Friday, June 19, 2009

ფეტელი ასპერეზობისას
ფეტელი ახალ მანქანაზე თავის აზრებს გუნდის შეფ ქრისტიან ჰორნერს უზიარებს
.............................................................

ფეტელს ახალი მანქანა გამოადგა

ბრიტანეთის დიდი პრიზი. თავისუფალი პრაქტიკები

Formula 1

19 ივნისი

როგორც ჩანს, შუა ჩემპიონატიდან, ბრიტანელ ჯენსონ ბატონს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა გერმანელი სებასტიან ფეტელის სახით. მართალია, პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შედეგების მიხედვით, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურია ”რედ ბულის” მიერ მისი ბოლიდისთვის ჩატარებული მოდერნიზაცია, მაგრამ ერთი რამის აღნიშვნა მაინც ღირს - პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, ერთი გუნდის პილოტები ზედიზედ ორ დუბლს იშვიათად აღწევენ.

დღეს კი ეს იშვიათობა ”რედ ბულის” პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა შემოგვთავაზეს. ფორმულა 1-ის მოყვარულებს კი ის გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის უფრო დაძაბული პაექრობა ვიხილოთ, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო.

თავისუფალ პრაქტიკებზე თავიდანვე აშკარა გახდა, რომ გრილ ამინდში, ხისტი საბურავები გვიან, 4-5 წრის შემდეგ ხურდება. შესაძლოა, ამის გამო, პილოტების უმეტესობამ რბოლაზე სტარტი რბილი რეზინებით აიღოს.

პირველ სესიაზე კარგა ხანს, ცხრილის სათავეში უებერი იმყოფებოდა, მაგრამ სესიის მიწურულს, ფეტელმა მისი შედეგი თითქმის სამი მეათედი წამით გააუმჯობესა. რაც შეეხება ბატონს, პირველ სესიაზე მას მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ მეორეზე მხოლოდ მე-14-ს დასჯერდა. ყველას გასაოცრად, მეორე სესიაზე მესამე შედეგი ”ფორს ინდიას” გერმანელ ადრიან ზუტილს ჰქონდა. ნარბოლევს კი ბატონი ”რედ ბულის” სისწრაფის გამო, გაიცებას არ მალავდა.

”ისინი ძალიან სწრაფები არიან. ვფიქრომ, ამ უქმეებზე მათთან პაექრობა ძალიან გაგვიჭირდება”, - განაცხადა ჩემპიონატის ლიდერმა, ვინც პირად ჩათვლაში, ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს 26 ქულით უსწრებს, ფეტელთან კი 32-ქულიანი უპირატესობა აქვს.

მერვე და მეშვიდე შედეგებს დასჯერდა ბრიტანული დიდი პრიზის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, ვინც თავისი ”მაკლარენის” ბალანსით მაინც კმაყოფილი დარჩა.

თავისუფალი პრაქტიკების შედეგები

პირველი სესია

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:19.400

2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:19.682

3. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:20.227

4. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:20.242

5. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:20.458

6. ფელიპე მასა (ფერარი) 1:20.471

7. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:20.585

8. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.650

9. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:20.815

10. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.838

11. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.913

12. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:21.029

13. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:21.103

14. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:21.179

15. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:21.384

16. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:21.386

17. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:21.489

18. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:21.525

19. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:21.590

20. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:21.801

მეორე სესია

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:19.456

2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:19.597

3. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:20.141

4. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:20.209

5. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:20.237

6. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:20.244

7. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.417

8. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:20.458

9. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:20.468

10. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:20.608

11. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:20.622

12. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:20.733

13. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:20.762

14. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:20.767

15. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:20.932

16. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:20.945

17. ფელიპე მასა (ფერარი) 1:21.005

18. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:21.132

19. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:21.413

20. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:21.668

”რედ ბული” სილვერსტოუნზე მოდერნიზებულ მანქანას გამოიყვანს

Formula 1

19 ივნისი

შესაძლოა, ბევრი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეულია - ბრიტანელი ჯენსონ ბატონის დაწევას ვეღარავინ შეძლებს, მაგრამ ”ბრაუნ GP-ს” მთავარი მეტოქე, ”რედ ბული” ნაადრევად დანებებას არ აირებს და ამის დასტურად, ბრიტანეთის დიდ პრიზზე, რომელსაც უკანასკნელად უმასპინძლებს სილვერსტოუნის ავტოდრომი, თავის პილოტებს - გერმანელ სებასტიან ფეტელსა და ავსტრალიელ მარკ უებერს, საფუძვლიანად მოდიფიცირებული ბოლიდებით გამოიყვანს.

განახლებულ მანქანაზე შეცვლილია წინა ფრთა, ძრავის ძირი და მისი დამცავი გარსი, რომელსაც აეროდინამიკური დანიშნულება აქვს, მოდიფიცირებულია ორმაგი დიფუზორი, რომელიც გუნდმა პირველად მონაკოში გამოიყენა და უკანა საკიდარის გეომეტრია, რომელმაც დიფუზორთან ერთად, ავტომობილის ეფექტურობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

”გუნდმა რამდენიმე სიახლე მოამზადა, რომლებიც ვიზუალურადაც ადვილად შესამჩნევია. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები საგრძნობ წინსვლას გამოიწვევს და გამარჯვებებისთვის ბრძოლის შანსს მოგვცემს. სილვერსტოუნზე გამოჩნდება, თუ რამდენად ეფექტურია ის ცვლილებები, რომლებიც მანქანის კონსტრუქციაში ამ ორ კვირაში შევიტანეთ.

ჩვენი მიზანი გამარჯვებისთვის ბრძოლაა. ძალიან გვინდა, რომ ”ბრაუნ GP-ს” გავასწროთ. მითუმეტეს, სილვერსტოუნის კონფიგურაცია ჩვენი ბოლიდისთვის შესაფერისია. იმედი გვაქვს, რომ ახალი მანქანით, ჩემპიონატში გარდატეხის შეტანას შევძლებთ”, - ამბობს ფეტელი, ვინც ამ სეზონში ერთადერთია, ბატონის გარდა მოგება რომ შეძლო.

კუპე ”კუგას” ბაზაზე?

Ford Kuga Coupe

19 ივნისი

როგორც ჩანს, ”ბეემვეს” მიერ შექმნილი ”ვირუსი” სახელად X6, გადამდები გამოდგა - ინტერნეტში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ”ფორდი” თავის პოპულარულ კომპაქტურ ქროსოვერ ”კუგას” ბაზაზე კუპეს ამზადებს. ამგვარად, ამერიკული კომპანია გახდება პიონერი ახალი სეგმენტისა, რომელსაც თავადვე ჩაუყრის საფუძველს.

არაა გამორიცხული, რომ ახალი ავტომობილის სპორტული პროფილის მისაღებად, დიზაინერებმა უარი თქვან უკანა კარებზე, რაც უგზოობის ავტომობილებში მიშვიათად გვხვდება. თუმცა, ეს სასურველი სტილის მისაღებად გაღებული ერთადერთი კომპრომისი როდი იქნება. დიზაინერებს ასევე მოუწევთ საბარგულის მოცულობის შემცირება - რას იზამ, თუ ახალი სეგმენტის პიონერობა გსურს, ხარკიც უნდა გაიღო.

თუ კუპე ”კუგას” მწვანე შუქს აუნთებენ, ის იმავე აგრეგატებს მიიღებს, რომლებიც ქროსოვერისთვისაა განკუთვნილი. ინგლისურ ჟურნალ ”ავტო ექსპრესის” ცნობით, მოთხოვნის შემთხვევაში, კუპე ”კუგაზე” შესაძლებელი იქნება გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვილი, ავტომატიზირებული გადაცემათა კოლოფის დაყენება, რაც ქროსოვერ ”კუგასთვის” უცხო ხილია.

ევროპაში 1.6-ლიტრიანი ტურბო ბენზინის და ამდენივე მოცულობის მქონე ტურბო დიზელის ძრავებით აღჭურვილი კუპე ”კუგა” გაიყიდება. ავტომობილი ასევე 2.0-ლიტრიან ძრავსაც მიიღებს. ყველაზე მძლავრი ძრავის სიმძლავრე კი 197 ცხენის ძალა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ”ფორდი” ქროსოვერ ”კუგას” აშშ-ის ბაზარზე არ ჰყიდის, მაგრამ თუ ამ ავტომობილის ბაზაზე კუპეს წარმოებასაც მიჰყოფს ხელს, მას ოკეანის გაღმა აუცილებლად გაიტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, კუპე ”კუგას” წარმოების დაწყება 2011 წლამდე მოსალოდნელი არ არის.



”ოპელ/ვოქსჰოლის” ფოტოები

...............................................................

ახალი ”ასტრა” - უფრო სპორტული და ელეგანტური

Opel Astra

19 ივნისი

”ოპელმა” თავის ახალ ჰეჩბეკ ”ასტრას” ინტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიდანაც ჩანს, რომ გერმანული კომპანია, რომლის მფლობელიც 15 ივლისიდან ალბათ კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლი” გახდება, აგრძელებს გზას პრემიუმ სეგმენტისკენ, რომელზეც პირველი სერიოზული ნაბიჯი შარშან, ბაზარზე უახლეს სედან ”ინსინიას” გამოშვებით გადადგა.

პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ახალი ”ასტრას” სალონი სადად და იმავდროულად, დახვეწილი გემოვნებითაა გაფორმებული. აშკარად იგრძნობა მისი და ”ინსინიას” ნათესაობაც. ორივე ავტომობილს თითქმის იდენტური ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა აქვს. ”ასტრაშიც” ძირითადი მაჩვენებლები ოთხ რგოლშია მოქცეული, დამხმარე საშუალებები კი ცენტრალურ პანელსა და საჭის რგოლზეა გადატანილი. ცენტრალური პანელის მთავარი, ყველაზე მაღლა მდებარე სეგმენტი მრავალფუნქციურ მონიტორს უკავია, რომელზეც ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომი თითქმის მთელი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. პარალელურად, იგივ მონიტორი კრუიზ კონტროლსა და სხვა დამხმარე სისტემებსაც (მათ შორის, მულტიმდიურსაც) ემსახურება.

ახალი ”ასტრას” სალონში არაერთი ახალი ”ჯიბეა”, რომლებშიც მცირე ზომის ნივთების შენახვა შეიძლება. წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ კი მოზრდილი ყუთისთვისაც კი გამოიძებნა ადგილი. წინა ორივე სავარძელი წინ/უკან 28 სანტიმეტრით გადაადგილდება. გარდა ამისა, ორივეს 6.5 სანტიმეტრით აწევა/დაწევაც შეიძლება. ავტომობილის ყველაზე ძვირ ვერსიებზე დააყენებენ წინა სავარძლებს, რომლებსაც უფრო მოზრდილი და მყარი გვერდითა საბჯენები ექნება. გარდა ამისა, ისინი წელის არეში ოთხი მიმართულებითაც რეგულირდება.

ცნობისათვის, ახალი ”ასტრა” ბაზირებულია ”ჯენერალ მოტორსის” ”დელტა II” პლატფორმაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია ასევე უახლეს ”შევროლე კრუზისა” და ელექტრომობიკ ”შევროლე ვოლტისთვის” იყენებს. წინა ”ასტრასთან” შედარებით, ახლის ბორბლებს შორის ბაზა 7 სანტიმეტრითაა გაზრდილი, მისმა სიგრძემ კი 4.4 მეტრამდე (4.24-დან) მოიმატა. წარმოების დაწყების მომენტში, ახალი ”ასტრასთვის” გათვალისწინებული იქნება რვა ძრავის გამოყენება, რომელთაგან ოთხი ბენზინზე მუშაობს, ამდენივე კი - დიზელზე.

ახალი ”ოპელ ასტრას” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტ შოუზე გაიმართება, რის შემდეგაც, მისი გაყიდვები ევროპაში დაიწყება. როდის შემოვა ის ჩვენს ბაზარზე, ამის თქმა ჯერ ძნელია, თუმცა სავარაუდოდ, ეს ალბათ მერმის, წლის დასაწყისში მოხდება.



”რენო” ფრანკფურტისთვის სამ ელექტროსიახლეს ამზადებს

Renault EV

19 ივნისი

უკვე რამდენიმე წელია, ფრანგულ კომპანია ”რენოს” სპეციალისტები ელექტრომობილების შექმნაზე მუშაობენ. შარშან და წელს, სხვადასხვა გამოფენებზე, კომპანიამ რამდენიმე ელექტრული კონცეპციაც წარმოადგია, მათ შორის, ელექტრომობილი Z.E. (სურათებზე) და ჰიბრიდული ”ონდელიოსი”. და აი, როგორც ჩანს, ფრანგები მიუახლოვდნენ იმ ზღვარს, რომლის იქითაც მათთვის სრულიად ახალი, ელექტრომობილების წარმოების ეპოქა დაიწყება.

ამის მანიშნებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ”რენოს” პავილიონში სამ ელექტრომობილს ვიხილავთ. ესენია სედან ”მეგანისა” და ფურგონ ”კანგუს” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილები და სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლის ბაზაზეც, კომპანია 2012 წელს სერიული ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს.

ახალი კონცეპციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა, ინგლისურ ჟურნალ ”აუტოქართან” საუბრისას, ფრანგული კომპანიის განვითარების განყოფილების შეფმა ქრისტიან შტეიერმა განაცხადა, რომ დიზაინერები განსაკუთრებულ, თვალწარმტაც ავტომობილს ამზადებენ, რომლის დანახვაზეც, ”ყველა მიხვდება, რომ ეს ”რენოს” ელექტროავტომობილია”. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი კომპანიის B პლატფორმაზე აიგება, რომელზეც ”რენოს” და ”ნისანის” რიგი მოდელებია (ლოგანი, კლიო, მოდუსი, მიკრა და კუბი) ბაზირებული. ამავე შასის ”ნისანი” თავისი ელექტრომობილისთვის გამოიყენებს, რომლის პროტოტიპსაც იაპონური კომპანია წლის ბოლოს ტოკიოს ავტო შოუზე წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ავტომწარმოებელთა უმეტესობა ელექტრომობილებისთვის ფაქტობრივად, ახალ პლატფორმებს ამზადებს, რადგან მათი სპეციფიკა სხვანაირ მიდგომასა და უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა იმისათვის, რომ მძღოლს და მგზავრებს უკეთესი პირობები შეუქმნან. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება და იმისათვის, რომ ფასების გარდაუვალ ზრდას თავი დააღწიონ, ხშირად კომპანიები თავიანთი ელექტრომობილებისთვის უკვე არსებულ პლატფორმებსაც იყენებენ.

ელექტრომობილების გარდა, ფრანკფურტში ”რენო” ასევე იმ ახალ მოწყობილობებსაც გამოფენს, რომლებსაც ელექტრომობილებზე გამოიყენებს. ასეთებია სისტემა ”ქვიკ დროპი”, რომელიც განმუხტული აკუმულატორების სწრაფად (სამ წუთში) შეცვლის საშუალებას იძლევა. ”ელექტრომობილის მფლობელი განმუხტულ აკუმულატორს გაცილებით ნაკლებ დროში შეცვლის, ვიდრე მის დამუხტვას სჭირდება”, - ამბობს შტეიერი. პარალელურად, ფრანგული კომპანია და მისი პარტნიორები აკუმულატორების სწრაფად დამმუხტავ სისტემებსაც ქმნიან.

ამ ეტაპზე, ელექტრომობილებზე მოთხოვნის უპირველესი ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობს მისი მომსახურებისთვის, კერძოდ კი ენერგიით გაწყობის სადგურების აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ”რენო” ამ ნაკლის გამოსწორებაზეც მუშაობს.

”ფერარიმ” F450-ის პრემიერა დანიშნა

Ferrari F450

19 ივნისი

”ფერარიმ” თავისი ახალი ავტომობილის - F450-ის მსოფლიო პრემიერა 9 სექტემბრისთვის დანიშნა. ბრიტანულ ჟურნალ ”აუტოქარის” ინფორმაციით, ახალი ავტომობილი, კომპანიის სამოდელო გამაში, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი იქნება. ამასთან, მასში მწარმოებელი რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლესაც გამოიყენებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ F450-ის აგრეგატების და დამხმარე ნაწილების შეთანწყობა განსხვავებული იქნება. მასში ძრავი და გადაცემათა კოლოფი, ძველებურად, ბაზაში, სავარძლების უკან მოთავსდება, ძრავის გაგრილებაზე კი ავტომობილის წინა ნაწილში გადატანილი რადიატორები იზრუნებს.

გარდა ამისა, ძრავსა და გადაცემათა კოლოფს ერთმანეთთან ორდისკოიანი გადაბმულობის ქურო დააკავშირებს. შეიცვლება სტაბილიზაციის სისტემა, რისი წყალობითაც, ავტომობილს არ ექნება არასაკმარისი მოხვევადობის პრობლემები, რაც მისი წინამორბედის (F430-ს) მთავარი ნაკლი იყო. F450-ზე ასევე გამოყენებულია მაბრუნი მომენტის განაწილების საკონტროლო სისტემა, რომელმაც ახალ კუპეზე ფორმულა ერთის ბოლიდიდან გადმოინაცვლა.

როგორც წესი, თავის ახალ ავტომობილებს ”ფერარი” კუპეს ძარით უშვებს ხოლმე (არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც) და ამჯერადაც ასე ხდება - მყიდველს პირველ რიგში, F450-ის დახურულ ვერსიას შესთავაზებენ, რომელსაც მოგვიანებით ღია ვარიანტიც მოჰყვება. თანაც, ”ფერარის” კუოეს სასარგებლოდ პრაგმატული არგუმენტიც გააჩნია - თუ F450 თავიდანვე ღია ძარით გამოვა, მაშინ ის ნაწილობრივ, მარანელოელთა კიდევ ერთი ავტომიბილის - კუპე კაბრიოლეტ ”კალიფორნიას” კონკურენტი გახდება, რაც იტალიური კომპანიის ინტერესებში არ შედის.

ახალი ავტომობილისთვის ახალი, 8-ცილინდრიანი ძრავი განკუთვნილი, რომელშიც საწვავი პირდაპირ წვის კამერაში მიეწოდება. ძრავის მონაცემბი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ინგლისური ჟურნალი ვარაუდობს, რომ ის 550 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. მოსალოდნელია, რომ ლოს ანჯელესის წლევანდელ ავტო შოუზე, ”ფერარი” ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ F450-ს გამოიყვანს. პარალელურად, მარანელოელები მუშაობენ ენერგიის რეკუპერაციის სისტემაზეც, რომელიც ასევე ფ1-ისთვის მზადდება.

ფრანკფურტში დებიუტის შემდეგ, ”ფერარი” თავის სიახლეზე შეკვეთების მიღებას შეუდგება, ავტომობილის გაყიდვები კი მერმის, პირველ კვარტალში დაიწყება. 18 თვის შემდეგ კი ბაზარზე ღია ”F450 სპაიდერიც” გამოჩნდება.