით ასპარეზობს, ტექნოლოგიურად ახლოსაა ფორმულა ერთთან. სწორედ ამიტომ გაჩნდა იმის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს კომპანია ფ1-ში ვიხილოთ. მაგრამ „აუდი“ ასე გვპასუხობს: ლე მანის 24-საათიან რბოლაში კომპანიის გუნდის ერთი ავტომობილი უფრო მეტ მანძილს გადის, ვიდრე ფ1-ის ბოლიდი მთელი ჩემპიონატისას. ამასთან, ამ რბოლისას, „აუდის“ მანქანის საშუალო სიჩქარე დაახლოებით 32 კმ/სთ-ით მეტია ფ1-ის სარბოლი მანქანის საშუალო სიჩქარეზე (მთელ ჩემპიონტში). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლე მანის რბოლისას ერთი მანქანის მიერ მოხმარებული საწვავი დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებია ფ1-ის მანქანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებისას მოხმარებულ საწვავზე.

ლე მანის გარდა, „აუდის“ ბრწყინვალე ისტორია აქვს რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა პრესტიჟულ სარბოლ სერიებში. ამასთან, გერმანულ კომპანიას, თავისი მოტორსპორტის პროგრამიდან, სერიულ წარმოებაში არაერთი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე დაუნერგავს. მაგრამ მისი ხელმძღვანელობა თვლის, რომ დიდი პრიზების რბოლები მეტისმეტადაა დაშორებული სერიული წარმოებისგან, რაც „აუდისთვის“ ფ1-ს უინტერესოს ხდის.

Tuesday, May 24, 2011

„პორშე“ როდსტერ „ბოქსტერის“ ელექტრულ ვერსიებს გვაცნობს

Porsche Releases Details on All-Electric Boxster E

24 მაისი

წლის დასაწყისში, „პორშემ“ გამოაცხადა, რომ როდსტერ „ბოქსტერის“ ბაზაზე, სამ ექსპერიმენტულ ელექტრომობილს მოამზადბდა. მაგრამ ამ ავტომობილის მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 241 ცხენის ძალა იქნებოდა. დანარჩენი ინფორმაცია კი საიდუმლოდ შეინახა.

მაგრამ ახლახანს, მას შემდეგ, რაც ბერლინში, ამ სამი ავტომობილით, „მიშლენის“ მიერ ორგანიზებულ „ბიბენდუმ ჩელენჯში“ მიიღო მონაწილეობა, ისინი უფრო ახლოსაც გაგვაცნო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი ელექტრომობილიდან, ორს უკანა წამყვანი ბორბლები აქვს, ერთს კი - ყველა.

სრულამძრავიანი ვერსიის შემთქვევაში, ავტომობილს ორი ელექტროძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 242 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 540 ნიუტონმეტრი. თითოეული ძრავის როტორის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი, წუთში 12 000-ს აღწევს.

უკანა ბორბლების მამოძრავებელი ძრავი და ტრანსმისია ძრავების მართვის ბლოკთანაა ინტეგრირებული. ყველაფერი კი მხოლოდ იმ ადგილს იკავებს, რომელიც ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან „ბოქსტერში“ მექანიკურ კოლოფს და გამოსაბოლქვ სისტემას უკავია. წინა ელექტროძრავი კი ბენზინის ავზის ადგილზე განთავსდა. ელექტრონული გამანაწილებელი ძრავების მუშაობას მართავს და წინა და უკანა ღერძებზე მაბრუნი მომენტის თანაბრად მიწოდებას უზრუნველყოფს.

„პორშეს“ მონაცემებით, სრულამძრავიან ელექტრონულ „ბოქსტერს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, ენერგიის ეკონომიურად ხარჯვის საბაბით, 200 კმ/სთ-ითაა შეზღუდული.

დანარჩენი ორი ელექტრომობილი, სრულამძრავიანი ვერსიის ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მათგან ამოღებულია წინა ძრავი. ამასთან, უკანა ბორბლების მამოძრავებელი ელექტროძრავი მხოლოდ 121 ცხენის ძალას და 270 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. უკანაამძრავიანი ვერსიის ტემპერამენტიც შედარებით დუნეა: ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 9.8 წამი სჭირდება, მისი მაქსინალური სიჩქარე კი (ასევე შეზღუდული) 150 კმ/სთ-ია.

ამ ავტომობილებში ყველაზე საინტერესო, მათი აკუმულატორებია. ესაა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბაზაზე დამზადებული ელემენტების ბლოკი, რომელსაც ჩვეულებრივი „ბოქსტერის“ შიდაწვის ძრავის ადგილი უკავია. ამგვარად, ავტომობილში პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩება საბარგული. ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტებს გავრცელებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებთან შედარებით, დამუხტვა-განმუხტვის გაცილებით მეტ ციკლს უძლებენ. გარდა ამისა, სტაბილურობით გამოირჩევიან და არც აალებისა და აფეთქებისადმი მიდრეკილებას ავლენენ. დაკიდევ, ისინი გაცილებით სწრაფადაც იმუხტება.

ელექტრონულ „ბოქსტერებში“ გამოყენებული აკუმულატორების ტევადობა 29 კილოვატსაათია, მათი წონა კი 341 კილოგრამს აღწევს, რის გამოც, ავტომობილის წონა 1 600 კილოგრამამდეა გაზრდილი. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი „ბოქსტერი“ მხოლოდ 1 355 კილოგრამს იწონის. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია 170 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად შევსებას დაახლოებით 9 საათი სჭირდება.

ელექტრონული „ბოქსტერები“ აღჭურვილია სპეციალური ხმოვანი სისტემით, რომელიც ფეხმავლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქმე ისაა, რომ ელექტრომობილი თითქმის უხმაუროდ გადაადგილდება, რის გამოც, ის შეიძლება ფეხმავალს მოულოდნელად მიუახლოვდეს. ამის აღსაკვეთად კი სისტემა ხმას გამოსცემს და ამით, ახლო მყოფთ, თავის მიახლოებას ამცნობს.

„ჯენეზის პრადა“ – „ჰიუნდაის“ რეალური ნაბიჯი პრემიუმში

Hyundai launches Genesis Prada sedan in South Korea

24 მაისი

სულ რამდენიმე წლის წინ, „ჰიუნდაის“ და „პრადას“ ერთ კონტექსტში მოხსენიება ღიმილს მოგგვრიდათ, მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს კორეული კომოანია სრულიად განსხვავებული, ახალი იმიჯის მატარებელია. პრემიუმ დონე მისთვის უცხო ხილი აღარაა და ამაში თავისი სოლიდური როლი, ლუქს კლასის სედანმა „ჯენეზისმა“ ითამაშა.

ორი წლის წინ, „ჰიუნდაიმ“ იტალიურ მოდის სახლ პრადასთან ერთად, „ჯენეზისის“ კიდევ უფრო მაღალი კლასის კონცეპტუალური ვერსია შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. და აი, ახლახანს, ჯერ მხოლოდ კორეული ბაზრისთვის, ამ ავტომობილის სერიული ვერსიაც შეიქმნა, რომელსაც სახელწოდებაში „პრადა“ დაერთო.

„ჯენეზისის“ მდიდრულ ვერსიას მისივე ფერებით განასხვავებთ. ავტომობილი მხოლოდ სამ ფერში - ყავისფრად (მორო), ლურჯად (ბალტიკო), ან შავად (ნერო) შეიღებება. ექსტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია მუქი ქრომი და ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმული ბორბლები.

სალონი ღია ფერის ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი, რომელთანაც მუქი ტყავითა და შავი ლაკით შეფერილი დეტალებია შეხამებული და მთლიანობაში ყველაფერი მდიდრულ გარემოს ქმნის. უკანა სავარძლებზე მსხდომთ კი გასართობი სისტემა მოემსახურება.

რაც შეეხება ამძრავ სისტემას, აქ მთავარი არის ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 (GDI - გაზოლინ დაირექტ ინჯექტ, ანუ ბენზინის უშუალო შეფრქვევა), რომელიც 424 ცხენის ძალას და 510 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც უკანა წამყვანი ბორბლები ღებულობს.

„ჰიუნდაი“ წლიურად მხოლოდ 1 200 ცალი „ჯენეზის პრადას“ წარმოებას გეგმავს. ამათი უმეტესობა კორეაშივე გაიყიდება, ცოტას კი ჩინეთსა და შუა აღმოსავლეთშიც გაიტანენ.

Monday, May 23, 2011

„აუდი Q5 HFC“ - ჰიბრიდი საწვავის ფიჭური ელემენტებით

Audi Q5 HFC Hybrid Fuel Cell Revealed

24 მაისი

„აუდი“ ინტენსიურად მუშაობს მომავლის ამძრავი სისტემების შემუშავებაზე, რომელთა შორისაც, ყველაზე უკეთ, ტრადიციული ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები მეტნაკლებად ათვისებული აქვს. და ახლა ისეთი ჰიბრიდული სისტემების ათვისებასაც შეუდგა, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, ფიIურ ელემენტებში ხდება.

საბურავების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია „მიშლენის“ მიერ ორგანიზებულ „ბიბენდუმის“ (ასე ჰქვია მიშლენის ემბლემას) გამოწვევაზე, გერმანულმა კომპანიამ ერთბაშად ხუთი ისეთი ავტომობილი გამოიყვანა, რომლებიც ალტერნატიული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა უგზოობის Q5-ის ბაზაზე შექმნილი HFC (ჰაიბრიდ ფიუელ სელ).

ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც, ინგოლშტადტელები ავტომობილებში ფიჭური ელემენტების გამოყენების პერსპექტივას შეისწავლიან. ამ ავტომობილში ბევრი ისეთი კომპონენტია გამოყენებული, რომლებიც სერიულ ჰიბრიდულ ავტომობილებში დაინერგება. ამასთან, ავტომობილს აქვს ორი მაღალი წნევის ცილინდრი, რომლებშიც ფიჭური ელემენტების საწვავი - წყალბადი 700 ბარი წნევითაა ჩატუმბული.

ფიჭური ელემენტის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანა ჯამში 98 კილოვატ (დაახლოებით 133 ცხენის ძალა) ენერგიას გამოიმუშავებს. ელემენტებში გამომუშავებული ენერგიის დაგროვება კი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.3 კილოვატსაათია. თუმცა, ელექტროენერგიის მუდმივად გამომუშავების პირობებში, აკუმულატორის მეტი ტევადობა საჭირო არცაა.

ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო ძალას კი ორი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 125 ცხენის ძალა, ჯამური მაბრუნი მომენტი კი 420 ნიუტონმეტრია. გერმანული კომპანია ამ ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს.

„აუდი Q5 HFC“ გამოწვევის პროგრამით, ბრანდენბურგის მიწაზე მოწყობილ სატესტო გარბენში ასპარეზობდა, რომლის დისტანციაც 300 კილომეტრი იყო. გარბენის მიზანი, ავტომობილების შესაძლებლობათა ტესტირების გარდა, მათი უსაფრთხოების შემოწმებაცაა. ამ გარბენში, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი Q5-ის გარდა, „აუდის“ კიდევ სამი ისეთი ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ბუნებრივ გაზზე მომუშავე A3 TCNG, Q5 ჰიბრიდული კვატრო და 3.0-ლიტრიანი ტურბოდზელით (TDI) აღჭურვილი A8.

სხვათა შორის, „აუდი“ მარტო თავისი ავტომობილების ელექტრიფიკაციას როდი ეშურება. გერმანულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავის წარმოებაში, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენოს. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოების საჭიროებისთვის, ქარის ელექტროსადგურების გამოყენება...

„ლამბორგინი“ „ყოველდღიური“ ავტომობილის წარმოებას აპირებს

Lamborghini to launch new "everyday" model

24 მაისი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია „ლამბორგინი“, თავის საწარმოო პროგრამაში მესამე, ეგრეთ წოდებული ყოველდღიური ავტომობილის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. ამის თაობაზე, როიტერს „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განუცხადა.

სპორტული სუპერ ავტომობილების ისტორიაში, გაყიდვების პიკი 2007 წელს დაფიქსირდა, თუმცა გლობალური ეკონომიკური კრიზისის კვალი მასაც დაეტყო. ახლა კი, როდესაც კრიზისმა ჩაიარა, ვინკელმანი თვლის, რომ გაყიდვები გაიზრდება და პიკურ მაჩვენებელს 2013-2014 წლებში მიაღწევს. ცნობისათვის, 2007 წელს მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 35 000 სუპერ ავტომობილი გაიყიდა, შარშან კი ამ კლასის ავტომობილების გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 26 000-მდე ჩამოვიდა.

ვინკელმანი აცხადებს, რომ სუპერ ავტომობილებზე ყველაზე მზარდი მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე შეინიშნება. ბუნებრივია, ამ ბაზარზე განვითარება იტალ;იური კომპანიისთვის პრიორიტეტულია. ამასთან, ვინკელმანი თვლის, რომ საჭიროა საწარმოო პროგრამის გამდიდრება, რაც სამოდელო გამაში მესამე ავტომობილის დამატებას გულისხმობს.

„ჩვენ მესამე მოდელი გვჭირდება. ეს უნდა იყოს ავტომობილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ ავტომობილი, რომელსაც კლიენტი ყოველდღიურად გამოიყენებს“, - ამ სიტყვებით, ვინკელმანმა გააღვივა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, „ლამბორგინი“ 2008 წელს ნაჩვენები კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე „ესტოკეს“ წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.

თუმცა, ვინკელმანი კონკრეტულად ახალი ავტომობილის ტიპს არ მიუთითებს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მის კომპანიას ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. და როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კიდევ ოთხი წელი იქნება საჭირო იმისათვის, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდეს.

ახალ ავტომობილს „ლამბორგინი“ საკუთარი ძალებით შეიმუშავებს, თუმცა „ფოლკსვაგენის“ რესურსსაც გამოიყენებს. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ამ ავტომობილის ბაზისად, „აუდის“ პლატფორმას გამოიყენებენ, რაც ავტომობილის წარმოებისთვის მომზადების დროს და ხარჯებს შეამცირებს.

ცნობისათვის, „ლამბორგინის“ გაყიდვების პიკმა 2008 წელს მიაღწია, როცა მთელს მსოფლიოში 2 430 ავტომობილი გაიყიდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ, გაყიდვების მოცულობა 1302 ერთეულამდე შემცირდა. იტალიური კომპანია იმედოვნებს, რომ წელს დაახლოებით 1 500 ავტომობილის გაყიდვას შეძლებს.

Saturday, May 21, 2011

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთისთვის ახალ სახალხო ავტომობილს შეიმუშავებს

Volswagen Sets Out to Create Chinese People’s Car

21 მაისი

იყო დრო, როცა „ფოლკსვაგენი“ თავის სახელს ამართლებდა - სახალხო ავტომობილების მწარმოებელი იყო. მაგრამ მისმა წარმატებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავტომწარმოებელ კონგლომერატად გადაიქცა და თანდათან, პრემიუმ სეგმენტისკენაც იხრება. ბუნებრივია, გზად სახალხო, იაფფასიანი ავტომობილების წარმოებაც დაივიწყა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მალე თავის ძველ დანიშნულებას კვლავ გაიხსენებს. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის ბაზრისთვის და ამისათვის, ახალი მანქანის შემუშავების სრულიად ახალ მეთოდსაც გამოიყენებს. გერმანულმა კომპანიამ, სპეციალურად ჩინელი ავტომოყვარულებისთვის, ახალი ვებ გვერდი შექმნა, რომელიც „სახალხო ავტომობილის პროექტის“ (PCP პიპლს ქარ პროჯიქტ) პლატფორმის როლს შეასრულებს. კამპანია ერთ წელს გასტანს და შესაძლოა, მასში სხვა ქვეყნების მოსახლეობაც ჩაერთოს.

„სახალხო ავტომობილის პროექტის“ მიზანს, პოტენციური მყიდველის აზრის შესწავლა წარმოადგენს. ამისათვის, ვებ-გვერდის ვიზიტორები, თავიანთ აზრს, იდეას გვერდზე დააფიქსირებენ და ასე კომპანიის ინჟინრებს, ავტომობილის შემუშავებაში დაეხმარებიან. სხვათა შორის, ამ იდეების განხილვაც საჯაროდ, ვებ-გვერდზევე მოხდება. გვერდზე ასევე შესაძლებელი იქნება ესკოზების, ფოტოების და ფილმების ატვირთვაც კი.

„ამ პროექტით, „ფოლკსვაგენს“ თავის მომავალ მყიდველთან უნიკალური დიალოგი ექნება. პლატფორმა თავიდან მხოლოდ ჩინელი მომხმარებლისთვის იმუშავებს, რადგან ეს ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. თუმცა, ჩვენ ამ პროექტში, სხვა ქვეყნებსაც აუცილებლად ჩავრთავთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის და საკუთრივ ვოლფსბურგული კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლუკა დე მეო.

მართალია, პროექტი ჯერ მხოლოდ ჩინელებისთვის იმუშავებს, მაგრამ სავარაუდოდ, ახალი იაფფასიანი ავტომობილი ბაზარზე როგორც „ფოლკსვაგენის“, ასევე გერმანული კომპანიისა და მისი ჩინელი პარტნიორის, FAW-ის ერთობლივი კომპანიის - „კაილის“ ბრენდითაც“ გაიყიდება. მასვე მომავალში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ.

Friday, May 20, 2011

„ბეემვე 328 ჰომეჯ“ - კონცეპტუალური რეტრო თანამედროვე სტილში

BMW 328 Hommage Concept, Retro with a Bang

20 მაისი

უცნაურად ჟღერს, არა? სად რეტრო და სად თანამედროვე სტილი. მაგრამ ასეა, რადგან ბავარიული კომპანიის ჯადოქარმა დიზაინერებმა და ინჟინრებმა ასე ისურვეს. მათს ნახელავს კი პირველი იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ტბა კომოს მახლობელ დაბა ვილა დ’ესტეში, ელეგანტურობის გამოფენა-კონკურსის დამსწრე საზოგადოება იხილავს.
და რას ნიშნავს ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელში რიცხვი 328? რას და ლეგენდარულ „328 როდსტერს“, რომელიც ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა 75 წლის წინ შექმნეს. მოკლედ, კონცეპტუალური მოდელი, რომელიც წელს ჟენევაში ნაჩვენები, ასევე კონცეპტუალურ როდსტერ „ვიჟნ კონექტდრაივის“ ბაზაზეა შექმნილი (მართალია, პროექტის ავტორები ამ ორი ავტომობილის კავშირზე არაფერს ამბობენ, მაგრამ მათ შორის ვიზუალური მსგავსება აშკარაა), უბრალო საიუბილეო „ნამცხვარია“ და რა თქმა უნდა, მას კონვეიერზე მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს.
იმისათვის, რომ „328 ჰომეჯ-ის“ ერთობ ფუტურისტული გარეგნობისთვის, მეტნაკლებად რეტრო იერი მიეცათ, დიზაინერებმა ძველი 328-ს ზოგიერთი ელემენტი ახალი როდსტერის სტილს მიუსადაგეს. პირველ რიგში, ეს ელემენტებია „ბეემვეს“ ძველი და სახეშეცვლილი განმასხვავებელი ნიშანი - რადიატორის შეწყვილებული და სიმაღლეში წაგრძელებული ბადე. ძველ მანქანებზე მათ ვერტიკალური ფორმა ჰქონდა, თანამედროვეებში კი ერთგვარად თირკმელებს მოგაგონებთ.

ასევე რეტრო სტილის ნიშანია ტყავის ორი ყვითელი სარტყელი, რომლებიც კაპოტის კიდეზე, გარეთაა გამოსული, ბორბლების მოყვანილობა და ორ სეგმენტად გაყოფილი საქარე შუშა (თუმცა, ორიგინალურ 328-ს ასეთი ელემენტი არ ჰქონდა). და კიდევ, ძველი როდსტერის სტილში, ახალსაც კარები არ აქვს.

ორიგინალური როდსტერის მსგავსად, კონცეპტუალური „328 ჰომეჯ-ის“ მთავარი თვისება, სიმსუბუქე უნდა ყოფილიყო. ამისათვის, დიზაინერებმა და ინჟინრებმა, ავტომობილის ექსტერიერის და ინტერიერის დიდი ნაწილი კარბონის ბოჭკოთი არმირებული პლასტიკი (CFRP) გამოიყენეს. ეს მასალა „ბეემვეს“ სპეციალისტების მიერაა შემუშავებული და მათი თქმით, ის ალუმინზე გაცილებით მსუბუქი და მტკიცეა.

რეტრო სტილი თითქმის არ ეტყობა ავტომოილის ინტერიერს, სადაც მინიმალიზმი დომინირებს. აქ უხვადაა გამოყენებული ალუმინი, ტყავი და რა თქმა უნდა, კარბონის კომპოზიტი. მძღოლის ადგილი სპორტული ავტომობილის კოკპიტივითაა, სადაც პილოტი თავის რთულ სამუშაოზე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული.

დაბოლოს, კონცეპტუალური ავტომობილი 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი (ცილინდრები ერთ რიგშია განლაგებული) ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა, ბავარიელები ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ სხვას არაფერს ამბობენ. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი სულაც არაა...