Saturday, June 19, 2010

”ჰიუნდაიმ” 5 მილიონზე მეტი ”სონატა” გაჰყიდა

Hyundai Sonata

19 ივნისი

მიმდინარე წლის მაისში, კორეული კომპანია ”ჰიუნდაის” სედან ”სონატას” გაყიდვებმა მთელს მსოფლიოში 5-მილიონიანი ზღვარი გადალახა. ამ კომპანიის ისტორიაში, ”სონატა” სულ მესამე ავტომობილია, რომელიც 5 მილიონზე მეტია გაყიდული. მანამდე იგივე ზღვარი მოდელებმა - ”აქცენტმა” (იგივე ვერნამ) და ”ელანტრამ” (იგივე ავანტემ) გადალახეს.

”ჰიუნდაიმ” მოდელ ”სონატას” გაყიდვები 1985 წელს დაიწყო. ცხრა წლის შემდეგ, კორეულმა კომპანიამ მემილიონე ”სონატა” გაყიდა, 2007 წელს კი უკვე 4 მილიონი იყო გაყიდული. ეს კი იმის ნიშანია, რომ რაც დრო გადის, ”სონატა” სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც ყველაზე მეტად, აშშ-ის ბაზარზე მისი მზარდი გაყიდვები განაპირობებს.

”ხუთი მილიონი გაყიდული ავტომობილი იმის ნიშანია, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება, მათზე სულ უფრო მეტ სიახლეს ვნერგავთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ”ჰიუნდაის” ინდივიდუალურ სტილს ვანიჭებთ”, - ამბობს ”ჰიუნდაი მოტორის” პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი სტივ იანგი.

საერთო ჯამში, ”ჰიუნდაიმ” კორეულ ბაზარზე 2.7 მილიონი ”სონატა” გაჰყიდა, დანარჩენი 2.3 მილიონი კი უცხოურ ბაზრებზე გავიდა. ამათგან კორეული კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზარია, სადაც 1.3 მილიონი ”სონატაა” გაყიდული. მართალია, აქამდ გაყიდული ”სონატების” უმეტესობა კორეაში დარჩა, მაგრამ ახალი ტენდენციით, ამ სედანს უფრო მეტი მყიდველი უცხოეთში ჰყავს. კერძოდ, შარშანდელი მონაცემებით, წარმოებული ”სონატების” დაახლოებით ორი მესამედი უცხოეთში გაიტანეს.

მისი წარმოების დაწყებიდან 25 წლის განმავლობაში, ”ჰიუნდაიმ” სულ 6 თაობის ”სონატა” გამოუშვა. მეექვსე თაობის ”სონატას” წარმოება კომპანიამ, რომელმაც შარშან მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელთა სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, შარშან დაიწყო. ოღონდ მსოფლიოს ბაზრების უმეტესობაზე, მას სახელი შეუცვალეს და i45 უწოდეს.

”მერსედეს ბენცი” პარიზში ახალი კუპე S-კლასს გვაჩვენებს

Mercedes-Benz S-Class

19 ივნისი

”მერსედეს ბენცი” აგრძელებს თავისი სპორტული მოდელებისთვის სახელის შეცვლას და მათს განახლებას. ამჯერად, ჯერ მოდელ CL-ზე მიდგა, რომელიც წარსულში დარჩება, მის ნაცვლად კი ბაზარზე S-კლასის კუპე გამოჩნდება, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

ახალი ავტომობილი შტუტგარტული კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც რადიატორის ახალი ბადით და წინა ფარებით გამოირჩევა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისთვის ”სამქიმიანებმა” ახალი ძრავი მოამზადეს. ესაა 4.7-ლიტრიანი V8, რომელიც 435 ცხენის ძალას იძლევა. ამაში კი მას საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და წყვილი ტურბოკომპრესორი ეხმარება.

უკვე ცნობილია, რომ სატიუნინგო კომპანია AMG, რომელიც ”მერსედეს ბენცის” ჯგუფში შედის, ამ ავტომობილისთვის 5.5-ლიტრიან V8-ს ამზადებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 544 ცხენის ძალა იქნება. ამავე ძრავის გაძლიერებული ვერსიის სიმძლავრე კი 571 ცხენის ძალას მიაღწევს. S-კლასის კუპეს AMG-სეული ტოპ ვერსია კი 12-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მონაცემებიც ჯერ კიდევ უცნობია.

მსოფლიოს უიაფესი კაბრიოლეტი? - არა

Tata Nano

19 ივნისი

ამ ფოტოზე რომ მანქანებია, ისინი ერთ-ერთი პაპარაცის მიერ ინდოეთის ქალაქ სანანდში არსებული ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული. მათში ალბათ იცანით მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის, ინდური ”ტატა ნანოს” ღია ვარიანტები. როგორც ინდური ბლოგი ”უილოსფერი” გვატყობინებს, ამ ორ ავტომობილს მეტად უხეში ოპერაციები ჩაუტარდათ, რომლის შედეგადაც, არ გააჩნიათ არც სახურავი და არც მისი საყრდენები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მზიდმა ძარამ სიხისტე დაკარგა.

მაგრამ როგორც ირკვევა, მათ სიხისტე არც სჭირდებათ და შესაბამისად, არც ქრეშ-ტესტების გავლა მოუწევთ. საქმე ისაა, რომ ღია ”ტატა ნანოს” რამდენიმე ეგზემპლარი ინდურ კომპანიას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ქარხნის სტუმრები, საწარმოო კორპუსებს შორის ატაროს. ამისათვის კი სულ რამდენიმე კაბრიოლეტი ”ტატა ნანოც” საკმარისია. ასე რომ, ის მსოფლიოს უიაფეს კაბრიოლეტადაც ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ ჰეჩბეკ ”ნანოს” ღირებულება ინდოეთის ბაზარზე სულ რაღაც 100 000 რუპიაა, რაც 2 500 დოლარზე ოდნავ მეტია. ინდურმა კომპანიამ მისი გაყიდვები შარშან დაიწყო. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნილებაა, რომ ”ტატა” იძულებული შეიქნა, სანანდში სასწრაფოდ მეორე ქარხანაც აეშენებინა.

”დაჩია” ჰიბრიდულ ქროსოვერს გამოუშვებს

Hamster Hamster

19 ივნისი

რუმინული საავტომობილო კომპანია ”დაჩია”, რომელიც ფრანგული ”რენოს” ჯგუფში შედის, მალე ჰიბრიდული ქროსოვერის წარმოებას დაიწყებს. რუმინული გამოცემა ”პრო მოტორი” გვაუწყებს, რომ ქროსოვერ ”სანდერო სტეპვეის” ბაზაზე, მისი ჰიბრიდული ვერსიის შექმნის პროცესში, ”დაჩიას” სპეციალისტების გარდა, ქალაქ პიტეშტის უნივერსიტეტის მეცნიერებიც მუშაობენ.

უკვე მზადაა კონცეპტუალური მოდელი, რომელსაც ”ჰამსტერი” (რაც ინგლისურად ზაზუნას ნიშნავს) შეარქვეს. სავარაუდოდ, მისი დებიუტი პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება. ის აღჭურვილია 1.2-ლიტრიანი დიზელით, რომელიც 75 ცხენის ძალას ავითარებს და ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე სულ რაღაც 10 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შედის სისტემა სტოპ-სტარტი და მზის ელემენტების ბლოკი, რომელიც სახურავზეა განთავსებული და დამატებით ენერგიას გამოიმუშავებს.

არაოფიციალური მონაცემებით, ”დაჩია ჰამსტერის” სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება. და, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოებისთვის ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ჰიბრიდული ქროსოვერის ღირებულება 10 000 ევროზე მეტი არ იქნება.