Wednesday, December 8, 2010

”ფოლკსვაგენ Up-ის” გაყიდვები მერმისს დაიწყება

Volkwagen Up Will be Priced Around EUR10,000

8 დეკემბერი

გამოცემა ”აუტომოტივ ნიუს იუროპმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერმისს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, ”ფოლკსვაგენი” თავის მინიავტომობილ Up-ის სერიული ვერსიის პირველ ჩვენებას მოაწყობს. შოუს დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება სამკარიანი, ოთხადგილიანი ავტომობილი, რომელიც ბენზინისა და დიზელის სამცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი.

მინიავტომობილს ”ფოლკსვაგენის” ბრატისლავას (სლოვაკეთი) ქარხანა გამოუშვებს. მყიდველს კი მას მერმისსვე, წლის ბოლოს შესთავაზებენ. Up-ის (ფრანკფურტში ის ალბათ ლუპოს სახელით წარსდგება) საბაზო ღირებულება 10 000 ევრო იქნება. იმავე პლატფორმაზე, მოგვიანებით ანალოგიური კლასის ავტომობილებს ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი ”სეატი”, ”შკოდა” და სავარაუდოდ, ”აუდიც” გამოუშვებენ.

გერმანულ გამოცემა ”აუტომობილვოხესთან” საუბრისას, ”ფოლკსვაგენის” განვითარების განყოფილების შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა, რომ Up-ის ბოლო პროტოტიპზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. შემდეგი ეტაპი კი, წარმოებისთვის მომზადეული სატესტო ავტომობილების მცირე პარტიის დამზადება იქნება.

Up-ის გამაში, სამკარიანი ჰეჩბეკის გარდა, ვოლფსბურგელები ხუთკარიან ჰეჩბეკსა და ელექტრომობილსაც გამოუშვებენ. ამ უკანასკნელის გაყიდვები 2013 წელს უნდა დაიწყოს. იმავდროულად, ბაზარზე ელექტრული ”გოლფი” და ”ჯეტაც” გამოვა. რაც შეეხება შიდაწვისძრავიან Up-ს, მისთვის ჩვეულებრივი მექანიკური ტრანსმისიებია გათვალისწინებული. მოგვიანებით კი მყიდველს ორქუროიან კოლოფებსაც შესთავაზებენ.

ცნობისათვის, ამ პატარა ავტომობილის შემუშავების დასაწყისში, ვოლფსბურგელებს სუდათ, რომ ძრავი უკან განეთავსებინათ. მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ავტომობილსაც აძვირებდა. ამიტომ, არჩევანი საბოლოოდ მაინც ძრავის წინა ნაწილში მოთავსებაზე შეჩერდა. ასე, Up-ს ძრავებს და ბევრ სხვა მაკომპლექტებლებს, უფრო დიდი (სუბკომპაქტური) ”პოლო” გაუზიარებს.

ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ვოლფსბურგელები მინი ავტომობილისთვის ორცილინდრიან ძრავებს შეიმუშავებდნენ, მაგრამ ჰაკენბერგი ამ ვარაუდს უარყოფს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ”ფიატ 500-ზე” გამოყენებული მსგავსი აგრეგატი შესანიშნავია.

”ამ ეტაპზე, ჩვენი ამოცანა არა მცირე ძრავების დამზადება, არამედ არსებული აგრეგატების და კვანძების სრულყოფაა, რათა გაუმჯობესდეს მათი შესაძლებლობები და ეკონომიურობა. Up-ი მხოლოდ სამცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც მოწინავე ტექნოლოგიებით დავამზადებთ და რომელთა ხარისხსაც მყიდველი შეაფასებს”, - ამბობს ჰაკენბერგი.

ფერდინანდ ალექსანდერ პორშე 75 წლისაა

Ferdinand Alexander Porsche Celebrates 75th Birthday

8 დეკემბერი

ფერდინანდ ალექსანდერ პორშეს, ადამიანს, ვინც ლეგენდარული ”პორშე 911-ის” დიზაინი შეიმუშავა, 11 დეკემბერს 75 წელი უსრულდება. დიდი ფერდინანდ პორშეს შვილის, ფერი პორშეს პირმშო ქალაქ შტუტგარტში დაიბადა, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის დიზაინ სტუდიას კი 1962-1972 წლებში ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნ ორი ლეგენდარული ავტომობილი - 911 და 904.

ფერდინანდ ალექსანდერს ბავშვობიდანვე იზიდავდა ავტომობილები, რაც მისი ბაბუის, დიდი ფერდინანდის დამსახურებაა. ის ბევრ დროს ატარებდა დიზაინ ოფისებში, სადაც მისი ბაბუა მუშაობდა. ომის დროს, მათი ოჯახი ავსტრიაში გადასახლდა და ფერდინანდ ალექსანდერი ცელ ამ ზის სკოლაში მიიყვანეს. სკოლის შემდეგ, მან ქალაქ ულმის დიზაინის კოლეჯში ისწავლა, რისი დამთავრების შემდეგაც, ბაბუის ფირმის სადიზაინერო დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.

ახალგაზრდა დიზაინერმა თავისი ნიჭი პირველად პროექტ ”ტაიპ 754-ზე” მუშაობისას გამოავლინა. ეს იყო კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელმაც ”პორშეს” ავტომობილების სტილი განსაზღვრა. 1962 წელს სათავეში ”პორშეს” დიზაინ სტუდიას ჩაუდგა. ერთი წლის შემდეგ, სტუდიამ საავტომობილო სამყარო მოდელ ”პორშე 901-ით” (იგივე 911) გააოცა. საგზაო მანქანების გარდა, ფერდინანდ ალექსანდერი სარბოლი ტექნიკითაც იყო გატაცებული. სწორედ ის მუშაობდა ”პორშეს” ფორმულა ერთის პროექტ ”ტაიპ 804-სა” და დიდი ტურიზმის კლასის სარბოლ ”904 კარერა GTS-ზე”.

1971 წელს ”პორშე” სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, რის შემდეგაც, ფერდინანდ ალექსანდერმა კომპანია დატოვა და საკუთარი სადიზაინერო კომპანია ჩამოაყალიბა. ამჯერად მან საათების და სხვადასხვა საგნების დიზაინზე მუშაობას მიჰყო ხელი და მათ ”პორშე დიზაინის” მარკით ჰყიდდა. გარდა ამისა, სხვა კომპანიების შეკვეთითაც, მათს სტილზე მუშაობდა.

2003 წელს, მან კომპანია ”პორშე ლიცენც უნდ ჰანდელსგეზელშაფტი” (პორშეს ლიცენზიებისა და შრომის კომპანია) ჩამოაყალიბა, რომელიც სახელ ”პორშეს” საავტომობილო სამყაროს მიღმა განაგებს.

”ოპელი” ელექტრული ”ამპერას” ოჯახს შექმნის

Vauxhall Ampera range to expand

8 დეკემბერი

”ოპელს” ჯერ თავისი პირველი ელექტრომობილის, ”ამპერას” წარმოება არ დაუწყია, თუმცა მის შემცვლელსა და მასზე ბაზირებული რამდენიმე მოდელის წარმოებაზე უკვე ზრუნავს. ამის თაობაზე, ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს შეფმა ნიკ რილიმ განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო თაობის ”ამპერას” შემდეგ, ბაზარზე მისსავე პლატფორმაზე აგებული ჰეჩბეკი (ოპელ ასტრას ტიპის) და ხუთადგილიანი ქროსოვერიც გამოვა.

რილის განცხადებით, პირველი თაობის ”ამპერას” წარმოება 2015 წლამდე დეტროიტში გაგრძელდება, შემდეგ კი, მეორე თაობის ელექტრომობილს ”ჯენერალ მოტორსის” ბრიტანული (ელესმერ პორტის) ქრხანა გამოუშვებს. არაა გამორიცხული, რომ ”ამპერას” ოჯახის მოდელები სხვა ქარხნებმაც გამოუშვას.

რაც მთავარია, ”ოპელი” იმედოვნებს, რომ მეორე თაობის ”ამპერას” წარმოების დაწყებამდე, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდება აკუმულატორების ფასი, რომლებზეც მთლიანად ავტომობილის ფასის თითქმის ნახევარი მოდის. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს მათი ტევადობაც, რასაც შედეგად ავტომობილის სვლის სიშორის (მარტო ელექტროძრავით გადაადგილებისას) ზრდა უნდა მოჰყვეს.

რილი ამბობს, რომ თუ პირველი ”ამპერა”, რომელიც ბაზარზე ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, 43 ათასი ევრო უნდა ღირდეს, მეორე თაობისა, შესაბამისი ზომის შიდაწვისძრავიან მოდელებზე მხოლოდ 6-10 ათასი ევროთი ძვირი ეღირება. რა თქმა უნდა, პირველი თაობის ”ამპერას” ფასს, რიგ სახელმწიფოებში, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისთვის მოქმედი საგადასახადო შეღავათები შეამცირებს. მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ ბაზარზე მეორე თაობის ”ამპერას” დებიუტამდე, ეს შეღავათები შემცირდეს, ან სულაც გაუქმდეს.

დაბოლოს, ”ოპელ ამპერა” პრაქტიკულად სახეშეცვლილი ”შევროლე ვოლტია”, რომლის გაყიდვებიც ამერიკაში დღე-დღეზე დაიწყება. ამ ავტომობილს მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, 65 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა აკუმულატორების დაცლის შემდეგ, საქმეში შიდაწვის ძრავისა (100 ცენის ძალა) და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომლის მეშვეობითაც, ”ამპერას” სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.

”როლს როისი” სედან ”გოსტის” სამ ვერსიას გამოუშვებს

Rolls Royce Is Working on Three New Ghost Variants

8 დეკემბერი

”როლს როისს” თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც, ბაზისად თავის ახალ სედან ”გოსტს” გამოიყენებს. სამი წლის განმავლობაში, ბაზარზე ”გოსტის” კუპე და კაბრიოლეტი ვერსია, ასევე დაგრძელებული სედანი გამოვა.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კომპანია პირველ რიგში სწორედ ”გოსტის” დაგრძელებული ვერსიის წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილი სიგრძეში მეორე საყრდენის უკან ჩამატებული სეგმენტის წყალობით მოიმატებს. მას უფრო გრძელი სახურავი და უკანა კარები ექნება. მისი სიგრძე კი საბაზო სედანისასთან შედარებით, 13 სანტიმეტრით გაიზრდება.

შემდგ კი ”გოსტის” ორკარიანი ვერსიების - კუპესა და კაბრიოლეტის ჯერი დადგება. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ სამივე ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილის სტილი უცვლელი დარჩება. მისი მხოლოდ პროპორციები შეიცვლება. ამიტომ, სავარაუდოა, რომ მათი წარმოების დაწყებამდე, ”როლს როისს” თავისი სიახლეების კონცეპტუალური ვერსიების ჩვენება არ დასჭირდება.

”გოსტი” ძალიან წარმატებული მოდელია - ყოველ გაყიდულ ”ფანტომზე” სამი ”პატარა” სედანი მოდის. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი, ამ ორი ავტომობილის ფასებს შორის სხვაობაა. თუ ”ფანტომი” ამერიკაში მინიმუმ 388 000 დოლარი ღირს, ”გოსტის” ფასი ”მხოლოდ” 250 000-დან იწყება. ორივე ავტომობილი ერთმანეთისგან ზომებით განსხვავდება, თუმცა გარეგნობა თითქმის ერთნაირი აქვთ. ცნბისათვის, ”როლს როისმა” წელს უკვე დაახლოებით 2 500 ”გოსტი” გაყიდა.

”როლს როისი” ასევე ჰიბრიდული ძალური დანადგარებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხზე, მხოლოდ პოტენციურ მყიდველთა აზრის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, ინგლისურ კომპანიას ნაკლებად აწუხებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გამონაბოლქვზე მკაცრ სტანდარტებს აწესებს - ”როლს როისი” გერმანული ”ბეემვეს” ოჯახის წევრია და მისი ავტომობილების ჭარბ გამონაბოლქვს, ”ბეემვესა” და ”მინის” ავტომობილების მცირე გამონაბოლქვი აბალანსებს.