ლეპტოპის ელემენტები ელექტრომობილებისთვის
Toyota, Daimler, BMW adopt Tesla's laptop battery strategy for Evs
14 დეკემბერი

შევროლე ვოლტი
..............................
საავტომობილო ინდუსტრია საკმაოდ მაღალი ტემპით გადადის ელექტრომობილების წარმოებაზე. თუმცა არსებობს გარემოება, რომელიც ამ ტემპს ანელებს და ეს გარემოება აკუმულატორების სიძვირეა - თანამედროვე ელექტრომობილების ფასის ნახევარზე მეტი სწორედ აკუმულატორების ბლოკზე მოდის. სიძვირის გარდა, ლითიუმ-იონური აკუმულატორები (რომლებიც ამ როლში ჯერჯერობით მაინც საუკეთესო ვარიანტად რჩება) არც საკმარისი ტევადობით გამოირჩევა და შედარებით მალეც გამოდის მწყობრიდან.

ნისან ლიფი
..............................
ამ მხრივ, მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს კალიფორნიულ კომპანია ”ტესლა მოტორზის” მიერ ლეპტოპის აკუმულატორებისგან შედგენილი კვების ბლოკის გამოყენება. როგორც ირკვევა, ლეპტოპების ცილინდრული ელემენტებისგან შედგენილი ბლოკი იმდენად იაფია, რომ სწორედ მათი გამოყენება გადაწყვიტეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიც ”ტოიოტა”, ”დაიმლერი” და ”ბეემვეა”. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ”ჯენერალ მოტორსი”, ”ნისანი” და ”მიცუბიში” სპეციალურად ავტომობილებისთვის დამზადებულ აკუმულატორებს იყენებენ და სწორედ ამ კომპანიებმა დაასწრეს სხვებს ბაზარზე პირველი ელექტრომობილების გამოშვება.
ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ საავტომობილო ლითიუმ-იონური ელემენტების სიძვირეს მხოლოდ ის ფაქტი განაპირობებს, რომ ჯერჯერობით მასობრივად მათი წარმოება არ ხდება. ლეპტოპებს კი მასობრივად უშვებენ და აქედან გამომდინარე, მათი ელემენტებიც გაცილებით იაფია.
ლითიუმ-იონური აკუმულატორების წარმოებაში მსოფლიო ლიდერის, იაპონურ ელექტრონულ გიგანტ ”სანიოს” მონაცემებით, ავტოსექტორის მოთხოვნის წყალობით, ამ ტიპის ელემენტების ბიზნესის მოცულობა მთელს მსოფლიოში, სამზე მეტჯერ გაიზრდება. ცნობისათვის, ამ ბაზრის მოცულობა დღეისათვის 1.5 ტრილიონი იენია, მალე კი ის 5 ტრილიონამდე (დაახლოებით 60 მილიარდ დოლარამდე) გაიზრდება.
პირველი ელექტრომობილები

მინის ელექტრომობილი
..............................
დღეს მასობრივად ელექტრომობილებს მხოლოდ ორი კომპანია - ”ჯენერალ მოტორსი” და ”ნისანი” უშვებს. მალე მათ ”ფორდი”, ”ტოიოტა”, ”რენო” და ”ფოლკსვაგენი” შეუერთდებიან. შედარებით მცირეა ”მიცუბიშის” წარმოება, რომელიც სუბკომპაქტური გაბარიტების ელექტრომობილს ”პეჟოსა” და ”სიტროენისთვისაც” გამოუშვებს.
”ბლუმბერგ ნიუ ენერჯი ფაინენსის” მონაცემებით, ბაზარზე არსებული ელექტრომობილების (შევროლე ვოლტის და ნისან ლიფის) ფასის თითქმის სამ მეოთხედს აკუმულატორების ფასი შეადგენს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კომპაქტური ”შევროლე ვოლტი” ამერიკაში 41 000 დოლარი, დაახლოებით იმავე ზომის ”ნისან ლიფი” კი 32 780 დოლარი ღირს (ორივე აცვტომობილის ფასს, აშშ-ის მთავრობის მიერ ელექტრომობილებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათები აკლდება).
მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, ანალიტიკური კომპანია ”ჯეი დი პაუერ ენდ ესოშიეიტიდი” აცხადებს, რომ წელს მთელ მსოფლიოში დაახოებით 945 000 ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი გაიყიდება. რა თქმა უნდა, აქედან უმეტესობა ჰიბრიდი იქნება. ეს რიცხვი, მსოფიო ავტოწარმოების დაახლოებით 2.2 პროცენტია. იმავე ”ბლუმბერგ ნიუ ენერჯი ფაინენსის” გათვლებით, 2020 წელს გაყიდვების მოცულობაში, ჰიბრიდების და ელექტრომობილების წილი 9 პროცენტამდე გაიზრდება.
ლეპტოპის ელემენტები ავტომობილებში

ტესლა როუდსტერი
..............................
პირველად ეს იდეა ”ტესლამ” დაამუშავა, რომელმაც 109 000 დოლარად ღირებული თავისი ელექტრო როდსტერი ”პანასონიკის” წარმოების 6 831 ცალი ცილინდრული პატარა ელემენტისგან შემდგარი ბლოკით აღჭურვა. კალიფორნიელებს მალე ”დაიმლერმა” მიბაძა, რომელმაც ”სმარტის” და A-კლასის ჰეჩბეკის ელექტრული ვერსიებისთვის, აკუმულატორების ბლოკები ”ტესლას” დაამზადებინა.
იგივე გზა აირჩია ”ტოიოტამაც”, რომელიც მალე უგზოობის ელექტრომობილ RAV4-ს გამოუშვებს. ლეპტოპის ელემენტებისგან შემდგარი ბლოკებითაა აღჭურვილი ის 450 ცალი ელექტრული ”მინიც”, რომლებიც ”ბეემვემ” ლიზინგით გაჰყიდა. ანალოგიური ელემენტების გამოყენების შესაძლებლობას, ”ფოლკსვაგენის” კალიფორნიული კვლევითი ცენტრიც სწავლობს.

ელექტრული ტოიოტა RAV4
..............................
განსხვავება შესამჩნევია და ბადებს კითხვას - რატომ არ იყენებენ ”ჯენერალ მოტორსი” და ”ნისანი” ასეთსავე აკუმულატორებს? უბრალოდ, როდესაც მათ თავიანთ ელექტრომობილებზე მუშაობა დაიწყეს, თავიდანვე დიდი ზომის ლითიუმ-იონური აკუმულატორები აირჩიეს, რადგან პატარა ელემენტების მწარმოებლებს, ავტომობილებისთვის ამ ელემენტების გამოსაშვებად, რესურსები არ ჰყოფნიდათ (ჯერჯერობით, არც ახლა ჰყოფნით). დღეს კი, თუ აკუმულატორების შეცვლას მოინდომებენ, ავტომობილის კონსტრუქციაც შესაცვლელი ექნებათ, რაც უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ცნობისათვის, ”შევროლე ვოლტისთვის” აკუმულატორებს ”ჯენერალ მოტორსი” კორეული ”LG ქემისგან” ღებულობს. ”ნისანისთვის” კი ”ლიფის” აკუმულატორებს ”NEC კორპორეიშნი” აწარმოებს, რომელიც პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია.
”ტოიოტას” ელექტრული RAV4-სთვის აკუმულატორებს ”ტესლა” და ”პანასონიკი” უმზადებენ, მაგრამ ჰიბრიდული ”პრიუსისთვის”, იაპონური კომპანია დიდი ზომის აკუმულატორებს იყენებს. ამავე აკუმულატორებით აღიჭურვება ახალი პატარა ელექტრომობილიც, რომელსაც ”ტოიოტა” 2012 წელს გამოუშვებს.