Saturday, July 18, 2009

”ვერცხლისფერი ისრების” სახელოვანი ისტორიის ერთი ფურცელი

Avus 1937

18 ივლისი



ამ დღეებში ”აუდი” დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, გერმანული კომპანიისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მონუმენტი წამოჭიმეს. საზოგადოებას კი იმ ავტომობილებს უჩვენებენ, რემლებმაც ”აუდის” სახელი გაუთქვეს.

სამწუხაროდ, ამ ავტომობილებს შორის ვერავინ იხილავს სტრიმლაინერის სერიის მოდელებს, რომლებიც 1937 წელს ”აუტო უნიონის” (ეს აუდის ერთ-ერთი და ყველაზე სახელოვანი წინამორბედია) სპორტულმა განყოფილებამ, ლეგენდარული ფერდინანდ პორშეს ხელმძღვანელობით შექმნა. ეს ავტომობილები დიდი პრიზების რბოლებისთვის შექმნილი ბოლიდების ბაზაზე დამზადდა და მათგან აეროდინამიკური, გარსშემოდენილი ძარით განსხვავდებოდნენ. სამწუხაროდ, მათგან დღემდე ვერცერთი ვერ შემორჩა.

დღეს მეტსახელი ”ვერცხლისფერი ისრები” მხოლოდ ”მერსედეს-ბენცის” სარბოლი ავტომობილებისადმი მიმართებაში გამოიყენება, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ თიკუნით ომისწინა გერმანიაში ”აუტო უნიონის” ბოლიდებიც სარგებლობდნენ. ორივე კომპანია ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა ისინი უპირველეს მეტოქედ ერთმანეთს მიიჩნევდნენ.

1937 წელს, ბერლინის მახლობლად მდებარე ტრეკ აფუსის ხელმძღვანელობამ ახალი, თავისუფალი ფორმულა შემოიღო, რომელიც სარბოლ ავტომობილებს ყოველგვარ შეზღუდვას უხსნიდა. ამ ფორმულის მიხედვით, ”აუტო უნიონმა” და ”მერსედეს-ბენცმა” სუპერ ბოლიდები დაამზადეს, რომლებსაც თითქმის ოცკილომეტრიან ტრასაზე სიჩქარის წარმოუდგენელი ზღვარის - 400 კმ/სთ-ის გადალახვა შეეძლოთ. ორი გერმანული გუნდის პაექრობა განსაკუთრებით საინტერესო იმ მოსახვევში იყო, რომელსაც ხშირად ”სიკვდილის კედელსაც” უწოდებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოსახვევი 43-გრადუსიან ვირაჟს წარმოადგენდა, რომლის გზის საფარიც აგურებით იყო ნაშენი. ასეთი დახრა კი მანქანებს მოსახვევის მაქსიმალურთან მიახლოებული სიჩქარით გავლის საშუალებას აძლევდნენ. აფუსის რბოლები იმდენად საინტერესო იყო, რომ მათ 300-400 ათასი მაყურებელი ესწრებოდა ხოლმე.

”ვერცხლისფერი ისრების” შტრომლინერების პირველი დიდი აფუსური რბოლა 1937 წელს ჩატარდა. ასპარეზობა სამ, შვიდწრიან სპრინტად დაიყო, რომელთაგან თითოზე საასპარეზოდ 6-8 მანქანა გამოდიოდა. მათგან ოთხი სტრიმლაინერი იყო - ორ-ორი ”აუტო უნიონისა” და ”მერსედესისგან”. დანარჩენი კი დიდი პრიზის კლასის სარბოლი ბოლიდები იყო.

სტრიმლაინერები დიდი სიჩქარით გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, დიდი პრიზის კლასის ბოლიდები მათ მოსახვევების გავლისას სჯობდნენ. და მაინც, უფრო მაღალი საშუალო სიჩქარე სტრიმლაინერებს ჰქონდა.

1937 წლის აფუსური რბოლის პირველი სპრინტი ყველაზე საინტერესო გამოდგა და ორი გერმანელი პილოტის, რუდოლფ კარაჩოლასა (მერსედესი) და ბერნდ როზემეიერის (აუტო უნიონი) უშეღავათო პაექრობით აღინიშნა. ბოლო წრემდე მათ ბორბალი-ბორბალში იარეს, ფინიშზე კი კარაჩოლამ როზემეიერს 0.7 წამით მიასწრო.

მეორე სპრინტი უფრო ჩქაროსნული გამოდგა. მასში პირველობისთვის მანფრედ ფონ ბრაუხიჩმა (მერსედესი) და იტალიელმა ლუიჯი ფაჯოლიმ (აუტო უნიონი) იბრძოლეს. ასპარეზობას ადრევე გამოეთიშა ჰერმან ლანგი, ვის ”მერსედესსაც” საბურავი გაუსკდა და პილოტმა ძლივს შეძლო მანქანის დამორჩილება. შუა რბოლაში ფაჯოლის მანქანას ტრანსმისია დაუზიანდა და ფონ ბრაუხიჩმა ადვილი გამარჯვება მოიპოვა.

და მაინც, გადამწყვეტი მესამე სპრინტი იყო, რომლის გამარჯვებულიც, რბოლის გამარჯვებულადაც ცხადდებოდა. ამ რბოლაში (წინა ორის შედეგების მიხედვით), სამი სტრიმლაინერი ”მერსედესმა” გამოიყვანა (ფონ ბრაუხიჩი, კარაჩოლა და ლანგი), ერთი კი - ”აუტო უნიონმა” (როზემეიერი). მაგრამ როზემეიერის მანქანაზე V16 ძრავი დაზიანდა - მის ძრავზე სტარტის წინ მხოლოდ 13 ცილინდრი მუშაობდა...

რბოლა კი ლანგმა მოიგო.

ჯეი ლენოს ახალი შენაძენი

Jay Leno

18 ივლისი

ჯეი ლენო და მისი სკანერ-პრინტერი

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი ჯეი ლენო, ვისაც 1992 წლიდან მოყოლებული, ტელეკომპანია ენბისის პოპულარული ტოკ-შოუ ”ღამის შოუ ჯეი ლენოსთან ერთად” მიჰყავს, წლევანდელიდან კი იმავე ტელეარხზე ”ჯეი ლენოს შოუს” წამყვანია, საავტომობილო სამყაროში უნიკალური ავტო კოლექციითაა ცნობილი. მის ფარეხში ისეთ იშვიათ ავტომობილებსაც კი შეხვდებით, რომლებსაც წინა საუკუნის დასაწყისში, ერთეულებს ამზადებდნენ.

ბუნებრივია, იშვიათი და დროთა განმავლობაში გვარიანად შელახული ავტომობილების რესტავრაცია დიდ ძალისხმევას, მოთმენას და სოლიდურ სახსრებს მოითხოვს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ავტომობილის დაზიანებული დეტალის აღდგენა, ან შეცვლა შეუძლებელია. ამის გამო, კოლექციონერები ხშირად კერძო სახელოსნოებს აკითხავენ, რომლებიც მათთვის სასურველ დეტალებს ძალიან ძვირად ამზადებენ.

მაგრამ ამიერიდან, მათ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ თავად ლენოს სახით, ვინც რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას უნიკალური დანადგარის შეძენის შესახებ ამცნო. ტელევარსკვლავმა, რომელმაც ახლახანს ”იაგუარის” უახლესი ფლაგმანის, სედან XJ-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, ”ნექსტენჯაინ 3D” სკანერი და ”იდმენშნ 3D” პრინტერი შეიძინა. ეს დანადგარები იმითაა გამორჩეული, რომ მათი მეშვეობით, ნებისმიერი ავტომობილის ნებისმიერი დეტალის ასლის დამზადება შეიძლება.

”ამ განსაკუთრებული დანადგარებით, ნებისმიერი ფორმის დეტალს დავამზადებ. სკანერი წამში 50 000 წერტილს აფიქსირებს და უმაღლესი ხარისხის ციფრული მოდელის შექმნა შეუძლია”, - ამბობს ლენო.

დანადგარები შემდეგი პრინციპით მოქმედებენ: სკანერის სპეციალურ სეგმენტში იდება ის დეტალი, რომლის აღდგენაცაა საჭირო. სკანერი მის ციფრულ სურათს ადგენს და მას პრინტერს გადასცემს, რომელიც პლასტიკური მასისგან მოდელს ამზადებს. შემდეგ მოდელი სპეციალიზებულ სახელოსნოში იგზავნება, სადაც მისგან ყალიბებს იღებენ და მათში დეტალის ნამზადს ასხამენ. ნამზადის დამუშავების შემდეგ კი ის საბოლოო სახეს ღებულობს და გამოყენებისთვის მზადაა.

დეტალის სკანირებისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო, პრინტერი კი პლასტიკატის მოდელს დაახლოებით 3 საათში ქმნის. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი დრო ყალიბების შექმნაზე, ნამზადის ჩამოსხმასა და მის დამუშავებაზე მიდის. სამაგიეროდ, მინიმუმამდეა დაყვანილი ხელით შრომა, რაც საბოლოო პროდუქტს მნიშვნელოვნად აიაფებს.

ლენო ამბობს, რომ თუ გაქვთ ”ფერარის” ძრავი, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთადერთია, შეგიძლიათ ის მთლიანად დაშალოთ და მისი სკანერ-პრინტერის მეშვეობით, თითოეული დეტალის ასლი დაამზადოთ. ამის შემდეგ კი თქვენი უიშვიათესი ავტომობილით ყოველდღიურ სარგებლობას მისი გაფუჭების შიშის გარეშე შესძლებთ, ან სამარქაფოდ, მეორე ძრავს ააწყობთ.

ლენოს თქმით, სკანერი მან 2 995 დოლარად შეიძინა, პრინტერში კი 15 000 დოლარი გადაიხადა. ”რა თქმა უნდა, მათი ყიდვა საკმაოდ ძვირი დამიჯდა, მაგრამ სამაგიროდ, მათი მეშვეობით ისეთი დეტალების დამზადება შემიძლია, რომლებიც ამ ორ დანადგარზე ათჯერ უფრო ძვირი ღირს”, - ამბობს ამერიკელი კოლექციონერი.