Sunday, July 26, 2009

”სუბარუ” ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” წარმოებას იწყებს

Impreza WRX STI spec C

26 ივლისი

იაპონურმა კომპანია ”სუბარუმ” გამოაცხადა, რომ მალე შეუდგება თავისი პოპულარული ავტომობილის - ”იმპრეზა WRX STI-ის” გაუმჯობესებული ვერსიის, ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” გამოშვებას. კომპანიის ინფორმაციით, ეს საბაზო ავტომობილზე მსუბუქი და უფრო მძლავრი ვერსიაა.

ახალი ავტომობილის შესაქმნელად, ”სუბარუს” ინჟინრებმა ავტოსპორტში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენეს. ძრავს დაემატა წყლის საშუალედო გამაგრილებელი (ინტერქულერი), რომლის მეშვეობითაც, შემშვებ სისტემას საწვავის ნარევი მუდმივი ტემპერატურით მიეწოდება. შეიცვალა ტურბინის ლილვის საყრდენი ბურთულოვანი საკისრები, რომელთა წყალობითაც, ლილვის ხახუნზე, ტურბინის მარგი ქმედების კოეფიციენტის უფრო მცირე ნაწილი იკარგება.

”სუბარუ” აცხადებს, რომ ამ ცვლილებათა შედეგად, 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრე 304 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 422 ნიუტონმეტრია, უფრო სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს აქსელერატორზე ფეხის დაწოლისას.

მოდერნიზებულ ავტომობილს უფრო მსუბუქი და რაც მთავარია, ხისტი შასი აქვს. ასევე შეცვლილია მისი წინა და უკანა საკიდარის მახასიათებლები, რის შედეგადაც, ავტომობილი იოლად ემორჩილება მძღოლის სურვილებს და საჭის გადაადგილებაზე მაშინაც კი ადვილად რეაგირებს, როდესაც ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდება ზღვარს აღწევს.

კონსტრუქციაში ალუმინისგან და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალების, ასევე პლასტიკური შუშის მეშვეობით, ავტომობილის წონა მაქსიმალურადაა შემცირებული. სიახლეებს შორისაა ალუმინის ახალი, 19-დუიმიანი ბორბლები, მცირე ზომის სათადარიგო ბორბალი, რომელსაც ნაკლები ადგილიც უკავია და ნაკლებსაც იწონის, ”ბრემბოს” ოქროსფერი მუხრუჭები, რეკაროს სპორტული სავარძლები და სხვა.

”სუბარუ” სულ 900 ცალი ”იმპრეზა WRX STI სპეც C-ს” წარმოებას გეგმავს. პირველ რიგში, მათ იაპონელ მყიდველს შესთავაზებენ. ჯერჯერობით ცნობილი არაა, ეს ავტომობილი გაიყიდება თუ არა სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

”შკოდა” უგზოობის ”იეტის” ინდოეთშიც გამოუშვებს

Skoda Yeti

26 ივლისი

ბოლო ხანებში, ინდოეთის სახელი ავტოინდუსტრიის ახალ ამბებში რამდენჯერმე გაისმა. ჯერ იყო და, ”ტატამ” მსოფლიოში უიაფესი ავტომობილების მყიდველებისთვის მიწოდება დაიწყო, შემდეგ იაპონურმა ”ნისანმა” ამ ქვეყნიდან ევროპაში მინიჰეჩბეკ ”მიკრას” ექსპორტირების შესახებ განაცხადა. ახლა კი ფერხულს ჩეხური შკოდაც შეუერთდა, რომელიც მალე, ”ფოლკსვაგენის” აურანგაბადის ქარხანაში თავისი უახლესი ავტომობილის, უგზოობის ”იეტის” წარმოებას დაიწყებს.

ევროპაში ამ ავტომობილის გაყიდვები სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორ შოუს შემდეგ დაიწყება, ინდოეთში კი მისი პირველი ჩვენება იანვარში, ნიუ დელის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

”შკოდას” გაყიდვების და განვითარების განყოფილების შეფი აშუტოშ დიქსიტი ამბობს, რომ მისი კომპანია აურანგაბადის ქარხანას ”იეტის” სრულ კომპლექტებს მიაწვდის, იქ კი მათი მხოლოდ აწყობა მოხდება.

მართალია, ჯერჯერობით ”შკოდა” ინდურ ბაზარზე დიდი მოთამაშე არაა, მაგრამ ჩეხური კომპანია მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრებას დიდ მინიშვნელობას ანიჭებს. წლის პირველ ნახევარში, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალმა ჩეხურმა ბრენდმა ინდოეთში სულ 6 500 ავტომობილი გაჰყიდა და იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი მალე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დღეისათვის, აურანგაბადის ქარხანაში ”შკოდა” რამდენიმე მოდელს - ”ოქტავიას”, ”სუპერბსა” და ”ლაურას” (შკოდას გამაში სუპერბსა და ოქტავიას შორის დგას) აწარმოებს. კიდევ ერთ მოდელს - ჰეჩბეკ ”ფაბიას” კი ”ფოლკსვაგენის” ჩაკანის ქარხანა უშვებს. კომპანია მალე თავის სადილერო ქსელს, რომელშიც ამ ეტაპზე 61 დილერს ითვლის, 15 ერთეულით გაზრდის.

ინდოელი მყიდველისთვის განკუთვნილი ”იეტისთვის” სულ ხუთი ძრავია გათვალისწინებული. მათგან ორი ბენზინზე მუშაობს, სამი კი - დიზელზე. ყველაზე პატარას მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია. ძრავების სიმძლავრე კი 103-დან 167 ცხენის ძალამდეა. ყველაზე მძლავრია 2.0-ლიტრიანი TDI CR DPF, რომელიც 167 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაბრუნი მომენტი ყველა ბორბალზე ნაწილდება.