Sunday, June 14, 2009

”პეჟო” ამ ტრიუმფს 16 წელი ელოდა
მარკ ჟენე გამარჯვებას ზეიმობს
გამარჯვებული ეკიპაჟის სამეული (მარცხნიდან): ესპანელი მარკ ჟენე, ავსტრიელი ალექს ვურცი და ბრიტანელი დევიდ ბრებჰემი
ამჯერად ”პეჟო” ”აუდიზე” სწრაფიც იყო და გამძლეც
..................................................................................

”პეჟომ” ”აუდის” ბატონობა დაასრულა

Le Mans 24 Hour

14 ივნისი

”პეჟოს” საქარხნო გუნდის ტრიუმფით დასრულდა ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის 77-ე ასპარეზობა. ფინიშზე პირველი ორი ადგილი ფრანგული გუნდის ეკიპაჟებმა დაიკავეს. ლე მანზე ეს ”ლომების” პირველი გამარჯვებაა 1993 წლის შემდეგ, რითაც მათ გერმანული ”აუდის” 5-რბოლიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტეს.

გამარჯვებული აკიპაჟი ფინიშთან ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ მიიყვანა. ამავე ეკიპაჟით, მის გარდა ასევე იასპარეზეს ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტებმა - ავსტრიელმა ალექს ვურცმა და ბრიტანელმა დევიდ ბრებჰემმა, ვინც ფ1-ის სამგზის ჩემპიონის, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემის შვილია.

გამარჯვებულმა ეკიპაჟმა 24-საათში 382 წრის, ანუ 1631.904 კილომეტრის გავლა მოასწრო.

ვურცისთვის ეს ლე მანზე მეორე ტრიუმფია. პირველად სარტეს ტრასაზე მან 1996 წელს, ”ჯოესტ პორშეს” სპორტული პროტოტიპით გაიმარჯვა. ბრებჰემისთვის და ჟენესთვის კი ეს აბსოლუტურ ჩათვლაში პირველი ტრიუმფია.

მეორე ადგილზეც ”პეჟოს” ეკიპაჟი გავიდა, რომლის ტურბოდიზელიან ბოლიდსაც (პეჟო 908 HDi FAP) ფორმულა ერთის მოქმედი პილოტი, ფრანგი სებასტიან ბურდე, ასევე მისი თანამემამულეემი - სტეფან სარაზენი და ფრანკ მონტანი მართავდნენ. რბოლის დასაწყისში, სწორედ ეს ეკიპაჟი ლიდერობდა, თუმცა ღამით მათ მცირე ინციდენტი შეემთხვათ, რის გამოც ბოქსში რემონტზე შეყოვნება მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ ”პეჟოს” ბოლიდები ლე მანის რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპს ბოლო სამი წელია იგებენ, მაგრამ წინა ორ რბოლაში გამარჯვება მათს მთავარ მეტოქეს - გერმანულ ”აუდის” რჩებოდა. ამ ორ გუნდს შორის განსაკუთრებით დრამატული პაექრობა შარშან გაჩაღდა, როცა უფრო სწრაფმა ფრანგებმა, ტექნიკური პრობლემების გამო, გამარჯვება მეტოქეებს დაუთმეს.

ამჯერად ”აუდის” საუკეთესო ეკიპაჟი მესამე ადგილს დასჯერდა. მის საჭეს დანიელი ტომ კრისტენსენი, იტალიელი რინალდო კაპელო და შოტლანდიელი ალან მაკნიში მართავდნენ. ცნობისათვის, ბოლო ათ წელიწადში, ”აუდის” ეკიპაჟებმა რბა რბოლის მოგება შეძლეს. რვავე შემთხვევაში, ტრიუმფატორი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კრისტენსენი იყო.

სტარტზე გამოსული 55 ეკიპაჟიდან ფინიშს 34-მა უწია. რბოლის დროს რამდენიმე ავარია მოხდა, რომელთაგან ყველაზე დილის 4 საათის ინციდენტი იყო, რომლის დროსაც, ძლიერ დაიმტვრა ცნობილი ფრანგი ავტომრბოლისა და გუნდის მეპატრონე ანრი პესკაროლოს ”პეჟო”. ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ ტრასაზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები გამოიძახეს. საბედნიეროდ, ფრანგი პილოტი ბენუა ტრელიუ განსაცდელს გადაურჩა. თუმცა ის სამედიცინო პუნქტში მაინც გადაიყვანეს.

მეოთხე ადგილს დასჯერდა ”ლოლას” შასით მოასპარეზე ”ასტონ მარტინის” გუნდი. ინგლისური კომპანია წელს ლე მანზე პირველი გამარჯვებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავსდა მიუხედავად იმისა, რომ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო, მისი ხელმძღვანელობა შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.

LMP2 კლასში გამარჯვება გუნდ ”ესექსის” ეკიპაჟმა (ფრანგი ემანუელ კოლარი, დანიელი კასპერ ელგაარდი, დანიელი კრისტიან პოულსენი) მოიპოვა, რომელიც ღია პროტოტიპ ”პორშე RS სპაიდერით” ასპარეზობდა. აბსოლუტურში ეს ეკიპაჟი მეათე ადგილს დასჯერდა და გამარჯვებულ ეკიპაჟს 24 წრით ჩამორჩა.

ლე მანის 24-საათიანი რბოლის შედეგები

სარტეს ბუგატის სახელობის ტრასა

ტრასის სიგრძე 4.272 კმ

1. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (ბრებჰემი, ჟენე, ვურცი, LMP1) 382 წრე (1631.904 კმ)

2. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (ბურდე, მონტანი, სარაზენი LMP1) 381

3. აუდი სპორტ ტიმ ჯოსტი-აუდი R15 TDI (კაპელო, კრისტენსენი, მაკნიში, LMP1) 376

4. AMR ისტერნ იუროპი-ლოლა-ასტონ მარტინ B09/60 (ჩაროუზი, ენგე, მუკე, LMP1) 373

5. ტიმ ორეკა მატმუტ AIM-ორეკა 01-AIM (პანისი, ლაპიერი, აიარი, LMP1) 370

6. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (მინასიანი, ლამი, კლინი, LMP1) 369

7. კოლესი-აუდი R10 TDI (ცვოლსმანი, კართიკეიანი, ლოტერერი, LMP1) 369

8. პესკაროლო სპორტი-პესკაროლო-01-ჯად (ტინსო, ჟუანი, ბარბოსა, LMP1) 368

9. კოლესი-აუდი R10 TDI (ალბერსი, ბაკერუდი, მონდინი, LMP1) 360

10. ტიმ ესექსი-პორშე RS სპაიდერი (ელგაარდი, პოულსენი, კოლარი, LMP2) 357

11. სიგნეჩა პლუსი-კურაჟ ორეკა LC70E-ჯად (რაგუსი, მაილო, ანდრე, LMP1) 344

12. სპიდი რეისინგ ტიმ სება-ლოლა B08/80-ჯად (ლოინბერგერი, პომპიდუ, კანე, LMP2) 343

13. ასტონ მარტინ რეისინგი-ლოლა-ასტონ მარტინ B09/60 (დევიდსონი, ტარნერი, ფერსტაპენი, LMP1) 342

14. სპიდი რეისინგ ტიმ სება-ლოლა B08/80-ჯად (ბელიჩი, პროსტი, ჯანი, LMP1) 342

15. კორვეტ რეისინგი-კორვეტ C6.R (ო'კონელი, მაგნუსენი, გარსია, GT1) 342...

”კრაისლერი” სამოდელო გამას შეცვლის

Chrysler

14 ივნისი

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ”კრაისლერი” გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა და ის ”ფიატის” კუთვნილებაა, სააგენტო ”დეტროიტ ფრი პრესმა”, ამერიკული კომპანიის სამოდელო გამაში მოსალოდნელი ცვლილებბის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი ”კრაისლერის” გამაში მალე შვიდი ახალი ავტომობილი გამოჩნდება, რომლებიც ”ფიატისა” და ”ალფა რომეოს” სახეშეცვლილი ავტომობილები იქნება.

ამ შვიდიდან ორი ”ალფა რომეოა” - მოდელები 147 და 159. ამერიკაში გამოჩენამდე ორივეს განახლება ელის. ოკეანის გაღმა, მათ მყიდველი შესაბამისად ”მილანოს” და ”ჯულიას” სახელებით გაიცნობს. ”მილანოს” ევროპული ვერსიის გაყიდვები წელსვე დაიწყება, ”ჯულია” კი ძველი კონტინენტის ბაზარზე ორი წლის შემდეგ გამოჩნდება. თითო წლის დაგვიანებით კი ისინი ამრიკულ ბაზარსაც ეწვევიან.

”ფიატის” მოდელებიდან კი ამერიკულ შოურუმებში პირველი პოპულარული მინიავტომობილი ”ჩინკვეჩენტო” გამოჩნდება. უფრო მეტიც, მას ”კრაისლერის” მექსიკურ (ქალაქი ტოლუკა) ქარხანაში დაამზადებენ. თუმცა ავტომობილის პირველ ეგზემპლარებს ამერიკაში ევროპიდან შეიტანენ. პარალელურად, ”კრაისლერი” ამ ავტომობილის პლატფორმას საკუთარი მოდელის შესაქმნელადაც გამოიყენებს. წელიწადნახევარში კი პარტნიორი კომპანიები საზოგადოებას პირველ ერთობლივ ნამუშევარს წარუდგენენ.

”ფიატი” თავის ამერიკულ პარტნიორს საევე თავისი საშუალო ზომის C-ევო პლატფორმის გამოყენების საშუალებასაც მისცემს, რომლის ბაზაზეც ამერიკული კომპანია საშუალო ზომის სედანს დაამზადებს. ეს ის პლატფორმაა, რომელიც ”ალფა რომეო მილანოსა” და შემდეგი თაობის ”ფიატ ბრავოს” წარმოებისთვისაა განკუთვნილი.

”კრაისლერს” ასევე B-სეგმენტის პლატფორმის გამოყენების უფლება მიეცემა. ამ პლატფორმაზე პოპულარული სპორტული ავტომობილი - ”ალფა რომეო მიტოა” ბაზირებული. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, თუ რომელი ბრენდისთვის გამოიყენებს ამერიკული კომპანია ამ პლატფორმას. სავარაუდოდ, ეს ბრენდი სპორტული იმიჯის მქონე ”დოჯი” იქნება.

დაბოლოს, ”კრაისლერისთვის” ხელმისაწვდომი გახდება იტალიური კომპანიის ინჟინრების მიერ შემუშავებული ინოვაციური სისტემა ”მულტიეარი”, რომლის გამოყენებითაც, ამერიკელები ეკონომიური ძრავების წარმოებას აითვისებენ. სანაცვლოდ, ამირიდან ”ფიატს” ”კრაისლერისეულ” მაღალტექნოლოგიურ V6 ძრავების სერია ”პენტასტარზე” მიუწვდება ხელი, რასაც ”ალფა რომეოსა” და ”ლანჩას” ავტომობილებზე გამოიყენებს.

სურათი: იტალიელი პარტნიორის C-ევო პლატფორმაზე ”კრაისლერი” სედანს დაამზადებს. იმავე პლატფორმაზე ”ალფა რომეო 149”, იგივე ”მილანოს” შექმნის.

”სააბს” ”კიონიგსეგი” იყიდის

Saab

14 ივნისი

შვედურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შვედურ ავტოკომპანია ”სააბს” ”ჯენერალ მოტორსისგან” სუპერავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია ”კიონიგსეგისა” და ნორვეგიული საინვესტიციო კომპანიების კონსორციუმი გამოისყიდის. იმავე ინფორმაციით, მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია განზრახულობათა შეთანხმება.

ჯერ კიდევ თებერვალში, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ”სააბს” დაფინანსებას 2010 წლის 1 იანვრიდან შეუწყვეტდა და შვედურ კომპანიას თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემდა. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ”სააბი” დამოუკიდებელი კომპანია გახდებოდა (თუ აქციების კუთვნილებას არ გავითვალისწინებთ).

საქმეში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, რომ ”ჯენერალ მოტორსი” და ”სააბის” მყიდველი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. კრედიტორებისადმი წარდგენილ გეგმაში, ”სააბს” უწერია, რომ გაკოტრების რეჟიმში რეორგანიზაციის დროს, არაპრიორიტეტული დებეტის სამი მეოთხედიჩამოიწერება. ამ გეგმით, ”სააბი” ორ წელიწადში მომგებიან ბიზნესზე გადავა.

გარკვეული შეთანხმების მიუხედავად, ”ჯენერალ მოტორსსა” და ”სააბს” შორის დეტალებზე მოლაპარაკება ჯერაც გრძელდება. ამასთან, ”სააბის” პრესმდივანმა გუნილა გუსტავსმა განაცხადა, რომ ”კიონიგსეგის” გარდა, მისი კომპანიის შეძენის სურვილი კიდევ ორ ამერიკულ კომპანიას აქვს.

სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ ”ოპელს” იყიდდა, ”სააბის” შეძენას ”ფიატიც” გეგმავდა, მაგრამ რაც გერმანული კომპანია კანადურ ”მაგნას” ერგო, ტურინელებს შვედური კომპანიის შესყიდვის სურვილი გაუქრათ.

ცოტა ხნის წინ, შვედეთის მთავრობისა და რამდენიმე კერძო ინვესტორისგან, ”სააბმა” 3.23 მილიარდი დოლარის სესხი და სასესხო გარანტია მიიღო, რაც მას განვითარების საშუალებას აძლევს. კერძოდ, შემდგომ წელიწადნახევარში კომპანია სამი ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

სურათზე: სუპერავტომობილების მწარმოებელი ”კიონიგსეგი” მასზე გაცილებით დიდი ”სააბის” შეძენას ცდილობს.

”ბეემვე ზაუბერი” წინსვლას გააგრძელებს

Formula 1

14 ივნისი

სტამბულის რბოლამ ”ბეემვე ზაუბერის” აშკარა პროგრესი დაგვანახა, თუმცა გუნდის შეფი მარიო თაისენი აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და რომ წინსვლა მომდევნო ეტაპზე - ბრიტანეთის დიდ პრიზზეც გაგრძელდება. თურქულ რბოლაში გერმანულ-შვეიცარიული საჯინიბოს ბოლიდებზე ორმაგი დიფუზორები გამოჩნდა, სილვერსტოუნისთვის კი, თაისენის თქმით, მათ კიდევ რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტი დაემატება.

”სილვერსტოუნისთვის ჩვენ დიდი მონდომებით ვემზადებით. პროგრესი, რომელსაც სტამბულში მივაღწიეთ, მანქანის შემდგომი პროგრესისთვის ბაზისად გამოგვადგება. ორი კვირის წინ, ჩვენ პირველად ვირბოლეთ ორმაგი დიფუზორით და დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ყოველ შემთხვევაში, მანქანამ ქულებისთვის ბრძოლის საშუალება მოგვცა”, - ამბობს თაისენი (სურათზე) და დასძენს, რომ ბოლიდის სრულყოფაზე მუშაობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, რაც სწრაფი წინსვლის იმედს იძლევა.

”სილვერსტოუნისთვისაც რამდენიმე სიახლე გვექნება. პარალელურად, დიფუზორის შემდგომ დახვეწასაც გავაგრძელებთ. ინგლისში ჩვენი მანქანა უფრო ეფექტური და დაბალანსებული იქნება, რაც ჩქაროსნულ მოსახვევებში გზის საფართან ჩაჭიდებას გააუმჯობესებს. ეს სეზონი დასრულებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა და ჩვენ ბრძოლას კვლავაც ვაპირებთ. ყველაფერი წინაა”, - იმედოვნებს თაისენი.

ლე მანზე ფორმულა ერთის გუნდებს იწვევენ

Formula 1

14 ივნისი

იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ულტიმატუმებს უყენებს და პრობლემებს უქმნის, ამავე გუნდებს ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორები თავისთან იწვევენ.

ლე მანის რბოლის ორგანიზატორის, კლუბ ”აუტომობილ კლუბ დე ლ'ოუესტის” (ACO - დასავლეთის საავტომობილო კლუბი) გენერალური მენეჯერი რემი ბრუარი ამბობს, რომ თავის რბოლაზე ასპარეზობის უფლებას დიდი სიამოვნებით მისცემს ფ1-ის იმ გუნდებს, რომლებიც ამას ისურვებენ.

”განსაზღვრული არაფერი მაქვს, რაც მეტი გუნდი გადმოვა ჩვენთან, მით უკეთესი. მათ აქ სიამოვნებით მიიღებენ. თუ ისინი თავიანთ პირობებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ”, - ინგლისურ ჟურნალ ”აუტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრუარმა.

შესაძლოა, დამთხვევაა, რომ ლე მანის რბოლის სტარტს გუშინ ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლოც დაესწრო, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ფედერაცია დათმობაზე არ წავა, მისი გუნდი მერმის სტარტზე არ გამოვა.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, მსგავსი განხეთქილება ინდი კარშიც მოხდა, რის შემდეგაც, ორი მეტოქე სერია - ინდი რეისინგ ლიგა (იგივე ინდი კარი) და ჩემპ კარის სერია (CART) ჩამოყალიბდა. სერთო ჯამში, ამით ორივემ იზარალა - მაყურებელი ორივეს მოაკლდა. სამაგიეროდ, მეტოქე ნასქარ-ის სერიამ იხეირა, რომელსაც ტრიბუნებზე დასწრებაც გაეზარდა და ტელეაუდიტორიაც. წელს ინდი კარი კვლავ გაერთიანდა, მაგრამ პოპულარობით ნასქარ-ს მაინც ვერ უტოლდება.

ეს მწარე გაკვეთილი ფორმულა ერთის მოდავე მესვეურებისთვის ადაოდ გასათვალისწინებელია. მეორე მხრივ კი, როგორც უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება, თუ ფ1-ის ტოპ გუნდები ლე მანის რბოლას დაუბრუნდებიან. ცნობისათვის, ერთ დროს, სარტეს ავტოდრომზე ”მაკლარენის” და ”ფერარის” გუნდებიც ბრწყინავდნენ, ავტოსპორტის კომერციალიზაციამ კი მათ იქ ასპარეზობის სურვილი გაუქარწყლა. დღეს კი, სარტეს ავტოდრომზე ლეგენდარულ დღეღამურ რბოლაზე ”აუდის” (სურათზე) და ”პეჟოს” დიზელისძრავიანი ბოლიდები დომინირებენ...

მოაზროვნე საკიდარი ”როლს როის გოსტისთვის”

Rolls-Royce Ghost

14 ივნისი

ინგლისურ საავტომობილო გამოცემა ”აუტოქარის” ინფორმაციით, ”როლს როისი” თავის უახლეს სედან ”გოსტისთვის” ინტელქტუალურ პნევმატურ საკიდარს ამზადებს, რომელსაც ელექტრონიკა გააკონტროლებს და რომლის ამორტიზატორებიც, ელექტრონიკის მიერ შეკვეთილ რეჟიმში იმუშავებს.

ყოველი ამორტიზატორის მუშაობის მონაცემებს სპეციალური სენსორები შეაგროვებენ და მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერს გადასცემენ. ამასთან, კომპიუტერი ყოველ 2.5 მილიწამში გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და მათ შესაბამისად დაარეგულირებს ამორტიზატორებს. ”როლს როისში” ირწმუნებიან, რომ ეს სენსორები იმდენად მგრძნობიარეებია, რომ ისინი უკანა სავარძელზე ადამიანის ერთი მხრიდან მეორეზე გადაჯდომასაც კი აღიგქვამენ. ამასთან, გაჩერებული ავტომობილის სიმაღლე კარის გაღების შემდეგ, ავტომატურად, 25 მილიმეტრით მცირდება, რითაც მასში ჩაჯდომას აიოლებს.

”გოსტის” გარეგნობა თავისი კონცეპტუალური წინამორბედის, 200EX-ს სტილში იქნება შესრულებული, პლატფორმას კი მას მე-7 სერიის ”ბეემვე” გაუზიარებს. ოღონდ, ეს პლატფორმა ”როლსისთვის” ოდნავ დაგრძლდება. ”ბეიბი როლსის” (ის მოდელ ფანტომზე თითქმის ნახევარო მეტრით მოკლეა) კაპოტქვეშ კი 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 544 ცხენის ძალას აღწევს. ამ ძრავთან შესაწყვილებლად კი განკუთვნილია კომპანია ZF-ის ინჟინრების შედევრი - 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

”როლს როისი” თავის ახალ ავტომობილს ფრანკფურტის ავტო შოუზე პრემიერისთვის ამზადებს.