Tuesday, March 15, 2011

უარი ავტომობილზე ამერიკელებს წლიურად 10 000 დოლარს დააზოგვინებს

Rapidly Rising Gas Prices Give Public Transit Riders Highest Savings in Two Years

15 მარტი

ამერიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაციის სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ თუ საშუალო ამერიკელი მოსახლე უარს იტყვის ინდივიდუალურ ტრანსპორტზე და სამუშაოზე ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის, მაშინ თვეში საშუალოდ 825 დოლარს, წლიურად კი 9 904 დოლარს დაზოგავს. სწორედ ამდენით მეტი ჯდება საკუთარი ავტომობილის ექსკლუატაცია და შენახვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე.

კვლევის მონაცემებით, ავტომფლობელთა ხარჯებში შევიდა საწვავზე გაწეული დანახარჯები, მიმდინარე რემონტი, ზეთის და საბურავების გამოცვლა. ხარჯებში ასევე შევიდა დაზღვევის საფასური, პარკირების გადასახადები და სხვადასხვა ხარჯები. ყველა ამ ხარჯის დაანგარიშება, საშუალო ზომის ავტომობილებისათვის სრულდებოდა. ასეთი ავტომობილის ხარჯი 100 კილომეტრზე საშუალოდ 10 ლიტრი უნდა ყოფილიყო. ამასთან, წინასწარ განსაზღვრული პირობით, ავტომობილით ოჯახის ორი წევრი სარგებლობს და წლიურად ავტომობილი 15 000 კილომეტრს გადის.

ამ თანხას, ოჯახის ამ ორ წევრზე, ავტობუსით მგზავრობის ხარჯები აკლდებოდა. ამასთან, მხედველობაში მიიღეს ის ფაქტორიც, რომ სხვადასხვა ქალაქში, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა სხვადასხვა ფასი ღირს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ავტომობილზე უარის თქმის შემთხვევაში, ყველაზე მეტ თანხას ნიუ იორკის მცხოვრებლები ზოგავენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, საშუალო ნიუ იორკელი თვეში თითქმის 1 200 დოლარს, წელიწადში კი დაახლოებით 14 400 დოლარს დაზოგავს.

ბოსტონში თვიური დანაზოგი 1099, წლიური კი 13 200 დოლარია, სან ფრანცისკოში 1088 და 13 100, ჩიკაგოში 991 და 11 900, სიეტლში 973 და 11 680, ფილადელფიაში 957 და 11 490, ჰონოლულუში (ჰავაი) 932 და 11 180, ლოს ანჯელესში 894 და 10 730, მინაპოლისში 876 და 10 510, სან დიეგოში 866 და 10 400 და ასე შემდეგ.

ასოციაციის სპეციალისტები თვლიან, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, ამერიკის დიდი ქალაქების ბევრი მაცხოვრებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო ხშირად გამოიყენებს, ვიდრე ახლა.

„ჰიუნდაი ელანტრა“ ყველაზე ეკონომიური ავტომობილების ათეულში

Hyundai Elantra Top Ten Most Fuel-Efficient Car

15 მარტი

საავტომობილო ბიზნესის კვლევებსა და ანალიტიკურ შეფასებებზე სპეციალიზებულ კორპორაცია “თრუქარ-ის” ვებგვერდ თრუქარ.კომ-ის (truecar.com) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, მსოფლიოს ათი ყველაზე ეკონომიური ავტომობილის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთის გარდა, ყველა ადგილი ჰიბრიდულმა ავტომობილებმა დაიკავეს.

ეს ერთი კი უახლესი „ჰიუნდაი ელანტრაა“, ავტომობილი, რომელიც ბაზარზე შარშან, წლის მიწურულს გამოჩნდა და მაშინვე, არაერთი საავტომობილო გამოცემის და ვებ-გვერდის რჩეული გახდა.

“თრუქარ-ის” რეიტინგი ავტომობილების საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და 15 000 მილის (დაახლოებით 24 000 კმ) გავლისას, საწვავზე დახარჯული თანხის შესაბამისად შედგა. რეიტინგში არ შეიყვანეს ელექტრომობილები, რადგან ისინი საწვავს არ მოიხმარენ.

რეიტინგში მოწინავე ადგილი „ტოიოტას“ ჰიბრიდულმა „პრიუსმა“ დაიკავა. ეს ავტომობილი 22 235 დოლარი ღირს (საბაზო ფასი), მისი საწვავის ხარჯი კი 1 064 დოლარია (იმის გათვალისწინებით, რომ წლიურად 15 000 მილს გადის და გალონი (3.785 ლიტრი) საწვავი 3.52 (პირობითად) დოლარი ღირს.

„ჰიუნდაი ელანტრას“ საბაზო ფასი 15 052 დოლარია, ანუ „პრიუსზე“ დაახლოებით 32 პროცენტით იაფი. სამაგიეროდ, საწვავზე მისი წლიური ხარჯი, „პრიუსისაზე“ 531 დოლარით მეტია (1595 დოლარი). საერთო ჯამში, „ელანტრას“ რეიტინგში მეცხრე ადგილი ერგო. მასზე ერთი საფეხურით წინაა „ჰონდას“ ჰიბრიდული CR-Z, კვალში კი ასევე ჰიბრიდული „ტოიოტა ქამრი“ უდგას.

„როდესაც საწვავის ეკონომიურად მხარჯველ ავტომობილს ყიდულობს, მომხმარებელმა ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს - მანქანის ფასი და მისთვის წლიურად საჭირო საწვავის ღირებულება. თუ ყველაზე ეკონომიურ ავტომობილს ეძებთ, ასეთად „ტოიოტა პრიუსს“ გირჩევთ, თუ იაფი მანქანა გინდათ, რომელიც ცოტასაც ხარჯავს, მაშინ „ჰიუნდაი ელანტრა“ საუკეთესო არჩევანია“, - ამბობს “თრუქარ-ის” ინდუსტრიული ტრენდების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ჯესი ტოპრაკი.

დაბოლოს, „ტოიოტა პრიუსის“ გარდა, რეიტინგში ასევე მოხვდნენ (დაკავებული ადგილების შესაბამისად): ჰიბრიდული „ლექსუს CT 200h“, ჰიბრიდული „ჰონდა ინსაითი“, ჰიბრიდული „ჰონდა სივიკი“, ჰიბრიდული „ლინკოლნ MKZ“, პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“, ჰიბრიდული „ლექსუს HS 250h“, ჰიბრიდული „ჰონდა CR-Z“ და ჰიბრიდული „ტოიოტა ქამრი“.

„პორშე“ „ალფა რომეოს“ ოპოზიტურ ძრავს სთავაზობს

Porsche Has an Engine Ready for Alfa Romeo

15 მარტი

მართალია, „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხს ურჩია, „ალფა რომეოზე“ ხელის ფათურს გირჩევნია, კრახის პირას მისულ „სეატს“ მიხედეო, მაგრამ ამით, დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალს მილანური კომპანიის ხელში ჩაგდების წყურვილი მაინც ვერ დაუცხრო.

უფრო მეტიც, „ფოლკსვაგენი“ და მის ჯგუფში ახლახანს შესული „პორშე“ ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათს განკარგულებაში მალე იქნება სეულიად ახალი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელსაც ცილინდრების ორი, ერთმანეთის მიმართ საპირისპიროდ განლაგებული რიგი (ოპოზიტური ძრავი) აქვს. ეს ძრავი კი, საკუთრივ „პორშეს“ გარდა, „ალფა რომეოსაც“ ძალიან გამოადგება. მითუმეტეს, მილანური კომპანია ერთ დროს ოპოზიტურ ძრავებს თავადაც აწარმოებდა და მათ თავის მოდელებზე - „ალფასუდსა“ და 33-ზე იყენებდა.

თავად „პორშე“ ახალ ძრავს თავისი პატარა მოდელისთვის გამოიყენებს, რომელიც შემუშავების სტადიაშია და რომლის შექმნაშიც, მას „ფოლკსვაგენი“ ეხმარება. იგივე ძრავს ვოლფსბურგული გიგანტიც გამოიყენებს როგორც საკუთარი, ასევე მის ჯგუფში შემავალი ბრენდების (შკოდა, აუდი, სეატი) მოდელებისთვის. თუ იტალიური კომპანია ამ აგრეგატით დაინტერესდა, „პორშე“ ამით მხოლოდ მოგებული დარჩება, რადგან ძრავების წარმოების გაზრდა მოუწევს, რაც მათს თვითღირებულებას შეამცირებს.

უნდა ითქვას, რომ „პორშეს“ ახალი ოპოზიტური ძრავი მისწრება იქნებოდა „ალფა რომეოს“ ახალი, კომპაქტური კუპესთვის (4C), რომლის კონცეპტუალური ვერსიის დებიუტიც ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე შედგა. მაგრამ რამდენადაც, მარკიონე „ფოლკსვაგენისთვის“ მილანური ბრენდის მიყიდვას არ აპირებს, ამდენად, „ალფა4C-ზე“ (ფოტოზე) ოპოზიტის დაყენება ჯერჯერობით გამორიცხულია.

„ჩვენ მათ (ფოლკსვაგენს) კარი ცხვირწინ მივუზურეთ, მაგრამ ახლა ისინი ფანჯრიდან შემოსვლას ცდილობენ“, - ასე განმარტა გერმანული გიგანტის შეთავაზება „ფიატის“ ჯგუფის პრესმდივანმა. მართალია, პიხმა ჟენევაში დაიქადნა, რომ ხუთ წელიწადში, „ალფა რომეოს“ გაყიდვების მოცულობას გააოთხმაგებს, მაგრამ მარკიონესგან ისევ უარი (ხელები შორს ალფასგან) მიიღო. და მაინც, პიხი ამბობს: „ფოლკსვაგენს არსად ეჩქარება“...

„შკოდამ“ დაადასტურა, რომ ორ ახალ მოდელზე მუშაობს

Skoda Plans New Models

15 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუს დასრულებისთანავე, „შკოდამ“ მისთვის ტრადიციული, ყოველწლიური მუშაობის შედეგები შეაჯამა, რასთან დაკავშირებიტაც გამართულ პრესონფერენციაზე გამოცხადდა, რომ ჩეხური კომპანია მალე თავის სამოდელო გამას ორი ახალი ავტომობილით შეავსებს.

ამგვარად, „შკოდა“ ტავის წვლილს შეიტანს „ფოლკსვაგენის“ მიზნის მიღწევაში, რომლის შესაბამისადაც, გერმანული კომპანია 2018 წელს მსოფლიო ლიდერობას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ვლოფსბურგელთა დიდ საავტომობილო ოჯახში, საკუთრივ „ფოლკსვაგენის“ და „შკოდას“ გარდა, „აუდი“, „სეატი“, „ბენტლი“, „ლაბმორგინი“, „ბუგატი“ და (უკვე) „პორშეც“ შედის.

„შკოდამ“ გასული წელი გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა და ამ წლის პირველი ორი თვის შედეგებიტაც, გაყიდვები 20 პროცენტზე მეტით აქვს გაზრდილი. ჩეხურ კომპანიას, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის, გაყიდული ავტომობილების მოცულობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია (ფოლკსვაგენის და აუდის შემდეგ).

„ფოლკსვაგენის“ მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გაყიდვების ზრდა, ახალი ბაზრების ათვისებით და ახალი მოდელების წარმოების დაწყებითაა მიღწევადი. ბუნებრივია, ამ გეგმას „შკოდაც“ მიჰყვება, რომელმაც ახლახანს დაადასტურა, რომ მერმისიდან ორი ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს.

პირველი იქნება კომპაქტური სედანი, რომელმაც „შკოდას“ გამაში, სუბკომპაქტურ „ფაბიასა“ და D სეგმენტის „ოქტავიას“ შორის უნდა დაიკავოს ადგილი. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ დეტალები დაფარულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ჩეხური კომპანია მათ ფრანკფურტის ავტო შოუზე გამოაქვეყნებს.

მეორე ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართა, სადაც ის „ვიჟნD-ს“ სახელით წარსდგა. ესაა ეგრეთ წოდებული საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელმაც პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობის მყიდველი უნდა მიიზიდოს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალურ მოდელ Up!-ის ჩეხური ვერსია იქნება და ის გერმანული კომპანიის წარმოების მცირელიტრაჟიანი ძრავებით აღიჭურვება, მომავალში კი ბაზარზე მისი ელექტრული ვერსიაც გამოვა. ეს ძრავებია 1.2-ლიტრიანი დიზელი, რომელიც 75 ცხენის ძალას იძლევა, მეორე ძრავი ბენზინზე მუშაობს და ისიც 1.2-ლიტრიანია, ოღონდ 86 ცხენის ძალას იძლევა. რაც შეეხება ელექტროძრავს, მისი სავარაუდო სიმძლავრე 82 ცხენის ძალა იქნება.