Thursday, May 26, 2011

„ნისანი“ ლონდონში ელექტრომობილების მყიდველებს უფასო ენერგიას პირდება

Nissan Offers Free Power to LEAF Drivers in London

26 მაისი

ლონდონის მერი ბორის ჯონსონი, „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფის“ მყიდველს სიურპრიზს პირდება: ის, ვინც ამ ავტომობილს შეიძენს, ერთი წლის განმავლობაში, უფასო ელექტროენერგიით (რა თქმა უნდა, მხოლოდ ავტომობილის საჭიროებისთვის) ისარგებლებს.

„ნისან ლიფი“ ბრიტანულ ბაზარზე მარტში გამოჩნდა. ამ ავტომობილის სვლის სიშორე მხოლოდ 180 კილომეტრია (ახალი ევროპული სტანდარტით). ავტომობილი აღჭურვილია კლიმატ კონტროლით, სატელიტური სანავიგაციო სისტემით, უკანა ხედვის პარკინგის კამერით, სწრაფად დამმუხტავი ფოსოთი და სმარტ-ფონის ინოვაციური კავშირით.

გარდა ამისა, მძღოლის განკარგულებაშია საინფორმაციო და ტელემეტრიული სისტემები, რომლებიც მისთვის ავტომობილის მუშაობის ყველანაირ ინფორმაციას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. ასე მას შეუძლია იცოდეს, თუ რა რაოდენობის ენერგია დარჩა აკუმულატორში, რამდენს გაივლის ამ ენერგიით, სად შეიძლება შეივსოს ენერგიის მარაგი და სხვა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალაქის მერის გადაწყვეტილებას, პროპაგანდა გაუწიოს ნულოვანი ნახშირბადოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს. ჩვენი მხრივ, ლონდონსა და მის შემოგარენში, გასამართი წერტილების შესახებ ინფორმაციას, „ნისან ლიფის“ მყიდველებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომს გავხდით“, - ამბობს „ნისანის“ ბრიტანული შტოს მმართველი დირექტორი პოლ უილკოქსი.

„მე მინდა, რომ ლონდონში ელექტრომობილების სწრაფ გავრცელებას შევუწყო ხელი და ელექტრომობილების რაოდენობის მხრივ, ჩვენი ქალაქი ევროპის ლიდერად ვაქციო. ისედაც, სულ უფრო მეტი მყიდველი არჩევს სუფთა, ელექტრულ ტრანსპორტს, ჩვენი შეთავაზების გამო კი ასეთ არჩევანს უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს. ამით კი ჩვენი ქალაქი მოიგებს, რომლის გარემოც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - ამბობს ბორის ჯონსონი.

„ჰიუნდაი-კია“ მალე ამერიკაში მესამე უდიდესი გახდება

Hyundai-Kia will surge past Honda and Toyota in May

26 მაისი

ვერც საწვავის ფასების ზრდა, ვერც გლობალური ეკონომიკური კრიზის და ვერც სხვა კატაკლიზმები, „ჰიუნდაის“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ ვერ აფერხებს. გაგანია კრიზისის დროს, კორეული საავტომობილო გიგანტი, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა, ახლა კი, ამერიკის ბაზარზე, მაისში გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. და უკან თვით „ტოიოტაც“ კი ჩამოიტოვა, კომპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, „ჯენერალ მოტორსის“ ლიდერობასაც (აშშ-ში) კი ემუქებოდა.

ავტოინდუსტრიის ანალიტიკაზე სპეციალიზებული ვებ-გვერდი „ტრუქარ“ გვამცნობს, რომ მაისის გაყიდვების მიხედვით, „ჰიუნდაი“ „ტოიოტას“ და „ჰონდას“ სჯობნის. ვებგვერდის მონაცემებით, კორეელები მაისში 115 000-ზე მეტ ავტომობილს გაჰყიდიან, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 43.4-პროცენტიანი ზრდა იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ „ჰიუნდა-კიას“ წყვილი აშშ-ის ბაზრის 10.9 პროცენტს დაიკავებენ. ამაზე მეტი წილი კი „ფორდს“ და „ჯენერალ მოტორსს“ ეკუთვნით.

ვებგვერდის ანალიტიკოსი ჯესი ტოპრაკი წერს, რომ „ჰიუნდაი-კიას“ დაწინაურებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ იაპონელებს მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, გაყიდვები შეუმცირდათ. გარდა ამისა, მათ წამახალისებელი სამარკეტინგო საქმიანობაც შეჩერებული აქვთ. ტოპრაკის თქმით, კორეულ გიგანტს გაუმართლა იმ მხრივ, რომ „ტოიოტა“ და „ჰონდა“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კორეელები „გამოთავისუფლებულ“ მყიდველს ზუსტად ისეთ პროდუქტს სთავაზობენ, როგორის შეძენაც მათ სურთ.

იმავე ვებგვერდის მიერ მოპოვებული მონაცემებით, „ჰონდას“ მაისის გაყიდვები დაახლოებით 20 პროცენტით, 92 000-მდე შემცირდება, „ტოიოტასი“ კი - 32 პროცენტით, ანუ 109 000-მდე. მაისის მონაცემებით, გასაშუალოებული წლიური გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე 11.9 მილიონს მიაღწევს, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.6) მეტია, თუმცა გაცილებით ნაკლებია აპრილის გასაშუალოებულ მაჩვენებელზე (13.2 მილიონი).

ტოპრაკი თვლის, რომ იაპონური კომპანიების გასაჭირი კვლავაც გაგრძელდება, თუმცა ივნისში ისინი შეძლებენ შეკვეტების უკეთ დაკმაყოფილებას და სავარაუდოდ, გაყიდვებიც გაეზრდებათ, თუმცა დაკარგული პოზიციების დაბრუნება მაინც ძალიან გაუჭირდებათ. და თუ იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ „ჰიუნდაი“ თავის მყიდველებში ლიოალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სავარაუდოა, რომ იაპონური კომპანიებიდან წამოსულ მყიდველთა უმეტესობა, შემდეგ ავტომობილსაც კორეული კომპანიისგან შეიძენს...

„ვოლვო“ რევოლუციურ მქნევარიან კერს-ს ქმნის

Volvo Working on Revolutionary Flywheel KERS

26 მაისი

შვედური საავტომობილო კომპანია „ვოლვო“ ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეს ამზადებს. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება იმ განცხადების მიხედვით, რომელიც კომპანიამ გაავრცელა. ლაპარაკია უახლეს, მქნევარიან კერს-ზე )კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა), რომლის წყალობითაც, ოთხცილინდრიან ძრავს ექვსცილინდრიანის ძალის გამომუშავება შეუძლია და იმავდროულად, საწვავის ხარჯს 20 პროცენტით ამცირებს.

თავისი ინოვაციის სრულყოფისა და ტესტირებისთვის, „ვოლვომ“ შვედეთის ენერგეტიკის სააგენტოსგან მილიონი დოლარი მიიღო. ჩატარებული სამუშაოს შედეგად შეიქმნა ახალი ტიპის კერს-ი, რომლის ტესტირებაც შემოდგომაზე დაიწყება, შემდეგ კი მას სერიულად გამოუშვებენ.

მაგრამ რა არის რევოლუციური სისტემაში, რომლის მსგავსიც, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ფორმულა ერთის ბრიტანულმა გუნდმა „უილიამსმა“ შეიმუშავა? სხვათა შორის, „უილიამსმა“ მის გამოყენებაზე მალე უარი თქვა და მიმდინარე სეზონში, ენერგიის დასაგროვებლად, ისიც აკუმულატორებს იყენებს.

„ვოლვო“ კი თავისი სისტემის მუშაობის პრინციპს მარტივად განმარტავს: სისტემა წამყვან ღერძზე ზის, მისი მქნევარას ბრუნთა რიცხვი კი წუთში 60 000-ს აღწევს. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მანქანა ნელდება. როგორც კი მრბოლი მუხრუჭებიდან ფეხს აიღებს და აჩქარებას დაიწყებს, მქნევარა დაგროვილ ენერგიას წამყვან ღერძს უბრუნებს, რისთვისაც სპეციალურ სატრანსმისიო კვანძს იყენებს.

დამუხრუჭების პროცესში, შიდაწვის ძრავა გათიშულია, კერს-ში დაგროვილი ენერგია კი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ეს ძრავა მცირე ხნით გამორთული მაშინაც იყოს, როდესაც მანქანა აჩქარებას დაიწყებს. კერს-ის დახმარებით, ავტომობილი დაბალის სიჩქარით მოძრაობას, შიდაწვის აგრეგატის გარეშე შეძლებს. დროის მცირე მონაკვეთებში, კერს-ს ავტომობილისთვის დამატებით 80 ცხენის ძალის მინიჭება შეუძლია, საწვავის მოხმარებას კი, სისტემა სტარტ-სტოპთან ერთად, 20 პროცენტით ამცირებს.

„ჩვენი მიზანი ისეთი კომპლექსური სისტემის შემუშავებაა, რომელიც კინეტიკური ენერგიის მაქსიმალური რეგენერაციის საშუალებას მოგვცემს. მალე ამ სისტემას ჩვენს სატესტო ავტომობილზე დავამონტაჟებთ და მის ტესტირებას შევუდგებით. ამ ტექნოლოგიას, საწვავის მოხმარების თითქმის 20 პროცენტით შემცირების პოტენციალი აქვს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლის განკარგულებაში დამატებითი ცხენის ძალებია, რისი წყალობითაც, ოთხცილინდრიანი ძრავი ისეთივე სიმძლავრეს იძლევა, რამდენსაც ექვსცილინდრიანი მოგვცემდა“, - ამბობს „ვოლვოს“ ძრავების საინჟინრო განყოფილების ვიცე პრეზიდენტი, დერეკ ქრაბი.

SIM-LEI - ერთი დამუხტვით 320 კილომეტრი

SIM-LEI EV, 200 Miles on a Single Charge by 2013

25 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს სვლის სიშორეა. ანუ, შედარებით მცირე სიშორე. ეს ის ფაქტორია, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელს უშლის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აკუმულატორების სრულად დამუხტვის დროის შემცირებას და თვითონ აკუმულატორების ფასს. თუმცა მთავარი ხელის შემშლელი მაინც სვლის შედარებით მცირე სიშორეა.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბაზარზე ელექტრომობილების დამკვიდრების პარალელურად, აკუმულატორების და მათთან ერთად, ავტომობილბის საექსპლუატაციო მახასიათებლები თანდათან გაუმჯობესდება. ეს კი ასეთი ავტომობილების მასობრივად წარმოების კვალობაზე მოხდება.

მანამ კი, სანამ ავტოინდუსტრიის ელექტრიფიკაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს, პატარა, ბევრისთვის უცნობი კომპანიები აქტიურობენ, რომლებიც დიდ მწარმოებლებს პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზებს სთავაზობენ. ერთ-ერთი კომპანიაა „სიმ-დრაივ“, რომელმაც საინტერესო კონცეპტუალური ელექტრომობილი შექმნა, სახელად SIM-LEI.

ეს, საკმაოდ უცნაური გარეგნობის მქონე ავტომობილი, საგზაო გამოცდებს მარტიდან გადის და საკმაოდ კარგი მონაცემებიც გამოავლინა. რაც მთავარია, ერთი სრული დამუხტვით, 321 კილომეტრის გავლა შეძლო. ეს კი ის მაჩვენებელია, რომელიც ბევრ ავტომოყვარულს, ელექტრომობილის (თუნდაც ძვირის) შეძენის სურვილს აღუძრავს.

ამ შესაშურ მაჩვენებელს ავტომობილმა „ტოშიბას“ წარმოების ლითიუმ-იონური აკუმულატორების წყალობით მიაღწია. ეს ზუსტად ისეთი აკუმულატორებია, რომლებსაც „ნისანი“ თავის სერიულ ელექტრომობილ „ლიფში“ იყენებს და რომელთა ტევადობაც 24.5 კილოვატსაათია. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ SIM-LEI ყოველი კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 77 ვატსაათ ენერგიას მოიხმარს, როცა „ნისან ლიფის“ ენერგიის ხარჯი 173 ვატსაათია. ამას კი „სიმ-დრაივმა“ იმის ხარჯზე მიაღწია, რომ მანქანა ფოლადის მონოკოკურ მზის სისტემაზე ააგო და ასე წონის შემცირება შეძლო. თანაც, ისეთ საბურავებზე დააყენა, რომლებიც შემცირებული წინააღმდეგობით გამოირჩევა.

SIM-LEI ოთხადგილიანი ჰეჩბეკია და ბაზარზე ის 2013 წელს უნდა გამოჩნდეს. სწორედ ეს ფაქტია მისთვის არასახარბიელო, რადგან ორი წელიწადი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, ყოვლისშემძლე დიდი კომპანიები აუცილებლად შექმნიან უკეთესი მახასიათებლების ელექტრომობილებს და მაშინ, უცნობი კომპანიის ნაწარმით ვინღა დაინტერესდება...