Saturday, May 1, 2010

”ბეემვემ” შეიძლება მოდელი X4-იც გამოუშვას

BMW Might Build an X4

1 მაისი

”ბეემვეს” ხელმძღვანელობა სრულიად ახალი მოდელის, სპორტულ ქროსოვერ X4-ის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. ამ საკითხის აქტუალობა კი ბაზარზე უფრო დიდი ზომის სპორტული ქროსოვერის, X6-ის პოპულარობამ განაპირობა. ეს ავტომობილი პირველად საზოგადოებამ 2008 წელს იხილა და მას შემდეგ, ის მთელს მსოფლიოში 80 000 ცალი გაიყიდა. არადა, ბავარიული კომპანიის მარკეტოლოგები მხოლოდ ამის ნახევარის გაყიდვას გეგმავდნენ.

ეს ინფორმაცია ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარს” ”ბეემვეს” წარმომადგენელმა, მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, ახალი სპორტული ქროსოვერის წარმოების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მას რა თქმა უნდა, არც სახელი აქვს, თუმცა სავარაუდოდ, X4-ს დაარქმევენ. ”ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა X6-ის წარმატება იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე სპორტულ ქროსოვერებზე მოთხოვნა არსებობს”, - ამბობს ”ავტოქარის” ინკოგნიტო წყარო.

თუ ამ ავტომობილის წარმოება გადაწყდა, ის ალბათ უგზოობის X3-ის პლატფორმას დაეყრდნობა, ისევე როგორც X6-ისთვის X5-ის პლატფორმა გამოიყენეს. X3-ის ძრავების გამაში ექვსი ძრავი შედის, რომელთაგან სამი ბენზინისაა და ამდენივე - დიზელისა. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილიც ამავე ძრავებით აღიჭურვება.

”ტესლა” ელექტრულ ქროსოვერსაც გამოუშვებს

Tesla Electric CUV Coming in 2013

1 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ”ტესლა” თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოებას გეგმავს - მალე ის სედანისა და ქროსოვერის გამოშვებას დაიწყებს. ამასთან, თუ სედანთან დაკავშირებული გეგმები მისმა ხელმძვანელობამ ადრევე გამოაქვეყნა, ქროსოვერის შესახებ კომპანიის შეფმა ელონ მასკმა ახლახანს განაცხადა.

ამ ეტაპზე, ”ტესლა” მხოლოდ ელექტრო როდსტერს აწარმოებს, რომელიც 1000 ცალზე მეტი გაჰყიდა. შემდეგი ავტომობილი, რომლის წარმოებასაც ეს კომპანია აითვისებს, სედანია, რომელიც ამ ეტაპზე, ”მოდელ S-ის” (S ერთსაფეხურიან გადაცემათა კოლოფს აღნიშნავს) სახელითაა ცნობილი. თუმცა, ეს მხოლოდ როდსტერის წარმოების დასრულების შემდეგ, მერმისს მოხდება.

როდსტერისა და სედანის გარდა, ”ტესლა” სპორტული კუპეს წარმოებასაც აპირებს, რომლითაც ”პორშეს” 911 ტურბოს გაუწევს კონკურენციას. გეგმაშია ასევე კომპაქტური სედანის წარმოებაც, რომელიც დაახლოებით ”ბეემვეს” მე-3 სერიის სედანის ზომისა იქნება.

რაც შეეხება ქროსოვერს, ამერიკულ გამოცემა ”ავტოუიკის” ინფორმაციით, ამ ავტომობილის წარმოება 2013 წელს დაიწყება. მის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ვარაუდები არსებობს. კერძოდ, ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, იტალიაში მოქმედმა ევროპის დიზაინის ინსტიტუტმა (IED) კონცეპტუალური ელექტრო ქროსოვერი ”აი” წარმოადგინა.

ეს კონცეპცია ინსტიტუტის სტუდენტების მიერაა შექმნილი. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.3 მეტრი, სიგანე 1.4 მეტრი, სიმაღლე კი - 1.8 მეტრი. რაც მთავარია, კონცეპციის შემუშავებაში მონაწილეობა ”ტესლას” სპეციალისტებმაც” მიიღეს, რომლებიც სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ. ამასთან, მოდელი გამოფენაზეც ამერიკული კომპანიის ემბლემით წარსდგა.

”ტესლა” იმედოვნებს, რომ ახალი მოდელების გამოშვების წყალობით, თავის წარმოების წლიურ მოცულობას 200 000 ცალამდე გაზრდის, რისთვისაც დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

”ატომიკ 500” - ჯუჯა ელექტრომობილი 300 ცხენის ძალით

Atomik 500, Buzzing with 300 HP

1 მაისი

”ფიატი” თავისი პოპულარული მოდელის, ”ჩინკვეჩენტოს” ბაზაზე ელექტრომობილის წარმოებას ჯერ არ აპირებს. ტურინში ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, საერთოდ აპირებენ თუ არა ასეთი ავტომობილის წარმოებას. და სანამ ისინი ორჭოფობენ, პარიზულმა კომპანია ”ატომიკ ქარზმა”, რომელიც ახალი დაარსებულია, ავტოსამყაროს ელექტრომობილ 500-ის მისეული ვერსია, სახელად ”ატომიკ 500” შესთავაზა.

ეს ელექტრომობილი სპორტულ ”ფიატ 500 აბარტის” ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მის ძარას რამდენიმე ელემენტი შეეცვალა. მაგალითად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საბორბლე თაღები, რადიატორის ჰაერის ამღები კი დაიხშო. სამაგიეროდ, მცირე ზომის ჰაერის ამღები ”ლაყუჩები” ბორბლების თაღების წინა ნაწილში გამოჩნდა.

ელექტრომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. თითო ბორბალს თითო ძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას, ჯამური მაბრუნი მომენტი კი 2550 ნიუტონმეტრს (აქედან 840 ნმ წინა ღერძზე მოდის, 1710 ნმ კი - უკანაზე) შეადგენს. ”ატომიკის” მონაცემებით, ამ ძრავების მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.6 წამში მოასწრებს, ადგილიდან 400 მეტრის გასავლელად 14 წამი, 1000 მეტრის გასავლელად კი 26 წამი დასჭირდება. შედარებისთვის, სერიულ ”ფიატ 500 აბარტს” 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7.4 წამი სჭირდება. ”ატომიკ 500-ის” მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია, მისი სვლის მაქსიმალური სიშორე კი - 200 კილომეტრი.

რამდენადაც ყოველ ბორბალზე თითო ძრავი მოდის, ესე იგი, ”ატომიკ 500” სრულამძრავიანია. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის გაგრილებაზეც კერამიკული სისტემა და ეგრეთ წოდებული პელტიეს მოდული უზრუნველყოფს.

სხვათა შორის, ამ ტიპის აკუმულატორები ელექტრომობილებში ჯერ არავის გამოუყენებია. ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორების მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ მათ დამუხტვა-განმუხტვის ყველაზე მეტი ციკლის გაძლება შეუძლიათ და ლითიუმ-იონურსა და ლითიუმ-პოლიმერულ აკუმულატორებთან შედარებით, მაღალ ტემპერატურასაც უძლებენ. კერძოდ, ლითიუმ-რკინის ფოსფატის აკუმულატორებს არ აშინებს 300-500 გრადუსამდე გადახურება. უფრო მეტიც, ასეთი აკუმულატორები მყისიერად 700 გრადუსამდე გადახურებასაც იტანს. და, რაც ყველაზე მთავარია, ასეთი აკუმულატორები, სხვებთან შედარებით, სწრაფადაც იმუხტება.

”ატომიკ 500” ჰეჩბეკ 500-ის ბაზაზე შექმნილი მეორე ელექტრომობილია, რომელიც ”ფიატისგან” დამოუკიდებლად შეიმუშავეს. პირველი შარშან შვედურმა კომპანია ”ავტოადაპტმა” წარმოადგინა და მის მანქანას ”ფიატ 500 EV ადაპტი” ერქვა. წელს კი, დეტროიტის ავტო შოუზე, თავად ”ფიატმა” გაგვაცნო ელექტრული ”ჩინკვეჩენტოს” მისეული კონცეპტუალური ხედვა, სახელად ”ფიატ 500 BEV”.

მაგრამ დტროიტში ტურინელებმა გამოაცხადეს, რომ 500 BEV-ის წარმოების გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ. ეს კონცეპცია მხოლოდ საცდელია და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად დამზადდა. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ოდესღაც მისი სერიული ვერსიაც ვიხილოთ. ”ატომიკი” კი თავისი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს. თუმცა, მხოლოდ 50 ცალი ”ატომიკ 500-ის” დამზადებას გეგმავს...