Thursday, March 10, 2011

„ლამბორგინი“ მხოლოდ 4 000 ცალ „ავენტადორს“ გამოუშვებს

Lamborghini Might Only Make 4 000 Aventadors

10 მარტი

„ლამბორგინიმ“ თავის უახლეს ფლაგმან „ავენტადორის“ მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე გამართა და იქვე გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი იმ რაოდენობით გაყიდა, რამდენიც წელს უნდა დაამზადოს. არადა, შეკვეთილი ავტომობილების მიწოდებას რამდენიმე თვეში იწყებს. ასე რომ, ამ ექსკლუზიურ ავტომობილზე, რომელიც 267 000 ევრო ღირს, უკვე რიგები დგას.

ამასთან, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „ავენტადორს“ თავის წინამორბედ „მურსიელაგოზე“ გაცილებით ექსკლუზიურს ხდის. საქმე ისაა, რომ იტალიური კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 4 000 ცალს გამოუშვებს, ზუსტად იმდენს, რამდენიც „მურსიელაგო“ დაამზადა.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის წარმოების შეზღუდვას ტექნოლოგიური მიზეზი აქვს. კერძოდ ის, რომ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ყალიბები, მონოკოკის მხოლოდ 500 ცალი დეტალის დამზადების საშუალებას იძლევა. შემდეგ კი ისინი ახლებით უნდა შეიცვალოს. პროექტი და მასზე გაღებული ინვესტიცია კი ყალიბების მხოლოდ 8 ცალი კომპლექტის დამზადებას ითვალისწინებს. ეს კი მხოლოდ 4 000 ცალი მონოკოკის დასამზადებლადაა სამყოფი.

მონოკოკი არის ავტომობილის ძირითად მზიდი სისტემა, რომელიც სახურავსაც აერთიანებს. ის ერთი მთლიანი სტრუქტურაა, რისი წყალობითაც, გრეხვაზე მისი წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, სალონში მყოფთათვის, პასიური უსაფრთხოებაც უმჯობესდება. მონოკოკი სულ 147.5 კილოგრამს იწონის. თუ ამას ალუმინის შენადნობებისგან დამზადებულ წინა და უკანა სუბჩარჩოებსაც დავუმატებთ, მზიდი ელემენტის წონა 229.5 კილოგრამამდე იზრდება, მისი ტორსიონული მედეგობა კი, ყოველ გრადუსზე 35 000 ნიუტონმეტრს აღწევს.

სანტ’აგატა ბოლონეზური კომპანია პრეს რელიზით გვამცნობს, რომ ის პირველია, ვინც კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგია სერიულ წარმოებაში დანერგა. გარდა ამისა, „ავენტადორის“ წარმოებისთვის, „ლამბომ“ კიდევ არაერთი სიახლე დანერგა და დააპატენტა. მათ შორისაა სამგანზომილებიან პროგრამაში დაპროექტება, კომპიუტერული სიმულაცია, ტესტირება და წარმოებისთვის მომზადება.

„ჰიუნდაი ველოსტერმა“ კორეაში სტარტი აიღო

Hyundai Launches Veloster in Korea

10 მარტი

მათ, ვინც „ჰიუნდაის“ სპორტული „ველოსტერის“ ბაზარზე გამოჩენას მოუთმენლად ელოდა, ნანატრი დრო დაუდგათ - კორეულმა კომპანიამ, საკუტარ ქვეყანაში ამ ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია ჩაატარა, ავტომობილისა, რომლითაც ახალგაზრდა მყიდველის მიზიდვას ეცდება.

მაგრამ პრეზენტაციაზე, „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ კორეის ბაზარზე, წელიწადში მხოლოდ 18 000 „ველოსტერს“ გაჰყიდის. ეს კი იმ საბაბით კეთდება, რომ „ველოსტერს“ პრემიუმ კლასის ავტომობილის იმიჯი ჩამოუყალიბდეს. მართალია, ამ ავტომობილის წარმოების ოცულობა შეიზღუდა, მაგრამ მას მაინც შედარებით დაბალი ფასი აქვს - კორეაში საბაზო ვერსია 19.4 მილიონი ვონი (დაახლოებით 17 000 დოლარი) ეღირება.

პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდა, რომ ევროპის ბაზარზე, „ჰიუნდაი ველოსტერი“ ზაფხულამდე გამოჩნდება. უფრო მოგვიანებით, ამ ავტომობილს ამერიკასა და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზეც შეიტანენ. ამასთან, ამ ბაზრებზე „ველოსტერის“ ფასიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სამკარიან კომპაქტურ კუპე „ჰიუნდა ველოსტერის“ მსოფლიო პრემიერა დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე ჩატარდა. ეს ავტომობილი, პირველ რიგში, თავისი სამი კარის უჩვეულო კონფიგურაციით გამოირჩევა. სამიდან ერთი მძღოლის მხარეს მდებარეობს, ორი კი - მის მოპირდაპირე მხარეს.

„ველოსტერს“ მამოძრავებელ ძალას 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომელსაც საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება. მაბრუნ მომენტს კი ტრანსმისიას ორდისკოიანი ქუროს გავლით აწვდის. სხვათა შორის, „ველოსტერი“ კორეული კომპანიის პირველი ავტომობილია, რომელშიც ორდისკოიანი ქუროა გამოყენებული. ეს სერია გამაში ყველაზე პატარა ძრავია, რომელზეც ბენზინის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა გამოიყენეს.

„ჰიუნდაის“ ამერიკული ტექნიკური ცენტრის ძრავების განყოფილების დირექტორი ჯონ ჯურიგა ამბობს, რომ ამ სისტემის წყალობით, ძრავი მძლავრიც გამოვიდა, ეკონომიურიც და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ატმოსფეროსაც ნაკლებად აბინძურებს. კერძოდ: მისი სიმძლავრე 138 ცხენის ძალაა (6 300 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 170 ნიუტონმეტრი (4850 ბრ/წთ-ზე). ამ აგრეგატის შესანიშნავი მონაცემები კიდევ ერთი სისტემის დამსახურებაა, რომელიც სარქველთა გახსნა-დახურვის ფაზებს მუდმივად, ბრუნთა რიცხვების შესაბამისად ცვლის. ამის შედეგია ისიც, რომ ერთი ლიტრი საწვავით, „ველოსტერს“ 15.3 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგისტრალზე 100 კილომეტრის გასავლელად კი 5.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.