Saturday, November 13, 2010

მეექვსე ელემენტს მწვანე შუქი აუნთეს

Lamborghini Sixth Element Headed for Production

12 ნოემბერი

პარიზის წლევანდელი საავტომობილო შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, ლამბორგინის კონცეპტუალური ავტომობილი სესტო ელემენტო (მეექვსე ელემენტი) იყო, რომლის ფოტო ტიზერების გავრცელებაც იტალიურმა კომპანიამ, გამოფენის გახსნემდე ერთი თვით ადრე დაიწყო და ამით, ამ ავტომობილისადმი ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა.

მართალია, ეს ის მოდელი არ აღმოჩნდა, რომელსაც ყველა ელოდა, თუმცა გაწბილებული მაინც არავინ დარჩენილა. საავტომობილო საზოგადოება ”ხარებისგან” ფლაგმან მურსიელაგოს შემცვლელ ჯოტას ელოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დებიუტი, სულ მცირე, ჟენევამდე გადაიდო, მის ნაცვლად კი პარიზის ვერსალის საგამოფენო კომპლექსში მეექვსე ელემენტი გაგვაცნეს, რომელმაც ეს სახელი, ქიმიური ელემენტების ცხრილში მეექვსე ადგილზე მდგარი ნახშირბადის ხათრით მიიღო.

თითქოს, ეს ავტომობილი კონცეპტუალური პროტოტიპის სახითვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა ინტერნეტ გამოცემა აუტომოტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლამბორგინი სესტო ელემენტოს მცირესერიულად წარმოებას აპირებს.

ისევე როგორც ყველა ლამბოს, მეექვსე ელემენტსაც უმძლავრესი ძრავი აქვს, მაგრამ მას სხვა ხარებისგან განმასხვავებელი თავისებურებაც აქვს. ეს თავისებურება კი სიმსუბუქეა. საერთოდ, უსაფრთხოების გამკაცრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ავტომწარმოებლები იძულებულნი არიან, თავიანთი პროდუქცია ახალ-ახალი სისტემებით აღჭურვონ, რაც ავტომობილის დამძიმებას იწვევს. ეს კი ყველაზე მეტად სპორტულ სუპერ ავტომობილებს არ უხდება, რადგან გაზრდილი წონა მათ ტემპერამენტზე, მართვადობასა და მუხრუჭების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამიტომ, კომპანიები წარმოებაში ისეთი მასალების მსუბუქი დანერგვას ცდილობენ, როგორებიცაა კარბონის კომპოზიტი და ალუმინი. მაგრამ თუ ალუმინის დეტალების მასობრივი წარმოების საკითხი მეტნაკლებად გადაჭრილია, კარბონთან დაკავშირებით, იგივეს თქმა არ შეიძლება. მას მხოლოდ ექსკლუზიურ ავტომობილებში იყენებენ და ისიც, ძალიან შეზღუდულად.

და აი, პარიზში ლამბომ ყველას უჩვენა, რომ სერიული ავტომობილების საწარმოებლად, მეტწილად ნახშირბადოვანი კომპოზიტის გამოყენება შესაძლებელია. აეროკოსმოსურ გიგანტ ”ბოინგთან” ერთად, ხარებმა კარბონის დეტალების სერიულად დამზადების ტექნოლოგიები შეიმუშავეს, რომლებიც პირველად სწორედ მეექვსე ელემენტზე გამოიყენეს და ამ ავტომობილს სახელიც ამის მიხედვით შეურჩიეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გრაფიტის ფერის მონსტრი მეტწილად ნახშირბადისგანაა დამზადებული.

მოკლედ, კარბონის წყალობით, სესტო ელემენტო სულ რაღაც, 999 კილოგრამს იწონის. ეს კი 341 კილოგრამით ნაკლებია გალიარდო LP 570-4 სუპერლეგარას (ანუ, სუპერმსუბუქის) წონაზე. კარბონის ბოჭკოსგან დამზადებული ავტომობილი LP 570-4 სუპერლეგარას აგრეგატებითაა აღჭურვილი. ესაა 5.2-ლიტრიანი V10 ძრავი, რომელიც 570 ცხენის ძალას იძლევა. ამგვარად, წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.75 კილოგრამია ყოველ ცხენის ძალაზე. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ მეექვსე ელემენტმა ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 2.5 წამში მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 354 კმ/სთ-ია.

იმავე აუტომოტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარები მხოლოდ 7-10 ცალი სესტო ელემენტოს დამზადებას აპირებენ. მისი შეძენის მსურველებს კი საკუთარი ჯიბის 2.5 მილიონი ევროთი შემსუბუქება მოუწევთ.