Friday, January 8, 2010

მომავლის ”მერსედესს” გონება მართავს

Mercedes Benz Cyborg Sensation Concept

8 იანვარი

როდესაც ავტოდიზაინერები თავისუფალ კონცეპციებს ქმნიან, ყველაზე ხშირად თავიანთი ქმნილებისთვის რეალურ აგრეგატებს არჩევენ, თუმცა არანაკლებ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი ფანტაზია ძრავებს და მართვის უჩვეულო საშუალებებსაც გასწვდება ხოლმე. და ამ დროს, შეიძლება ისეთი განსაზღვრებაც კი გაიგონოთ, რასაც თვით ნაცარქექია და ბარონი მიუნხჰაუზენიც კი ვერ შემოგთავაზებდათ...
ახალგაზრდა დიზაინერმა დერეკ ჩიკ კინმა მოამზადა კონცეპტუალური ”მერსედეს ბენც საიბორგ სენსეიშნ ვიჰაიქლი”, ავტომობილი, რომელიც თავისი გარეგნობითაც დანახვისთანავე იქცევს ყურადღებას. და სანამ მის აგრეგატს შევეხებოდეთ, გეტყვით, რომ დაახლოებით ასეთი ავტომობილი ევროპულ გზებზე 2040 წელს უნდა გამოჩნდეს. არ შეგეშინდეთ, ესეც კონცეპციის ავტორის ვერსიაა. ისე, შტუტგარტელები ასეთ მონსტრს კონვეიერს სიზმარშიც არასდროს გააკარებენ - ასეთი ავანგარდიზმი მათ არც ახლა ახასიათებს და ძნელი წარმოსადგენია, მომავალში შეიცვალონ ამ საკითხისადმი მიდგომა.

კონცეპციის მიხედვით, ავტომობილი ორადგილიანია და ალბათ არ გაგიკვირდებატ (მისი გარეგნობიდან გამომდინარე), თუ გეტყვით, რომ ის უგზოობის პირობებში თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ მთავარი არც ესაა. მთავარი ისაა, რაც სათაურში წერია!

ავტომობილს არც საჭის რგოლი აქვს, არც ჯოისტიკი და არც პედლები. რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუკი ადამიანს ”კიბორგული სენსაციის” მართვა გონების ძალითაც შეუძლია. როგორც ამბობენ, გონებით მექანიზმების მართვა მიღწევადი რამაა, მაგრამ ავტომობილში ასეთი სისტემის გამოყენება ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. თუმცა პროექტის ავტორს ეს სრულებით არ აშინებს.

ის შემდეგ აღწერილობას გვთავაზობს - მძღოლისთვის განკუთვნილია სპეციალური ჩაფხუტი, რომელსაც მისი აზრების წაკითხვა შეუძლია. ჩაფხუტის სენსორები ტვინის მიერ გამოცემულიმპულსებს იჭერენ და მათ კომპიუტერს გადასცემენ, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებენ და მართვის სისტემებს ბრძანების სახით უგზავნიან.

მართვის სისტემის მუშაობის პრინციპის ასეთი ”დაწვრილებითი” აღწერა კარგია, მაგრამ პროექტში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ტიპის აგრეგატით აღიჭურვება ”კიბორგული სენსაცია”.

სამაგიეროდ, იბადება კითხვა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს თვალი სხვა რამისკენ (ვთქვათ, ლამაზი ქალისკენ) გაექცევა და მართვაზე წამიერად მაინც არ იფიქრებს? ალბათ, კარგი არაფერი. თუმცა, სანამ ასეთი ავტომობილის წარმოების საკითხი დღის წესრიგში დადგება, გამომგონებლები ადამიანის ტვინს, წინასწარი დაპროგრამებული კიბერნეტიკული ტვინით, ან ადამიანისა და კიბერნეტიკული ტვინების ჰიბრიდით შეცვლიან...

”ტატა მეჯიკ ირისი” - ყველაზე ლამაზი მსოფლიოში

Tata Magic Iris

8 იანვარი

რა თქმა უნდა, პირიქითაა - ეს მიკრო ვენი შეიძლება მსოფლიოს უმახინჯეს ავტომობილადაც ჩაითვალოს. ის უფრო მახინჯია, ვიდრე მისი ცნობილი ნათესავი ”ნანო”, რომელიც მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის სტატუსს ატარებს. ”მეჯიკ ირისს” სხვა თვისებაც აქვს, რის გამოც ის შეიძლება დაცინვის ობიექტი გახდეს.

ჯერ ერთი, ის ნამდვილი ჯუჯაა. რამდენი კაცი შეძლებს მასში ჩაჯდომას? ინდურ კომპანიას, ნიუ დელის საავტომობილო შოუზე, ამის შესახებ არაფერი უთქვამს. საინტერნეტო გამოცემა ”აუტობლოგის” ცნობით, ”მეჯიკ ირისს” ხუთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ცნობილია, რომ ”მეჯიკ ირისი” 12-დუიმიანი საბურავებითაა აღჭურვილი.

ეგ კიდევ არაფერი - მამოძრავებელ ძალას მისთვის 0.661-ლიტრიანი დიზელის ძრავი გამოიმუშავებს, რომელიც წყლით გრილდება. ეს ძრავი სულ რაღაც 11 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 54 კმ/სთ იყოს.

უცნაური ”ლამბორგინი”

8 იანვარი

აღმოსავლეთ ლონდონში მცხოვრებმა 32 წლის არქიტექტორმა ბენედიქტ რედკლიფმა უცნაური პროექტი განახორციელა - ფოლადის მავთულებისგან ერთ დროს პოპულარული ”ლამბორგინი კოუნტაჩის” რეპლიკა შექმნა. არქიტექტორის ქმნილება ზომებში ზუსტად ემთხვევა ორიგინალურ სუპერ კუპეს, თუმცა არც ძრავი გააჩნია, არც ტანსმისია და არც ინტერიერი.

ნახაზების შედგენას რედკლიფმა რამდენიმე კვირა მოანდომა, რაშიც მას ”ლამბორგინი” დაეხმარა. მალე კი, იტალიური კომპანიისგანვე, თავისი ჩანაფიქრის განხორციელების ოფიციალური ნებართვა აიღო. თავისი ჩანაფიქრის აწყობას კი ენთუზიასტმა ოთხი თვე მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ რედკლიფმა მავთულებით ”კოუნტაჩის” ყველა ფორმა გამოიყვანა. ასე განსაჯეთ, ბორბლებიც მავთულებისგან დაამზადა და მათ ”პირელის” წარწერაც გაუკეთა.

”ეს იკონური ავტომობილია, რომელსაც მნახველი ახლაც კი აღტაცებაში მოჰყავს. მართალია, ჩემი ”კოუნტაჩი” უმოძრაოა, მაგრამ ის ორიგინალურია. როცა ხალხი მას ხედავდა ლონდონის ქუჩებში, ბევრი მისაბმელზე ადიოდა და შიგნით ჩაჯდომას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ნამდვილ ”ლამბოს” ყოლას ვისურვებდი, მაგრამ ეს მანქანები ძალიან ძვირია. ამიტომ, მე ჩემებურად შევძელი საკუთარი ”ლამბოს” შექმნა”, - ამბობს რედკლიფი.

ცნობისათვის, ”კოუნტაჩს” ”ლამბორგინი” 1974-1989 წლებში აწარმოებდა და მისი მეშვეობით, ”ფერარის” სერიოზულ კონკურენციას უწევდა. რედკლიფი იმედოვნებს, რომ მავთულებით აწყობილ ”კოუნტაჩს” 40 000 გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის.

”ჰიუნდაის” ”ლურჯი სურვილი” დეტროიტში

Hyundai Blue-Will

8 იანვარი

დეტროიტის საავტომობილო შოუსთვის, კორეულმა კომპანია ”ჰიუნდაიმ” ჰიბრიდული მოდელი ”ბლიუ-ვილ” მოამზადა, რომელიც სავარაუდოდ, ამერიკულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება. ეს პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელიც კორეულმა კომპანიამ მოამზადა. თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ის მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნა, თუ გლობალური ბაზრისთვის.

”ბლიუ-ვილი” აღჭურვილია მუდმივად ცვალებად ტრანსმისიასთან დაკავშირებული ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით, რომლის ბლოკიც და ცილინდრების თავიც ალუმინისგანაა დამზადებული, საწვავი კი მას უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. შიდაწვის ძრავთან და ტრანსმისიასთან უნისონში 100-კილოვატიანი ელექტროძრავი მუშაობს.

აკუმულატორების ბლოკი და საწვავის ავზი უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული, რითაც საბარგულში ადგილი ბარგისთვის გამოთავისუფლდა. ავტომობილის სახურავზე მზის ელემენტების პანელი მდებარეობს, რომელიც აკუმულატორებს მოძრაობის დროს, დამატებითი ენერგიით მუხტავს.

კორეული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ”ლურჯი სურვილს” მარტო ელექტროძრავით თითქმის 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. ჰიბრიდულ რეჟიმში მოძრაობისას, ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად 4.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეგრეთ წოდებულ პლაგ-ინ რეჟიმში მოძრაობისას კი საწვავის ხარჯი 2.2ლიტრი/100 კმ-ის ექვივალენტურია.

”ფორდი” დეტროიტში ”მუსტანგ GT-ს” გამოფენს

Ford Mustang GT

8 იანვარი

დეტროიტის საავტომობილო შოუსთვის, ამერიკულმა კომპანია ”ფორდმა” თავის პოპულარულ მასკლ ქარის, ”მუსტანგის” ვერსია GT-ს (გრან ტურიზმო) მოდერნიზებული ვარიანტი მოამზადა.

განახლებული ვტომობილი 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა ეკიპირებული, რომელიც მაქსიმალურ 412 ცხენის ძალა სიმძლავრეს და 530 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებს. ეს აგრეგატი იმითაცაა საინტერესო, რომ ის თავის ანალოგებთან შედარებით, 20 პროცენტით ნაკლებს იწონის.

აღსანიშნავია, რომ ”ფორდი” მყიდველს კვლავ შესთავაზებს ”მუსტანგ GT-ს” ძველ ვერსიას, რომელიც 4.6-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი და 315 ცხენის ძალასა და 440 ნიუტონმეტრს ავითარებს.

ახალი ძრავის გარდა, განახლებული ”მუსტანგ GT” ახალი ტრანსმისიითაცაა აღჭურვილი. ამიერიდან, ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს, 5-საფეხურიანის ნაცვლად, 6-საფეხურიანი კოლოფი გადაამუშავებს. მყიდველს შეუძლია აარჩიოს მექანიკური (MT82), ან ავტომატური (6R80) კოლოფი.

მწარმოებელი ჯერჯერობით არ აქვეყნებს განახლებული ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ”მუსტანგ GT” წინაზე სწრაფი და ტემპერამენტიანი იქნება. ცნობისათვის, ამ ავტომობილის უფრო სუსტი ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში ავითარებს.

ასევე ცნობილია, რომ ”მუსტანგ GT-ს” ავტომატურკოლოფიანი ვერსია ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრს 14 ლიტრი საწვავით გადის, ტრასაზე კი 9 ლიტრიც ჰყოფნის.

როგორი იქნებოდა რუმინული ”ჰამერი”

How a Romanian Hummer Would Look Like

8 იანვარი

მალე ”ჰამერი” ჩინელების ხელში გადავა და ყველას ბუნებრივად ებადება კითხვა, რა გავლენას მოახდენს ეროვნების გამოცვლა ამ ბრენდის ავტომობილების დიზაინზე. შეიძლება სტილი ძველბური დარჩეს, შეიძლება - შეიცვალოს. რა თქმა უნდა, არავის ებადება კითხვა, როგორი დიზაინი ექნებოდა ”ჰამერის” მანქანებს, თუ ის რუმინული კომპანია იქნებოდა?

ასეთი კითხვა რუმინელ დიზაინერ ანდრუს ჩიპრიანს დაებადა. უფრო სწორედ, მან ”ჰამერის” დიზაინის საკუთარი ვერსია დაამუშავა. მის კონცეპციას ”ჰამერ HB კონცეპტი” ჰქვია. ეს ავტომობილი ეკოლოგიური და იმავდროულად, ექსტრემალური ოფ-როუდერია. მისი ეკოლოგიურობა იმაში გამოიხატება, რომ ის V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავად ბიოდიზელს იყენებს.

კონცეპციის მიხედვით, ავტომობილი მზიდ ჩარჩოზეა აგებული, რომელიც ფოლადის კუთხოვანი მილებისგან შეიკვრება. ძარის ელემენტები კი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ავტომობილი უზარმაზარ ბორბლებზე დადგება, რომლებიც, მათი გაბარიტების გამო, ძარის სივრცის გარეთ გამოდის. რუმინელი ინჟინერი არ ასახელებს ძრავის სიმძლავრეს. სამაგიეროდ, ამბობს, რომ მას 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება.

სხვათა შორის, ახლახანს ”ჰამერმა” თავისი ორი მოდელის, H3-ისა და H3T-სთვის, ძრავების გამას E85 საწვავზე (რომელშიც 85 პროცენტი ეთანოლია) მომუშავე 5.3-ლიტრიანი V8 ძრავი დაუმატა, რომელსაც ჩვეულებრივ ბენზინზეც შეუძლია მუშაობა.

სხვათა შორის, ჩიპრიანმა ”ჰამერის” საკუთარ ვერსიას ამ ამერიკული ყველგანმავალის სტილის ბევრი ელემენტი შეუნარჩუნა. სამაგიეროდ, მან საქარე მინაზე და კარებების ფანჯრებზე წაიმუშავა და საკმაოდ საინტერესო სტილიც შეიმუშავა.

”მაზდა” RX-7-ს გამოუშვებს

Mazda RX-7

8 იანვარი

”მაზდა” უახლოეს მომავალში თავის სპორტულ კონცეპტუალურ მოდელ RX-7-ს კონვეიერზე დააყენებს და როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, ამ ავტომობილით, უკვე საკმაოდ მოძველებულ RX-8-ს შეცვლის. სავარაუდოდ, RX-7 ბაზარზე 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდება და იმავდროულად, ”მაზდა” RX-8-ს წარმოებას შეწყვეტს.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ RX-7 უახლესი როტორული ძრავით (რენესის16X) აღიჭურვება, რომელიც ”მაზდამ” პირველად 2007 წლის ტოკიოს ავტო შოუზე წარმოდგენილ კონცეპტუალურ მოდელ ”ტაიკიზე” გამოიყენა.

კონცეპტუალური RX-7 წყვილი როტორული ტურბოძრავითაა აღჭურვილი. თითოეულის სამუშაო მოცულობა 0.8 ლიტრია, მათი სიმძლავრე კი 350 ცხენის ძალას აღწევს. შედარებისთვის, RX-8 წყვილი როტორული ძრავითაა აღჭურვილი, რომელთაგან თითოეულის სამუშაო მოცულობა მხოლოდ 0.654 ლიტრია.

სხვათა შორის, ”მაზდამ” ახლახანს RX-8-ს მოდერნიზაცია ჩაუტარა, თუმცა ცვლილებები მხოლოდ ეკიპირებას, ფასებს და სხვა მცირე ნიუანსებს შეეხო. ამასთან, ავტომობილი ამიერიდან ორ ახალ ფერში შეიღებება. ესენია ალუმინის მეტალიკი და ”მეტროპოლიტენ” რუხი. რაც შეეხება სტანდარტული ეკიპირების ახალ ელემენტებს, ესენია: საქარე მინის საწმენდები, რომლებიც მინის დასველებისთანავე იწყებს მოქმედებას, ავტომატური განათების სისტემა, წყალამრიდი ნივთიერებით დაფარული კარის ფანჯრები და უკანა ხედვის სარკეები. ასევე კარის გაღების და ძრავის გაშვების უგასაღებო სისტემები.

განახლებული RX-8-ის კოდური სახელწოდება ამიერიდან არის ”ტაიპ G”. ამ ავტომობილის საბაზო ღირებულება კი 27 700 დოლარს შეადგენს.