Thursday, October 29, 2009

ბრიტანული ელექტრომობილი ევროპის დაპყრობას აპირებს

Axon Plug-In Hybrid Electric Vehicle

29 ოქტომბერი

ბრიტანეთში ახალი საავტომობილო კომპანია გამოჩნდა - მილტონ კეინსში, მეცნიერების ფესტივალზე, კომპანია ”აქსონ ოტომოტივმა” თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი წარმოადგინა, რომლის გაყიდვების დაწყებასაც ორ წელიწადში აპირებს.

ჯერჯერობით, ეს პირველი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მას ფინანსურად ქვეყნის მთავრობის სპეციალური სტრუქტურა, კერძოდ კი ”ტექნოლოგიების სტრატეგიის საბჭო” ეხმარება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მილტონ კეინსში ნაჩვენები ავტომობილი მალე გამოჩნდება ალბიონის გზებზე.

ავტომობილის მთავარო მამოძრავებელი ელექტროძრავია. ქალაქში სწორედ მისი მეშვეობით გადაადგილდება. შორეული მოგზაურობის დროს, ელექტროძრავს შიდაწვის ძრავი ეხმარება, რომელიც ბენზინის გარდა, საწვავად ბიოეთანოლსაც იყენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ავტომობილის კიდევ ერთი დადებითი თვისება სიმსუბუქეა. ამის მიღწევაში კი მათ ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტის გამოყენება დაეხმარა. ასეთი კომპოზიტები ფართოდ გამოიყენება სპორტული ავტომობილების წარმოებისას და მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მსუბუქია და ხისტი. კომპოზიტებისგან დამზადებული მზიდი სტრუქტურა კარგი ენერგოშთანმთქმელია და ის კარგად იცავს სალონში (სპორტული ავტომობილის კოკპიტში) მყოფთ.

”აქსონის” სალონი ორ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მას საკმაოდ ბევრი ბარგის გადატანაც შეუძლია. სიიაფისა და ეკოლოგიურობისთვის გაღებული ხარკია ის, რომ სალონი მსუბუქი მრეწველობის ნარჩენებითაა გაწყობილი. კერძოდ, შალითები ჯინსის შარვლების წარმოებისას დარჩენილი ნაჭრითაა დამზადებული, ინტერიერის ზოგიერთი დეტალი კი კარბონის კომპოზიტის ნარჩენებისგან კეთდება.

”ჩვენი ძირითადი მიზანი ის იყო, რომ მსუბუქი, აეროდინამიკური ავტომობილი შეგვექმნა, რამაც გამონაბოლქვის შემცირების საშუალება მოგვცა. რამდენადაც ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, მაქსიმალური გარბენის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარების თანდათან შემცირებას მაინც ვაპირებთ. იმავდროულად, ეს ეს ავტომობილის გაძვირების და აკუმულატორების რიცხვის ზრდის ხარჯზე არ მოხდება”, - ამბობს ”აქსონის” მმართველი დირექტორი სტივ კუზინსი.

მისივე თქმით, შერეული ციკლით (როგორც ელექტროძრავით, ასევე შიდაწვის ძრავითაც) მოძრაობისას, ”აქსონის” ავტომობილი კოველ კილომეტრზე ატმოსფეროში მხოლოდ 50 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

პირველი პლაგ-ინ ელექტრული ”აქსონი” ბრიტანეთის გზებზე 2011 წელს გამოჩნდება, მისი სერიული წარმოება კი ერთი წლის შემდეგ დაიწყება. წარმოებისთვის კომპანია მცირე საწარმოებს გამოიყენებს, რომლებიც ბრიტანეთის გარდა, ესპანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, დანიასა და ჰოლანდიაშიც განლაგდება.

ლოტუსი” ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებს შესთავაზებს

Lotus Offering Evora Platform To Other Carmakers

29 ოქტომბერი

ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არაა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მალე ”ლოტუსი” თავის ახალ მოდელ ”ევორას” პლატფორმას სხვა კომპანიებსაც შესთავაზებს.
ბოლო წლებია, ”ლოტუსი” თავისი მოდელების პლატფორმებს (ელიზი და ექსიჯი) სხვა კომპანიებს სთავაზობს და ეს ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია. ამერიკულმა კომპანია ”ტესლამ” თავისი პოპულარული ელექტრომობილი სწორედ ”ლოტუს ელიზის” პლატფორმაზე დაამზადა და ამით მოგებას ნახულობს - მზამზარეულ და თანაც, სრულყოფილ პლატფორმას იაფად იყენებს.

”ლოტუსი” ინგლისური კომპანიაა და დღეს მალაიზიურ ავტომწარმოებელ ”პროტონის” ჯგუფში შედის, რომელიც შესაძლოა, მალე გერმანულ გიგანტ ”ფოლკსვაგენს” შეუერთდეს. ამასთან, მერმის ”ლოტუსის” სახელი კვლავ დაუბრუნდება ფორმულა 1-ს.

”ევორას” პლატფორმა უნივერსალურია. ის ადვილად ექვემდებარება მოდიფიცირებას და ამიტომ, მის ბაზაზე, სხვადასხვა კლასის, მათ შორის, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების დამზადებაა შესაძლებელი.

ცნობისათვის, 2010 სამოდელო წლის ”ლოტუს ევორა” ”ტოიოტას” წარმოების V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 276 ცხენის ძალას იძლევა. ამ ავტომობილის ჩასაჯდომი ფორმულა 2+2-ია (ცოტა მოძველებული ფორმულა კია). ანუ, მასში 2 სრულფასოვანი და ორიც ფსევდო ადგილია.

ავტომობილი გრან ტურიზმოს (GT) კლასს მიეკუთვნება, თუმცა მის პლატფორმაზე (მცირე მოდიფიკაციის შემდეგ) ჩვეულებრივი სედანის და ჰეჩბეკის დამყნობაც შესაძლებელია. ”ევორას” პლატფორმას ”ლოტუსში” ”მრავალმხრივი არქიტექტურის ურიკას” (ვერსეტაილ ვიჰაიქლ არქიტექჩა) უწოდებენ. პლატფორმა მოდულებისგან შედგება, რომლებიც ცალ-ცალკე მოდიფიცირებას ექვემდებარება. ამასთან, ისინი ადვილი დასამზადებელია და მცირე რაოდენობით წარმოების შემთხვევაშიც კი, ძალიან იაფი ჯდება. პლატფორმის სიიაფეს, მისი წარმოებისას, შედარებით იაფფასიანი მასალების გამოყენებაც უწყობს ხელს.

სხვათა შორის, ეს პლატფორმა მისწრებაა იმ პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინის, მცირე რაოდენობით ავტომობილებს შეკვეთებით აწარმოებენ. ამავე მიზნით, ამერიკაში ფართოდ გამოიყენება პოპულარული ”შევროლე კორვეტის” პლატფორმა, რომლის ყიდვაც (სრულიად უხმარის), თუ გაგიმართლათ, ინტერნეტში 10 000 დოლარადაც კი შეიძლება.