Monday, November 15, 2010

”ჰიუნდაი ველოსტერის” დებიუტი დეტროიტის ავტო შოუზე გაიმართება

2011 Detroit Auto Show Preview: 2012 Hyundai Veloster

15 ნოემბერი

”ჰიუნდაის” დეტროიტული ტექნიკური ცენტრის ოფიციალური პირების განცხადებით, სპორტული მოდელი ”ველოსტერი” წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა, მისი მსოფლიო პრემიერა კი დეტროიტის ავტო შოუზე გაიმართება. ”ველოსტერს” უკვე გავლილი აქვს საგზაო ტესტების სრული კურსი და მან ტექნიკური ცენტრის სადემონსტრაციო დარბაზში გადაინაცვლა (სურათზე), თუმცა მისგან კამუფლაჟი ჯერაც არ მოუხსნიათ.

ავტომობილს, ყოველ შემთხვევაში, მის კონცეპტუალურ ვერსიას, კუპე/ჰეჩბეკის ძარა აქვს. ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას იძლევა და რომლის წყალობიტაც, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ოდნავ მეტი საწვავი ჰყოფნის. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ კორეული კომპანია ამ ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიასაც ქმნის, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასეთ აგრეგატს კი ორქუროიანი ქურო მოემსახურება.

სხვათა შორის, ”ველოსტერის” მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე იყო მოსალოდნელი, თუმცა იქ ეს ავტომობილი არ გამოჩენილა. შემდეგ მოლოდინმა ლოს ანჯელესის შოუზე გადაინაცვლა, მაგრამ კორეულმა კომპანიამ რატომღაც გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის ჩვენებას არ აპირებდა. ახლა პრემიერის ადგილად ყველა დეტროიტს ასახელებს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ავტომობილი ტექნიკური ცენტრის დარბაზში დგას, ეს იმის ნიშანია, რომ საგზაო ტესტები უკვე გავლილია.

პრემიერის გადადების მიზეზად, არაოფიციალური წყაროები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ”ჰიუნდაი” შინაურ ბაზარზე ჯერ სხვა ორი მოდელის - ”აქცენტის” და ”აზერას” დბიუტს გეგმავს.

”ლამბორგინი ავენტადორი” და არა ”ჯოტა”

Lamborghini Aventador Is The New Jota

15 ნოემბერი

დაახლოებით ასეთი იქნება ”ლამბორგინი ავენტადორი”

..............................

აგვისტოდან მოყოლებული, ”ლამბორგინი მურსიელაგოს” შემცვლელის შესახებ, ინტერნეტში არაერთი ხმა გავრცელდა. ჯერ იყო და, მას ”ჯოტა” შეარქვეს. შემდეგ, მის გამოჩენას პარიზის საავტომობილო შოუზე ელოდნენ, მაგრამ იქ სანტ’აგატა ბოლონეზელებმა კონცეპტუალური ”მეექვსე ელემენტი” წარადგინეს, რომლიტაც თავიანთი ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება ჩაატარეს.

შემდგ, ახალი ავტომობილი, სატესტოდ შენიღბული გამოიჭირეს, როდესაც ის საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობდა. და მაშინაც მას ”ჯოტას” სახელით მოიხსენიებდნენ. მაგრამ ახლახანს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიურმა კომპანიამ, აშშ-ში ახალი სახელი - ”ავენტადორი” დაარეგისტრირა.

ახალი ავტომობილი გარეგნულად ახლოს იქნება მოდელ ”რევენტონთან” და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი წარმოებისას ”ლამბო” არაერთ ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს. ახალი ავტომობილისთვის, ძრავიც და კოლოფიც ახალი მუშავდება. ”ავენტადორს” ამძრავ ძალას 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი მიანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 700 ცხ.ძ, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 690 ნმ-ია. ძრავს და უახლეს ავტომატურ 7-საფეხურიან რობოტიზებულ კოლოფს, ერთმანეთთან ერთდისკოიანი ქურო დააკავშირებს.

”ავენტადორის” შასის მთავარი ელემენტი - მონოკოკი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ეს კი ავტომობილის წონის მნიშვნლოვნდ შემცირებას გამოიწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ”მურსიელაგოზე” 230 კილოგრამით მსუბუქი და გრეხვაზე 70 პროცენტით მტკიცე იქნება.

ამ ეტაპზე ცნბილია ისიც, რომ ახალს ავტომობილს ორივე კარი ”ლამბოს” სტილში გაეღება. ეს ის საფირმო სტილია, რომელმაც იტალიური კომპანიის პოპულარობას და იდენტურობას შეუწყო ხელი. კომპანიის შეფ შტეფან ვინკელმანის განცხადებით, ”ავენტადრი” 300 000 ევროზე ძვირი არ ეღირება.

”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა

Pontiac, maker of muscle cars, ends after 84 years

15 ნოემბერი

”პონტიაკს” განსაკუთრებული პოპულარობა მასკლ ქარმა GTO-მ მოუპოვა

..............................

2010 წლის 31 ოქტომბერს, ”ჯენერალ მოტორსის” კიდევ ერთმა ძველმა ბრენდმა, ”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა. ამ დღეს, 84 წლის კომპანიის ბოლო ავტომბილი გაიყიდა. ამ დღესვე, ”ჯენერალ მოტორსსა” და მის დილერებს შორის კონტრაქტები დასრულდა.

”პონტიაკის” გაჩერების გადაწყვეტილება ”გენერლებმა” შარშან აპრილში მიიღეს, როცა აშკარა გახდა, რომ კომპანიის მართვადი გაკოტრების რეჟიმში გადაყვანა გარდაუვალი იყო. ამგვარად, ”ჯენერალ მოტორსის” ჯგუფში მხოლოდ ოთხი ამერიკული ბრენდი - ”შევროლე”, ”კადილაკი”, ”ბიუიკი” და GMC დარჩა.

”პონტიაკის” ისტორიაში საუკეთესო 1968 წელი იყო, როცა კომპანიამ მილიონი ავტომობილი გაყიდა. მაგრამ ორი წლის წინ, გაყიდვები 267 ათასამდე დაეცა, წელს კი ”პონტიაკის” გაყიდვებმა ”გენერლების” გაყიდვების ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა.

”პონტიაკის” ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი კლების ძირითად მიზეზად სპეციალისტები ბრენდის განვითარების არასწორ სტრატეგიას ასახელებენ. ამ სტატეგიის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ”პონტიაკი” ”შევროლეს” სახეშეცვლილ ავტომობილებს აწარმოებდა. ამგვარად, კომპანიას ახალი ავტომობილების შემუშავება არ უწევდა და დიდ სახსრებს ზოგავდა, თუმცა პარალელურად, მისი პროდუქცია მყიდველისთვის არასასურველი ხდებოდა. ”ჯენერალ მოტორსის” ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ბობ ლუცი ამბობს, რომ ასეთმა სტრატეგიამ უარყოფითად იმოქმედა ”პონტიაკის” იმიჯზე.

”ბოლო ”პონტიაკებს” ვნებიანობა აკლდათ, ჩანდა, რომ მის მწარმოებელს კარგი პროდუქტის შექმნის ხალისიც არ ჰქონდა. ეს უბრალოდ იყო პროდუქტი, რომელიც კორპორატიულ სისტემაში უნდა ჩამჯდარიყო და მეტი არაფერი”, - გამოცემა დეტროიტ ნიუსთან საუბრისას განაცხადა 80-იან წლებში ”პონტიაკის” ხელმძღვანელმა ბილ ჰოგლუნდმა.

შტატ მიჩიგანის ქალაქ ორიონის ქარხანმ ბოლო ”პონტიაკი” ერთი წლის წინ გამოუშვა. ეს იყო თეთრი სედანი G6. რაც შეეხება კომპანიის ქარხნებს, იქ ”ჯენერალ მოტორსი” თავისი სხვა ბრენდების ავტომობილებს გამოუშვებს. იქაური პერსონალი კი ქარხნების გადაიარაღებაზე დასაქმდება.

ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ, ”ჯენრალ მოტორსმა” კომპანია ”ოლდსმობილი” გააჩერა. შარშან კი სასიკვდილო განაჩენი ”სატურნს” გამოუტანა, ბრენდს, რომელიც 1988 წელს, იაპონურ იაფფასიან ავტომობილებთან საკონკურენციოდ შეიქმნა. ”სატურნის” შეძენა თავიდან აშშ-ში მომუშავე მეორე უდიდეს სადილერო კორპორაცია ”პენსკეს” სურდა, თუმცა შემდეგ ამისგან თავი შეიკავა. ”გენერლებმა” თავიდან მოიშორეს ასევე შვედური ”სააბი” და უგზოობის ავტომობილების მწარმოებელი ”ჰამერი”. ამ უკანასკნელის შეძენ ჩინელებს სურდათ, თუმცა შემდეგ მათაც გადაიფიქრეს, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობამ გარიგებას მწვანე შუქი არ აუნთო.

”სააბი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია ”სპაიკერმა” შეიძინა. კარგა ხანს, ამერიკულ საავტომობილო გიგანტს თავისი საუკეთესო ევროპული ბრენდის, გერმანული ”ოპელის” (და მასთან ერთად, ინგლისური ვოქსოლისაც) გაყიდვაც სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ხახამშრალი დატოვა რუსეთის პრემიერი პუტინი, ვინც უკვე ზეიმობდა იმას, რომ რუსების ხელში ისეთი მაღალტექნოლოგიური ავტომწარმოებელი ხვდებოდა, როგორიც ”ოპელია”.