Thursday, October 22, 2009

”ფიატი” ”ბერტონეს” ქარხანას აამუშავებს

Fiat Bertone

22 ოქტომბერი

”ფიატი” მის მიერ შეძენილი ატელიე ”ბერტონეს” კუთვნილი ტურინული ქარხნის ამოქმედებას გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს ქარხანა, ”კრაისლერის” ორ მოდელს გამოუშვებს. თუმცა, იტალიური კომპანია ჯერ არ აზუსტებს ამ მოდელების სახელებს.

ის, რომ ”ბერტონეს” ქარხანა ”კრაისლერის” ორ მოდელს გამოუშვებს, პირველად ერთი თვის ”ფიატის” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა. თუმცა, მანვე ამ მოდელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მას არც ის დაუზუსტებია, თუ როდის დაიწყება მათი წარმოება.

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპმა” მოიპოვა კონფიდენციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბერტონეს” ქარხანა, რომელიც ტურინის გარეუბან გრულიასკოში მდებარეობს, 2011 წლიდან ამოქმედდება. პირველი ავტომობილი, რომლის წარმოებაც იქ დაიწყება, ”კრაისლერ 300C-ს” (სურათზე) ევროპული ვერსია იქნება. ამ ავტომობილის ამერიკული დებიუტი იმავე წელს იგეგმება.

აქამდე 300C-ს ევროპულ ვერსიას, ”კრაისლერის” დაკვეთით, კანადურ-ავსტრიული ”მაგნა შტეირის” გრაცის (ავსტრია) ქარხანა უშვებს. იგივე ქარხანა ასევე ”კრაისლერის” ჯგუფში შემავალი ”ჯიპის” უგზოობის პოპულარულ მოდელ ”გრანდ ჩეროკისაც” აწარმოებს (ევროპისთვის). გრაცის ქარხანას ამ ავტომობილების წარმოებაზე კონტრაქტი მერმის უმთავრდება.

იტალიურ საავტომობილო პრესაში ასევე გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ”ფიატი” მოდელ 300C-ს პლატფორმას თავის ჯგუფში შემავალი იტალიური კომპანია ”ლანჩას” ფლაგმან ”თეზისის” ახალი ვერსიის საწარმოებლად გამოიყენებს. ცუდი გაყიდვების გამო, ამ ავტომობილის წარმოება წელს შეწყდა.

მეორე მოდელი, რომელსაც ”ბერტონეს” ქარხანა გამოუშვებს, ”ჯიპ გრანდ ჩეროკია”, რომელსაც დაშლილი სახით ჩაიტანენ იტალიაში და გრულიასკოში ააწყობენ.