Saturday, June 26, 2010

”ლამბორგინი გალიარდო” – უკვე 10 000

Lamborghini Celebrates Production of 10,000th Gallardo

26 ივნისი

სანტ’აგატა ბოლონეზეში მდებარე ”ლამბორგინის” ქარხანაში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - მე-10 ათასე ”ლამბორგინი გალიარდო” დამზადდა. ამგვარად, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ისტორიაში, ეს მოდელი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი გახდა. მე-10 ათასე ”ლამბორგინი გალიარდო” ყვითელი ფერისაა და მას მალე მიიღებს თავისი ჩინელი პატრონი.

”იმ ავტომობილის გამოშვება, რომლის ნომერიც 10 000-ია, ჩვენი კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა. ”ლამბორგინი” ექსტრემალური, უკომპრომისო ავტომობილების იტალიური ბრენდია, ”გალიარდომ” კი ჩვენი ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა და ჩვენს მარკას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. დღეისათვის ”ლამბორგინი” მსოფლიოს 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც 120 დილერი გვყავს”, - განსაკუთრებული მოვლენისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა ”ლამბორგინის” შეფმა შტეფან ვინკელმანმა.

”გალიარდო” სრულამძრავიანი ავტომობილია და ის V10 ძრავითაა აღჭურვილი. იტალიურმა კომპანიამ ის ბაზარზე 2003 წელს გამოუშვა, მის ბაზაზე კი მოგვიანებით სხვადასხვა მოდიფიკაციის (სპაიდერის და სუპერლეგარას) წარმოებაც დაიწყო. 2007 წელს კომპანიამ ”გალიარდოს” გაუმჯობესებული ვერსია - ”გალიარდო LP 560-4” გამოუშვა, რომელსაც ოდნავ შეცვლილი სტილი და გაზრდილი სიმძლავრე აქვს. კუპეს მალე სპაიდერი მოჰყვა, შემდეგ კი ”ლამბომ” სპეციალური ვერსია ”გალიარდო LP 550-2 ვალენტინო ბალბონი” გამოუშვა.

ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, ”ხარებმა” ”გალიარდოს” კიდევ ერთი ვერსია, მნიშვნელოვნად შემსუბუქებული ”გალიარდო LP 570-4 სუპერლეგარა” გამოუშვეს.

”ფოლკსვაგენი” დაკარისთვის ”ტუარეგ 3-ს” ამზადებს

Spyshots: 2011 Race Touareg 3

26 ივნისი

თვენახევრის წინ, ”ფოლკსვაგენმა” გამოაცხადა, რომ კვლავ მიიღებს მონაწილეობას რალი-მარათონ დაკარის რბოლაში, თუმცა როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ვოლფსბურგელებმა უფრო ადრე მიიღეს, რადგან მათ მანქანა ტესტებისთვის უკვე მზად ყავთ, მის მომზადებას კი თვენახევარი აშკარად არ ეყოფოდა.

ინტერნეტ საიტ ”ავტოევოლუშნის” ჟურნალისტმა სარბოლი მანქანის ფოტოები მაშინ გადაიღო, როდესაც გერმანული კომპანიის ინჟინრები მას პირველ გამოცდას უტარებდნენ. გამოცდა კი არა უდაბნოში ჩატარდა, სადაც მას ასპარეზობა მოუწევს, არამედ ალპებში.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ახალი სარბოლი ”ტუარეგი” გარეგნობით პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, ძარის შიგნით გერმანულ კომპანიას სიახლეები აუცილებლად ექნება. სხვა შემთხვევაში, ის ასეთ საქმეს არც შეეჭიდებოდა. ძრავი ძველია - ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომელსაც სავარაუდოდ, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი უცვლელი.

ეს კი ნიშნავს, რომ ძრავის სიმძლავრე 284 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრი იქნება, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებლებია (განსაკუთრებით მაბრუნი მომენტი). ამაზე კი თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამ ავტომობილით გერმანულმა კომპანიამ წლევანდელ დაკარზე პირველი ორი ადგილი დაიკავა.

ძრავისგან განსხვავებით, შეიცვლება ავტომობილის საკიდარი. ეს ის კვანძია, რომლის გამძლეობასა და გამართულად მუშაობასაც დაკარის რბოლაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე შეიცვლება ავტომობილის ელექტრონიკა. ამ ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია არ ჩატარდება. პირველად კი ის საზოგადოების წინაშე რბოლის სტარტზე წარსდგება.