Saturday, December 25, 2010

”ბეემვემ” ელექტრულ ავტომობილებს სახელად i შეურჩია

BMW Megacity Range to Be Called i

25 დეკემბერი

ჯერ ზუსტად არავინ იცის, რას დაარქმევს თავის ეკოლოგიურ ავტომობილებს ბავარიული კომპანია, თუმცა ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი ავტომობილების სახელის აღნიშვნისას, ლათინურ ასო i-ს გამოიყენებენ.

თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ”ბეემვე” თავისი ეკოლოგიური ავტომობილებისთვის სრულიად ახალ ბრენდს ჩამოაყალიბებდა. თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ ამას ისევ ქვებრენდის შექმნა სჯობდა, რაც ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ასეთად კი, გერმანიის საპატენტო სააგენტოში მარკები i1, i2, i3, i4, i5, i6, i7, i8 და i9 დარეგისტრირდა. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი ქვებრენდის ლოგოტიპი, რომელიც ლათინურ ასო i-ს სტილიზებული ვერსიაა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, i9 სახელი რისთვის დაპატენტდა. ფაქტია, რომ ამ ნუმერაციით, ბავარიელები ავტომობილს არ აწარმოებენ. სავარაუდოდ, მათ თავიანთი სამოდელო გამის ახალი წევრი უკვე შერჩეული აქვთ...

ბავარიელები განსაკუთრებულ ყურადღებას ”მეგასიტის” უსაფრთხოებას უთმობენ

..............................

”ბეემვეს” ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მარკა i-ს მალე ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც M-ია. ალბათ შეხსენება არაა საჭირო იმისათვის, რომ მარკა M-ით ისინი თავიანთი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს აწარმოებენ და ეს მთელს მსოფლიოში ცნობადი ქვებრენდია.

ამგვარად, მომავალში ყველა სერიის მოდელების ჰიბრიდულ ან ელექტრულ ვერსიებს სახელში i დაემატება. მაგალითად, მე-3 სერიის მოდელის ეკოლოგიური ვერსიის სახელი იქნება i3 და ასე შემდეგ. ეს ასო პროექტ i-დან არის აღებული, რომლის ფარგლებშიც, უკვე მომზადდა ელექტრონული ”მინი”. მეორე ავტომობილი კი მალე გახდება კომპაქტური ელექტრომობილი, რომელიც ამჟამად ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი.

”მეგასიტის” ალუმინის პლატფორმა

..............................

სერია ”მეგასიტის” პირველი ავტომობილისთვის ალუმინის პლატფორმა მუშავდება, რომელზეც აკუმულატორების ბლოკი, ელექტროძრავი და მართვის სისტემები მაგრდება. ამ პლატფორმას ”ბეემვეში” ”ლაიფ-დრაივს” უწოდებენ. ანუ, ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ პლატფორმა სამუდამოდ მოგემსახურებათ. ამ პლატფორმაზე კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ძარას დაამაგრებენ, რითაც ავტომობილის წონა დაიზოგება.

ავტომობილს, რომელიც დაახლოებით ”ფოლკსვაგენ გოლფის” ზომის იქნება, პირველად საზოგადოებას დეტროიტის საავტომობილო შოუზე უჩვენებენ, მისი სერიული ვერსიის მსოფლიო დებიუტი კი ლონდონის ოლიმპიადის დროს შედგება, რომლის ერთ-ერთი სპონსორიც ”ბეემვეა”.