Wednesday, November 11, 2009

”ფიატმა” ”კრაისლერის” ელექტრონული პროგრამა შეაჩერა
Fiat Terminates Chrysler's All-Electric Car Plans
11 ნოემბერისულ რაღაც ერთი წლის წინ, ”კრაისლერის” უახლესმა დივიზიონმა, სახელად ”ენვი”, წარმოადგინა პროექტი, რომელიც ამერიკული კომპანიის პოპულარული მოდელების ბაზაზე, ელექტრომობილების წარმოებას ითვალისწინებდა.
მაგრამ რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა - ჯერ ”კრაისლერმა” გაკოტრების რეჟიმში გადაინაცვლა, შემდეგ, ზედმეტი ვალებისგან გათავისუფლებული, მალევე დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს და ”ფიატთან” ალიანსი შექმნა (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იტალიურ კონცერნს შეაფარა თავი), რომლის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემაც აშშ-ის მთავრობისგან გრანტის სახით, 73 მილიონი დოლარი მიიღო იმისათვის, რომ ”კრაისლერს” ელექტრომობილების საცდელი (220 ცალი) დაემზადებინა.
მაგრამ, გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ტურინული ავტოგიგანტის შეფმა, ამ პროექტს წითელი შუქი აუნთო. დივიზიონი ”ენვი” დაიხურა, საცდელი ელექტრომობილების პარტიის დამზადება კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
”კრაისლერის” პრესმდივანმა ნიკ კაპამ როიტერთან საუბრისას განაცხადა, რომ ”ენვის” თანამშრომლები და ინფრასტრუქტურა, ჩვეულებრივი ავტომობილბის შემუშავების პროცესში ჩაერთვება, მისი შეფი ლუ როუდსი კი ”კრაისლერისა” და ”ფიატის” ელექტრომობილების დივიზიონებს უხელმძღვანელებს.
სხვათა შორის, მარკიონე არ მალავს, რომ ამ ეტაპზე, ელექტრომობილების პერსპექტივის არ სჯერა. ის თვლის, რომ ასმისათვის, ტექნოლოგიები ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის. მისი აზრით, 2014 წლისთვის, ”კრაისლერის” გაყიდვების წლიური მოცულობიდან, მხოლოდ 2 პროცენტი მოვა ელექტრომობილებზე, რაც დაახლოებით 60 000 ერთეული იქნება.
საინტერესოა, თუ ”კრაისლერი” აშშ-ის მთავრობისთვის შეპირებულ 220 ცალ საცდელ ელექტრომობილს არ გამოუშვებს, დააბრუნებს თუ არა იმ 73 მილიონს, რომელიც ამ საქმისთვის მიიღო?
ახალი ”ხუთიანი” დებიუტისთვის ემზადება
BMW 5-Series
11 ნოემბერიკომპანია ”ბეემვემ” თავისი ახალი, მე-5 სერიის სედანის ფოტო და ვიდეო ტისერები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის ინტერნეტ-პრეზენტაცია 23 ნოემბერს გაიმართება, პირველად კი ის საზოგადოების წინაშე დეკემბრის დასაწყისში, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარსდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-5 სერიის სედანი ჰიბრიდული კონსტრუქციისა იქნება. ანუ, მისი მზიდი სტრუქტურის წინა ნაწილი ალუმინისგან დამზადდება, შუა და უკანა სტრუქტურები კი კვლავ ფოლადის იქნება. ავტომობილის კონსტრუქციაში ასევე უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი. ამ მასალების გამოყენებით, ინჟინრებმა ავტომობილის ღერძებს შორის მისი წონის იდეალურ განაწილებას მიაღწიეს, რაც მის მანევრულობასა და მართვადობაზე დადებითად აისახა.
სიახლეა ძრავების გამაშიც. ესაა 4.4-ლიტრიანი V8, რომელსაც ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ეს ძრავი ბავარიელებმა პირველად ქროსოვერ X6-სა და მე-5 სერიის GT-ზე გამოიყენეს. ახალი სედანის ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება, შეკვეთით კი, კომპანია ZF-თან თანამშრომლობით შემუშავებული 8-საფეხურიანი ავტომატის დაყენებაც იქნება შესაძლებელი.
2011 წელს ბაზარზე გამოჩნდება მე-5 სერიის სედანის ყველაზე მძლავრი (დამუხტული) ვერსია, რომლის 4.4-ლიტრიანი, ორტურბოკომპრესორიანი ძრავის სიმძლავრეც 555 ცხენის ძალა იქნება. ეს აგრეგატი ბავარიელების ქროსოვერებზე - X5 M-სა და X6 M-ზე გამოიყენება. ამ ძრავის გარდა, მე-5 სერიის ყველაზე მძლავრი ვერსია განსხვავებულ აეროდინამიკასაც მიიღებს. მისი სახურავი და საბარგულის ხუფი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. მოდერნიზაციას გაივლის ავტომობილის საჭის მექანიზმი და საკიდარი.
”რენო” მარკა ”გორდინის” აღდგენას აპირებს
Renault revives Gordini name
11 ნოემბერი”რენოს” ხელმძღვანელობა მივიწყებულ მარკა ”გორდინის” აღდგენას და თავისი ავტომობილების სპორტული ვერსიებისთვის გამოყენებას გეგმავს. ამრდი გორდინი წარსულში ცნობილი, იტალიური წარმოშობის ფრანგი მექანიკოსი იყო, ვისაც სტანდარტული ძრავების დახვეწის უნარის გამო, ”გრძნეული” შეარქვეს.
”გორდინის” სახელს მალე ”რენოს” პოპულარული სუბკომპაქტური ჰეჩბეკების - ”კლიოსა” და ”ტვინგოს” სპორტული ვერსიები მიიღებენ. ასეთი ავტომობილები ”გორდინისთვის” საფირმო, ცისფრად შეიღებება, რომლებსაც მძღოლის მხარეს, მთელ სიგრძეზე ორი წვრილი თეთრი ზოლი ექნება. რადიატორის ორივე მხარეს კი წყვილი ფარები განლაგდება.
”გორდინის” სახელით პირველად ბაზარზე ”ტვინგო გორდინი RS” გამოჩნდება, რომლის დებიუტიც 25 ნოემბერსაა დანიშნული. ავტომობილის პრეზენტაცია პარიზში, შონს ელისეზე გაიმართება. ავტომობილის გაყიდვები მერმის, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, რამდენიმე თვეში კი მას ”კლიო გორდინი RS-იც” მიჰყვება.
ამედი გორდინი ”რენოში” 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში, ფრანგულმა კომპანიამ მისი სახელით, თითქმის 200 000 ავტომობილი გამოუშვა. ”გორდინის” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი 1964 წლის კორსიკის რალი იყო, რომელზეც მოდელ ”R8 გორდინით” (სურათზე) მოასპარეზე მისმა ეკიპაჟებმა პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს.