Thursday, August 27, 2009

”ნისანის” 1 900-ცხენისძალიანი დრეგსტერი

Nissan 350Z Dragster

27 აგვისტო

ბრიტანელმა ავტომრბოლმა ჯონ ბრედშოუმ, დრეგსტერების რბოლაში საასპარეზოდ, ”ნისან 350Z-ის” ბაზაზე ნამდვილი მონსტრი - დრეგსტერი ”პროჯექტ ზედ” შექმნა, რომლითაც FIA-ს დრეგსტერების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ავტომობილი ”ნისან 350Z-ისვე” 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბრედშოუმ 1 900 ცხენის ძალამდე გააძლიერა. რბოლაში, რომელსაც ბრიტანეთის სანტა პოს სარბოლი ტრეკი უმასპინძლებს, ”პროჯექტ ზედ-ი” იაპონური წარმოების ავტომობილის ბაზაზე დამზადებული ერთადერთი ბოლიდი იქნება.

ამ ავტომობილს (თუ შეიძლება, რომ მას ასე ეწოდოს), წარმოუდგენელი დინამიკური მაჩვენებლები აქვს. სტარტიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას სულ რაღაც 1.2 წამი ჰყოფნის, 0-270 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.1 წამში ასწრებს, 6.6 წამი კი 346 კმ/სთ-ის ასაკრეფად სჭირდება.

”ამ მანქანას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. ამ ავტომობილით, მთელს მსოფლიოში უამრავი რეკორდის დამყარება შეიძლება და ეს ”ნისანის” ძრავის დამსახურებაა, რომელსაც ფორსირების ამოუწურავი რესურსი აქვს”, - ამბობს ბრედშოუ.

სანტა პოს რბოლისას, ტრეკზე საკუთარ საგამოფენო პავილიონს გახსნის ”ნისანი”, რომელიც ენთუზიასტ ინჟინერსა და მრბოლს ფინანსურად და ტექნოლოგიებით დაეხმარა. ”ნისანი” რბოლების დროს თავის ორ სპორტულ ავტომობილს - GT-R-სა და 370Z-ს გაუწევს რეკლამას.

”ვისმანის” ფრანკფურტული სიურპრიზი

Wiesmann in Frankfurt

27 აგვისტო

ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენის დამთვალირებლებს, ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ”ვისმანისგან” საინტერესო სიურპრიზი ელით. გარდა იმისა, რომ გერმანული კომპანია იქ თავის სიახლეს - როდსტერ MF5-ს წარადგენს, ”ვისმანს” დამთვალიერებელთა მისაზიდად ერთი საინტერესო ხრიკიც აქვს ჩაფიქრებული - კომპანიის თანამშრომლები საგამოფენო პავილიონში, შოუს მსვლელობისას, ათასობით დამთვალიერებლის თვალწინ, ავტომობილს ააწყობენ!

”ამ გზით, ჩვენ საშუალება გვექნება, გამოფენის დამთვალიერებლებს, მომავალ მყიდველსა და მედიას, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები ვუჩვენოთ. ცოტა ხნით, ჩვენ წარმოებას დიულმენიდან ფრანკფურტში გადმოვიტანთ”, - სპეციალურად გამოქვეყნებულ პრეს რელიზში წერს ”ვისმანის” დამაარსებელი და მთავარი მენეჯერი ფრიდჰელმ ვისმანი.

საექსპერიმენტოდ კომპანიამ თავისი პოპულარული კუპე GT MF4 (სურათზე) შეარჩია, რომელიც 4.8-ლიტრიანი, 367-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი. გამოფენის დროს, ავტომობილის აწყობაზე მხოლოდ ორი მექანიკოსი იმუშავებს. აწყობის პროცესს ტელეკამერებით გადაიღებენ და პირდაპირი ჩართვით, ციფრული ტელევიზიის არხებით, მთელს მსოფლიოში გადასცემენ.

თუმცა, ესოდენ უჩვეულო სანახაობის მიუხედავად, ”ვისმანის” პავილიონში მთავარი პერსონაჟი მაინც ახალი როდსტერი MF5 იქნება. ამ ავტომობილს, რომელიც ”ბეემვეს” V10 ძრავით (507 ცხენის ძალა და 520 ნიუტონმეტრი) აღიჭურვება, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს.

”ვისმანი” მხოლოდ 55 ცალი MF5-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულს კი 189 500 ევროდ გაჰყიდის.

”აუდიმ” ემბლემა შეცვალა

Audi Reveals Updated Logo

27 აგვისტო


რას ფიქრობთ, ”აუდის” ემბლემას შესაცვლელი ჰქონდა რამე? ალბათ არა. მაგრამ გერმანულმა კომპანიამ თავისი ცნობილი ემბლემა - ერთმანეთზე გადაბმული ოთხი რგოლი მაინც გადაახალისა. ემბლემა ძველებურად ოთხი რგოლია. უბრალოდ, მათი დიზაინი ოდნავ შეიცვალა, ეს კი მხოლოდ იმის აღსანიშნავად გაკეთდა, რომ კომპანიას წელს დაარსებიდან ასი წელი შეუსრულდა.

ჩვენი ბლოგის მკითხველს ალბათ ეხსომება, ამ იუბილესთან დაკავშირებით, როგორი მონუმენტი აღმართეს გუდვუდის (ინგლისი) სიჩქარის ფესტივალზე. ჰოდა, ახლა ემბლემის უმნიშვნელო ცვლილება რაღა პრობლემა იქნებოდა.

ძველ და ახალ ემბლემებს შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ თუ ერთმანეთის სიახლოვეს არ დააწყობთ და კარგად არ დააკვირდებით, ისინი შეიძლება ერთნაირიც გეგონოთ. მაგრამ სხვაობა მაინც რეალურია. მაგალითად, თუ ძველ ლოგოზე რგოლების განივკვეთი ტოლფერდა სამკუთხედი იყო, ამიერიდან, მას მართკუთხა სამკუთხედის ფორმა ექნება - რგოლის ზედაპირი გარე რადიუსიდან შიდასკენაა წახრილი.

შეიცვალა წარწერაც. ძველ ემბლემაზე ის ლოგოს თითქმის მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა, ახალზე კი დაპატარავებულია და თანაც, ქვედა მარცხენა კუთხეშია მოკალათებული (ნეტავ რას ერჩოდნენ?). შეიცვალა წარწერის შრიფტიც.

შეგახსენებთ, რომ ოთხი რგოლი გერმანულ კომპანია ”აუტო უნიონის” ემბლემაა. ეს კომპანია გასული საუკუნის 1930-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როდესაც ამ სახელით ოთხი გერმანული კომპანია - ”აუდი” (პირველი რგოლი), DKW (მეორე რგოლი), ”ჰორხი” (მესამე რგოლი) და ”ვანდერერი” (მეოთხე რგოლი) გაერთიანდა. გადაბმული ოთხი რგოლი სწორედ ამ კომპანიების გაერთიანების სიმბოლოა.

სხვათა შორის, ამ რგოლების გამო, 1995 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ”აუდის” ვაჭრობის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა, რადგან ჩათვალა, რომ გერმანულმა კომპანიამ თავისი ლოგო ოლიმპიური მოძრაობის წაბაძვით შეიმუშავა.

ისე, ერთი საუკუნეც რომ მოეცადათ, რა იქნებოდა? ასე იყო თუ ისე, ”აუდიმ” ემბლემა შეინარჩუნა...