Monday, August 3, 2009

”ნისანმა” ელექტრომობილი წარმოადგინა

Nissan Leaf

3 აგვისტო

იაპონურმა კომპანია ”ნისანმა”, ქალაქ იოკოჰამაში მდებარე თავის მთავარ ოფისში, ელექტრომობილ ”ნისან ლიფის” (ლიფი, ანუ ფოთოლი) პრეზენტაცია ჩაატარა, რომელზეც გამოცხადდა, რომ მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ელექტრომობილების ყიდვა ჩვეულებრივი, მასობრივი წარმოების ავტომობილების ფასში იქნება შესაძლებელი.

”ნისან ლიფი” ევროპული C სეგმენტის (ეგრეთ წოდებული გოლფის კლასის) შესაბამისი ზომის ჰეჩბეკია, მისი წარმოების დაწყება კი 2012 წლის ბოლოდან იგეგმება. ელექტრომობილის ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ის ”გოლფის” კლასის ავტომობილების ფასზე ბევრად მეტი არ იქნება.

ავტომობილის ენერგიის წყარო ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკია, რომელში დაგროვილი მუხტიც საკმარისია იმისათვის, რომ ”ნისან ლიფმა” 160 კილომეტრი გაიაროს. ეს კი, იაპონური კომპანიის განცხადებით, სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიო ავტომფლობელთა 70 პროცენტზე მეტის ყოველდღიურ საჭიროებებს.

”ნისან ლიფის” ელექტროძრავი 107 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამასთან, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი მაშინვე მიიღწევა, როგორც კი ძრავი ამოქმედდება (ეს ელექტროძრავების თვისებაა). სხვათა შორის, ასეთი მახასიათებლები ”გოლფის” კლასის ავტომობილების უმეტესობას აქვს, რაც ”ნისან ლიფის” კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.

აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის ”ნისან ლიფს” 8 საათი სჭირდება, მაგრამ სწრაფი დამუხტვის რეჟიმით, სულ ნახევარი საათია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80 პროცენტით დაიმუხტოს.

”ნისანის” კონსტრუქტორების და დიზაინერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ენერგოდაზოგვის მხრივ, ავტომობილი მაქსიმალურად ეფექტური გამოვიდა. მაგალითად, მთავარი ფარები შუქდიოდური მანათობლებისგან შედგება, რომლებიც მინიმალურ ენერგიას მოიხმარენ. ამასთან, წინა ფარების მოყვანილობა ისეთია, რომ მათი ზედაპირიდან არეკლილი ჰაერის ნაკადი, უკანა ხედვის სარკეების მინიმალურ წინაღობას ხვდება. ამგვარად, მცირდება ჰაერის ნაკადის სარკეებზე დარტყმისას წარმოქმნილი ხმაურის დონე და შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის ხარისხი.

”ნისან ლიფი” აღჭურვილია უახლესი ელექტრონული სისტემით, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ამერიკულ კომპიუტერულ გიგანტ ”ეპლთან” ერთად შეიმუშავა. სისტემა ავტომობილს ინფორმაციის გლობალურ ქსელთან მობილური კავშირის მეშვეობით აკავშირებს, საიდანაც ტექნიკურ მხარდაჭერას, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას ღებულობს და მომხმარებელს გასართობ პროგრამებსაც სთავაზობს.

აღნიშნული სისტემის მეშვეობით, ცენტრალურ პანელზე განთავსებულ მონიტორზე შესაძლებელია იმ გარემოს გეგმის გაცნობა, სადაც ავტომობილი იმყოფება. ასევე, მძღოლს შეუძლია გაიგოს, სად მდებარეობს უახლოესი სადგური, სადაც აკუმულატორების დამუხტვაა შესაძლებელი და ასე შემდეგ.

”ნისან ლიფს” იაპონური კომპანიის ოპამას (იაპონია) ქარხანა გამოუშვებს. მოგვიანებით, მისი წარმოება აშშ-ში, ქალაქ სმირნას (შტატი ტენესი) ქარხანაშიც დაიწყება. ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს ქალაქ ზამას (იაპონია) ქარხანა უშვებს. მაგრამ ადრე თუ გვიან, ის მოთხოვნას ვერ გასწვდება, რის გამოც, მოგვიანებით საქმეში ამერიკაში, პორტუგალიასა და ბრიტანეთში არსებული ქარხნებიც ჩაერთვება.

ჯერჯერობით, დადგენილი არაა ელექტრომობილის ფასი. ის წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება. გუშინდელ პრეზენტაციაზე, ”ნისანმა” გამოაცხადა, რომ ”ნისან ლიფის” ღირებულება კარგად ეკიპირებული ”გოლფ” კლასის ავტომობილის ღირებულების დონეზე იქნება. სამაგიეროდ, იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ”ნისან ლიფი” განვითარებულ სახელმწიფოებში, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისთვის დაწესებული სოლიდური შეღავათებით ისარგებლებს, რაც ელექტრომობილის ფასს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.

”ოპელს” გაკოტრება ემუქრება

Opel

3 აგვისტო

გერმანული ავტოკომპანია ”ოპელის” გაყიდვის საქმეში სიტყვა ”გაკოტრება” გაისმა. საქმე ჭიანურდება, ”ჯენერალ მოტორსი” და გერმანიის მთავრობა კი ”ოპელის” მყიდველის არჩევისას ვერ თანხმდებიან - ამერიკულიკომპანია, რომელმაც რამდენიმე დღე მართული გაკოტრების რეჟიმში გაატარა, მყიდველად ბელგიურ საინვესტიციო ჯგუფ ”RHJ ინტერნეიშნლს” არჩევს, გერმანიის ხელისუფლებას კი უკეთეს მყიდველად კანადურ-რუსული კონსორციუმი მიაჩნია, რომელშიც ორი მხარე - ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელი კანადური გიგანტი ”მაგნა ინტერნეიშნლი” და რუსული ”სბერბანკია” გაერთიანებული.

”ჯენერალ მოტორსს” ”მაგნას” ვარიანტი არ მოსწონს, რადგან მიაჩნია, რომ ასე მისი ინტელექტუალური საკუთრება დაუცველი გახდება - რუსები არ მალავენ, რომ ”ოპელის” ტექნოლოგიების წყალობით, საკუთარ ავტომრეწველობას, რომელიც კრახის პირასაა, გადაარჩენენ. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ”გენერლებს” ”მაგნას” გეგმა არ მოსწონთ. საქმე ისაა, რომ კანადური კომპანია ”ოპელის” განვითარების მთავარ მიმართულებად რუსული ბაზრის ათვისებას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული მარკა კონკურენციას ”შევროლეს” გაუწევს, რომელსაც რუსეთში ლიდერის პოზიცია უკავია.

იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ სამომავლოდ, როცა ”ოპელი” მომგებიან ბიზნესს დაუბრუნდება, ”ჯენერალ მოტორსს” მისი გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლების შენარჩუნება სურს. მართალია, ამერიკულმა კომპანიამ ეს ვარაუდი უარყო, თუმცა მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ხმების გავრცელების შემდეგ, ”მაგნამ” თავისი განაცხადის პირობები შეცვალა. თუ ძველი განაცხადის მიხედვით, კანადურ და რუსულ კომპანიებს შორის, მათ ხელში გადასული ”ოპელის” აქციების 55 პროცენტი 20/35-ზე ნაწილდებოდა, რუსული მხარის სასარგებლოდ, ახალი შეთავაზებით, იმავე 55 პროცენტს პარტნიორები თანაბრად გაინაწილებენ და ამგვარად, ”ოპელის” ერთადერთ მაჟორიტარ აქციონერად ”ჯენერალ მოტორსი” დარჩება, რომლის მფლობელობაშიც გერმანული კომპანიის აქციების 35 პროცენტი მოექცევა.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, მისთვის პრიორიტეტული ის პირობაა, რომლის მიხედვითაც, ”ოპელის” საწარმოებში მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება. მთავრობის წევრები თვლიან, რომ ამ პირობას ”მაგნასა” და ”სბერბანკის” გეგმა უკეთესად აკმაყოფილებს, ვიდრე ბელგიური კონსორციუმისა.

”ჯენერალ მოტორსის” მთავარ აღმასრულებელ ფრიც ჰენდერსონთან საუბრისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ფინანსური გარანტიით მხოლოდ იმ მყიდველს უზრუნველყოფს, რომელსაც ”ოპელის” განვითარების უფრო სრულყოფილი და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი გეგმა ექნება, რომელიც ”ოპელში” მაქსიმალურად შესაძლებელ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. ასეთად მათ ”მაგნას” გეგმა მიაჩნიათ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი თვლის, რომ ”ოპელის” ყიდვის ორივე მსურველმა თავისი პირობები უნდა გააუმჯობესოს.

რაც შეეხება ”ოპელის” შესაძლო გაკოტრებას, ეს ვარიანტი ”ჯენერალ მოტორსის” და გერმანიის მთავრობის მოლაპარაკების პროცესში გაისმა და ჯერჯერობით, ის განხილვის საგანი არაა. მაგრამ თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, სხვა გზა აღარც დარჩება...