Saturday, April 2, 2011

„ჰიუნდაი“ ცალკე პრემიუმ ბრენდის შექმნას არ აპირებს

Hyundai rules out separate premium brand

2 აპრილი

„ჰიუნდაი მოტორი“ აცხადებს, რომ არ აპირებს ცალკე პრემიუმ სუბ ბრენდის ჩამოყალიბებას, როგორც ეს თავის დროზე „ტოიოტამ“ (ლექსუსი), „ნისანმა“ (ინფინიტი) და „ჰონდამ“ (აკურა) გააკეთეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ცალკე ბრენდის შექმნას და მისი იმიჯის პოპულარიზაციას უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება და იმავდროულად, თავად „ჰიუნდაის“ და მის მფლობელობაში მყოფი „კიას“ იმიჯიც იზარალებს.

სხვათა შორის, როდესაც სამი წლის წინ, ბაზარზე მოდელი „ჯენეზისი“ გამოჩნდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ამ სახელს კორეული კომპანია პრემიუმ ბრენდისთვის გამოიყენებდა. ბოლო ხანს, ამ როლში სახელი „ეკუსიც“ განიხილებოდა. მაგრამ „ჰიუნდაი“ ორივე ვარიანტს უარყოფს.

„ცალკე ბრენდის ჩამოყალიბება „ჰიუნდაის“ გეგმებში არ შედის“, - ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა კორეული კომპანიის ვიცე ტავმჯდომარე შინ იონ-ვუნმა. ამასთან, მას არც ის განუმარტავს, რა ელის სახელებს“ჯენეზისს“ და „ეკუს-ს“, რომლებიც პრაქტიკულად ერთი კლასის ავტომობილებს ჰქვია. ძნელი სათქმელია, ეს განცხადება საპირველაპრილო ხუმრობაა, თუ რეალობა, თუმცა სავარაუდოდ, ამ სახელებს „ჰიუნდაი“ სხვადასხვა ბაზრებზე გამოიყენებს - ეს მარკეტინგული ტაქტიკა მისთვის უცხო არაა.

კომპანიის პრესმდივანი ფრენკ არენსი ამბობს, რომ „ჰიუნდაი“ ცდილობს, თავისი ავტომობილები წარმოაჩინოს, როგორც „თანამედროვე პრემიუმი“ და ამიტომ, ახალი პრემიუმ ბრენდის ჩამოყალიბება, პირველ რიგში, სწორედ „ჰიუნდაის“ დააზარალებს. ამასთან, ახალი პრემიუმ ბრენდის რეკლამას, სადილერო ქსელის შექმნას და სხვა, ამ საქმესთან დაკავშირებულ საქმიანობას, უზარმაზარი ხარჯები დასჭირდება.

ბოლო წლებში, „ჰიუნდაი“ აშკარად ხარისხიანსა და გარეგნულად მიმზიდველ ავტომობილებს აწარმოებს, რაც სპეციალისტებმა უკვე აღიარეს და ეს კომპანიის გაყიდვების განუხრელ ზრდაშიც აისახა. თუმცა, კომპანიის მარკეტოლოგები ამბობენ, რომ ფართო აუდიტორიას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად აღქმული ის ფაქტი, რომ კორეული კომპანიის ავტომობილები, სიიაფის გარდა, ხარისხით და დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა. ამიტომ, კომპანიის მთავარი მიზანი ახლა სწორედ ამ ნაკლის გამოსწორებაა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

სხვათა შორის, იაპონური კომპანიების მიერ პრემიუმ ბრენდების შექმნას სხვადასხვა შედეგი მოჰყვა. მაგალითად, თუ „ლექსუსმა“, რომელიც 1989 წელს შეიქმნა, თავი უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიკვიდრა, „აკურას“ ეს აშკარად არ გამოსდის. არადა, „ჰონდა“ იაპონური სამეულიდან პირველი იყო, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. საშუალოდ წარმატებულია „ინფინიტი“.

ასე რომ, „ჰიუნდაი“ ამ ატეპზე პრემიუმ ბრენდის ჩამოყალიბებას საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა რა იქნება მომავალში, ამის თქმა მაინც ძნელია...